თემურ ჩხეტიანი – ჰაიკუები
1.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა
და
ხმაურით დაიმსხვრა.
2.
ეს სახლი
სამისთვის დიდია
ხუთისთვის-ნორმალური,
ერთისთვის კი
პატარა და აუტანელი.
3.
მსურდა,რომ კარი გამომეღო,
მაგრამ მე ხელში
სახელური შემრჩა მარტოდენ.
იქვე დავტოვე-
ეგებ ვინმემ გამოიყენოს.
4.
ბავშვობაში მეც
ვკარგავდი ღილებს.
დიდობისას მეც ვკარგავ მეგობრებს
ღილებივით.
5.
ვიდრე იტყოდეთ
,,ცისფერი თვალები”.
გაიხსენეთ,რომ
ცა მეტწილად ღრუბლიანია
6. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს
ღიმილი წავაფარე
ტკივილს.
7.
როგორ ვგავართ ერთმანეთს:
მე,
ჩემი სახლი,
ჩემი სამშობლო-
სამივენი ნანგრევები ვართ.
8.
ნუ ერიდები გამეორებას-
ოთხივე მახარებელიც
ერთ ამბავს ჰყვება.
9.
როცა ბავშვს თითი
მოეწეწკა კარის ღრიჭოში-
სამყარომ იკივლა.
10.
მიმოვიხედე.
,,ყველაფერი რიგზეა!”-
ვთქვი და…ავტირდი
