ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

Nokia N73

კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის.

წითელი ლოყა,

ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე.

ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი,

არ დამკარგო აპლიკაციების უსასრულო მორევში.

ანგელოზური სევდით მორთული თეთრეული – კეთილი იყოს ქალურობის გაზაფხულობა. წვნიანი ვნება,

წითელი ხალიჩის ეროტიული მელანქოლია.

შუშხუნა ოფლში ამოვლებული თეძო ქალაქების თეთრ ბინებში დაიარება და თან დააქვს გადანასკვულ სხეულთა ცეკვა.

ხარბი თვალები დაჰყვებიან ობობების მოქსოვილ კაბას, და რა სურს კაბას?

გადაყვლეფილ ლოყაზე მოკალათებული ფოსო, დანესტილ მელოდიას აყოლილი.

ჩიტებს ოთახში მოაქვთ ლექსი,

რა ფორმატში შევინახო – ამოირჩიე.

 

იმპულსი

ამოზელილი ცემენტის გალოკვა, საშლელის ჩაკბეჩა,

იმპულსი.

შიგნით წვნიანი ატმის გემო დამხვდება, ჩაის მომიდუღებს,

შუბლზე მაკოცებს.

მოწყობილობა, რომელიც ჭიანჭველას დედას ჩემს მაგივრად აპოვნინებს. ის, რასაც არ ვაკვირდები არ იტვირთება.

ფორთოხლის თვალები, ჟოლოს მძივები,

ნუ გეშინია, ეს არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა.

ტუტორიალები იმის შესახებ თუ როგორ დაივიწყო ყველაფერი, რაც გისწავლია. ჩიტი, გოგო – ლამაზი ნადავლი.

გამოთვლებში მოქცეული ბარძაყები, აკვარელის ფერადი აბები,

ჩემი მუხლები, ჩემი მოკლე კაბა.

გამზეურებულ თეთრეულში ჩაფლული ჩვილები, რომლებსაც რძის სუნი ასდით, იმპულსი.

 

იისფერი სურვილი

„Hey, computer. How does it make you feel?’

კომპიუტერები.

პიქსელებად გადაშლილი მკერდი, ყურსასმენებში გაჟონილი კვნესა.

აპლიკაციებმა იციან ყველა სიზმარი, ყველა გამოღვიძება. ანარეკლებში ჩნდებიან და ქრებიან მისი ოქროსფერი მხრები, ოთახი არის ხანდახან ლურჯი, ხანდახან მრგვალი.

 

თათარაში ამოვლებული წითელი ფრჩხილები, სველი ფრჩხილები.

მთვარის შუქზე მოცეკვავე მარგალიტებით დახუნძლული ქალი. ზედაპირები – თიხის, მეტალის, ხის,

ზედაპირებზე – არეკლილი დაცემული ანგელოზები, გიგანტური ფრთების სტრიპტიზი.

შელოცვა ციფრულად, შელოცვა იაფად,

ეკრანიდან გადმომდნარი რეკლამების სენტიმენტები. წელზე დატოვებული კოცნა,

ბანალური მეტაფორები. ყველაფერი რაც ითქვა, ყველაფერი რაც უგრძვნიათ, აქ არის.

„Hey, computer. How does it make you feel? Do you like my poetry?”

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *