მაქსიმე მაჩაიძე მისი ახალი მუსიკალური ალბომის ერთ-ერთ კომპოზიციაში ამბობს “პოეზიის საღამოზე თავის დაწერილ ჯარიმებს კითხულობდა მენტი” და აქვე შეუძლია გითხრას, რომ: “ფიფქებს რო დათესავ მერე მანქანები და კომპიუტერები ამოდის ყვავილებივით”.
მისი პოეზია ადამიანებითაა სავსე, ყველაფერი რაზეც ის საუბრობს, სავსეა ადამიანთა შემოქმედებითი ხასიათით და ასახავს ამ ერთი შეხედვით გაუხეშებულ ურთიერთობას ადამიანსა და მის შორს წასულ შემოქმედებას შორის.
თანამედროვე ქართველი ავტორების კითხვისას და მოსმენისას შემიმჩნევია, რომ ისინი ხშირად ერიდებიან კომპიუტერებზე, ტელეფონებზე, სარეცხ მანქანებზე და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე საუბარს. ბოლოს როდის ამოიკითხეთ ქართველი პოეტის ლექსში სიტყვა “კომპიუტერი”? უმეტესად პირიქით ხდება ხოლმე, კომპიუტერში ვკითხულობთ პოეტების ლექსებს სიყვარულზე, პეპლებსა და 30 ვერცხლზე.
ერთხანს იმასაც ვფიქრობდი, ეს კოლექტიური ესკაპიზმია მეთქი, რომ გავურბივართ იმას, რაც არ გვესმის ან იმდენად მოსაწყენი და ცარიელია, რომ პოეზიაში ვერ თავსდება. მაგრამ როდიდან იქცევა პოეზია ასე? პირიქით არაა? პოეზია არ შთანთქავს? ან როგორც შოთა ბოსტანაშვილი იტყოდა, პოეზია (მთ)ავარია?
“ხერხი ჯობია ძალასო, მე მირჩევნია ელექტროხერხი.”
თითქოს არსებობს ავტორთა პოლუსები; ერთ პოლუსზე მოთავსებულნი მხოლოდ გასული საუკუნის და უფრო ძველი ტექნიკის ხსენებით შემოიფარგლებიან და დანარჩენი იდეალისტური ქარაგმებია; მათ აქვთ გაზქურა და ავტობუსი.
აქვე აღვნიშნავ, რომ პოლუსების ნუმერაცია იერარქიას არ გულისმობს.
მეორე პოლუსზე ავტორები კომპიუტერში ლექსებს იმაზე წერენ თუ როგორ წერენ კომპიუტერში ლექსებს და ამაზე ისე წერენ თითქოს შენც გეხება, წაიკითხავ და შენც მანდ ხარ და კიდევ ცოტა იდეალისტური ქარაგმები. ისინი შეიარაღებული არიან ენციკლოპედიებით, მანქანებით, რობოტებით, ჭკვიანი საათებითა და ტელეფონებით.
კიდევ არის პოლუსები, რომლებიც ამჯერად არ მჭირდება, თუმცა ერთს მაინც გამოვყოფდი. ესაა მომავლის იდეალისტების პოლუსი, აქ ყველა წინადადება ისეთი მძიმე, მსუყე და დავარცხნილია, რომ რაღაცას აუცილებლად უნდა ნიშნავდეს, რაღაც აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ რამდენიმე წინადადებაში ტვინი ისე გეღლება, აღარაფერი გესმის. აქ არიან ძაღლები, კატები, საჭმელიც და უმისობაც გაიელვებს ხოლმე ირგვლივ, ჭა, ბავშვობა, ცოდვა, არცოდვა და სხვა, დანარჩენი მომავლის იდეალიზმის ბურუსითაა შთანთქმული. (მომავლის იდეალიზმს სახელი სრულიად სუბიექტურად შევურჩიე და “მომავლის” მხოლოდ იმიტომ ვუწოდე, რომ იმედს ვიტოვებ გონება გამინათდება ამ პოეზიის აღსაქმელად. შეიძლება ისეთივე რამ მოხდეს, როგორც ოთარ ჭილაძესთან. 60-იანებში გურამ ასათიანი ოთარ ჭილაძის პოეზიაზე წერდა, რომ თანამედროვე ადამიანს მისი პოეზიის წაკითხვამდე განწყობა და მზაობა სჭირდებოდა, რაც დღევანდელი თანამედროვე ადამიანისთვის წარმოუდგენელია, იმდენად უშუალო გახდა ოთარ ჭილაძე.)
ჩემი აზრით მაქსიმე მაჩაიძე და შოთა იათაშვილი მეორე პოლუსის პოეტები არიან, ოღონდ შოთა იათაშვილი ზოგჯერ პირველი პოლუსისგან მხოლოდ იდეალოსტურ ქარაგმას სესხულობს ხოლმე, ისიც ძალიან იშვიათად.
“ისე უსადენო კავშირიც არსებობს
თანამედროვე სამყაროში,
და იქნებ ჯობდეს კიდეც ასე,
ფრინველების და მწერების გარეშე,
მაგრამ ითხოვს ფილოგენეზი,
რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის გამყარებაში
წვლილი გასწიონ ფაუნის წარმომადგენლებმა.”
და აი, ისიც, 21-ე საუკუნის დასაწყისის პოეტი, აი მისი კომპიუტერიც, ენციკლოპედიაც და ტელეფონიც.
იმას რითაც შოთა იათაშვილის და მაქსიმე მაჩაიძის პოეტური ესთეტიკები ერთმანეთს ჰგვანან, დიალექტიკის არჩევანს დავარქმევდი. მათ ერთნაირი დიალექტიკა აირჩიეს თანამედროვეობის ბეწვის ხიდზე გასავლელად და ეს წარმოუდგენლად კარგად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში ჩემს გემოვნებაში აბსოლუტურად ჯდება.
ისინი ადამიანზე არ საუბრობენ უდროო და უსივრცო სამყაროდან, პირიქით მათ ადამიანი თანამედროვეობის საშუალო ხარისხიდან ამოჰყავთ მისი ელექტროხერხებით და სმარტ სათვალეებით, რომლებიც ხშირად უხსენებლადაც იგულისხმება ხოლმე.
ალბათ თანამედროვე ავტორი ამაზეც უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ ხელიდან არ გაუსხლტეს დღევანდელობასთან ურთიერთობის ინტიმური მომენტები, რომლებიც სავსეა ეკრანთან გატარებული უამრავი საათით, “სქროლვის” შედეგად მიღებული უამრავი უსარგებლო და სასარგებლო ინფორმაციით, რომელსაც მალევე ვივიწყებთ, ელექტრონული ენციკლოპედიებით და 21-ე საუკუნის ყველა იმ სიკეთით, ცხოვრებას რაღაც მხრივ მაინც რომ გვიმსუბუქებს.
ასე რომ წერეთ ყველაფერზე, კიბერ პროთეზებზე, ელექტრო ციცინათელებზე, ხელოვნურ ყვავილებზე, მეილზე დაგროვილ რეკლამებზე, მეტრომანზე, მეხსიერების ბარათებზე, ბლუთუზზე, ეარდროპზე, აუქსზე, სირიზე და ალექსაზე.
ეს კარგის ნიშანია, წერეთ ყველაფერზე, მე კი ნუ მიყურებთ…
კომენტარის დატოვება