უ. ჰ. ოდენი – უ. ბ. იეტსის ხსოვნას

თარგმანი ანრი კიკნაველიძე

 

I

ის შუა ზამთარში გაუჩინარდა:

ნაკადულები გაყინული იყო, აეროპორტები თითქმის ცარიელი,

და ძეგლებს თოვლი ამახინჯებდა;

ვერცხლისწყალი კი თითქოს ჩავარდა მომაკვდავი დღის ღია ხახაში.

ყველა ხელსაწყო, რაც გაგვაჩნია,

თანხმდება, რომ მისი სიკვდილის დღე იყო ბნელი და სუსხიანი.

 

შორს მისი სნეულებისგან

გარბოდნენ მგლები მარადწვანე ტყეების გავლით,

გაუთლელ მდინარეს ვერ ხიბლავდა მაღალი წრის ნავმისადგომი;

მგლოვიარე ენებმა

პოეტის სიკვდილი დაუმალეს მისივე ლექსებს.

 

ხოლო მისთვის ეს თავის თავად ყოფნის ბოლო საღამო იყო,

საღამო ექთნების და მითქმა-მოთქმის;

აუჯანყდნენ მას სხეულის პროვინციები,

მისი გონების მოედნები დაცარიელდა,

სიჩუმემ დაიპყრო გარეუბნები,

შეწყდა დინება მისი გრძნობების; ის იქცა მის თაყვანისმცემლებად.

 

ახლა იგი გაფანტულია ას ქალაქს შორის

და მთელი არსებით ის ეკუთვნის უცხო ფერებას,

რომ იპოვოს ბედნიერება სხვანაირ ხეში

და დაისაჯოს სინდისის უცხო კანონის ძალით.

მკვდრის სიტყვები

ცოცხალთა გულებში გარდაიქმნება.

 

მაგრამ ხვალის ხმაურსა და მედიდურობაში,

როცა ბროკერები მხეცებივით გაჰყვირიან ბირჟის იატაკზე,

და ღარიბებს აქვთ მხოლოდ ტანჯვა, უკვე საკმაოდ ჩვეული,

და თითოეულს თავის საკანში თავისუფალი ჰგონია თავი,

რამდენიმე ათასი გაიხსენებს ამ დღეს,

როგორც იხსენებენ დღეს, როდესაც რაღაც ოდნავ უჩვეულო ჩაიდინეს.

 

ყველა ხელსაწყო, რაც გაგვაჩნია,

თანხმდება, რომ მისი სიკვდილის დღე იყო ბნელი და სუსხიანი.

 

II

შენც ჩვენსავით სულელი იყავი; შენმა ნიჭმა გაუძლო ყველაფერს:

მდიდარი ქალების თავყრილობას, ფიზიკურ გახრწნას,

თავად შენ. შეშლილი ირლანდიის ტკივილმა გაქცია პოეტად.

ახლა ირლანდიას კვლავ აქვს თავისი სიგიჟე, თავისი ამინდი,

რადგან პოეზიას არ შეუძლია რამის მოხდენა: ის უნდა გადარჩეს

ხეობაში, სადაც შეიქმნა და სადაც აღმასრულებლები

არასდროს მოინდომებენ ჩარევას, მიედინება სამხრეთით

მარტოობის რანჩოებიდან და აბეზარი მწუხარებიდან,

ნედლი ქალაქებიდან, რომლისაც გვწამს და სადაც ვკვდებით; გადარჩება,

როგორც ხდომილება, როგორც პირი.

 

III

მიწავ, მიიღე უცხო სტუმარი:

უილიამ იეტსს გაუღე კარი.

ხედავ, ჭურჭელი ირლანდიისა,

როგორ დაცლილა პოეზიისგან.

 

შავ-ბნელი ღამის დგას კოშმარები,

მთელი ევროპის ყეფენ ძაღლები,

და თავის ზიზღში გამოკეტილი

ყოველი ერი რაღაცას ელის.

 

ყოველი კაცის სახეზე ვხედავ

უგუნურებას და უმეცრებას,

ზღვები ყინულის და სიბრალულის

მათ თვალებშია დატყვევებული.

 

გაჰყევ, პოეტო, გაჰყევ ბოლომდე,

შავ-ბნელი ღამის უფსკრულებამდე,

შენმა ხმამ ლაღმა და უბორკილომ

კვლავ დაგვარწმუნოს, რომ ვიზეიმოთ;

 

როგორც ყანები, თესე ლექსები

და გააშენე წყევლისგან ზვრები,

უმღერე კაცის უბედურებას,

უიმედობას და გაჭირვებას;

 

და კაცთა გულის უდაბნოებში

დე, ამოხეთქოს წყარომ კურნების,

და კაცს, პატიმარს თავის ცხოვრების

თავისუფლების ასწავლე ლექსი.

  • ვალტერ ბენიამინი – საუბრები ბრეხტთან (ნაწყვეტი)

    თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ   როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ;…

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *