„სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე

 

ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით. კარლოს წასვლის შემდეგ სწორედ თქვენ დაგაქვთ მის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე ზრუნვის ჯვარი. რა სირთულეებს აწყდებით ამ პროცესში?

ლიკა კაჭარავა: ყველა შემოქმედი მეტ-ნაკლებად ასახავს იმ გარემოს, რომელშიც არის. კარლოც არ იყო გამონაკლისი და მისთვის ოჯახი, სანათესავო, გარემო იმაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. ხანდახან ცოტა ირონიულადაც კი ამბობდა ასეთ ფრაზას: „ჩვენი ოჯახური რელიგია,“ რომელიც მისთვის ხან ჩვენი ოჯახის წესიერებას,

ხან უაზრო ტრადიციებს, ხან კი სრულიად უმიზნო აკრძალვებს გულისხმობდა. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობისათვის ზრუნვა არ არის მარტივი, თუნდაც იმიტომ, რომ კარლოს (როგორც არტკრიტიკოსს) თავისი შეხედულებები ჰქონდა ზოგადად, ნებისმიერი ხელოვანის მემკვიდრეობის პრეზენტაციაზე და სულ მაქვს განცდა, რომ რასაც მისი შემოქმედებისთვის ვაკეთებ, მას არ მოეწონებოდა. საერთოდ, კარლო ის ადამიანი იყო, რომელსაც ძნელად მოაწონებდი რამეს, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელო და მარტივი რაღაცით შეეძლო აღფრთოვანება.

2024 წლის 9 აპრილს 30 წელი გავიდა, რაც კარლო გარდაიცვალა და თორმეტამდე პერსონალური გამოფენა მოეწყო ჩვენს ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც. აღარაფერს ვამბობ მის წიგნებზე, რომლებიც გამოიცა. როცა აღმოვაჩენ, რომ მისი ხასიათიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, რაღაცები მისთვის მიუღებელი იქნებოდა, თავის იმით ვიწყნარებ, რომ არ გამიბრაზდებოდა, რადგან კარლო ძალიან სუბიექტური იყო ოჯახის მიმართ. ხშირად ვიხსენებ, რამდენი რამის პატიება შეეძლო ოჯახის წევრებისათვის, ნათესავებისათვის და, მართალი გითხრათ, მიკვირს.

ნ.გ. როდის დაიწყო კარლომ ლექსების წერა და არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზი თუ ინსპირაცია? მის პოეზიასთან ჩემი შეხვედრა ჯარის პერიოდის ლექსებიდან იწყება…

ლ.კ. ამ კითხვაზე კარლომ ერთ-ერთ კითხვარში ასე უპასუხა:

„მე ძალიან ადრე წავიკითხე ფრანგი სიმბოლისტების ლექსების ქართული და რუსული თარგმანები, ასევე, რაინერ მარია რილკე. ლექსების წერა, ვფიქრობ, ჩემს სიყმაწვილეში დავიწყე, როცა 12-14 წლის ვიყავი. ძირითადი ზეგავლენა სწორედ ეს იყო.“ (1992 წ.) 28 წლის ასაკში ადამიანი თავის სიყმაწვილედ 12-14 წლებს მიიჩნევს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პოეტისათვის შესაბამისი ასაკია, მაგრამ,

მოდით ასე ვთქვათ, დაინტერესდა ლექსების წერით ამ ასაკში და წერა არ შეუწყვეტია. კარლო ყოველთვის ჰუმანიტარი იყო. არ უყვარდა ტექნიკური საგნები და სკოლაში საკმაოდ რთულად ჰქონდა საქმე ფიზიკა-მათემატიკაში. თავიდანვე მკვეთრად

გამოხატული მიდრეკილება ჰქონდა ლიტერატურის, ისტორიისა და გეოგრაფიის მიმართ, ხატავდა ბავშვობიდან.

საბჭოთა არმიამ („ჯოჯოხეთმა ამქვეყნად“, – ასე უწოდებდა თავად კარლო ამ პერიოდს) დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შესძინა მას, იმასაც კი ვიტყოდი, რომ იქ გატარებულმა შვიდმა თვემ, ოჯახიდან მოწყვეტამ, მისი ჩვეულებრივი ყოფისა და ინტერესებისაგან სრულიად განსხვავებულმა გარემომ ღრმა ჭრილობა დაუტოვა. კარლოს სიცოცხლეშივე უნდოდა თავისი ლექსების კრებულის გამოცემა და დაიწყო კიდეც შედგენა, მაგრამ არათუ გამოცემა, კრებულის შედგენაც ვერ მოასწრო.

2006 წელს ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობამ გამოსცა კარლოს ორტომეული (სტატიები და ლექსები). მისი შედგენილი პოეტური კრებულის პირველი ლექსი „ანტითეატრი ქმნის ახალ ესთეტიკას (ღირებულებებს)“ 1985 წლით თარიღდება, ანუ ვიდრე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევდნენ. საბჭოთა არმიაში ის 1986 წელს გაიწვიეს. თუმცა დღეს რომ ვკითხულობ მის ლექსებს, მის პოეტურ კრებულში შევიტანდი არაერთ ლექსს, რომლებიც მან 1985 წლამდე დაწერა. მაგრამ რადგან თავისი კრებულის შედგენა მან ამ წლიდან დაიწყო, ცოტა არ იყოს, მიჭირს ამის გაკეთება.

ნ.გ. 90-იან წლებში კარლოს პოეზია უფრო მეტად იხვეწება და იკვეთება კარლოს პოეტური მასშტაბი. თავად რას ფიქრობდა ამის შესახებ?

ლ.კ. ძალიან ხშირად გვისაუბრია მის პოეზიასა და ნახატებზე. აკი, ზემოთ გითხარით, რომ ყოველდღიურ ყოფას მიზიარებდა, ძალიან აინტერესებდა ოჯახის წევრების აზრები იმაზე, რასაც აკეთებდა. რა არის იცით, როცა უკვე თავისი პოეტური კრებულის გამოცემაზე დაიწყო საუბარი, მაშინ ასეთი რამ თქვა, დროა, გამოიცეს, დროა გამოვჩნდე, როგორც პოეტი. მოგეხსენებათ, რომ კარლოს

სტატიები ხშირად იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, თავის მეგობარ მხატვრებთან ერთადაც ხშირად მონაწილეობდა გამოფენებში, მაგრამ მის პოეზიას რაც შეეხება, მხოლოდ რამდენიმე ლექსი ჰქონდა გამოქვეყნებული. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ ის ძალიან კარგად იცნობდა თავისი თანამედროვე მწერლებისა და პოეტების შემოქმედებასაც, ძალიან ბევრს კითხულობდა. თავისი თაობის მრავალ მწერალსა და პოეტს პირადად იცნობდა. ანუ, რა მინდა ვთქვა, მას უკვე უნდოდა სერიოზული განაცხადი გაეკეთებინა პოეზიაშიც. ხშირად ვიმეორებ მის სიტყვებს, რომლებიც არაერთხელ უთქვამს: „მხატვრებს ის ხელოვნებათმცოდნე ვგონივარ, რომელმაც უნდა დაწეროს მათზე, ხელოვნებათმცოდნეებს – გაურკვეველი ავანგარდისტი მხატვარი, პოეტებს – დემაგოგი, სინამდვილეში, პოეტი ვარ!“

ნ.გ. თქვენზე ახლოს არავინ იცნობდა კარლოს. გვიამბეთ, როგორი იყო იგი ძმის როლში? ვიცი, რომ ძალიან ზრუნავდა თქვენზე… ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბევრი ლექსი თქვენ გეძღვნებათ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათად აწერდა ლექსებზე მიძღვნებს.

ლ.კ. დიახ, თქვენ სწორად შენიშნეთ ლექსებს კარლო მიძღვნებს არ აწერდა. ძალიან უცნაურია, რომ კარლო თავის ნახატებს ხშირად აწერს მიძღვნებს. ნამუშევრები ეძღვნება მის „სატრფოებს“ (ასე უწოდებდა შეყვარებულ ქალბატონებს), ცნობილ ადამიანებს, მოვლენებს და ა.შ. მაგრამ ძალიან იშვიათად ნახავთ ლექსს, რომელსაც ვინმეს უძღვნის. ვიცნობ კარლოს ცხოვრებას და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მისი ლექსის პერსონაჟს (თუ შეიძლება ასე ითქვას) ვცნობ, ვხვდები იმ განცდებს, რომლებსაც გადმოსცემს და ვიცი რა ვითარებამ და გარემოებამ დააწერინა კონკრეტული ლექსი. აი, მაგალითად, კარლოს პოემა „დოკუმენტური

ფილმი“ მთელი ჩვენი ოჯახის, წინაპრების, ჩვენი უმნიშვნელო ყოველდღიურობის თითქმის ფოტოგრაფიული ასახვაა. მისი დღიურები კი დღეს ეპოქის ერთგვარი დოკუმენტიც კი არის.

ჩვენ მამა ადრე გარდაგვეცვალა, კარლო 2 წლისა და 2 თვის იყო, მამის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ კი გავჩნდი მე. ისე წარიმართა მოვლენები, რომ კარლოს, როგორც უფროს

შვილს, უფრო მეტი მოვალეობები და პასუხისმგებლობა დაეკისრა და რატომღაც მან ეს თავიდანვე უპირობოდ მიიღო, შემდეგ შეიფერა კიდეც. ოჯახში უმნიშვნელო საკითხიც კი მასთან უნდა შეთანხმებულიყო. დეტალურად ითხოვდა ყველაფრის ცოდნას. ზოგადად, ძალიან ცნობისმოყვარე კაცი იყო. ზრუნავდა ჩემს განათლებაზე, აინტერესებდა ჩემი სამეგობრო წრე, უნდა სცოდნოდა, სად ვიყავი, რა მეცვა და ა.შ. ჩემგან უნდა სცოდნოდა ყველაფერი და ბრაზდებოდა, ხანდახან წყობიდანაც კი გამოდიოდა, როცა დედა დამასწრებდა და რამეს ისეთს უამბობდა ჩემზე, რაც მე მისთვის არ მიამბნია. მაგრამ მე არ მახსოვს, მას რამე აეკრძალა, რამეზე არ დამთანხმებოდა. უნდა სცოდნოდა ყველაფერი, მაგრამ გადაწყდებოდა ისე, როგორც მე მინდოდა. თვითონაც ყოველთვის მიამბობდა თავისი პირადი ცხოვრების შესახებაც. დედას მერე

მე ვარ ადამიანი, რომელმაც კარლოსგან ვიცი მისი არა თუ პირადი ცხოვრება, არამედ თუნდაც უმნიშვნელო განცდებიც კი. ცხოვრების ყოველდღიური დეტალების გაზიარება ხშირად ძალიან მომაბეზრებელი იყო და ბევრჯერ მითქვამს მისთვის, რომ ეს უინტერესოა, არაფრის მომცემია და ა.შ. მართალია, არასოდეს საპირიპირო არგუმენტი არ მოუყვანია, მაგრამ არც არაფერი შეუცვლია, ბოლომდე ასე დავრჩით, ასე გავატარეთ ცხოვრება. მის შემოქმედების ერთ-ერთი არც ისე უმნიშვნელო თემა „მამა

და ქალიშვილი“ ჩვენი ოჯახის ისტორიის ნაწილია. ის ხშირად მიმართავს ამ თემას ნახატებშიც და ლექსებში საუბრობს ამაზე ხშირად.

ნ.გ. როგორც ვიცი, დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა…

ლ.კ. კარლოს დედასთან ძალიან ახლო და, ვიტყოდი, რომ გასაოცარი ურთიერთობა ჰქონდა. თუ რამეს ვერასოდეს ვერ ავუხსნი ჩემს თავს ის არის, როგორ გაძლო დედამ კარლოს გარეშე თერთმეტი წელი, როცა მეგონა რომ მის გარეშე თერთმეტი დღე ვერ გასტანდა, მაგრამ… დედა ფილოლოგი იყო, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მუშაობდა. ქართულ ენასა და საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურას ასწავლიდა. უდიდისი ბალერონის, ვახტან ჭაბუკიანის, ნათესავი, ახლობელი და დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. შემდეგ ჰქონდა ბედნიერება მასთან ერთად ემუშავა. ჩვენ ბავშვობიდან ოპერისა და ბალეტის თეატრს ხშირად ვსტუმრობდით. დედა ნებსით თუ უნებლიედ ჩართული იყო ოპერის თეატრის კულუარულ ცხოვრებაშიც, კარგად მახსოვს კარლო უკვე შეგნებულ ასაკში ძალიან ბევრს ეკამათებოდა დედას, ოპერის, ბალეტისა და ზოგადად თეატრის განვითარების საკითხებზე. დედას უხაროდა და რამდენჯერმე ისიც კი ჰკითხა, იქნებ, თეატრმცოდნეობა გეცადაო? მაგრამ კარლო ისე იყო გატაცებული ხატვით, ყურადღებაც კი არ მიუქცევია ამ შემოთავაზებისათვის.

როცა შინ დაბრუნებულ კარლოს დედა კარს უღებდა, ისმოდა მისი ხმა: „დედა, როგორ ხარ? ბავშვი (ანუ მე) სახლშია?“ დედა იყო მისი ნამუშევრების, ნაწერების, მისი ყოველდღიურობის არათუ უბრალო მონაწილე, არამედ პირველი მსაჯული. ბევრჯერ უთქვამს დედას მისთვის, რომ არ უნდოდა მისი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალების ცოდნა, რომ არაფერი აქვს მასთან შესათანხმებელი, მაგრამ ამაოდ. ერთ-ერთ ლექსში დედაზე კარლო წერს: „ჩვენ არასოდეს ვატყუებდით ერთმანეთს. / ის ხშირად გვიყვება მამაზე, ბებიებზე და ბაბუებზე, / ყველა წინაპარზე, რომელიც ახსოვს!“ („დედა“ 1986 წ.)

კარლომ ვერ გაუძლო სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მისი ბუნებისა და ინტერესების კაცი ვერც გაუძლებდა საბჭოთა ჯარს, არ არის გასაკვირი და ის დროზე ადრე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაითხოვეს ჯარიდან. საბჭოთა კავშირში ეს ძნელი მისაღწევი იყო და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა და როგორ შეძლო დედამ. რომ წარმოიდგინოთ, რა გამოვიარეთ მაშინ, ვიტყვი მხოლოდ

იმას, რომ დედა სამი თვე კალუგის ოლქში, სოფელ ახლებენინოში კარლოსთან ერთად იყო. ჯარის ჰოსპიტალის წინ ბინა იქირავა

და ყოველ დღე რაღაც მაქინაციებით ახერხებდა შვილის ნახვას. ხან შეიპარებოდა ჰოსპიტალში, ხან მოისყიდდა ვინმეს, რომ შეეშვათ. ორი კვირა მეც ვიყავი ჩასული იმ ჯოჯოხეთში. კარლომ დედას სთხოვა, დიდი ხანია (ხუთი თვე) არ მინახავს ლიკა და იქნებ ჩამოვიდესო. ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა კარლოს ჯარის დღიურების წიგნი „მგზავრობის ანგელოზი“ (2014 წ). დაინტერესებულ მკითხველს არ გაუჭირდება იმ პერიოდის დანახვა და გააზრება.

ნ.გ. კარლო 2 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და გასაგებია, რომ არ დაამახსოვრდა. ერთხელ მითხარით, რომ კარლო მამაზე არასოდეს სვამდა შეკითხვას. რითი ახსნიდით ამას?

ლ.კ. მამაზე კარლოს არ უყვარდა საუბარი, ალბათ, იმიტომ, რომ საშინელი დეფიციტი ჰქონდა მამის, არასოდეს ახსენებდა მას. დედა ძალიან ხშირად საუბრობდა მამაზე. დღეს რომ ვიხსენებ, არ იყო, ალბათ, სწორი, რომ დედა ხშირად მოგვიწოდებდა გვეცხოვრა ისე ღირსეულად, როგორც ეს მამას მოეწონებოდა და შეეფერებოდა. არ ვიცი, რა ხდება ასეთ დროს სხვა ოჯახებში, მაგრამ ქვრივ ქალს, ალბათ, კიდევ სხვა პასუხისმგებლობა აქვს, როცა მარტო ზრდის შვილებს.

ერთადერთხელ ახსენა კარლომ მამა და მაშინაც ძალიან გამიკვირდა და მიკვირს დღემდე. მეგობრის სახლიდან ვბრუნდებოდი, კარლო დამხვდა. საშიში დრო იყო და სულ მხვდებოდა, შინ მოვყავდი, მომაცილებდა ხოლმე სახლამდე. ნასვამი იყო და დარწმუნებული ვარ, ფხიზელი რომ ყოფილიყო, ამას არ გააკეთებდა. ჩვეულებრივად მოვდიოდით და ვსაუბრობდით, რატომღაც გაჩერდა ერთ ადგილზე. დიდხანს იყო გაჩუმებული, არ იძვროდა, ცოტა არ იყოს შემეშინდა, ვკითხე, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი? და უცბად წამოიძახა: წარმოგიდგენია, რა ბედნიერი ვიქნებოდი შინ მისულს ერთხელ მაინც მამა რომ დამხვედროდა სახლშიო და ატირდა. მაშინ პირველად და უკანასკნელად ვნახე მისი ცრემლები შეგნებულ ასაკში. ცხადია, იმდენად გამაოგნა მამის ხსენებამ, მეორე დღეს, უკვე ფხიზელს, ვკითხე, გუშინ ეტყობა ძალიან ბევრი დალიე, რადგან მამა ახსენე- მეთქი? ხმა არ ამოუღია. ზოგადად, კარლოს დუმილი სახლში იშვიათი იყო, მხოლოდ მაშინ არ იღებდა ხმას, როცა წერდა. შეეძლო ეწერა, ტელევიზორისთვისაც შეეხედა და აი, საუბარს უკვე ვერ ახერხებდა. მაგრამ როცა ხატავდა, ერთდროულად ტელევიზორსაც უყურებდა ან რამეს გვიყვებოდა, ან გაუთავებლად სვამდა კითხვებს.

ნ.გ. რა აბრაზებდა ყველაზე მეტად?

ლ.კ. ყველაფრის პატიება შეეძლო, მაგრამ იყო ერთი რამ, რასაც წყობიდან გამოჰყავდა: ვერ იტანდა, როცა რომელიმე ავტორზე ან წიგნზე ვეტყოდი, რომ არ წამიკითხავს. იწყებდა ამ წიგნზე

დაუსრულებელ საუბარს და ბოლოს მაინც მიმიყვანდა იქამდე, რომ წამაკითხებდა. ძალიან იყო შეწუხებული, როცა რომელიმე ავტორის არ მესმოდა ან ინტერესი არ მიჩნდებოდა. ასეთ დროს სერიოზულად ბრაზდებოდა, ყველა ღონეს ხმარობდა, რომ სწორად გამეგო ის, რის წაკითხვასაც მოითხოვდა. ასეთ დროს ხანდახან ცინიკოსიც

კი ხდებოდა. საოცარი პოლემისტი იყო და გაუთავებლად შეეძლო კამათი.

ნ.გ. შეყვარებულ კარლოზეც გვიამბეთ. მაგალითად ჰელენაზე…

ლ.კ. კარლო მუდმივად იყო შეყვარებული. აი, როცა „სატრფო“ არ ჰყავდა, ანუ ვინმეთი არ იყო გატაცებული, ძალიან განიცდიდა. თუ რამე არ გამოსდიოდა, თავს ასე იმართლებდა: „არ გამომდის, ვერ ვხატავ, ვერ ვწერ და როგორ გამომივა, არ ვარ შეყვარებული, არ მყავს სატრფო!“ ჰელენა ლუნდბერგი, შვედი ქალბატონი,

რომელიც ფინეთში ცხოვრობს და რომლის სახელიც ხშირად ისმის კარლოს შემოქმედებაში, გახლდათ კარლოს ერთ-ერთი „სატრფო.“ ეს ქალბატონი კარლომ 1984 წელს პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) გაიცნო. მაშინ ჰელენა გოგოლის შემოქმედებაზე სადისერტაციო ნაშრომს წერდა და ხშირად უწევდა რუსეთში ჩასვლა. მე კარგად ვიცნობ ქალბატონ ჰელენას და დღემდე მაქვს მასთან ურთიერთობა. ვიცნობ ყველა იმ ქალბატონს, რომელთანაც კარლოს ე.წ. სასიყვარულო ისტორიები ჰქონდა (და მათი ნების შესაბამისად მაქვს მათთან ურთიერთობა) ერთის გარდა.

ის ერთიც პეტერბურგში ცხოვრობდა და მხოლოდ იმიტომ არ ვიცნობ, რომ სხვებისგან განსხვავებით, არასოდეს ჩამოსულა ჩვენთან. კარლოს სიცოცხლის ბოლოს უკვე აღარ ჰქონდა ამ ქალბატონთან ურთიერთობა და ვერც მე შევეხმიანე. როცა მისი ძიება დავიწყე, ვეღარ ვიპოვე. დღეს უკვე იმედი აღარ მაქვს, რომ ოდესმე გამოჩნდება. მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სამწუხაროდ არა მგონია, რომ ცოცხალი იყოს. ამას ასე ვრცლად იმიტომ ვყვები, რომ ეს ე.წ. „დაკარგული“ ქალბატონი ძალიან ხშირად არის კარლოს ლექსების პროტოტიპი და გაუთავებლად დასდევს მის ნახატებს. კარლო მას ლექსებსაც უძღვნის და მისი სახელი სათაურშიც კი გამოაქვს, მაგრამ რატომღაც ნახატებს ნაკლებად უძღვნის. აი, ჰელენა ლუნდბერგი კი მისი ნახატებისა და მიძღვნების მუდმივი ადრესატია. ქალბატონი ჰელენა საოცარი

ინტელექტუალია, საუკეთესო მცოდნეა ლიტერატურის, ხელოვნების და ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ კარლოს მასთან

ბევრი რამ აკავშირებდა. მინდა სწორად გამიგონ ქალბატონებმა, რომლებსაც კარლო ხშირად არ ასვენებდა და თავს ახვევდა კიდეც თავის გრძნობებს, მაგრამ ჰელენა სხვებისგან, ალბათ, იმითაც გამოირჩეოდა, რომ მას კარლოსთან თანმხვედრი ინტერესებიც ჰქონდა. ეს იყო განსხვავებული კულტურებისა (ქვეყნებს ვგულისხმობ) და შეხედულებების კავშირიც, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საოცარ თანაგრძნობასაც წარმოშობდა

და ამანაც განაპირობა ის, რომ კარლოსთვის ეს ქალბატონი გასცდა პირადი ურთიერთობების საზღვარს და მისი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ პერსონაჟად და პროტოტიპად იქცა!

ნ.გ. საოცარია, როგორ მოასწრო 30 წლის ახალგაზრდამ ამხელა შემოქმედებითი მემკვიდრეობის შექმნა. ხომ არ ჰქონდა განცდა, რომ ადრე წავიდოდა, დროის აღქმა ხომ არ ჰქონდა გამძაფრებული?

ლ.კ. კი, დროის აღქმა ჰქონდა საოცრად გამძაფრებული. ზოგადად, მოუსვენარი ადამიანი იყო. უსუსური იყო ყოფით ცხოვრებაში, მაგრამ რაც შეეხებოდა მის პროფესულ და შემოქმედებით განვითარებას, სრულიად უკომპრომისო, თავისი შემოქმედებითი პრინციპების ერთგული იყო. საერთოდ, ვერ წარმოედგინა ძალადობა, არ შეეძლო ფიზიკური დაპირისპირების ყურებაც

კი, მაგრამ თუ სადმე სახელოვნებო პოლემიკაში ერთვებოდა, ხანდახან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მიდიოდა საქმე. ხშირად მოსულა სახლში ანერვიულებული და უთქვამს, დღეს კინაღამ მცემეს, ძლივს გამოვაღწიე. დამეთანხმებით ალბათ, რომ როცა რომელიმე მხატვარს გამოფენის გახსნაზე ასეთ სიტყვებს ეუბნები:

„არ გრცხვენია, შენ კიდევ ხატავ?!“ უნდა ივარაუდო, რომ იქ რაღაც მოხდება. სამწუხაროდ, ამას კარლო არ და ვერ ითვალისწინებდა. ოჯახში ხშირად გვქონია ამაზე საუბარი, მიუხედავად თანხმობისა, რომ არ მოიქცეოდა ასე, მაინც ბოლომდე ასე გაგრძელდა, მუდმივად იყო თავდასხმის ობიექტი და ამას თავისი საქციელით ხელს უწყობდა. ძალიან ახლო მეგობრებსაც კი არ ერიდებოდა, როცა შემოქმედების ან რომელიმე ნამუშევრის შეფასებას იწყებდა. სხვათა შორის, დღემდე მერიდება ამ ადამიანებთან შეხვედრა, ვიცი, რომ მასზე ნაწყენები არიან. საახლობლო წრემ ისიც იცოდა, რომ კარლო დღიურებს წერდა (მისი დღიურების ორი წიგნი გამოვეცით კიდეც) და, ალბათ, იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი აღწერილიც აქვს. რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო: ნებისმიერი დღიური სუბიექტური განცდაა მომხდარის, და არა მგონია მათ შემოქმედებას კარლოს სუბიექტური შეფასებები რაიმეს ვნებდეს.

დედას ვერ აკადრებდა, მაგრამ ჩემთან ხშირად საუბრობდა „ადრე წასვლაზე“, თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან დირექტივებსაც

კი მაძლევდა, ამ ამბის მერე როგორ უნდა მეცხოვრა და რა უნდა გამეკეთებინა. კარლოს მერე ბევრი რამ მოხდა. მოხდა ისე, რომ კარლოს ჰონორარებით მე საგურამოში (თბილისთან ახლოს) სახლიც კი ავაშენე და ხშირად ვამბობ, მე რომ ჩემს ძმას სამშენებლო პროცესში ვენახე, ალბათ, გაგიჟდებოდა… მისი შეხედულებით, მატერიალური კეთილდღეობა მხოლოდ გასართობად და დროის გასატარებლად იყო საჭირო და არა

რაღაც სახლის და თუნდაც სასახლის ასაშენებლად. სხვათა შორის, კარლო დარწმუნებული იყო, რომ მისი სახელი და შემოქმედება დიდ მატერიალურ კეთილდღეობას შემძენდა. „მდიდრებს და ღარიბებს განსხვავებული ღმერთები ჰყავთ“ – ეს კარლოს ერთ- ერთი ცნობილი სტრიქონია. მის დღიურში არის ასეთი ფრაზაც:

„არ მიყვარს მდიდრები და არ მეყვარება ისინი, როცა თავადაც მდიდარი ვიქნები“. 30 წლისამ ბევრი მოასწრო, ეს ფაქტი სახეზეა. ყველა დარგში – მხატვრობა, პოეზია, სახელოვნებო

კრიტიკა – მოსინჯა თავი, მაგრამ ოცნებობდა იმ დღეზე, როცა კინოს გადაიღებდა. ძალიან იყო გატაცებული კინემატოგრაფით… აი, თუ რამეზე მწყდება გული, ეს არის. ძალიან ცუდ, საშიშ, შეიძლება ითქვას, შეჭირვებულ დროს მოუწია ცხოვრება და ეს ოცნება თან წაიღო. გაუთავებლად შეეძლო საუბარი კინოზე…

მართალია, რაც მოასწრო, ამ მხრივ, ის არის, რომ არაჩვეულებრივი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის, ერთ-ერთი ფილმის „აქ თენდება“ მხატვარი იყო, დიდი გატაცებით დაიწყო მუშაობა,

მაგრამ უსახსრობის გამო ვერ გააგრძელეს და შემდეგ კარლოს ამბავიც მოხდა. როგორც ვიცი, სცენარის გარკვეული დეტალების დაზუსტებაც კი ვერ მოასწრო.

ნ.გ. კარლო არაერთხელ მონაწილეობდა ევროპის ქვეყნებში გამოფენებსა თუ ფესტივალებში. ხომ არ ჰქონია იქ დარჩენისა და დამკვიდრების მცდელობა?

ლ.კ. იმ საშინელ და საშიშ დროში (მხედველობში მაქვს სამოქალაქო და აფხაზეთის ომები, და სოციალური სიდუხჭირე), რომელშიც მას მოუწია ცხოვრება, ცხადია, ეს საკითხი იდგა. მეტიც, გამოფენები და ფესტივალებიც რომ არა, პირად ცხოვრებაში და არა მარტო ჰელენასგან, მას ჰქონდა ეს შემოთავაზება. ამის შესახებ ჩვენ ოჯახში ბევრჯერ გვისაუბრია და, მართალი გითხრათ, ხანდახან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყო. მას უნდა მიეღო გარკვეული პირობები და ეცადა ბედი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. თავად ბევრს ფიქრობდა ამაზე. დღეს ძალიან ძნელი სათქმელია, ანევრიზმის დიაგნოზით გადარჩებოდა თუ არა სხვა ქვეყანაში. მაგრამ, ალბათ, ყველაფერი ბედისწერაა. შემოთავაზების, ოჯახის მხარდაჭერის და დიდი ფიქრის მიუხედავად, კარლომ ეს ვერ შეძლო. მას ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, სხვა კულტურულ გარემოში დამკვიდრება. თუ მის დღიურებს გადახედავს ადამიანი, შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ვერ შეელია ოჯახს, საქართველოს.

ნ.გ. ზოგჯერ მაქვს განცდა, რომ კარლოს შემოქმედება მოდური გახდა საქართველოში, რომ იგი რაღაც უცნაურ ქართულ-სნობურ ნარატივშია ჩართული. არადა, სწორედ ასეთი ტიპის ელიტარულ ხელოვნებას ებრძოდა თავად. რას იტყვით ამის შესახებ?

ლ.კ. ეს ძალიან დროული შეკითხვაა და დიდი მადლობა ამისთვის. მე უფრო მეტს გეტყვით, მისი სახელი არათუ ჩართულია უცნაურ ქართულ-სნობურ ნარატივში, ის ამ ნარატივის ერთ-ერთ სერიოზულ გმირადაც კი იქცა. მეორე მხრივ, არსებობს საშინლად ნეგატიური და, ვიტყოდი, აგრესიული ნატარივი, რომლის მიხედვითაც

კარლო კაჭარავას ლამისაა ქვეყნის დამაქცევარის და ქართული ხელოვნების მთავარი მავნებლის იარლიყი აქვს მიკრული. მართალი გითხრათ, დღეს ორივე ნარატივზე მეცინება. თავად კარლო ძალიან ხშირად ამბობდა ასეთ რამეს: ყველაზე საშინელი მოვლენა ისაა, რომ ცხოვრებაში იყო საშუალო… ან ძალიან ნიჭიერი უნდა იყო, ან ძალიან უნიჭო, ან ძალიან დიდი მეცნიერი, ან სრულიად უმნიშვნელო, ან ძალიან მდიდარი, ან კიდევ უკიდურესად ღარიბი. დღეს რომ ვფიქრობ, ის მაინც ახალგაზრდა იყო და, შესაბამისად, მაქსიმალისტი. ადამიანს ოცდაათი წლის ასაკში, ალბათ, მაინც არა აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება. რა მინდა ვთქვა, კარლოზე არსებობს ორი ძალიან საპირისპირო აზრი (თუმცა

თვითონ არ იყო ის ხელოვანი, რომელიც ამის საფუძველს მისცემდა ვინმეს) – დღეს ის ან მისაბაძია, ან მიუღებელი, ან გენიოსია,

ან განუვითარებელი, ან დიდი მხატვარია, ან უბრალოდ ხატვის უცოდინარი. მისი ცხოვრებისა და ბიოგრაფიის შესახებ ისეთი გაუგონარი ფაქტები მოჰყავთ, ხანდახან მგონია, რომ ამ კაცის არათუ და ვიყავი, საერთოდ, არ ვიცნობდი მას. გაგიკვირდებათ და სრულიად უძლური ვარ ასეთ დროს. რა ვიცი, როგორც თავად კარლო იტყოდა, „ასეთია ეს ცხოვრება!“ ჩემს მოგონებებსაც რომ თავი დავანებოთ, არსებობს ადამიანის დღიურები, რომლებსაც 14 წლის ასაკიდან სიცოცხლის ბოლომდე წერდა, იყო საოცრად კონტაქტური პიროვნება, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არათუ თავისი ცხოვრების შესახებ, რა საკითხებიც აინტერესებდა იმის გარშემოც არ დაუტოვებია. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ ქმნიან მის გარშემო ასეთ მითებს, აგორებენ უაზრო ჭორებს, მიაწერენ ისეთ მოვლენებში მონაწილეობას, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ვერც საკუთარ თავს და, რაც მთავარია, ვერც კარლოს ვერ

ვაკადრებ იმას, რომ მისი გარდაცვალების ცნობით ხელში ვირბინო და ამით გავფანტო მის გარშემო აგორებული ჭორები… ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მისი შემოქმედება ახალგაზრდობის დიდ ინტერესს იწვევს.

ნ.გ. დღემდე არ არის გამოცემული კარლოს პროზა. ხომ არა გაქვთ გეგმაში მისი მოთხრობების გამოცემა? კარლოს არქივიდან რის გამოცემას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

ლ.კ. ძალიან ბევრი რამ არ არის გამოცემული და, მგონი, მოვიდა დროს, რომ ინტენსიურად დავიწყო მისი ნაწერების, ლექსების, დღიურების, მცირე პროზის გამოცემა. მართალი გითხრათ, შეგნებულად ვიკავებდი თავს, სხვა თუ არაფერი, შემოქმედმა დროს უნდა გაუძლოს და არ მიმაჩნია სწორად მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიწყო მისი შემოქმედების პრეზენტაცია. მაგრამ დღეს უკვე მგონია, რომ ოცდაათი წელი (მისი გარდაცვალებიდან) ცოტა არ არის. მით უმეტეს, რომ მე წლები მემატება და სჯობს,

ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდეს. ძალიან რთულია ქართულ ლიტერატურასა და მხატვრობაში ადგილის დამკვიდრება, რადგან საქართველო დიდი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანაა. რადგან კარლოს გარშემო შეკითხვები არსებობს, მასზე მითები იქმნება, რადგან ზოგისათვის ის მიუღებელი და ზოგისათვის კი მისაღებია, ალბათ, დროა მოხდეს მისი შემოქმედების უფრო ფართო პრეზენტაცია.

  • ვალტერ ბენიამინი – საუბრები ბრეხტთან (ნაწყვეტი)

    თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ   როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ;…

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *