ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია რომ სიმღერა „სულიკოს“ ავტორი ვარინკა წერეთელია, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ წერეთელი მისი მეუღლის გვარი იყო და თვითონ ბარბარე მაჭავარიანი გახლდათ.
ბარბარე მაჭავარიანი დაიბადა 1874 წელს გვიტია აგიაშვილისა და სპირიდონ მაჭავარიანის ოჯახში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში. როგორც ლეილა გაფრინდაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა გოგონა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებული მუსიკალურობის გამო, ზინაიდა ვორობეცს (ფილიმონ ქორიძის მეუღლე) მიაბარეს.
ნიჭიერ გოგონას მაჭავარიანების ოჯახის ყველა ახლობელი და სტუმარი შეჰხაროდა. მან აკაკი წერეთლის ნათესავზე, სერგო წერეთელზე იქორწინა და აკაკი წერეთლის განუყრელი მეგობარი გახდა. „მოსწონდათ ჩემი სიმღერა და მამხნევებდნენ. განსაკუთრებით მაგულიანებდა აკაკი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა, ჩემი სიმღერა ყველაზე უფრო ტკბილად ესაუბრებოდა. მუსიკას უფრო დაეჯერება, ვინემ სიტყვებსაო, _ მეტყოდა პოეტი და მეც უფრო ხშირად მის ლექსებს ვმღეროდი“ _ აღნიშნავს ვარინკა თავის მოგონებაში (ციტატა ლერი ალიმონაკის წიგნში „ვარინკა წერეთელი“). ამრიგად, ბარბარე მაჭავარიანმა წერეთლის გვარი მიიღო.
1895 წელს ჟურნალში „კვალი“ დაიბეჭდა აკაკის „სულიკო“, რომელიც პოეტმა მალევე გადასცა ვარინკას და სთხოვა _ რამე ჰანგი შეერჩია მისთვის. ასე დაიბადა მრავალი ადამიანისთვის საყვარელი სიმღერა. მადლიერების გამოსახატავად პოეტმა კომპოზიტორს საკუთარი სურათი აჩუქა წარწერით: „ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას, აკაკისაგან.
პაპუნა წერეთლის მოგონებიდან: „მე-19 საუკუნის 90-იან წლებში საჩხერეში ყოფნის დროს აკაკი ძალიან ავად გამხდარა. ამბის გაგებისთანავე მის სახლისკენ გავეშურე. იმ დღეს აკაკის სანახავად ჩამოვიდა საზოგადო მოღვაწეების მთელი ჯგუფი. კარებშივე შემომეგება ვანო მაჩაბელი და მისი მეუღლე ტასო, რომელმაც მაშინვე თქვა: აბა ჩქარა, გიტარა მოიტანეთ, მხოლოდ ვარინკას სიმღერა მოარჩენს აკაკისო. ფეხაკრეფით შევედით აკაკის ოჯახში. ის თვალდახუჭული იწვა ლოგინში. ერთ გვერდზე მე დავუჯექი, მეორეზე _ ტასო. დანარჩენები სულგანაბულნი იყვნენ ჩვენს ახლოს. მე ჩუმად დავიწყე სიმღერა. პირველად ვუმღერე მისი საყვარელი `სანამ ვიყავ ახალგაზრდა~, შემდეგ ამას სხვა სიმღერა მივაყოლე, ვმღეროდი კრინით, დაბალი ხმით, რომ დიდი მგოსანი არ შემეწუხებინა. ცოტა ხნის შემდეგ აკაკი გადმობრუნდა, თავისი დიდი თვალები შემოგვანათა და ირგვლივ, რომ თავისი მეგობრები დაინახა – გაიღიმა ყველას სიხარული დაეტყო, ვანომ იხუმრა – აკი ვთქვი ვარინკას სიმღერა მოარჩენს- მეთქი. იმ დგეს აკაკისას დიდი ლხინი გაიმართა. მის შემდეგ აკაკიმ გამოჯანმრთელება დაიწყო“. ვარინკა სახელგანთქმულ მგოსანს გარდაცვალების დროსაც (1915 წელი) თან ახლდა.
ლერი ალიმონაკის აღნიშვნით ვარინკას ხშირად იწვევდენ საქველმოქმედო საღამოებზე სასიმღეროდ, როგორც ქუთაისსა და ზესტაფონში, ისე საქართველოს სხვა რაიონებშიც. იგი ჯერ კიდევ ბავშვი ყოფილა, როდესაც 1892 წელს ალექსანდრე მესამის საქართველოში ჩამოსვლის გამო მოწყობილ ზეიმზე ამღერეს. ვარინკამ „სულიკო“ შეასწავლა ვალენტინა და მარიამ იშხნელებს (შემდგომში დები იშხნელებად წოდებული ანსამბლის წევრები) და მათ დედას _ ვასასი ლოლაძეს.
ვარინკას ჰყავდა ერთადერთი შვილი სპირიდონ (გუგული) წერეთელი 1893-1919, რომლის გარდაცვალების გამო 7 წელი მგლოვიარედ ყოფილა და არავის არ იკარებდა, თუმცა ნავსი კოტე მარჯანიშვილმა გატეხა, როდესაც „სამანიშვილის დედინაცვალს“ იღებდა და მისი კარ-მიდამო შეარჩია. ვარინკამ არამარტო სუფრა გაუშალა, არამედ სურათიც გადაიღო, გიტარის თანხლებით კვლავ ამღერდა და რეჟისორი დაასაჩუქრა კიდეც.

ბოლო წლებში ვარინკა ავამდყოფობის გამო თბილისში ხშირად ჩამოდიოდა. მისი მდგომარეობა 1947 წელს დამძიმდა, ბოლოს კი ნათესავებს, მისივე სურვილით, ცხრაწყაროში წაუყვანიათ. იგი ქალაქ ზესტაფონში 1948 წლის 21 მარტს, 74 წლისა გარდაიცვალა და „სულიკოს“ ჰანგის თანხლებით დაასაფლავს მშობლიურ სოფელში.
ალიმონაკის მიერ შეკრებილი ცნობების მიხედვით ვარინკა მომღერალთან ერთად საზოგადო მოღვაწეც იყო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ზესტაფონსა და ცხრაწყაროში. მისი თაოსნობით ზესტაფონში დაარსდა ბიბლიოთეკა, მანვე ჩაუყარა საფუძველი დანგრეული თეატრის აღდგენას. იგი თავისი კონცერტებით ხელს უმართავთა საზღვარგარეთ გადასახლებულ პოლიტიკურ პატიმრებსა და მათ ოჯახებს.
დავუბრუნდეთ წერილის სათაურს _ „ვარინკა წერეთლის შემორჩენილი ხმა“. და გავცეთ პასუხი კითვას თუ როდის და ვის მიერ ჩაიწერა მისი შესრულება?
ლეილა გაფრინდაშვილის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ „1898 წელს ინგლისურმა ფირმამ „ფონოგრაფი“ ვარინკას „პირმშო“ ცვილის ლილვაკებზე ჩაწერა ვანო მაჩაბლის სახლში, ხოლო 1900 წელს კოტე ფოცხვერაშვილმა ნოტებზე გადაიტანა მეჩონგურეთა გუნდისათვის და ფორტეპიანოსათვის. ეს ვერსია ორკესტრმა 1905 წლის აგვისტოში შეასრულა ქუთაისის საქალაქო თეატრში“. ლერი ალიმონაკის წიგნიდან ირკვევა, რომ ვარინკამ სულიკოს მელოდია კომპოზიტორ ცაგარელის დაჟინებული თხოვნით გრამფირფიტაზე ჩაიწერა, თუმცა როდის, უცნობია. მისივე ცნობით მგლოვიარე დედა ჩაწერაზე უარს ამბობდა, თუმცა ბოლოს მაინც დაითანხმეს.
ვარინკა წერეთლის მიერ შესრულებული “სულიკო”
მართალია ვარინკა ჯერ კიდევ 1898 წელს ჩაუწერიათ, თუმცა ჩვენს ხელთ მხოლოდ 1939 წლის ჩანაწერია, რომელიც შესულია გამოცემაში „ხმები წარსულიდან“. არსებული ცნობებით ქალბატონი ვარინკა გიტარაზე უკრავდა, თუმცა ჩვენ ხელთ არსებულ ჩანაწერებში იგი უსაკრავოდ მღერის, იგი უკვე 65 წლისაა. ამ დროისათვის ვარინკას დაღუპული ჰყავს შვილი და იბრძვის სულიკოს ავტორობის დასადგენად, რადგან სულიკოს ხალხურ სიმღერად აცხადებდნენ. ვარინკას ხმა დიდი სევდითაა გამსჭვალული, მისი ხმა არც 65 წლის მანდილოსნის ტემბრს ჰგავს. შესაძლოა ავტორს `სულიკოში~ უკვე საკუთარი შვილი ჰყოლოდა განივთებული. ვფიქრობ, ამ ჩანაწერზე უნდა საუბრობდეს ალიმონაკიც.
ვარინკასეული შესრულება „სულიკოს“ ცნობილი ვარიანტისგან განსხვავდება. გარდა იმისა რომ ნიმუში უსაკრავოა, ჩანაწერის ბოლოს მოცემული ნახტომები სულიკოს არც-ერთ სხვა შესრულებაში არ გვხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ვარინკა აკაკის ლექსებზე ასევე მღეროდა „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“, „რომ იცოდე ჩემი გულის დარდები“ და ალბათ ბევრ სხვა სიმღერასაც, სამწუხაროდ, მხოლოდ `სულიკოს~ ზემოდხსენებული ჩანაწერები გვაქვს შემორჩენილი. რატომღაც არავინ იზრუნა რომ ქალბატონი ვარინკას რეპერტუარი ჯეროვნად ყოფილიყო ჩაწერილი. უფრო მეტიც, 1939 წელს ჩაწერილი ხმა აჟღერებასა და გავრცელებას ათწლეულების განმავლობაში ელოდა, სანამ 2008 წელს არ შევიდა 16 დისკიან გამოცემაში „ხმები წარსულიდან“.
წერილის მთავარი მიზანი, ვარინკა წერეთლის (ანუ ბარბარა მაჭავარიანის) ბიოგრაფიის გახსენების გარდა, მისი ხმის ერთადერთი ჩანაწერის გავრცელებაც იყო. იმედია ამის შემდეგ ვარინკას ხმას ბევრი ქართველი მოისმენს. ბოლოს დავძენ, თუ გამოჩნდა ვარინკას სხვა ჩანაწერიც, მას აუცილებლად გავავრცელებ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით.
კომენტარის დატოვება