პაულ ცელანი – სიკვდილის ფუგა და სხვა ლექსები

მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია

 

სიკვდილის ფუგა

შავი რძის შხეფები ალიონისას.
რომელსაც ხარბად ვსვამთ შეღამებისას.
მრუმე ღამითაც
ჩვენ მას ვეწაფებით დილით,
და შუადღისას.
ჩვენ მას ყოველთვის ხარბად ვისრუტავთ.
საკუთარ საფლავებს ჰაერში ვითხრით,
რადგან იქ ადგილი ყველას გვეყოფა.
კაცი ცხოვრობს თავის სახლში
და გველებს ეთამაშება, კაცი შუალედებში წერს.
წერისას ბნელდება გერმანიაში.
მივსტირი შენს ოქროს თმას მარგარეტ.
ის წერს. გამოდის გარეთ. ვარსკვლავებს ისევ ღვიძავთ ცაში.
ბნელ ჩრდილებს დასდევს ძაღლების ხროვა.
ვარსკვლავი გვიხმობს, ებრაელებო, გამოდით
გარეთ,
ყველამ გათხარეთ თქვენთვის საფლავი
და მოემზადეთ, დაუკარით, იწყება ცეკვა.
შავი რძის შხეფებო ალიონისას
კვლავ უნდა დაგეწაფოთ სულის ამოსვლამდე.
ეს შუაღამით, ეს დილით
მე ვერ მელევა მძაფრი წყურვილი.
ის კაცი ცხოვრობს, თავის სახლშია
და ცეკვავს ისევ თავის გველებთან
და იწყებს წერას.
ჩუმად ბინდდება გერმანიაში.
ვაი, შენ ოქროვან თმას მარგარეტ.
შენი თმის ნაცრად ქცევას, ავაი სულამით.
საკუთარ საფლავს ჰაერში ვითხრით
იქ ადგილი ყველას გვეყოფა.
ის კი გვიყვირის გათხარეთ მიწა
და თან იმღერეთ, დაუკარით. იცეკვეთ ყველამ.
ნიჩაბი მიწას მძლავრად შეახეთ
ნუღარ გაგირბით თვალი ზეცისკენ.
შავ რძეში გვიწევს ბანაობა ალიონისას.
თან ვეწაფებით, ვსვამთ მას შუადღისას
საღამო ჟამს თუ მრუმე ღამეში.
ო, კაცი ცხოვრობს თავის სახლში
და გველებთან ცეკვავს.
ო, შენი თმების ნაცრად ქცევა, ნუ მომაგონე
ო, სულამით.
ვიღაცა ისევ გაყვირის და მოჰყავს ძაღლების ხროვა.
ჰე, მოიმარჯვეთ ვიოლინო და ჰანგებს კვამლივით აჰყევით.
ცისფერი თვალებით- სიკვდილი უბადლო ოსტატია გერმანიიდან..
ღრუბლის ქულებზე მოვინიშნე ჩვენი საფლავი
იქ სივიწროვე არ გვემუქრება
ჩვენ საფლავები ჰაერში გველის.
შავი რძის შხეფი ალიონისას,
რომელსაც ვეწაფებით დღისით და ღამით.
რომელსაც ვსვამთ ნებისმიერ დროს
და მოცეკვავე გველები სახლში
კაცი რომელიც იწყებს წერას.
მრუმე უკუნი გერმანიაში.
და დირიჟორი, აქნეული სიკვდილის ხელი.
ტყვია რომელიც ყოველთვის გვეძებს.
და საფლავებს გვჩუქნის ჰაერში.
ო,შენს ოქროვან თმას მარგარეტ,
ვაი, შენს ნაცრად ქცევას სულამით.

 

შემოდგომა

ვაშლის სიმწვანით გავუდექი შენს თვალებისკენ

მიმავალ გზას.

რუსეთის უსიერ მინდვრებს მივაგებე გაშლილი

მკერდი.

სადაც რონოდებს მიაქროლებს შემოდგომის მზე.

რა ყრუ ყოფილა ის სადგური სადაც ვიდექით

ჩვეულ სიჩუმეს უსახელო განწყობა მოაქვს.

ვაშლის სიმწვანის.

ერთხელ მაინც თუ გიგრძვნია სუნთქვა რომელიც

ნათელ ეთერში ირხეოდა მხოლოდ ორისთვის.

 

ქვიშა ურნიდან

მწვანე ობისფერს გადაიცვამს დავიწყების სახლი.

თავწაკვეთილი შენი მედოლე

ამ ფერით ბზინავს.

სარცხვინელიდან და ხავსიდან აგლეჯილი თმით,  მოურთავს დოლი.

დაფდაფებს ურტყამს, რომ გაგაგონოს.

ბალღამიანი ფეხისთითებით ცდილობს დახატოს შენი

წარბი როგორ იხრება ქვიშაზე.

უფრო გრძელი გამოსდის იგი და უფრო მწველი

შენი ტუჩები.

სავსეა ურნა, შენც ბოლომდე ხარ ავსებული.

 

* * *

დგომა,

ნაჭრილობევ ჰაერის ჩრდილში.

არავისთვის, უმიზეზოდ

დგომა უცხოდ,

ეულად, შენთვის.

ყველაფრიანად

რისგანაც შედგები

სიტყვისგან დაცლილ

მარტოობაში.

 

შემოდგომა

ჩემი ხელისგულებიდან ჭამს შემოდგომა თავის ფოთლებს.

ჩვენ მეგობრები ვართ.

დროს სიარულს ვასწავლით, უწმინდურებას განვარიდებთ.

დრო შედის კაკლის ნაჭუჭში.

სარკის სიღრმეშია-მაგრამ

სიზმრებში სძინავს.

ენა ვერ იტყვის სიცრუეს.

ჩემი მზერა შეყვარებულის ლამაზ სარცხვინელს ევლება.

ჩვენ ერთმანეთს ვუყურებთ.

ერთმანეთშიც სიბნელე შეგვაქვს.

როგორც ტოროლას და გახსენებას.

ჩვენ ისე გვძინავს, როგორც კასრებში ღვინოს,

როგორც ზღვას- მთვარის სისხლიან ნაკადში.

ფანჯარასთან ვდგავართ ერთმანეთს შეზრდილნი-

ქუჩიდან გვიყურებენ.

დროა იცოდნენ.

დროა ყვავილმა ქვებს აყვავების უფლება დაუთმოს.

ღელვამ შეიპყროს გული.

ის დროა სწორედ, დრო რომ დადგეს

 

დროა.