მარიამ ბუკია – ლექსები

რედაქტორის კომენტარი

მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში.

ამ პუბლიკაციაში თქვენ წაიკითხავთ 15 წლის მარიამ ბუკიას ლექსებს. საქმე ისაა, რომ ალბათ ნებისმიერს შეშურდებოდა ამ ლექსებში ნაჩვენები პოეტური სახეების და ზოგადად ტექნიკისა, რომლითაც ისინია შესრულებული. მოკლედ, ამ ლექსებმა წესითა და რიგით ნამდვილად უნდა გააკვირვოს პატიოსანი მკითხველი, გონება დაუძაბოს და გული გუხაროს განცდილით, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ავტორი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ახლა იწყებს სამყაროს თვალიერებას პოეზიის მარგალიტით ხელში.


***

დაღარულ შუბლზე

დროის მსვლელობისგან გაჩენილ ხნულებში,

ატმის რტოები უნდა აღმოგიცენო

სიყვარულის იმ მარცვლებით, რომლებიც ჩემში ჩაგიდია.
მე ყვავილი ვარ,

მაგრამ ფესვებსაც ამოვგლეჯ მიწის საბანიდან,

რომ შენ,

ჩემი მებაღის დაღალულ ხელებს,

მოგწვდე და მოგეალერსო.

ერთად ვუძლებდით მზეებს, როცა მე გვირგვინს მიჭკნობდა

და შენ – ახალგაზრდობის წლებს.
მდელოზე მყოფ ყველა კეკლუც ყვავილს,

გართობებს და ფლანგვას, აარიდე თავი

და შენი ყოველი ფიქრი მომიძღვენი მე.
შენ ხარ თავმიძღვნის განმარტება.
ძველისძველ კედლებზე აყოლებულ ბებერ გვიმრებივით

დარდი მიაყოლე სათითურს და მჩხვლეტავ წერტილებად ჩაიქსოვე რბილ, მთლიან სხეულში.
მე-19 სართულის ფანჯრის მინის მიღმა გაელვებულ

ნეკერჩხილსფერ თმას

ვეღარ შენიშნავს შენობის წინ მდგარი ახალგაზრდა, –

ასე ასრულებენ რომანტიკოსების არსებობას სამშენებლო კომპანიები.
თუ სიყვარული არა,
ობობები გადმოცოცდებიან სხეულიდან.

***

ზღვისკიდურს როცა მზე მოადგება

და დუალიზმი იფეთქებს კანქვეშ,
ვითხოვ, მეტალის ისრებს მარადიულად იმაგნიტებდეს შენი სიკარგე,
როგორც ერთ ყველაზე მდგარი, უცვლელი პოლუსი,

რასაც ყველა დიადი სიმაღლე თანაბრად ეწყურვის

და ის კი მუდამ ერთი გრძნობის კალაპოტში მდინარებს,
რომლის სხეულს იმ სისხლძარღვებად მიუყვება ჩემზე ფიქრი,

რომელიც ასულდგმულებს და გარე სივრცეში არასდროს ჩანს.
შენახული დამოკიდებულებებია ყველაზე წრფელი
და სამყარომ მიუტევოს გულში დამწყვდეულ ყველა გრძნობას გამოუვლენლობა,

რადგან თეთრი სიწმინდის კურდღლებს
მწვანე მდელოზე გვერდუვლელ საფრთხედ ევლინება

მელიების ალისფერი კუდი,
და მოძრაობის ღმერთებმა

და პლატონიზმის ანტიღმერთებმა
გალიებში ფრთებნაკეცი თუთიყუშების უსიცოცხლობის გრილი,

უტროპიკო სუნთქვა მიუვლინოს შენახულობის მძიმე სევდას.
გზა უნაბიჯოა,
მზე – გაუვსელი,
გული უგრძნობო,
თვალი დაუღლელი,
გულმარან ვაზდაუწურველი,
გონება – ფიქრიელი.

***
ერთ ქოთანში ორყვავილობის გრძნობასავლებში მცურავ რწმენას

მაშინ იშორებ,
როცა გრძნობ თიხის სიმტკიცეს და ფესვის ლპობას,
და შეგუებისთვის განწყობილი გამოუსავლო შენი თითები

უშვებენ ნამჭიდროვებ თვითდაჯერებას,
თითქოს გულ-თვალ-ბორბალ არ დაიშლები

და მარტო არ იმოძრავებ ნელი სუნთქვით,

ჩქარადნანახი სამყაროს ბოლო ზვინულამდე.
შთაბეჭდილებები სიგრილესავით ეკვრიან სხეულებს

და ატმის ყვავლებივით სცვივა გონებას;
შენი კარის ჩუმი მეეზოვე დუმილით აკრეფს ყვავილებს, ქარნატან ოცნებას.
თვალების ღრმა ჭებში მიყურებ და ფიქრობ,
როგორ სწრაფად ქრება აქ შენი ექო
და როგორი მშრალი ვარ მაშინ,
როცა ცილინდრულ კედლებს შორის ათასი სიცოცხლე ეცემა.
ბოლო ლიმონი გაცვინდა რუხ რტოებს,
მრუმე ღამეებმი საბნებიდან ამოიშალნენ.
გახამებულ პერანგზე ღილ-კილო დაკარგულ წყვილებს დაეძებს
და ჭაღარა ფიქრობს, გაქცეულ შვილებს თუ აბრუნებს დედის ღიმილი.
დარდის მზიდავ გემს შორი სივრცისკენ
ატნევ სავსე ზანდუხჩას,
უზანაესი ფრახტად გავალებს გულფსკერ სინანულს.

***
ულაბირინთო გზებზე ნაბიჯი როცა აგერევა

უგონობით ნამთვრალევს,
ავადმყოფის სიჯიუტით მოისროლი საღი აზრის ყავარჯენს.
თრობამორევმა თვალი აგივსო

და დაიღვრება ბრაზად, სისხლად ან დარჩება ცარიელი და უქმი,
როგორც ადგილი ღვთისთვის გულში და სიცარიელე ათასად გაგკეცავს, ქაღალდის გემად გაქცევს და მაიძულებს,
სიამოვნების მდუმარებით დავაკვირდე კიდეების შემოსველებას

გემზე, რომელიც იძირება

და თვალზე, რომელშიც ვიძირები.
მთვრალის სუნთქვა აშრობს ხეებს.
უფოთლობამ გადაგაბერა.
მალე ქარი გადაგბერავს ყინულისკენ,
რა იცის, რომ ცხელი ქვიშით დამწვარ სხეულს აღარ შველის ზამთრობები…
ციცაბო კლდეს ემსგავსება მზერა, როცა გონების ბაღს ავერანებს გიჟი ფიქრის ხლართი გვიმრა.
მათ მიღმა კი ერთი სკამი, ცოტა შეშა, ორი ცეცხლი

და სარკეები, ცვალებადობის ბრალდებით დასჯილები

და უდანაშაულობისგან გადრომშვიდებულები.
ღამემ ჩამოკრიფა ყველა პორტრეტი,
არსთა სამყაროდან მოტანილი მწიფე სიმახინჯე

ხელისგულზე ჟანგის მონეტებივით გადაშალა

და ცხოვრების ყულაბაში ჩათვალა.
ყულაბის კედლებში მოხვედრის მძიმე ხმა ძილმავალია,

ცხადმავალი და ცივი.
უსისხლობა თოლიასავით გადათეთრდა

და მლაშე წყალი ჩააყენა ბრუნვად სამსახურში.
ღმერთო… როგორ აგვიანებ ზოგის სახლში სტუმრობას;
შიშისა და სურვილისგან უკაროა ოთახი.

***

სამფეხა მაგიდებდან ვარდნილ ჭურჭელს

მსხვრევის ხმასთან სიღარიბის ექო აქვს

და მაგიდიდან იატაკამდე მოგზაურობს დამფრთხალი გული.
ოცნება ჰგავს ალუბლის რტოების სამოთხეს,

სადაც კეთილსურნელებაა სულის ერთადერთი სიკეთე,

რადგან ყველაზე სასურველი სურათები

მხოლოდ მჭიდროდ დახურულ წამწამებს შორის დაივანებენ.
იმედების დამსხვრეულ ჩრდილში ქარები

მიწებიდან ნაყოფიერებას ხვეტავენ მათგან,
ვისაც ხელები ცისკენ,
თვალები მიწისკენ მიუმართავს
და ორთამთხოვნელთა სხეულები ფრაგმენტებად იფანტებიან უშემწეობაში.
გასათეთრდროშებელ ქსოვილებს მზე ახუნებს,

ჩირივით აშრობს, აივნებივით ამოკლებს

და ჩვილივით აჭირვეულებს.
ვისი ბრალია, თუ ჩემს და შენს კედლებს შორის ღიობი ვერ შეივსო?..
თაგვები სოროდ იხდიან სიმწირესა და რუხში ამოვლებულ სივრცეებს,
თითები ლერწმებივით მკრთალად ღონობენ,

როცა თვითარსებობის მიღმა სამყარო მოძრაობას ავალდებულებს.
…რა მჭიდროდ ვავლებთ ხელს მთელს ჩვენს ავლადიდებას,

და რა ცოტა აქვს წასაღები გულსაკფრედიან
სამყაროს დიდ და უძალო მევალეს.

***
ჯიბიდან მიწას აცვივა ულებნო კაკლები,
უქარო ფოთლები და მშრალი წვიმები,
უგრძნობო ცრემლები და ტკივილები უტანჯვოდ.
სახურავების მადლია მქრქალი, თუკი წვიმებს, როგორც მომაკვდავ შვილებს, ინახავენ ტანჯული დედებივით ცხარე ღრუბლები,
და ზოგჯერ გზავნიან სეტყვას,
გონების თვალში გამკრთალი მყარი შიშივით,
როცა სიმშვიდის ქეშიკი თვლემს და პიკზეა წინასწარმატყველურ გრძნობათა პულსმაჩქარი.
გაკრეჭილი ბალახივით უძალოდ ეცემიან გონგაცლილი სხეულები კაკლის კედლებს შორის.
სულნაგუბ სუნთქვებზე ტივტივებენ მცირედშობილ სიკეთეთა დუმფარები და მხოლოდ ერთი ასეთი მაინც შეგნიშნოს ღმერთმა,
ჭაობს დაგივიწყებს,
მოუხერხებლობისგან გატეხილი ფინჯნებივით,
შენ კი ცხელ სითხე-ტკივილად იგრძნობ გულ-მუცელში ყველა იმ ჩაის,
მოცვისა და სისწორის არომატით,
სამოთხის საათამდე რომ უნდა გესვა.
თითები უმიზნო სიტყვებივით გრძელდება,
სიჩუმარე ისამოსებს ბოლო ბგერას
და თავის მთელი სავატობით, ძალოვნობით გახსენებს,
რომ სასრული მუდამ გონების ნიჟარიდან გამოსული ლოკოკინაა,
როგორც ხელისგულზე დაჩნეული ამონახსნი,
შვებით ან უშეწევნოდ.
ერთი თითისტარიც და, დაჩეჩავ პრობლემებს,
მატყლივით არეულს და მატლივით მცოცავს, –  გაამშვიდფიქრებ,
თბილ საბანივით.
დაგავიწყდება, რომ ხელს თუ გაიწვდნენ, წყალობით დაგეხუნძლება, მხოლოდ მაშინ,
თუკი ხელები სწვდებიან ღმერთს.

***
ცხოვრების შემობინდებებს მძიმე თოვლად აწევს მეხსიერების ფრაგმენტულობა,
უსრულობა,
მზისკენ ახალგაზრდული სიფიცხით მიშვერილი სახისთვის გვიან შედეგად ქცეული ყავისფერი ლაქები და ყვავისფერი დანანება.
უსარკეო სულები სიბერისას დაითვლიან გარდამტეხი მოვლენების ნუსხის წევრებს,
ხის მორებზე დაჩნეული ასაკივით, იმ ფიქრით, რომ კვალი უგროვდება დროს და გაუაზრებლად სწრაფად შექმნილი ობობის უბეები გვერდაუვლელ ვალდებულად გესახება, ამოიხვნეშო და არათუ გააძევო მოგონებები,
შენთან დაიტოვო, როგორც დიდი დროის წინ მხნედ გაშვებული და მოხუცად დაბრუნებული შვილები,
როგორც საგზალგაცლილი მოგზაურები,
როგორც აბეზარი სტუმრების ქარავნის საუკუნის სიძველე, თავშესაფარნაპოვნი შენს ჯანსაღ სიმყუდროვეში,
და აბსოლუტურ უფიქრობამდე იცხოვრო იმ მძიმე განძეულით,
რომელსაც ახალგაზრდობის უხერხემლო სხეული გიზიდავდა საპალნედ უკლდეო და დამრცეც გზებზეც.
თვალის ირგვლივ გეოიდური ფორმის ნაოჭებში ჩაგიჯდება ფიქრი,
რომ ტკივილის ძალმზომი საკუთარი ზურგია და თანაგრძნობა გაუგებარი წაბაძვაა ცხადსაცნაური მრავალგულიანობის.
ლიმიტები, როგორც რბილი კურდღლები, შემოიცვამენ მარმარილოს და გახევდებიან,
გამომწყვდეულ ბეწვს შეიშრიალებენ ყოველ ჯერზე,
როცა ვინმე წაკითხავს კვარცხლბეკზე გამოტანილ წარწერას – “სიბერე ზაფრანების გვერდით”.

***
ასეთ ნაზს და ღვთივპერანგას,
შენ ასე ცივს და მყარფურცლიანს,
შენ ასე კლდეს და მიუვალს,
დელგმიან ცას ვერ გაჩუქებს
ზენაარი მეზრახვე.
სამზეურის ქვეშ ნაბუდევს,
საკუთარი სინათლე გართობს,
შეფარებულთ ათბობს და შემომნატრელთ – ათრობთ.
ბედი ნიშნავს დამოკლეს მახვილს და გაუწყდომელი იმედების სასმისის დგომას კიდეზე.
ბედითა თუ გამბედაობით შემოჯარულ წვიმის წვეთებს ხშირად უშვებ, ფესვყინულას გასალღობად.
შეგიყვარე… დანატყვიარი ხე დავრჩი.

***
მიიღე ჩემს სიტყვებს გამოტნეული გული მცირე ულუფებად,

სანამ სული სიყვარულით მოცხარივით გაგიწითლდება.
ჩემს ინსტიქტად იქცა შენი ხელების მოძებნა,
მაშინ, როცა ბნელა და მაშინაც,
როცა ნამყუდროვებ სულში მიმავალ ყველა მილს ავსებს სინათლე,
რომელმაც ურცხვად დაითქვა – დაე, სამყარომ გამიგოს.
სიხალვათე დაირცხვენს და დაიღვრება,
როცა საპოვარს დაიკუვთნილებს გული
და ორი ფილტვი შემოდგომასავით ნაშრიალებ, მომლოდინე შვებას გაათავისუფლებას.
სასიგნალოს შემოერტყა თბილი ცეცხლი,
– ჩვენი არსება დაიპყრეს.
საჩემგულედ შემონახულს ორი თვალით და ერთი გრძნობით დაგცქერი.
თუკი ცხოვრების მეწიგნემ ჩემს ფურცელზე დაგაშრიალა,
მადლიერი ვარ კალმის, რომელმაც მოგხაზა და ალბათ უჩრდილობისფრად.

***
სიტყვად გავისეტყვები
და დავეცემი აზრებს, იდეებს, ფიქრებს, ვენახებს,
როგორც უკიდურეს სიღარიბეში წვრილშვილიანთა სათნო ნებისყოფას – შიმშილი,
და ყოველ ღამით გონის დაუკმაყოფილებელი მადა ცრემლებს მომარევს,
უფრო მარილიანს,
ვიდრე დახრჩობებს მლაშე ოკეანეში,
რადგან ყველაფერ სწრაფსასრულიანს მეტისმეტად მოკლე ნაბიჯი აქვს ეშაფოტისთვის.
მძლავრი სურვილი ქსოვს ღამეულ ბოდვას,
და ულოგიკოდ გზაუვლელობის მარადი მცოდნე პორტრეტები იღიმიან შენს თვალებამდე ცარციანი კედლებიდან.
გათენება ჰგავს ნექტრის საძებრად გასვლას.
შენი ცხოვრების საკუჭნაო სამნახევრედსა და გულგრილობაში წააგავს ცხოვრებას სკაში,
ერთკაციანი კოლონიით,
დაუჯერებლი სისავსით და ასეთივე უწესრიგობით,
რადგან ერთი კაცი გაუმრავლებად, გაყოფისა და გათლის გარეშე,
უდრის სამყაროს.

***
სანამ ფიქრები ჩვილებივით ხმაურითა და უცნობი სურნელით შეავსებენ ოთახს,
გავჩუმარდები.
ჭერს ავცქერი, ან, უფრო უკეთ, ჭერი დამცქერის და ორივეს ხისტი,

თეთრი და უფიქრო გვაქვს შუბლი.
ცენტრში ჭაღია მიმაგრებული;
ჩემი შუბლის არაგეომეტრიულ, მაგრამ გრძნობათა შეერთების წერტილში გულისგულია,
როგორც ფიქრთა ბირთვი, მარადიული ფესვი უგაზაფხულო კვირტობებით.
ფილტვები დგანან სუნთქვათა პუნქტგამშვებად,
ავსებენ ერთ ოთახს, მრავალთა ცხოვრებას, ათას მინის მიღმა უწერტილოდ მზერაშეჩერებულთა გონებას მიზეზთა ავზით.
სად და სად აღარ გიცხოვრია…
ათასმა შეგაცხოვრა ხალიჩებიან,
სიყვარულიან,
შუშაბანდიან და უმისო ოთახში,
ოთახის ცენტრში გაგათაიგულა,
ირგვლივ ლოცვები შემოგიწყო და შენსახელიანი ნატვრებით აავსო ღმერთისთვის დეპეშა;
ზოგმა გადაგმალა ფარდებს მიღმა,
სამზარეულო კარადაში ვერცხლის კოვზებს შორის;
ზოგასაც შემორჩი მჩხვლეტავ მოგონებად სამკერვალო ყუთში.
ინტერპერატაციად, სტილიზაციად, სწრაფ დასკვნებად და კენტ თვალშევლებად გაფრაგმენტებული შენი ბარელიეფი კედლის სიღრმეში სრულდება დიდი გულგრილობით, მგზავრთა უძალისხმევო დავიწყებით, და შეგრძნებით,
რომ ძალდაუტანებელი შენი ბუნებრივობა მეკალმეა შენი უკადრი, ჭეშმარიტი სახის,
როგორც ცის, რომელიც შეუცვნიათ, უსურვილიათ და უწვდომობაში ქოთნის კაქტუსებივით ჩამშრალან.
შუბლს ნაოჭებისგან ღრუბლებივით გიწმენდს ძველი სიმშვიდე,  რომ 1783 წლის საჰაერო ბურთამდე არ გაგივა ყავლი.

***
იმ განცდას ვერ უღალატებ, ასლს რომ ვერ შეუქმნი და ჩვენი შემთხვევის განუმეორებლობამ წვრილ მაჯებზე შეგვასხვა ის ბორკილი, რომლის ტყვეობაც სიცოცხლის ბოლომდე გულის იმდენადვე საუცხოო სისავსეს გულისხმობს, როგორც საწყისში.
იმ საღამოს, როცა ერთმანეთის აღმოჩენით დაბადების აბსოლუტი
ვიპოვეთ, ბუდეში ჩასულმა ჩიტებმა, ფაზლის ორმა ნაწილმა, რომელიც ელოდა შერწყმას, შექმნა სიმშვიდისა და ჰარმონიის სივრცე, სულიერი თავშესაფარი,
სადაც ორს შორს ერთი თავშეკავებული დიალოგი უდრის სამყაროს.
შენთან საუბარი გავს დუმფარას,
მაგრამ ართქმული სიტყვების სიჩქარის სიდიდეში დამარწმუნა
უსიტყვოდ გაცემულმა სპეტაკმა ურთიერთპირობამ, რაც ახლა მხოლოდ განცდაა სიმშვიდის.
როცა ყოფიერების ქაოსს დააღწევ თავს, როცა წენგოსფერ სამოსს კართან ვტოვებთ და ვრჩებით ნედლი, ხელის მტევანი ფრთხილად შეეხება სკივრში შენახულ საერთო ბედნიერებას.
ცანგამ მომენტად დაგვიჭირა.
დრო მოლუსკივით არ იწელება,
მაგრამ საათები ვერასდროს მტრობენ გრძნობათა ოკეანის მარადიულ მდგარ აისბერგს.
ჩვენი სკივი სამყაროს ყველა გათოშილ არსებას გაათბობდა, მაგრამ ჩვენ პირობების დაურღვევლობა ვარჩიეთ და ბედნიერი ვართ უსიზმროდ.
გონების ყველა კუთხეში ისე ჩავსახლდით, რომ არასდროს არის საჭირო მოკითხვა – “ხომ ისევ აქ ხარ?”.
ჩემი გულის ქუჩიდან შენი გულის ქუჩამდე კოსმოსური ფოსტალიონი დაატარებს ფიქრებს,
ჩვენს შორის კი გაბნეული წერილები არ არსებობს.
მდინარეებად ქცეული ჩემი სიტყვები მხოლოდ მაშინ აორთქლდება, როცა გულწრფელობის მზე იმცხუნვარებს და დაშრეტილ კალაპოტში რჩები შენ,
როგორც ერთი ყველაზე ნამდვილი რამ,
რაც ცხოვრებამ შემამთხვია.
რას ვიზამთ, თუ საცერს ზემოთ არაფერი რჩება, როცა სული დაუჯერებელი სიწმინდითაა სავსე.

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *