დავით ჩიხლაძე – რაზე ვსაუბრობდით

ზურა რთველიაშვილს

 

 

მე არ ვიცი როდის დავმეგობრდით გაცნობის მომენტსაც კი ვერ ვიხსენებ

თითქოს ამას დასაწყისი არც ჰქონია

ღია სივრცის ადამიანი იყო

ეს იყო ციხის საწინააღმდეგო ადამიანი

ასეთი იყო ის როცა ჩემს თეატრალურ ჯგუფში მოვიდა ბალეტის სკოლაში,

ასეთი იყო მერეც, დაუნანებელი თავის თავის, როცა ამერიკიდან ჩამოვედი,

მას არ ერიდებოდა მეგობრობა დ მხარდაჭერა

ის არ იყო კარიერისტი

მაგრამ აჩვენა კარიერისტებს, თუ რა და როგორ შეიძლებოდა

მას შეეძლო დაელია სპირტიანი და დამთვრალიყო კიდეც, როცა ეს არ სურდა, მაგრამ თუ შენ გსურდა ეს

მას შეეძლო განეცადა სრული თანაგრძნობა, ეს მას სახეზე ეხატებოდა, თუ რაიმე ისეთს მოუყვებოდი, რაც არ იყო გასახარებელი

მას შეეძლო მიტინგებზე წაეკითხა ლექსები და არ ენანებოდა, რომ ისეთ ხალხს შეიძლება უკითხავდა, ვინც არ აფასებდა პოეზიას და დამცინავადაც კი უყურებდა მანამდე ამას

მან აიძულა ეს ადამიანები ოვაციები გამოეხატათ და ასე აგრძნობინა დაფიქრებულიყვნენ, თუ პოეზიას რატომ უყურებენ ალმაცერად ან ეხლა ოვაციებს რატომ გამოხატავენ

მას მაიაკოვსკის პოეზია უყვარდა და ავანგარდული პოეზია, მაგრამ ლექსებს ხშირად ბუნებრივად რითმავდა კიდეც, იქნებ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ბევრი არ ეჩივლათ იმ ადამიანებს, ვისაც არც გარითმვა ხელეწიფება და არც შინაარსი აქვს პურიტანული, მაგრამ მკაცრ ტრადიციონალისტებად კი რჩებიან

ის ბრაზდებოდა ზოგჯერ ასეთ ხალხზე, მაგრამ იცოდა, რომ საშველი არ იყო

არ დაყრიდა ეს ხალხი ფარ-ხმალს

რადგან, რა უნდა ეკეთებინათ მერე, ფარ-ხმალს თუ დაყრიდნენ

მისთვის უნდა დაეთმოთ ასპარეზი?

ასეთი მორიდებულობა ხომ აღარ არსებობს დიდი ხანია

მკითხველიც აღარ არსებობს, თუ ვინმეს კითხვის სურვილი აქვს, ის ბარემ წერს კიდეც

მე ის ამ ყველაფრისთვის მიყვარდა

ის არ იყო ციხის ადამიანი არც სხვას აიძულებდა და არც თვითონ შევიდოდა იქ

მას სძულდა არათავისუფლება გაქვავება პოზა და ქედმაღლობა

მისი ამოსავალი ყველაფერში იყო სიყვარული რაც ყოველთვის მხოლოდ აქ და ახლაა, სხვაგან არაა, და ამდენად მარადიულია

მან უკვე ახალი საზღვარი გაარღვია

გული დაგვწყვიტა რომ ვეღარ გავცემთ ხმას

მაგრამ დაგვანახა უშიშრობა არამარადიულის წინაშე

რომ არ გვეშინოდეს მისი და არ ვემორჩილებოდეთ მას

მან იცოდა რომ ამის ჩვენება უკვე შესაძლებელი იყო ჩვენთვის

სხვაგვარად შეუძლებელია მას ჩვენთვის უბრალოდ გული ეტკინა

დასრულდა, ამ დონეზე როგორც მთავრდება ხოლმე

და არასოდეს დასრულდება ის რასაც დასაწყისი არ ჰქონია.

 

2021