მთარგმნელი ნორიკ ბადოიანი
ადის-აბებაში, ბებერმა ყარიბმა,
რომელსაც მრავალი ტომი დაეპყრო,
შავი შუბოსანი მოავლინა ჩემთან,
ჩემი ლექსებისგან შედგენილი სალმით.
ლეიტენანტი, მტრის ბატარეების
ცეცხლქვეშ რომ მართავდა ქვემეხიან ნავებს,
სამხრეთის ზღვასთან გათენებამდე
ჩემს ლექსებს მიკითხავდა ზეპირად.
კაცი, რომელმაც ელჩს იმპერატორის
ხალხის ბრბოში დაახალა ტყვია,
მომეახლა, რომ ხელი ჩამოერთვა ჩემთვის,
ჩემი ლექსებისთვის მადლობა ეთქვა.
მრავლად არიან ისინი, ძალუმნი, ბოროტნი და მხიარულნი,
ვინც ხოცავდნენ სპილოებს და ადამიანებს,
ვინც უდაბნოში იღუპებოდნენ წყურვილით,
ვინც იყინებოდნენ მარადიული ყინულის კიდეზე,
ვინც ერთგულებენ ჩვენს დედამიწას,
ძალუმს, მხიარულს, ბოროტს,
ჩემს წიგნებს ხურჯინით რომ დაატარებენ
და კითხულობენ პალმების ჩეროში,
რჩებათ დასაძირად განწირულ გემზე.
მე არ შეურაცხვყოფ მათ ნევრასთენიით,
არ ვამცირებ გულმოწყალებით,
თავს არ ვაბეზრებ მრავლისმეტყველი მინიშნებებით
მათ მიერ შეჭმული კვერცხის შიგთავსზე.
მაგრამ როდესაც გარშემო ტყვიები წუის,
როდესაც ტალღები ლეწავს ბორტებს,
მე მათ ვასწავლი, როგორ დაძლიონ შიში,
დაძლიონ შიში და ისე მოიქცნენ, როგორც საჭიროა.
და როდესაც ქალი პირმშვენიერი,
რომლის სახებაც ერთადერთია,
რაც ეძვირფასებათ მთელს სამყაროში,
ეტყვის: “არ მიყვარხართ”, –
მე მათ ვასწავლი, როგორ გაიღიმონ,
წავიდნენ და აღარასდროს დაბრუნდნენ უკან.
ხოლო მათი აღსასრულის ჟამი რომ დარეკავს,
და სქელი, წითელი ნისლი დაუბინდავთ თვალებს,
მე ვასწავლი, როგორ გაიხსენონ უმალ
ეს სასტიკი, ძვირფასი ცხოვრება,
ეს მშობლიური, უცნაური მიწა,
და, უბრალო და ბრძნული სიტყვების ამარა
ღმერთის პირისპირ მდგარნი,
მშვიდად დაელოდონ მის მსჯავრს.