ადრიან პიოტროვსკი – ელენა ლეის დაცემა

მთარგმნელი ვალო ჩაჩუა

 

 

                        დრამა 5 მოქმედებად.

მოქმედი პირნი

იულიუს ჰექტორ მაკფერსონი (ნავთობის მეფე).

ელენა (მისი ნათესავი).

გეზი (მუშათა წინამძღოლი).

ბრიქსი (საიდუმლო პოლიციის აგენტი).

ბენიამინ პრიამუსი (სენატის პრეზიდენტი).

პუპუსი:

გრობუსი: -> მეცნიერები.

კუბუსი:

I სენატორი.

II სენატორი.

ფლორანსა.

ბეტსი.

ლიზი.

მარშალი.

პოლიციის უფროსი.

ორი პოლიციელი.

მეტრდოტელი.

ორი ბანდიტი.

მუშები, მოცეკვავეები.

გამყიდველი.

ბებიაქალი.

მღვდელი.

ფაბრიკანტი.

მისტიური სექტის წინასწარმეტყველი.

ბროშურების გამყიდველები.

ორგანიზატორი.

ორი მეგაზეთე.

 

მოქმედება I

სურათი პირველი

(ამერიკული ქალაქი. მიტინგის დარბაზის შესასვლელთან. მიტინგის ორგანიზატორი. ორი ქალი. ჯაშუში. ბროშურების გამყიდველები.)

გამყიდველები. “ამერიკული ქალაქი ვულკანზე“ – 3 ცენტი. „ერფურტის პროგრამა“ – 3 ცენტი. „ამერიკული ქალაქის სენატორები – მძარცველები, ქურდები და მატყუარები“ – 5 ცენტი.

ჯაშუში. რამდენი?

1-ლი გამყიდველი. 5 ცენტი.

მე-2 გამყიდველი. 5 ცენტი სენატორებში? – 3.

გამყიდველები. 2. – ერთნახევარი ცენტი ამერიკული ქალაქის სენატორებში პოლიციისა და ჯაშუშების დამატებით. ყიდულობთ?

ჯაშუში. მონეტა.

გამყიდველი. პოლიციისა და ჯაშუშების დამატებით.

1-ლი ქალიშვილი. ბ-ნო ჯაშუშო, მიტინგი მალე დაიწყება?

მე-2 ქალიშვილი. ბ-ნო ჯაშუშო, ჩემი საქმრო ხომ არ შეგინიშნავთ?

ჯაშუში. თქვენი საქმრო?

მე-2 ქალიშვილი. დიახ.

ჯაშუში. აქ?

მე-2 ქალიშვილი. რატომაც არა? ჩემი საქმრო წითელია.

ჯაშუში. უკაცრავად, მაგრამ არ ვიცოდი, თუ შეიძლება წითლებს საცოლე ან ცოლი ჰყავდეთ.

1-ლი ქალიშვილი. თქვენ გეგონათ, რომ მათ კოცნა არ იციან?

მე-2 ქალიშვილი. და არ ეუბნებიან საკუთარ ძვირფასებს „ჩემო პატარავ“?

1-ლი ქალიშვილი. არა, დაე, ეს თქვენი ილიონის ქალებს გამოუშრეთ მკერდი, როგორც მანქანის ბორბლები და ძღომისგან ტუჩები ჩაეკეტოთ; დაე, იულიუს მაკფერსონმა, ნავთობის მეფემ, მეგობრის საწოლში რომ გაიღვიძებს, დაიყვიროს: „ეს რა ძაღლური სევდაა“!

ორგანიზატორი. გოგონებო, კარგს იზამთ, აქ თუ არ იდგებით და მიტინგზე შეხვალთ. ახლა მობრძანდება მომხსენებელი, ამხანაგი გეორგ გეზი, პრეზიდენტობის კანდიდატი ამერიკის მუშათა პარტიდან.

მე-2 ქალიშვილი. ჩვენ არ შემოვალთ მიტინგზე. ჩვენ აქ ვიქნებით და საკუთარ საქმროებს დაველოდებით…

1-ლი ქალიშვილი. …და ამხანაგ გეზს, პრეზიდენტობის კანდიდატს.

ორგანიზატორი. ამაოდ ლაპარაკობთ ასე. თქვენ შეგიძლიათ ბევრი სასარგებლო რამ გაიგოთ ჩაგრული ხალხის ტანჯვაზე და იმაზე, თუ როგორ შევამსუბუქოთ ეს ტანჯვა, მუშათა სოლიდარობაზე, გაფიცვაზე, პროფესიულ უსაფრთხოებასა და დაშავებულთა ანაზღაურებაზე. თქვენ ხომ მშრომელები ხართ?

1-ლი ქალიშვილი. დიახ. – არა. არც მთლად. იცით, რაშია საქმე, მე და ლიზი, ჩვენ…

ორგანიზატორი. მითუმეტეს. თქვენ რა, თანამედროვე საზოგადოების მსხვერპლები არ ხართ?

მე-2 ქალიშვილი. დიახ, დიახ. მაგრამ იცოდეთ, მალე მე მართლა გავთხოვდები და ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ორგანიზატორი. გირჩევთ, რომ დამიჯეროთ.

მე-2 ქალიშვილი. დავფიქრდებით.

ორგანიზატორი. ამხანაგი გეზი კი, როგორც მსმენია, შესანიშნავი ორატორია.

(შემოდის მუშა.)

მუშა. ამხანაგი გეზი არ მოსულა. უკვე ათი წუთია, რაც აღმოსავლეთიდან მატარებელი მოვიდა. ყველა ვაგონი ჩამოვიარე, სადარბაზოსთან ველოდე, ყველას ვკითხე, ის კი არ ჩანს.

ორგანიზატორი. რა სამწუხაროა.

1-ლი ქალიშვილი. იქნებ, გზაში შეფერხდა?

მე-2 ქალიშვილი. მატარებელზე დააგვიანა?

1-ლი ქალიშვილი. ან ჭკუიდან შეიშალა.

მე-2 ქალიშვილი. ან იქნებ მოკვდა?

მუშა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტელეგრაფით უნდა ეცნობებინა ყოველივე ამის შესახებ. ეს უფრო თავაზიანი საქციელი იქნებოდა.

ორგანიზატორი. რა სამწუხაროა! მიტინგის გადადება მოგვიწევს. არადა იმდენი ხალხია, როგორც არასდროს, და განწყობაც სრულიად უჩვეულოა.

(დარბაზში შედის და წამსვე გაოცებული გამოდის)

ორგანიზატორი. დაუჯერებელია! შეუძლებელია!

მუშა. რა?

ორგანიზატორი. გეზი!

მუშა. როგორ შემოვიდა? რას ამბობს?

(ორგანიზატორი მიმიკით ამბობს, რომ არაფერი იცის. ყველა კართან მივიდა. ჯაშუში მოხსენების მანჟეტზე ჩასაწერად მოემზადა. სიჩუმე.)

1-ლი ქალიშვილი. სად არის? დამანახებთ?

ორგანიზატორი. ჩუ. აი, სარკმელთან.

1-ლი ქალიშვილი. რა ლამაზია!

მე-2 ქალიშვილი. დასწყევლოს ეშმაკმა!

ორგანიზატორი. ჩუმად!

(დარბაზიდან რამდენიმე ქალი განგაშით გამოდის. პანტომიმა. გამოდის ახალგაზრდა მუშა.)

მე-2 ქალიშვილი. პიტერ!

პიტერი. ჩემო პატარავ! (ეხუტება, შემდეგ მიდის) მშვიდობით!

(სცენა ბნელდება.)

 

სურათი მეორე

(მიტინგი. ლაპარაკობს გეორგ გეზი).

გეზი. გაფიცვა – წვრილმანია. ტარიფები – სათამაშო. შრომის შემცირება – ტყუილი. სულ ერთია, ერთი გროშის სანაცვლოდ თუ ორის, ათ წელიწადში თუ თხუთმეტში ისინი ჩვენ ძალას და ტვინს ამოგვწოვენ.

დიახ, მათ ჩვენ გვიყიდეს და გვწურავენ, როგორც ღრუბელს, ყოველდღე, ვიდრე მოვკვდებით. მაგრამ იცოდეთ, მათთვის ეს არ კმარა. დიახ, მათ ჩვენ ღუმელებთან, დაზგებთან, ჩაქუჩებთან დაგვაყენეს. ცოცხალ საწნეხებად, ძრავებად, მანომეტრებად, – მაგრამ იცოდეთ, მათთვის ეს არ კმარა.

ძრავები ნადგურდება და ღრუბლის გამოწურვა ბოლომდე შეიძლება, ჩვენ კი – უფუჭებელი საგნები ვართ. ჩვენ თავად ვზრუნავთ იმაზე, რომ ბატონები ცოცხალი მანქანების გარეშე არ დარჩნენ. ჩვენ ვუჩენთ მათ სულ ახლებს და ახლებს – ჩვენს შვილებს.

(აქამდე გეზის სიტყვები უხილავი ხალხის ხმით იფარებოდა. ახლა ყველა ჩუმდება. სიჩუმეში ლაპარაკობს გეზი.)

ბუნება ჩვენს მყიდველებს მიეყიდა, რათა საბოლოოდ გამოგვგლიჯოს ყველაფერი – მუქთად. ჩვენ – კატორღელები ვაგონებთან, ერთი საამური საათისთვის უკვდავვყოფთ საკუთარ კატორღულ ნაბიჯებს.

საკმარისია! ჰეი, თქვენ, ილიონში! ჩვენ აღარ გვინდა! აი თქვენ, ჩემი ხელები, ფეხები, ყურები, თვალები, სანამ მოვკვდდებით, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდების ძალას არ დავთმობთ, ჩვენი ქალების მოფერების ნებას არ დაგრთავთ!

ჩვენ აღარ გვინდა თქვენი დედამიწა, მარტონი დარჩით მასზე. ჩვენ გავდივართ კარუსელიდან, დაბადებისა და სიკვდილის გიჟური ცეკვიდან.

არც ერთი კოცნა! გოგონებო, მოკვდით ხელშეუხებელნი! ქალებო – მარტოებმა დაიძინეთ! ჩვენ გავდივართ კარუსელიდან! ნამგალი, ნამგალი გაფრთხილებისა! განადგურება! ღამე!

(სცენა ბნელდება.)

 

სურათი მესამე.

(სიბნელე. ხმები, თავიდან სუსტი, შემდეგ უფრო დაჟინებული.)

ხმები. განადგურება.

ღამე.

დისციპლინა.

არც ერთი კოცნა.

ჰეი, თქვენ.

რვა საათი -კარგია.

ათი – შესანიშნავი.

თორმეტი – გადასარევი.

ჯარიმები – რამდენიც გინდათ.

და ოცდაათ წელიწადში რა? – ჰა?

ოცდაათ წელიწადში რა. – ჰა?

დისციპლინა. დისციპლინა.

არც ერთი კოცნა.

ღამე.

 

სურათი მეოთხე.

(ტელეფონთან ჯაშუში)

ჯაშუში. პოლიციის უფროსს სთხოვეთ! მალე, პოლიციის უფროსს! ლაპარაკობს ბრიკსი. – დაზვერვის საიდუმლო აგენტი. წითური? – დიახ, დიახ, – წითური. ახალი ამბებია! ამ წამს, წითლების მიტინგიდან. გაფიცვა! გამრავლებაზე უარს აცხადებენ.

 

სურათი მეხუთე

(ტელეფონთან პოლიციის უფროსი.)

პოლიციის უფროსი. გამრავლებაზე? ოჰო. სადგური! ბოსტონი 33-22. ფლორანსა, ჩემო ოქრო, წარმოგიდგენია, როგორი ამბავია! წითლები, – ხომ იცი წითლები, უარს აცხადებენ გამრავლებაზე. ხო, კოცნაზე, ჩახუტებაზე… აი, აი! უბედური ცოლები! ახლა პრეზიდენტს მოვახსენებ. ალო, ილიონ. სენატის პრეზიდენტს თხოვეთ. საგანგებო ამბავია!

 

სურათი მეექვსე

სენატის პრეზიდენტი (ტელეფონთან). როგორ? დაუჯერებელია. ნამდვილად დაუჯერებელია. დიახ, დიახ. ძალიან სერიოზული ეკონომიკური შედეგები. უმძაფრესი ზომები. რა? ფლორანსა, ჩემო ოქრო, დაკავებული ვარ. დიახ, დიახ, გავიგონე. ზუსტად, გიჟები არიან. გეზი? – რა თქმა უნდა, ფრანკმასონია. რას იტყვის მაკფერსონი? ისიც ფრანკმასონია. ესეც, ისიც. ჰა, ჰა, ჰა! არა, არა, ამის დასამტკიცებლად ახლავე შენთან მოვდივარ.

ზომები! მობილიზდეს პოლიცია! მეცნიერებათა აკადემია! პრემიები! მსოფლიო კონგრესი! ძალიან სერიოზული ეკონომიკური შედეგები. არა, არა, ჩემო ოქრო, შენ ვერ გაიგებ. ე-კო-ნო-მი-კუ-რი. ბატონი მარშალი? გავიგე. მისი უწმინდესობა? – გავიგე, გავიგე. თქვენო უდიდებულესობავ, ჯანდაბა, სადგურო! არ შეიძლება ათი ადამიანის ერთად ჩართვა! გაფიცვა გრძელდება? გრძელდება! გრძელდება.

(სცენა ბნელდება.)

 

სურათი მეშვიდე.

(ამერიკული ქალაქის ქუჩა.)

1-ლი მეგაზეთე. გაფიცვა გრძელდება. დეკანოზ ვვედენსკის მიმართვა წითლებს.

მე-2 მეგაზეთე. უკანასკნელი ამბები. რომის პაპმა გეორგ გეზი ანათემას გადასცა.

(შემოდის პოლიციელი ორ ხელქვეითთან ერთად.)

პოლიციელი. ჯეკ, ჯონ! კუთხეებთან დადექით და ნეკერჩხლის ბულვარში არავინ შეუშვათ. ახლა აქ, სენატის სხდომისაკენ იულიუს ჰექტორ მაკფერსონი, ნავთობის მეფე გაივლის.

1-ლი მეგაზეთე. გრძელდება. მოსახლების შემცირება – ოთხი პროცენტია. პროფესორ პუპუსის გამოთვლებით…

მე-2 მეგაზეთე. თვითმკვლელობების ეპიდემია! პროფესორ პუპუსის გამოთვლებით, ამერიკულ ქალაქში ოცდაათი წლის შემდეგ არც ერთი მუშა აღარ იქნება.

(პოლიციელი აგდებს მათ.)

პოლიციელი. წადით, წადით. რას ამბობენ? რას ამბობენ, ძაღლები!

(გამოდიან ქუჩის ვაჭარი და მისტიური სექტის წინასწარმეტყველი.)

ვაჭარი. უკანასკნელი გაფიცვისაკენ. უახლესი გამოგონება! შეუცვლელია ქალებისა და გოგოებისთვის!

წინასწარმეტყველი. ქალების და გოგოების საყურადღებოდ, რომლებიც წითლებმა მიატოვეს! ბრიკსტრიტი, 33. ელევზირინული ეკზოტიზმის ორდენი.

ვაჭარი. ძველი ბერძენი პოეტის – არისტოფანეს სისტემის მიხედვით, ოლისბოს ორთოდაქტილოსი.

წინასწარმეტყველი. მისტიური დამშვიდება ქვრივებისთვის. ელევზირინული ეკზოტიზმის ორდენი. კურთხევები. ლიტურგიები, მირონცხებები, ორი სერია ერთ საღამოში.

ვაჭარი. ოლისბოს ორთოდაქტილოსი.

წინასწარმეტყველი. ელევზირინული ეკზოტიზმი.

პოლიციელი. უკან, უკან, მოსახვევში შედით!

(შემოდიან ბებიაქალი, მღვდელი, ფაბრიკანტი.)

ფაბრიკანტი. მიგვიშვით სენატთან. მოვითხოვთ, რომ მოგვისმინონ.

ბებიაქალი. შიმშილით ხომ არ მოვკვდებით. გეკითხებით, ახლა რაღა უნდა ვქნა მე, გამოცდილმა ბებიაქალმა? აღარავის სურს გაჩენა.

მღვდელი. სრული დაცემა. არც მონათვლა, არც ჯვრისწერა. გეკითხებით, რისთვის დავამთავრე კოლეჯი ნიუ-ჯინგ-ტონში?

ფაბრიკანტი. თქვენ გსურთ, რომ ჩემს საწყობში ჩაიკარგოს, დალპეს, დაიშალოს სანიმუშო, შესანიშნავი საოჯახო საწოლები?

ბებიაქალი. დაე, მათ გააჩინონ.

მღვდელი. ჯვარი დაიწერონ.

ფაბრიკანტი. იყიდონ საოჯახო საწოლები.

ვაჭარი. ოლისბოს ორთოდაქტილოსი.

წინასწარმეტყველი. ელევზირინული ეკზოტიზმი.

პოლიციელი. არ შეიძლება, არ შეიძლება, ნუ გროვდებით! მოსახვევში შედით. თქვენო ღირსებავ, გაიწიეთ! ჯეკ, ჯონ, ალყაში მოაქციეთ! იქ რაღა ხდება?

(შემოდის სამგლოვიარო პროცესია. ხალხში – გეზი.)

პოლიციელი. ალყაში მოაქციეთ! (ისმის ბუკის ხმა.) აჰ, ღმერთო ჩემო, დავაგვიანეთ. ნავთობის მეფის მანქანა.

(შემოდის იულიუს მაკფერსონი.)

მაკფერსონი. რატომ შეაყოვნეს ჩემი მანქანა, პოლიციელო?

პოლიციელი. აი – წითლები.

მაკფერსონი. რა წითლები?

პოლიციელი. დაკრძალვაა თვითმკვლელის. ახალგაზრდა მუშის.

მაკფერსონი. სახელს არ აქვს მნიშვნელობა. ქუჩა გაწმინდეთ.

პოლიციელი. გაწმინდეთ ქუჩა!

მუშები. ქუდები მოიხადეთ!

მაკფერსონი. ამერიკული ქალაქის მუშებო. გესაუბრებათ მაკფერსონი. თქვენ მე მიცნობთ.

(მუშათა ჩურჩული.)

მაკფერსონი. რამ გამოგიყვანათ ქუჩაში?

(ჩურჩული.)

რა უფლებით აჩერებთ მოძრაობას?

გეზი (წინ გამოდის). მომაკვდავთა უფლებით, რომლებიც საკუთარ მკვდრებს მარხავენ.

ხმები. გეზი.

მაკფერსონი. ა, გეზ! მიხარია თქვენი ხილვა. მაკფერსონი.

(გეზი დუმს.)

მაკფერსონი. ტყუილია!

გეზი. რა?

მაკფერსონი. ტყუილია! ნუთუ თქვენ ბერი ხართ? წმინდანი, ახალი ქრისტე, როგორ გეძახიან?

გეზი. წმინდანი არა!

მაკფერსონი. რატომაც არა! მგლის თვალები, წითელი ტუჩები, ძლიერი ხელები! თქვენ მგრძნობიარე ხართ, გეზ! თქვენზე მეტად მგრძნობიარე ადამიანი ჯერ არ დაბადებულა. და ეს თქვენი მეგზურები – ნამდვილი მგლები არიან და არა განდეგილები.

გეზი. ვინ ვართ ჩვენ, – ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩვენ თქვენ გაგანადგურებთ.

მაკფერსონი. როგორ? და ქვემეხები, ცეცხლსატყორცნები, გამანადგურებლები? მოძრავი კოშკები, ნიტროგლიცერინი? თქვენ გავიწყდებათ ამერიკული ქალაქის სახელისუფლებო არსენალი, ილიონის ოქროს სარდაფები? რით შეგიძლიათ დაგვემუქროთ?

გეზი. იცით რითიც, – საკუთარი სიკვდილით.

მაკფერსონი. ლაყბობაა! თქვენ – მგლები ხართ, ხარბები და მშივრები, შურიანები.

თქვენ გშიათ! აი თქვენ დოლარი, გაფლანგეთ, გეზ! თქვენ ხარბი ხართ, გამომართვით ბეჭედი – ნამდვილი ზურმუხტია!

თქვენ გშურთ, -აი თქვენ ოქრო, პეშვებით, – მოცეკვავე დაიქირავეთ, გეზ!

(ისვრის ოქროს.)

გეზი. დამცინით?

მაკფერსონი. არა, მე თქვენ გყიდულობთ და მასაც.

გეზი. ჩვენ კი თქვენ გაგანადგურებთ! (ოქროს უკან ესვრის.) ეს უბედური თვითმკვლელი, რომელსაც თქვენ კუბოშიც კი ფეხდაფეხ მისდევთ თქვენი ოქროთი, ეს მხოლოდ დასაწყისია მსოფლიო ფოთოლცვენის.

მეოცე ასწლეული – დიდებული ბინდი დედამიწისა! თქვენ წაბილწეთ დედამიწა თქვენი უმოწყალო და სულელური ძალაუფლებით. თქვენს უმოწყალო გულში და სულელ თავში არც ერთი მბრძანებლური და მეფური აზრი არ გაჩნდება. მეფურ აზრს ჩვენ გაძლევთ, – აზრს განადგურების შესახებ.

ჩვენ გვეზიზღება თქვენი მიწა! ჰაერი, თქვენი ეშმაკეული ნერვების მავთულებით გაჭრილი, ზღვა, თქვენი ლუზიტანიებით გაპობილი, მზე, თქვენი სასახლეების ფანჯრებში რომ აირეკლება. ჩვენ გვეზიზღება თქვენი მიწა, – დაე, იქცეს იგი საჰარად, ტუნდრად, გომორად და სოდომად. დაე გაიყინოს, ჭაობად დალპეს, დაიწვას!

მდინარ წყალს, მცოცავ ბალახს, მქროლავ ქარს ვფიცავთ: „ჩვენ გვეზიზღება თქვენი მიწა“.

ხმები. გვეზიზღება!

მაკფერსონი. უკეთესი არ იქნება!

გეზი. ეს კი განადგურდება!

მაკფერსონი. მონებს საბელს აბამენ!

გეზი. მომაკვდავებს როგორ მოაბამენ?

მაკფერსონი. ძალა!

გეზი. სიკვდილი!

მაკფერსონი. ძალაუფლება!

გეზი. ღამე!

ხმები. ღამე!

გეზი. გაგვატარეთ!

(პროცესია გადის.)

მაკფერსონი. მე თქვენ გიყიდით, გეზ!

ფარდა.

 

მოქმედება II

სურათი პირველი

(ქუჩა. მისაბმელ ბურთზე ჯაშუში.)

ჯაშუში. ეშმაკმაც დასწყევლოს! აი ისიც, თვალთვალის სრულყოფილი ტექნიკა. დაკიდებული, როგორც თევზის ნაჭერი მზის ქვეშ, როგორც ქოლგა წვიმის ქვეშ, არემარეს ვათვალიერებ. მთელი პოლიცია ფეხზე დგას, მანქანებში სხედან, ჩასაფრებულები არიან. რათა ასე თუ ისე გაფიცვა ჩაშალონ. ათი ათასი დოლარი მას, ვინც შტრაიკბრეხერს შენიშნავს, წითელ ქალიშვილს ან კავალერს, სიყვარულით მოცულებს. ათი ათასი დოლარი. ოჰო! ეს რა არის? ნუთუ ერთმანეთს კოცნიან? (ხელის ფარანს მიანათებს.) არა, არაფერია! გამარჯობა, ძვირფასო ქალბატონო.

(შემოდის 1-ლი ქალიშვილი, ბეტსი.)

ბეტსი. გამარჯობა, მისტერ…

ჯაშუში. …ბრიკსი. თქვენ საით?

ბეტსი. მივემგზავრები. ნუთუ აქ დარჩენა შეიძლება? ცხოვრობ, როგორც საფლავში, თანაც -არანაირი შემოსავალი.

ჯაშუში. წითლები გაგიჟდნენ!

ბეტსი. მეც ასე ვფიქრობ. ამასთან, ისინი საშინლად ჯიუტები არიან. ვერ წარმოიდგენ, რა ამბავია მათთან იქ, მთის გადაღმა.

ჯაშუში. დარდობენ?

ბეტსი. საშინლად.

ჯაშუში. იტანჯებიან?

ბეტსი. წარმოუდგენლად.

ჯაშუში. ჭკნებიან?

ბეტსი. როგორც შემოდგომის ფოთლები! თქვენ ხომ გესმით?

ჯაშუში. როგორ არა.

ბეტსი. და ქალები რას განიცდიან, ვერც მოყვები! ამიტომაც მივდივარ.

ჯაშუში. თქვენი მეგობარი გოგო?

ბეტსი. აჰ, ის დარდობს, განიცდის.

შპიონი. რას ამბობთ?

ბეტსი. საქმრო.

შპიონი. საცოდავი.

ბეტსი. ხომ არ გამაცილებთ, მისტერ ბრიკს?

შპიონი. უდიდესი სიამოვნებით!.. (მიწაზე ჩამოდის.) აი ასე.

ბეტსი. წინა ჯერზე სხვაგვარად გეცვათ.

შპიონი. ასე უბრალოდაც არა? რას იზამ -სამსახური! შავი შარვალი და მუშის ხალათი. თქვენ საით?

ბეტსი. ვაგზალზე.

შპიონი. შესანიშნავია. თუმცა ტყუილად ჩქარობთ. ამერიკულ ქალაქში მხოლოდ წითლები ხომ არ ცხოვრობენ? თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი დრო გაატაროთ ადამიანთან, რომელიც აფასებს სილამაზეს და საღი აზრი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. მხიარულ, ზრდილობიან, თავაზიან ადამიანთან, როგორიც, მაგალითად, მე ვარ.

 

სურათი მეორე

(სენატის სხდომა.)

პრეზიდენტი. ბატონო სენატორებო. სხდომას გახსნილად ვაცხადებ. განიხილება ერთი საკითხი. რომელი, – დამსწრე საზოგადოებისთვის ცნობილია. გთხოვთ ადგილები დაიკავოთ.

1-ლი სენატორი. სიტყვის წარმოთქმა რიგის მიხედვით.

პრეზიდენტი. ილაპარაკეთ.

1-ლი სენატორი. განსახილველი საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, შეიძლება ითქვას, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ამიტომ გთავაზობთ, უწინარეს ყოვლისა, დარბაზიდან მბეჭდავები გავაძევოთ.

ხმები. სრულიად მართალია, გავიდნენ ჟურნალისტები !

(მოძრაობა.)

1-ლი სენატორი. შემდეგ, ჩვენ შორის, აქ, ილიონში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნამდვილ ღმერთებთან ერთად, როგორიცაა პატივსაცემი თავმჯდომარე იულიუს ჰექტორ მაკფერსონი, აქ არიან ასევე შედარებით მცირე ღმერთები და საერთოდაც არა-ღმერთები. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე, სადაც საქმე ეხება, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ღმერთების სიკვდილს, ამ არა-ღმერთების ადგილი აქ არ გახლავთ.

ხმები. მართალია, გააძევეთ ისინი!

უკაცრავად, უკაცრავად, როგორ განვასხვაოთ?

პორტფელის სისქის მიხედვით.

საფულის სიმძიმის მიხედვით.

დაე, ხელები გვაჩვენონ, ფრჩხილები გაზომეთ, ფრჩხილები.

(მოძრაობა. ერთი წუთის განმავლობაში ყველაფერი განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს.)

პრეზიდენტი. წმენდა დასრულდა. დამშვიდდით, დამშვიდდით. სიტყვა ეძლევა პროფესორ პუპუსს.

პუპუსი. პატივცემულო საზოგადოებავ! მინდა წარმოგიდგინოთ ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს ანგარიში. შედეგები ასეთია: თუ გაფიცვა გაგრძელდება, პირველი ათწლეულის ბოლოს სამუშაო ძალა ოცი პროცენტით შემცირდება. მეორეს ბოლოს – ორმოცდაათით, ხოლო ოცდაათ ან ოცდათხუთმეტ წელიწადში თავად მუშათა სახეობა გადაშენდება და გადაიქცევა თავისებურ ნამარხად, გამოქვაბულის ლომის ან პტეროდაქტილის მსგავსად. შედეგები ნათელია. ისინი წარმოებისთვის სახიფათო და დამღუპველნი არიან. გაფიცვის ახლავე შეჩერება აუცილებელია. შესაძლოა, სწორი ნაბიჯი წითლებთან რაიმე სახის დათმობებზე წასვლაა, ტარიფების, სამუშაო დღის, დაზღვევის სახით?..

ხმები. არანაირი დათმობა!

ხმა. მინდა დამსწრეთა ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ამ შემთხვევაში წითლები არანაირ დათმობას არ ითხოვენ.

ხმები. მართალია, არ ითხოვენ.

პუპუსი. მე ეს მხედველობიდან გამომრჩა. აბა როგორ მოვიქცეთ?

პრეზიდენტი. მაგისტრი კუბუსი.

კუბუსი. არანაირი დათმობა! მუშებს არ სურთ დედამიწაზე დარჩენა, არცაა საჭირო! დარჩენილი დრო უნდა გამოვიყენოთ. ოცდაათი წელი: სავსებით საკმარისია. სრული მექანიზაცია. გთავაზობთ წინასწარ გეგმას.

(ნათდება ელექტრონული რუკა.)

მზის ენერგია, წყალი, ქარი ძალთა ცენტრალურ სადგურებზე მუშავდება. აი ასე. აქედან მომდინარეობს მაღალი ძაბვის დენი ქარხნებისაკენ. განშტოება მანქანებისა და დაზგებისაკენ. მორჩა.

ხმები. გენიალურია! შესანიშნავია! ბრავო, კუბუს!

გრობუსი. ერთი კითხვა: და მერე რა?

კუბუსი. როდის მერე?

გრობუსი. როცა მანქანები გაიცვითება. მუშების მიერ გაკეთებული მანქანები? რით ჩაანაცვლებთ მათ?

ხმები. დიახ, დიახ, რით ჩაანაცვლებთ? უპასუხეთ, კუბუს. მარადიულ მანქანებს ხომ არ შექმნით?

(კუბუსი გაშეშებული დგას.)

გრობუსი. უსარგებლო გამონაგონია! იდიოტის გამოგონება! გამოსავალი ერთია, – ხელოვნური განაყოფიერება.

ყველა. ა-ა-ა-ა.

(ტელეფონის ზარი.)

პრეზიდენტი. გისმენთ. დიახ. ბულვარი 13? შესანიშნავია! ჩეკი ხელმოსაწერად გამოაგზავნეთ. დიახ, დიახ, დაუყოვნებლივ. პოლიციელის სახელი მარმარილოს დაფაზე ამოტვიფრეთ და ილიონში აღმართეთ. ბატონო სენატორებო. კარგი ამბავია. ბულვარ 13ში შემჩნეულია ხელიხელჩაკიდებული მუშა და პროსტიტუტი. დეტალები ირკვევა. ბატონებო! ეს სასიხარულო ამბავი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ ჩვენ ქალაქს ათასი წელი უსრულდება. გთავაზობთ, ჰიმნი ვიმღეროთ.

(ყველა დგება და მღერის.)

 

სურათი მესამე

(ბულვარი 13.)

პოლიციის უფროსი (ტელეფონთან). დეტალები ირკვევა. – ჰარი, თქვენი ფანარი! ისინი აქ მოჰყავთ.

(შემოჰყავთ ბეტსი და ბრიკსი.)

ბეტსი. გამიშვით, გამიშვით! ვინ მოგცათ ამის უფლება? თვალებს ამოგკაწრავთ. გარეწრებო! ახლავე გამიშვით.

პოლიციის უფროსი (ბრიკსს). მოქალაქე, თქვენი სახელი? (ბრიკსი ტრიალდება.) ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებენ. პირიქით. გაძღომამდე გაჭმევენ. ოქროთი აგავსებენ. ძეგლს დაგიდგამენ ილიონში, სადაც თქვენ ნაყოფიერების ღმერთი იქნებით. აბა, თქვენი სახელი? მიპასუხეთ! ჰარი, მიანათეთ!

ბრიკსი. ოჰ, ოჰ, მოიცადეთ!

პოლიციის უფროსი. რა? ეს ხომ წითური ბრიკსია? სულელო, აქ როგორ მოხვდით, თან ასეთ მდგომარეობაში?

ბრიკსი. სამსახურის გამო, ბრძანების მიხედვით. შავი ხალათი და მუშის შარვალი, ბრძანების თანახმად.

პოლიციის უფროსი. სულელო! (პოლიციელს.) თქვენც მაგარი ხართ! ვერ დაინახეთ? იდიოტები! (ბეტსის) შეწყვიტეთ ყვირილი, ქალბატონო. აი გამომართვით და გაეთრიეთ.

ბრიკსი. მომიტევეთ, ეს აღარ განმეორდება.

პოლიციის უფროსი. გაეთრიე! (ტელეფონთან.) სამწუხარო შეცდომა მოგვივიდა. დეტალები ირკვევა.

 

სურათი მეოთხე.

(სენატის სხდომა.)

პრეზიდენტი (ტელეფონთან.) პოლიციელი დასაჯეთ. ბატონებო, სამწუხარო შეცდომაა. საქმეს დავუბრუნდეთ. აკადემიკოსი გრობუსის მოხსენება ხელოვნური განაყოფიერების შესახებ.

გრობუსი. მოხსენება და დემონსტრაცია. (ეკრანზე განათებული გამოსახულება.) აი, აპარატის მოდელი. განაკვეთი და გეგმა. გეისლერის უბრალო მილი. სპერმატოზოიდების კულტურა. სითბოსა და წნევის პირობებში – რადიოაქტიული რეაქცია, – და სასურველი შედეგი.

პროფესორ შტეინახის ცდები.

კუბუსი. აფერისტობაა! გამოცდილია?

გრობუსი. ჯერ არა, თუმცა უზუსტესი ფორმულა…

კუბუსი. აფერისტობაა! საუკეთესო შემთხვევაში, შედეგად მივიღებთ კურდღელს. მე კი ვეკითხები დამსწრე საზოგადოებას, რა ღირებულება აქვს კურდღელს წარმოებაში?

გრობუსი. წინასწარი ოპერაცია შესაძლოა დაუყოვნებლივ ვიხილოთ. მსურველებს გთხოვთ, წინ გამოხვიდეთ.

ხმები. კუბუს, კუბუს, ეს თქვენი ვალდებულებაა, კუბუს! სამეცნიერო ექსპერიმენტი!

კუბუსი. არავითარ შემთხვევაში! არ ვეთანხმები! არ დაგნებდებით! მე ცოლი მყავს! წმინდა წყლის აფერისტობაა! შეიძლება შეწყვიტო, შეცვალო, გაახანგრძლივო ერთხელ დაწყებული ცხოვრება, თუმცა მატერიაში ორგანული პროცესის წარმოქმნა შეუძლებელია. აფერისტობაა!

ხმები. სად არის გამოსავალი? სად არის გამოსავალი? იძულებითი შეჯვარება. საერთო იზოლატორები. სანატორიუმები მწარმოებელთათვის.

კუბუსი. ენერგიის მექანიზაცია.

გრობუსი. გეისლერის უბრალო მილი.

კუბუსუ. აფეროსტობაა!

გრობუსი. იდიოტიზმი!

პუპუსი. სტატისტიკა!

პრეზიდენტი. ისინი მიდიან, მიდიან! როგორ შევაჩეროთ?

მაკფერსონი (ადგილიდან დგება). გეყოფათ! სიჩუმე! ნერვებს უმკურნალეთ, ბენიამინ პრიამუს. ყოველივე ეს ლაყბობაა, ბატონებო!

სიღრმისეულად განვიხილოთ. გაფიცვის მიზეზი – ხალხში სიცოცხლის სურვილის შესუსტებაა. გამოსავალი ერთია. არც ფული. არც მანქანა, თუნდაც რომ იყოს ოკეანის ტალღაზე ძლიერი და მზეზე უფრო დიდხანს გასტანოს. არც მეცნიერება, უზუსტესი და ბრძნული, გამოსავალი ერთია, უძველესი, მარადიული – ცდუნება. ქალი. ლურჯთვალება. წითური. რომელიც გმირებს ადამანტის ჯაჭვზე უფრო მძიმე ძაფებით აბამს, მსუბუქი წვეტებით ხვრეტს ძლიერთა გულებს. მაცდური.

1-ლი სენატორი. თქვენს ნათესავზე საუბრობთ?

მაკფერსონი. დიახ მე ელენა ლეიზე, ელი ლეიზე ვლაპარაკობ, ყველაზე მომხიბვლელ გოგონაზე ამერიკულ ქალაქში.

 

სურათი მეხუთე

(პოლიციის ბიურო.)

პოლიციის უფროსი. ბრიკს! ბრიკს! ბრიკს! დასწყევლოს ეშმაკმა, როცა საჭიროა, თქვენთვის ხმის მოწვდენა შეუძლებელია და ყოველთვის იქ აღმოჩნდები ხოლმე, სადაც საერთოდ უსარგებლოა შენი ყოფნა. ბრიკს!

(შემოდის ბრიკსი.)

ეს რა გაცვიათ?

ბრიკსი. დაივიწყეთ ბრიკსი. ბრიკსი აღარ არსებობს. არსებობს მუეძინ აღა. საჭურისი, რომელიც სულთანის სასახლიდან სოციალისტური მრწამსის გამო გააძევეს.

პოლიციის უფროსი. ეს რა უაზრო მასკარადია?

ბრიკსი. სავსებით გარდაუვალი. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ შესაძლებელია მუდამ წითლების წიაღში იყო და კაცად დარჩე? ისინი ხომ დაგგლეჯენ, დაგასახიჩრებენ, დაგანაკუწებენ.

პოლიციის უფროსი. ხო მაგრამ წინსაფარი რად გინდათ?

ბრიკსი. პატივცემულ უფროსს არ შეუძლია მომთხოვოს, რომ მართლა საჭურისი გავხდე.

პოლიციის უფროსი. კარგი დავივიწყოთ. განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეა. ჩემს ხელთ არის სენატის საიდუმლო სხდომის სტენოგრამა. გენიალური სიტყვები. გონებისა და მეცნიერების პირამიდები. მაკფერსონის მოხსენება. ეს თქვენ გეხებათ. აი. საშუალება. ცდუნება… ქალი… რომელიც ნაზი ძაფებით აბამს და მისთანანი. ბრიკს, თქვენ შეგიძლიათ თავი გამოიჩინოთ.

ბრიკსი. მთლიანად თქვენ გეკუთვნით!

პოლიციის უფროსი. მოიპოვეთ! ვწუხვარ, საკმარისი დრო არ არის პარიზიდან გამოსაწერად. ადგილობრივებიდან შეარჩიეთ. თქვენი გემოვნების და ენერგიის იმედი მაქვს. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს. აი, აი! ო, მაკფერსონი ერკვევა ქალებში! დაუყოვნებლივ შეუდექით საქმეს!

ბრიკსი. ტელეფონით?

პოლიციის უფროსი. წადით! შეჩერდით! შესრულების შესახებ დაწვრილებით მომახსენეთ.

 

სურათი მეექვსე

(კოშკი. ზემოთ მაკფერსონი და ელენა ლეი.)

მაკფერსონი. შენ წინაშეა ქალაქი, ელი, სადაც შენ დაიბადე. ხედავ სინათლის ხაზებს, – ეს ბულვარებია, ქალაქ ილიონის გულიდან ვარსკვლავივით რომ იტოტება. ხედავ ცეცხლოვან ტბებს, ეს სასახლეებია, სადაც ვცხოვრობთ შენ და მე და ჩვენი მსგავსნი. ხედავ ღამის შავ მიწას, რელსებს, მასზე რომ განფენილა, ბაზალტის ზღვას და ცას. ყველაფერი ეს ჩვენია, ელი, ჩემი და შენი, ზღვა, ცა და მიწა. იქ კი, ხედავ, კვამლის კედლებს და სინათლეს, მარადიულს ღამიდან ღამემდე. ეს მსოფლიო ქარხნების ღუმელები აირეკლება ღრუბლებში. იქ, კვამლში, მოუსვენარი, გაუმაძღარი, შურიანი არსებები არიან. შენ იცი, ვისაც ვგულისხმობ.

ელენა. ხო, მაგრამ აქ რატომ მომიყვანე? მცივა და თავბრუ მეხვევა.

მაკფერსონი. იქ მონები არიან. შენ ტენისი გიყვარს, ელი! შენ გამხიარულებს თეთრი იახტიდან ზღვის წყალში არეკლილ მზეს რომ უყურებ, შენ ცეკვა გამხიარულებს. ისინი იქ, არ თამაშობენ და არ ცეკვავენ.

ასწლეულების მანძილზე ისინი სიძულვილით ივსებოდნენ საკუთარი ბატონების, საკუთარი ღმერთების მიმართ, რომლებიც უდარდელად ცხოვრობენ მაღალ ილიონში. ჩვენ ღმერთები ვართ, ელენა! შენ ეს იცი? შენ ეს გახსოვს? შენმა სისხლმა არაფერი გითხრა? (ელენა დუმს.) ჩვენ ღმერთები ვართ და გვსურს მარადიულნი ვიყოთ, ელენა!

მაგრამ ისინი, ქვემოთ, ჯანყდებიან ახლაც, უკვე მერამდენედ. ღამეულები, – ერთადერთი რამით გვემუქრებიან, რისი ძალაც შესწევთ, – ღამით.

გეშინია, ელენა? გენანება შენი მხიარული ძალაუფლება? მაშ გადაარჩინე იგი! შენ ერთადერთი ხარ, რომელსაც ეს შეუძლია, უმშვენიერესო ცოცხალთა შორის, ყოვლისშემძლე მაცდურო, ელენა, პანდორა, ლილიტ. ხედავ, შენს სახელებს ვამბობ! თანახმა ხარ, ხომ? შენ მათ საშინელ ქალაქში ჩახვალ, შენ მათ ბელადს, გეზს იპოვი. მას გეზი ჰქვია, გესმის? შენ მას შეაცდენ, შენს ოქროს აბლაბუდაში გაახვევ. დაე, მან დათმოს მისი შავი ძლევამოსილება შენი კოცნისთვის. საკუთარ ძალას შენს მომაჯადოებელ მკლავებში გალევს. შენ აქ მოიყვან მას დაღლილს, დამშვიდებულს, დაჩოქილს. თანახმა ხარ?

ელენა. მე არაფერი ვიცი, მე არაფერი მახსოვს, მაგრამ თუ შენ ასე გსურს, თანახმა ვარ.

მაკფერსონი. ელენა! (ხელში აჰყავს და ქვემოთ ჩაიყვანს.)

ელენა. მეშინია, რას მიშვები?

მაკფერსონი (ფლაკონიდან ასუნთქებს). ღრმად შეისუნთქე, ღრმად! ასე! ელენა, ხომ არ დაგავიწყდება? ბოლომდე დამიჯერებ? ძინავს! გეზ, გეზ. მიიღე ჩემი საჩუქარი, მშვიდი, შეფუთული სხეული, სავსე ჯადოსნურობით და საწამლავით. როგორი ცვლილებებია! სად არის ელი ლეი? ტენისის პატარა მოთამაშე? ღმერთქალმა აქ მოისვენა.

ელენა არგიველი! ხელები – ატლანტიკის ქაფზე უფრო თეთრი, ნაწნავები – სპილენძის, როგორც ილიონის დაისები. ღვთაებრივი ქალის მკერდი. და ვის? – არარაობას! უძველესი სისხლი სამყაროში – არარაობის საწოლზე. ელენა, ჩემო მარადიულო სიყვარულო!

ჯორჯ, მორის! (შემოდიან მსახურები.) ქალბატონი ლეი თავს ცუდად გრძნობს. ჩემს მანქანაში ჩასვით!

ფარდა.

 

მოქმედება III

 

სურათი პირველი

(ქუჩა. მაკფერსონი და ორი ნიღბიანი ბანდიტი.)

მაკფერსონი. თქვენ გადმოგცეს ჩემი სურვილი?

1-ლი ბანდიტი. დიახ, სერ.

მაკფერსონი. დაიმახსოვრეთ. ათ საათზე რკინიგზის სადგურთან. ტვირთით, გასაგებია?

1-ლი ბანდიტი. სავსებით.

მაკფერსონი. თავნებობაზე არც იფიქროთ. დედამიწაზე ხვრელი არ არის, სადაც ვერ გიპოვით! არ არსებობს სატანჯველი, თქვენთვის რომ ვერ მოვიფიქრებ, თუ გაბედავთ და… გესმით?

1-ლი ბანდიტი. დიახ.

მაკფერსონი. იარაღი თან არ წაიღოთ, – როცა ყველაფერს მორჩებით, ჯილდოს მისაღებად ჩემს კანტორაში მოხვალთ , – აი, ჩეკი!

1-ლი ბანდიტი. მადლობას გიხდით.

მაკფერსონი. რაც შეიძლება ფრთხილად იყავით მასთან, ტვირთთან.

(ბანდიტები გადიან. მაკფერსონი თვალს აყოლებს.)

აიღეთ. წაიღეთ.

 

სურათი მეორე

(მაკფერსონის ბიბლიოთეკა.)

მაკფერსონი. დაუმარცხებელი განგაში. დედამიწამ წონასწორობა დაკარგა და სიცარიელეში მიექანება. ფანჯრების მიღმა ქარბუქი და უკუნეთია. მე დავკეტავ თქვენს მინადქცეულ თვალებს, შეშლილო ფანჯრებო. ასე, ასე. ვინ შემოვა ახლა აქ? ვინ გაბედავს, თმის სისქეზე მაინც გადაანაცვლოს აქ დაწყობილი ნივთები? აქ სიჩუმეა. ბრძენი, მდუმარე, შეუცვლელი წიგნები. თქვენთან ერთად ჩემი წუთებიც ჩერდებიან. ვინ გაბედავს, თქვენს წინაშე წარმოთქვას: „მოძრაობა“?

(ზარი.)

დიახ. მაკფერსონი! ხანძარი პენსილვანიის შადრევნებთან? – ვიცი. საიდან? ვიცი. წითლების დიდი მიტინგი? გეზს ელიან? – ვიცი! ვიცი! გეზი! – რა სიცივეა! – იმიტომ ხომ არა, რომ ელენა ლეთარგიულ ძილს მისცემია? რა სიბნელეა!.. იმიტომ ხომ არა, რომ ელენას თვალები დახუჭულია? ნამდვილად, საშინელი მსხვერპლით გამოვისყიდე მე, ილიონო, შენი მარადიულობა და ძლიერება!

ელი, მეგობარო! კიდევ ერთხელ, უკანასკნელად, მე ჩვენი დროის ძაფებს ვაერთებ. აი, ასე, ვხედავ! ო, საით მიაქანებენ ისინი შენს სხეულს ბნელ, უკაცურ ქუჩებში! რატომ იღიმის შენი პირი!

ღალატი!

განადგურება! გარდაუვალი! მიზანმიმართული! ხმაურობს! ხმაურობს! გონებაში იღვრება!

(ზარი.)

ჯერ კიდევ, …ჯერ კიდევ…ა…ა..ა…

(შემოდის პოლიციის უფროსი.)

პოლიციის უფროსი. მომიტევეთ, პასუხს რომ არ დაველოდე, და პირადად გავბედე თქვენი შეწუხება. თუმცა თქვენისთანა პირის სურვილი, გამოხატული თუნდაც ოცნების სახით, კანონია მონდომებული და შემსრულებელი მოხელისთვის. ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ…

(სცენა ბნელდება.)

 

სურათი მესამე

(მიტინგი.)

ხმები. საგაფიცვო კომიტეტი.

შეკრების განაწესი.

ქალწულთა რეგისტრაცია.

ორსულობის ლიკვიდაცია.

მობილიზაცია.

ოპერაცია.

რეზოლუცია.

გეზ!

გეზი. ძმანო და დანო. სამყაროს დამანგრეველნო. მყარად იდექით. დრო მიფრინავს. თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი გულების, აქ შეკრებილთა ათასობით ადამიანის გულების ცემით სულ უფრო და უფრო ახლოვდება გათავისუფლება. ღამე უკვე ხელის გაწვდენაზეა. ჩვენ უკვე ნახევრად ღამეში ვართ. სიბნელის წინაშე ისინი, ზემოთ, ცახცახებენ, როგორც პატარა, მშიშარა ცხოველები. მყარად იდექით. გთავაზობთ, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი გადაწყვეტილება. საგაფიცვო კომიტეტის რეზოლუცია. ხელი ასწიეთ, ვინც თანახმაა.

(არც ერთი ხელი არ იწევა.)

ვინ არის წინააღმდეგი?

(არც ერთი ხელი არ იწევა.)

ხო თუ არა? ხო თუ არა?

გოგო. ამხანაგო გეზ. ჩემმა მიჯნურმა თავი ჩამოიხრჩო, როცა ის გავაგდე. ის ალერსიანი და მუდამ მხიარული იყო. ნუთუ ის მხოლოდ იმისთვის ვარგოდა, რომ მომკვდარიყო?

გეზი. მსხვერპლი გარდაუვალია. თქვენ ეს იცით, ამხანაგო.

გოგო. საღამოობით, ქუჩაში რომ დავეხეტებოდით, ჩვენ ჩაბნელებულ კიბეებზე ავდიოდით და იქ ვკოცნიდით ერთმანეთს. ნუთუ ჩვენი სიყვარული ასე ცოტა ღირს?

გეზი. მახეა! მოოქრული ხაფანგი. ნურაფერს მეტყვით თქვენს სიყვარულზე.

ქალი. თავი დაანებე! განა ეს ადამიანია სისხლითა და ხორცით? განა ის ისე დაიტანჯება, როგორც ჩვენ? ვინ იცის, რატომ მოიფიქრა ეს წყეული გაფიცვა. იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ წაგვართვას ის, რაც თვითონ არ აქვს?

გეზი. რა?

ქალი. დიახ, დიახ, ქერა ბიჭუნავ. ვინ იცის, იქნებ კაციც არა ხარ.

ხმა. დაე დაამტკიცოს, რომ კაცია! დაე დაამტკიცოს!

გეზი. სიჩუმე! მოხუცო! რა ფასი აქვს შენს სამგროშიან სურვილებს იმ ნაღველთან, მე რომ შიგნიდან მხრავს? ო, საშინელია საღამო, როცა ჰაერი ქალაქის თავზე, ქალის სუნითაა გაჟღენთილი! ო, ღამეებო!

ხმები. ღამეებო! ო! ა! ო!

გეზი. არ არსებობს უარესი დარდი. დარდი განადგურების წინაშე. სიძულვილი!

ხმა. რატომ ვიტანჯოთ? დაე, რკინამ გაამყაროს ჩვენი ნება. ერთი ფუნტი ხორცი და ქოთანი სისხლი. ფუნტი ხორცი – სიმშვიდის საფასურია. საიმედო და ნაღდი საშუალებაა. საყოველთაო ოპერაცია! რა?

ხმები. რა? როგორ ბედავს? ვინ ამბობს ამას?

ხმა. არა, არა, უფრო მარტივად. რატომ ველოდოთ? არა ათ წელიწადში, არამედ ახლა. აი პატარა მანქანა. (აჩვენებს  ბომბს.) საკმარისია, რომ აქაურობა ეშმაკის დუქნად იქცეს. გეზ, ისროლეთ!

ხმები. პროვოკაცია! მოგზავნილი ჯაშუშები. ჩამოახრჩეთ! გეზ, რას გაჩუმებულხართ? ილაპარაკეთ, გეზ!

გეზი (ჩუმად). განადგურება!

ქალი. სიგიჟე. ეი, შენ დიდთვალებავ. ერთი დედაშენი მანახა, – ნეტა შენსავით თუ მეტყველებდა მაშინ, როცა ჩაგსახავდა!

გეზი. არ გინდათ დედაჩემზე.

ქალი. აი, შენ ისე უარყავი დედა, როგორც ადრე უარყავი შენი მიწა. როგორ ბედავ იწვე, იჯდე, იარო მიწაზე, – შენ, ასეთებს რომ ლაპარაკობ?

გეზი. ო, ეს მიწა, რით მოგხიბლათ, მიწამ, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით!

გოგო. ფეხები ხარობენ მიწაზე სიარულით, ხელებს უხარიათ ჰაერს რომ ეხებიან, თვალებიც ხარობენ მიწისკენ ყურებით.

მუშა. ამხანაგო გეზ, ის, რასაც თქვენ სიძულვილზე ამბობთ, ყველაზე წმინდა ჭეშმარიტებაა. მაგრამ აი, რაზე გვიპასუხეთ. როცა ჩვენ წავალთ მიწიდან, რა ბედი ელით მანქანებს, ჩვენ რომ ავაგეთ, კაშხლებს, ჩვენ რომ ჩავაბეტონეთ, არხებს, ჩვენ რომ გავჭერით, ვინ შეინახავს მათ?

გეზი. არავინ! ისინი დაინგრევიან!

მუშა. დაინგრევიან? ჩვენი ხელებით შექმნილნი?

გეზი. სულელებო! ეს ხომ თქვენი შურისძიებაა! ათასწლიანი მონობისთვის. საშინელი შურისძიება! ღმერთებიც კი ვერ მოიფიქრებდნენ უარესს. ო, რით მოგხიბლათ მან, ამ მიწამ, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით!

მუშა. დაე გახდეს ჩვენი. როცა მაღაროში მუშაობ, მადანი მღერის – წამიყვანე, გამდნარი რკინა გრგვინავს, წამიყვანე. ნავთობი ნაპრალებიდან გადმოჩქეფს და სტვენს – წამიყვანე. უკვე დიდი ხანია ყველაფერმა დაკარგა სიმტკიცე და ადგილი. ყველაფერი იცვლება ყოველ წამს, – ქვა, ნახშირი და მეტალი. დედამიწა მხოლოდ ნიშანს ელის, რომ გათავისუფლდეს.

გეზი. კარგი, ესე იგი ისევ ბრძოლაა! ისევ იმედები! კუს ნაბიჯებით უცნობი მიზნისკენ! ისევ კარუსელი! ტრიალებს! ტრიალებს! ასე? თქვენ ხომ თქვენს მიწას ვერც კი იხილავთ. თქვენ მანამ მოკვდებით. შენ, შენც, შენც. შენ გაგსრეს რკინის მცოცავი კოშკი. შენ მოწამლული ღრუბელი დაგახრჩობს. შენ შენივე მეგობრის ბრმა ტყვია შეგიწირავს. თქვენ ყველა მოკვდებით საძაგლად, როგორც თაგვები, კატისგან გაქცევას რომ ლამობენ. მოკვდებით ამაოებაში! თქვენ ვერ იხილავთ თქვენს მიწას.

ქალი. ჩვენ ვხედავთ.

გეზი. რა?

ქალი. ვხედავთ.

გეზი. არ მჯერა.

მუშა. იქნებ თქვენში ნაკლები რწმენაა, ამხანაგო გეზ?

ქალი. ჩვენი მიწა.

(საყოველთაო მოძრაობა.)

გეზი. არ გაგიშვებთ! მხოლოდ ჩემი მსხვერპლით! გაფიცვა გრძელდება?

არეული ხმები. გრძელდება.

ხმა. იქნებ თქვენში ნაკლები რწმენაა, ამხანაგო გეზ?

(სცენა ბნელდება.)

 

სურათი მეოთხე

(მაკფერსონის ბიბლიოთეკაში.)

პოლიციის უფროსი. მიზანმიმართულად და გარდაუვლად! აი დევიზი.

ოთხმოცი წუთი და შესრულდა ბრძანება – გამოხატული თუნდაც ოცნების სახით. ბრიკს, შემოიყვანეთ!

მაკფერსონი. რა არის ეს? აქ რატომ ხართ?

(შემოდიან მოცეკვავეები.)

პოლიციის უფროსი. პირველი. ყურადღება მიაქციეთ თმის ფერს. მეორე: – ცისფერთვალება! მესამე! ყველა დაბანილი, სუნამოდაპკურებული, პომადაწასმულია. ო, ჩვენ ისეთ ქორწილს გავმართავთ, ფანრები მოიხიბლებიან და ვაგზალი ელექტროსადგურისაკენ გაცოცდება.

მაკფერსონი. ბალაგანი! გაიყვანეთ! არა, მოიცადეთ. შენ რა გქვია, ჩემო პატარა?

1-ლი მოცეკვავე. ელი!

მაკფერსონი. და შენ?

მე-2 მოცეკვავე. ელი!

მე-3 მოცეკვავე. ელი!

მაკფერსონი. კაზინოში მობრძანდით. დღეს ხომ დღესასწაულია?

პოლიციის უფროსი. ნამდვილად.

მაკფერსონი. მშვენიერია. ჩვენ ვიცეკვებთ.

(სცენა ბნელდება)

 

სცენა მეხუთე

(ქუჩა. ღამე.)

გეზი. რას ხედავენ ისინი, ეს ქალები, ფართოდ გახელილი თვალებით? ისინი რატომ და მე ვერა?

მუშა. იქნებ თქვენში ნაკლები რწმენაა, ამხანაგო გეზ?

გეზი. არ ვიცი. სიძულვილი თვალსაწიერს ავიწროებს. ვერაფერს ვხედავ, გარდა კვამლისა, რომელიც ილიონის ხანძარში გახვეული სასახლეების თავზე დაისადგურებს. არაფერი მესმის, გარდა უფსკრულისაკენ მიმავალი სამყაროს ხმისა. ვერაფერს ვგრძნობ, გარდა მათი გახრწნილი გვამების სუნისა. მე მძულს ისინი!

მუშა. ჩვენც გვძულს!

გეზი. და რისი იმედი გაქვთ?

(შემოდიან ბანდიტები.)

მუშა. შეხედეთ, გეზ, ბანდიტები. მათ მსხვერპლისგან სურთ გათავისუფლება, არამზადები! მე თქვენ გიჩვენებთ! ასე, ასე, აი შენც! გაუშვით! გეზ, ეს საცოდავი შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალია. მასთან დარჩით. მე მკვლელებს დავეწევი და ახლავე დავბრუნდები.

გეზი. თუ დაეწევით, ადგილზე მოკალით. საქმეს პოლიციამდე ნუ მიიყვანთ. საცოდავი. ის, მართლაც, ჯერ კიდევ სუნთქავს. შებორკილია. აბრეშუმის კვანძები. ეს რა არის? ოქროს საბურველი. მათ ის ძვირფასეულობით გაგუდეს. სხეული ჯერ კიდებ თბილია. ა… ქალი…

ელენა (წამოიმართა). აი თურმე როგორი ხართ!

ფარდა

 

მოქმედება IV

 

სურათი პირველი

(ფლორანსას საძინებელი.)

პრეზიდენტი (შემორბის.) ა-ა-ა. მოძრაობს. კედლები, საწოლი. ჭერი. ა-ა-ა.

ფლორანსა (მას შემოყვება). რა გჭირს ჩემო მოხუცო, ჩემო პრიამჩიკ? შეგეშინდა. ცუდი სიზმარია. დაბრუნდი საწოლში.

პრეზიდენტი. საწოლი, გადასაფარებელი. ზეწრები – სუდარა.

ფლორანსა. აი ზელტერის წყალი.

პრეზიდენტი. წყალი, წყალდიდობა, წარღვნა, ყურებში, პირში, ვიგუდები, ვიგუდები! ფლორანსა! კიდობანი! სწრაფად კიდობანში! ჯილდაც წამოიყვანე. წმინდათა და უწმინდურთა თითო წყვილი. ვიძირებით, ვიძირებით, ა-ა-ა!

ფლორანსა. დაბრუნდი, სათბურას დაგიდებ საწოლში. ნებას მოგცემ შენს საყვარელ ორმუკაზე მაკოცო. აი. ღმერთო ჩემო, კვდება. თანაც ჩემს საძინებელში. ამანაც ადგილი შეარჩია! (რეკავს). პროფესორო გრობუს, დაუყოვნებლივ მოდით! პრეზიდენტი პრიამუსი ჩემს ოთახში სულს ღაფავს. ჯილდა, ნუ უყვირი, ხომ შეიძლება!

 

სურათი მეორე

(ბაღი ქალაქგარეთ. მუსიკა. ცეკვა.)

ხმები. ამერიკული ქალაქის დღეგრძელობისთვის. ბრავო, ბრავო!

(შემოდის მაკფერსონი. ორი სენატორი. ბანდიტები.)

1-ლი ბანდიტი. ყველაფერი ისე შევასრულეთ, როგორც გვიბრძანეთ.

მაკფერსონი. უთვალთვალებდით?

1-ლი ბანდიტი. დიახ. ნახევარი ღამე ქალაქში დადიოდნენ, როგორც მთვრალები ან გონებიდან გადამცდარები.

მაკფერსონი. მადლობელი ვარ. აი კიდევ ფული. ბილეთი იყიდეთ და დღესვე გაემგზავრეთ. ავსტრალიაში, არგენტინაში, – სადაც გინდათ. გაიგეთ? (ბანდიტები მიდიან. თანამგზავრებთან.) აქ ჩამოვსხდეთ. მაგიდები თავისუფალია?

მეტრდოტელი. ბ-ნო მაკფერსონ, დიდი პატივია!

მაკფერსონი. ჩშ-შ-შ.

მეტრდოტელი. მესმის. მაგიდები. რის მორთმევას მიბრძანებთ?

მაკფერსონი. ღვინის!

მეტრდოტელი. ღვინის!

ხმები (მაგიდებთან). ამერიკული ქალაქის დღეგრძელობისთვის!

ილიონის უდრეკობისთვის!

ბრავო… ბრავო!..

მაკფერსონი. მიირთვით, ბატონებო. ილიონის დღეგრძელობისთვის! დიახ, დამავიწყდა მეთქვა, გაფიცვა…

1-ლი სენატორი. რა?

მაკფერსონი. დასრულდება! აქ, ამ პატარა დუქანში, დასრულდება უკანასკნელი აქტი ამ ღვთაებრივი კომედიისა.

1-ლი სენატორი. თქვენ შთამბეჭდავი ადამიანი ხართ, მაკფერსონ. არ გამიკვირდება თუ სენატი პრეზიდენტად თქვენ აგირჩევთ ამ ბებერი ქვიშის ტომრის – პრიამუსის ნაცვლად.

მაკფერსონი. არ შეშინდებიან, რომ მე ბოლო პრეზიდენტი ვიქნები?

1-ლი სენატორი. და პირველი დიქტატორი?

მაკფერსონი. შევსვათ!

(ბეტსი და ბრიკსი მაგიდასთან.)

ბრიკსი. აი, ხედავ, ძვირფასო, – ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. მე უფროსებს შევურიგდი. შენ მეგობარი და მფარველი შეიძინე. მაკოცე.

ბეტსი. არა, არა, ახლა არა.

ბრიკსი. ახლა რატომ არა?

ბეტსი. მოწყენილი ვარ. თავიდან არ ამომდის ის საღამო, როცა შევხვდი…

ბრიკსი. მე?

ბეტსი. ხო, შენც. მაგრამ სხვა რამეზე ვფიქრობდი.

(შემოდიან ელენა და გეზი.)

ბეტსი. გთხოვ, წავიდეთ აქედან!

ბრიკსი. სისულელეა! ჩვენ ხომ ღვინის ფული გადავიხადეთ, თანაც შენ უნდა იცეკვო.

მაკფერსონი. ისინი შემოვიდნენ! კიდევ ერთი მადერა!

გეზი. უკვე რამდენიმე საათია გაუჩერებლად დაგყვებით. აქ რატომ მოვედით?

ელენა. განა სულ ერთი არ არის, სად წავალთ?

გეზი. მართალი ხართ. მაგრამ რატომ აქ?

ელენა. ძალიან მშია. დამაპურეთ.

გეზი. არ ვიცი ეს აქ როგორ ხდება.

ელენა. თქვენ რესტორანში არასოდეს ყოფილხართ, ჩემო სოციალისტო მეგობარო? თქვენ ფული არ გაქვთ, ჩემი ბეჭდებით გადავიხადოთ. კელნერს დაუძახეთ.

გეზი. უკაცრავად, ამ ქალბატონს საჭმელი მოუტანეთ.

მეტრდოტელი. რას მიბრძანებთ?

მაკფერსონი. უცნაური ღამეა!

1-ლი სენატორი. და გუშინდელი დღის მერე ქარია. ზღვის ციკლონი.

მაკფერსონი. გიგანტთა დამხობის ღამე.

1-ლი სენატორი. რომელი?

მაკფერსონი. სულ ერთია, თქვენ იქ არ იყავით.

1-ლი სენატორი. ახალგაზრდობის მოგონებები! ო, თქვენ საშიში მომხიბვლელობა გაქვთ, მაკფერსონ!

ხმები. ილიონის დღეგრძელობისთვის! ბრავო, ბრავო!

გეზი. მგონი, აჯობებს დაგტოვოთ.

ელენა. თქვენ წასვლა გსურთ?

გეზი. დიახ.

ელენა. მეც თქვენთან ერთად წამოვალ.

გეზი. ჩვენ ერთად არაფერი გვესაქმება, ჩვენ სალაპარაკოც კი არ გვაქვს…

ელენა. ლაპარაკი საჭირო არ არის. მე მხოლოდ თქვენი ცქერით დავტკბები.

მაკფერსონი. რას აკეთებენ?

1-ლი სენატორი. ვინ?

მაკფერსონი. ისინი, ბოლოს ვინც შემოვიდნენ, ჩვენ ზურგს უკან რომ დასხდნენ…

1-ლი სენატორი. ქალი კაცისკენ დაიხარა და რაღაცას უჩურჩულებს, ის კი არ პასუხობს.

მაკფერსონი. და ის ქალი?

1-ლი სენატორი. ის იღიმის.

მაკფერსონი. ძალდატანებით. თქვენ ხომ აშკარად ხედავთ, რომ ის თვალთმაქცობს. ქალს კაცის მოტყუება უნდა, – ეს ხომ აშკარაა?

1-ლი სენატორი. არ ვიცი, როგორ გითხრათ, – ქალი ძალიან ნაზად იღიმის.

ელენა. ტუჩები გამიშრა და ღვინოს არ ძალუძს მათი გაგრილება. ხელები მჩატე დანასაც ვერ იჭერენ. არ ვიცი, რა მჭირს.

გეზი. თქვენ შეშინებული იყავით.

ელენა. დიახ! დიახ!

გეზი. შოკში! ამ არამზადებმა თქვენ დაგაძინეს.

ელენა. არ ვიცი, არ მახსოვს. მათ სურდათ, რომ მე თქვენ მომეხიბლეთ.

გეზი. ვის?

ელენა. ღმერთებს.

გეზი. რას ამბობთ?

ელენა. მე მხოლოდ თქვენი ცქერით დავტკბები. ოქროსშუბლიანები. რატომ არ მითხრეს, ვინ ხართ სინამდვილეში! როგორ უნდა მოგხიბლოთ, როცა ჩემი სისხლის ყოველი წვეთი – თქვენს სამსახურშია? თუ მე თქვენ ხელზე შეგეხებით, ნიშნავს კი ეს იმას, რომ მე თქვენ გხიბლავთ? თუ თქვენს ხელს ლოყას გავუსვამ, ნიშნავს კი ეს იმას, რომ მე თქვენ გხიბლავთ? აი, ჩემი თავი თქვენი ხელის გულზე, როგორც წითელი ქვა რკინის ჩარჩოში.

გეზი. სულ ერთია, შემეშვით, შემეშვით!

1-ლი სენატორი. ეშმაკსაც წაუღია, ის ქალი მას კოცნის! თქვენ რა მოგივიდათ?

(მაკფერსონს ღვინო უვარდება.)

მაკფერსონი. არაფერი! ხომ მართალია, ეს მადერა საღამოს სინათლეზე სისხლს წააგავს? გოგოს სისხლს, მინდა გითხრათ.

1-ლი სენატორი. Sanguis primae noctis. ო, მაცდურო, მაცდურო! (მაკფერსონი დაღვრილ ღვინოში თითს უსვამს.) ეს რა არის?

მაკფერსონი. ჩემი სახელი და სახელი იმ გოგონასი, რომელზეც ვლაპარაკობდით.

1-ლი სენატორი. რა უცნაური ასოებია. ინგლისურია?

მაკფერსონი. არა, არმიული.

1-ლი სენატორი. თქვენ საოცრად განათლებული ბრძანდებით, მაკფერსონ.

ხმები. ილიონის დღეგრძელობისთვის! ბრავო, ბრავო!

ელენა (მაკფერსონის მაგიდასთან მიდის.) მეძახდი?

მაკფერსონი. შენ დამჯერი ხარ, ელენა. მე ეს მახარებს.

ელენა. მე ის მიყვარს.

მაკფერსონი. ვიცი, შენ დამჯერი ხარ.

ელენა. მე ის მიყვარს.

მაკფერსონი. რა? ა-ა-ა. (თვალებში უყურებს.) მიღალატებ, მიღალატებ, წითურო ერინია?

მეტრდოტელი. ბატონებო, ბატონებო, ცეკვა! სადღესასწაულო წვეულება! ჩვენი დიდებული და ძლევამოსილი ქალაქის ათასი წლისთავის აღსანიშნად. ორკესტრი. ბატონებო, გთხოვთ, ვალსი. (მაკფერსონს.) ვიმედოვნებ, უარს არ იტყვით ჩვენი პატრიოტული მხიარულება თქვენი მონაწილეობით დაამშვენოთ.

მაკფერსონი (ელენას). ქალბატონო, ნება მიბოძეთ ერთ წრეზე მოგიწვიოთ.

ელენა. მე არ ვიცეკვებ.

მაკფერსონი. ელენა!

ელენა. არ ვიცეკვებ!

(მაკფერსონი ბეტსისთან მიდის.)

მაკფერსონი. თქვენ თანახმა ხართ ჩემთან იცეკვოთ?

ბრიკსი. ქალბატონი დაკავებულია. (მაკფერსონს იცნობს.) ა-ა-ა. დიდი ბოდიში! დიდი ბოდიში!

მაკფერსონი. თქვენ ელი გქვიათ?

ბეტსი. არა, ბეტსი.

მაკფერსონი. სულ ერთია, – წავიდეთ, ელი!

(ცეკვა.)

ელენა. თავისუფლება, სამუდამოდ, – გესმით, თავისუფლება!

გეზი. ასე რამ გამოგაცოცხლათ?

ელენა. ძველი ამბავია. ერთხელ… ოდესმე მოგიყვებით.

გეზი. თქვენ სახე გაგებადრათ, ვინ ხართ, ბოლოს და ბოლოს?

ელენა. ოდესმე მოგიყვებით. მე ჩემს ცხოვრებას ვისვრი, როგორც მჩატე ბურთს თქვენს ჩოგანზე. ჩემი მეხსიერების უგრძეს ძაფებს თქვენს ხელებზე დავახვევ. შეგბორკავთ ჩემი დიდი მეხსიერების ძაფებით. აი ასე. (ხელებზე ოქროს სამაჯურს უკეთებს.)

გეზი. ეს რა არის?

ელენა. გველის სამაჯური. ძალიან ძველი ნამუშევარია. თუმცა მისი ტარება სხვანაირადაც შეიძლება, აი, ახლა გვირგვინია. ასე უკეთესია. ახლა თქვენ მეფეს გავხართ, ძველი წიგნების ფოტოებიდან. შეხედეთ, რა მშვენიერია ღვინოში არეკლილი თქვენი სახე.

გეზი. საჭირო არ არის, მე არ მიყვარს ოქრო.

ელენა. მაშინ არც მე მიყვარს. მეტალია ჩვენი რკინა, რკინა ხომ?

გეზი. ჩემი ფიქრები იბინდება. თითქმის არ მესმის თქვენი სიტყვები. მე წავალ.

ელენა. არა.

გეზი. რა გინდათ ჩემგან?

ელენა. მათ მე ოქროთი მომრთეს, თქვენ კი რკინით შემმოსავთ. თქვენ მე გამხდით ოქროს ტანსაცმელს ერთმანეთის მიყოლებით. გამხდით, გამხდით ხომ?

გეზი. თქვენ შეიშალეთ.

ელენა. და დედათქვენი? ის შეშლილი არ იყო?

გეზი. დედაჩემი!

ელენა. როცა გამომშრალი ტუჩებით საკუთარ სიყვარულზე ლაპარაკობდა?

გეზი. გაჩუმდით!

ელენა. რატომ არ გესმის. მისი სურვილი – მომცრო წყაროა. ხოლო ჩემი – მორევი, ჩემი – ოკეანეა. გაიგე, ბოლოს და ბოლოს. ეს მე არ ვარ, ილიონის ქალბატონი, სიმორცხვით მიტოვებული, შენ სიყვარულს რომ ვითხოვ. ამერიკული მიწა, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ერთი დიდი თიხნარია, რომელიც ივედრება სინოტივეს, ივედრება ძლიერებას, უძლურებს მინდობილი და ვნებადაკარგული…

გეზი. მიწა. შენც მასზე ლაპარაკობ!

ელენა. ის აქროლებს თავის ქარებს, ხლეჩს მთებს, ის აზვირთებს თავის ზღვებს. მთელი თავისი სისხლით ის შენკენ მოიწევს, მთელი საკუთარი სისხლით მე შენკენ მოვიწევ.

გეზი. გულში ჩაქუჩებია – და ცეცხლი. მე საკუთარი ნების ძაფებს ვკარგავ. შემეშვი!

ელენა. არა!

გეზი. შემეშვი! (სწრაფად გადის. ელენა მიჰყვება.)

მაკფერსონი. ერინია, (სურს ელენას გაჰყვეს. შემოსული მოცეკვავეები გზას უღობავენ. მიჰყვებიან მისტიური სექტის წინასწარმეტყველი, ვაჭარი და ნიღბები.)

წინასწარმეტყველი. ელევზირინული ეკზოტიზმი.

ვაჭარი. ოლისბოს ორთოდაქტილოს!

მეტრდოტელი. გთხოვთ. სიყვარულისა და სიკვდილის ტანგო!

 

სურათი მესამე

(ქუჩა. ღამე.)

ელენა. სად ხარ, ძვირფასო? ქარმა ფანრები მოწყვიტა, და ვერაფერს ვხედავ.

გეზი. გრძნეულო, გევედრები, წადი.

ელენა. მე შენ მიყვარხარ.

გეზი. წადი.

ელენა. მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო.

გეზი. იცოდე გესვრი.

ელენა. ხმა მესმის.

გეზი. აი. (ისვრის.)

ელენა. ბზიკმა ყურთან გაიწკრიალა.

გეზი. (ისვრის). კიდევ!

ელენა. ახლოსაა. თითები გიცახცახებს. როგორ არ დნება მათ სიცხეში ეს სიკვდილის სათამაშო?

გეზი. აი, მაშინ!

ელენა. მოარტყი. სისხლი წყაროსავით მოედინება. მტკივნეულია. (ეცემა.)

გეზი. მოვკალი! შეშლილო ხელებო! მე თქვენ მიმავალი მატარებლის ქვეშ შეგყრით. კომეტის კუდს გამოგაბამთ. ქალო, საკუთარ თავს ჩემს მიწას რომ უწოდებ, ნუთუ მოკვდი?

ელენა. მტკივა. ხმა მესმის. საყვარლის ხმა მესმის ზემოდან.

გეზი. სიხარული, ვარსკვლავი, გამარჯვება! როგორ ვერ გიცანი? ჩემო მიწავ, ვარსკვლავად მოციმციმევ. (ხელებში აჰყავს.)

 

სურათი მეოთხე

(ბაღი ქალაქგარეთ. მუსიკა. ცეკვა. მაკფერსონი და ბეტსი ტანგოს ცეკვავენ.)

მაკფერსონი. ხომ არ გტკივა, ჩემო პატარა? ქალებს ხომ უყვართ ეს, თვით ყველაზე სუფთებს, ღმერთქალებს, ნიმფებს. ცხელი, მგლისებრ მკბენარი პირი. ასე, ჩემო პატარა. ა-ა-ა. უფრო ნაზად. ნაზად!

ბეტსი. ო!

მაკფერსონი. კიდევ, კიდევ!

ბეტსი. გამიშვით, მეტი აღარ შემიძლია.

მაკფერსონი. მას შეუძლია. რატომ შეუძლია? ის ხომ სუფთაა!

ბეტსი. გამიშვით!

მაკფერსონი. ფული გინდათ? აი! აი! აი!

ბეტსი. არ შემიძლია!

1-ლი სენატორი. შეეშვით, თქვენ ბევრი ღვინო დალიეთ. თქვენ მთვრალი ხართ, მაკფერსონ.

მაკფერსონი. მე მთვრალი ვარ. მსოფლიოა მთვრალი. მსოფლიოს გონება წაერთვა. თვალები გაახილეთ, ნუთუ ვერ ხედავთ რა ხდება? რას უნდა ველოდოთ ღამით, როცა ცხოველი და ღმერთქალი ერთმანეთს ეთავსება? რომელი ბანკი გაუძლებს ასეთ დაცემას? ყველას, ყველას, ყველას! ელენა ლეი დაეცა. ხომ ასეა, ჩემო პატარა?

ბეტსი (გაშმაგებული მაგიდაზე ახტება).

გამიშვით! აი! აი!

ქალთა თეთრი ხელებისთვის.

ქალთა წითური დალალებისთვის.

ისევ

მსოფლიოს კისერზე –

ხმალი!

თქვენს სახლებში, ღმერთებო!

რკინა, სისხლი და ცეცხლი!

1-ლი სენატორი. დაე, გაჩუმდეს! გაათრიეთ, პირი აუკარით.

(შემოდის მარშალი. სენატორები მოჰყვებიან.)

მარშალი. იულიუს ჰექტორ მაკფერსონ!

მაკფერსონი. დიახ.

მარშალი. რამდენიმე საათის წინ სენატის პრეზიდენტი ბენიამინ პრიამუსი შიშის მწვავე შეტევით გარდაიცვალა.

ხმა. ამერიკული ქალაქის დღეგრძელობისთვის! ვაშა!

1-ლი სენატორი. შეწყვიტეთ მუსიკა!

მარშალი (ცდილობს მუსიკას გადააჭარბოს.) ღამის სხდომაზე სენატმა პრეზიდენტად თქვენ აგირჩიათ.

ხმები. ბ-ნო პრეზიდენტო!

მარშალი. ბ-ნო პრეზიდენტო. ქალაქში არეულობაა. ხანძრები და მეწყერები. საუბრობენ საშინელ წყალდიდობაზე. ნაპირი ასეულობით კილომეტრზე ოკეანემ ჩამორეცხა. გარეუბნებში უკმაყოფილება იმატებს. სენატმა დაამტკიცა თავდაცვის გენერალური შტაბი, რომელშიც სახელმწიფოს გამოჩენილი მარშლები ირიცხებიან. მოქმედება საჭიროა დაუყოვნებლივ. ჩვენ გელოდებით, ბ-ნო პრეზიდენტო.

მაკფერსონი. დიახ, დიახ. მე მოვალ. მოვალ.

 

მოქმედება V

 

სურათი პირველი

(გენერალური შტაბის სხდომა.)

მარშალი. ქვემეხები სენატის, ბანკის, ბირჟის, ელექტრო სადგურის და ვაგზლების სახურავებზეა განლაგებული!

ადიუტანტი. ქვემეხები!

მარშალი. ბატონი პრეზიდენტი ისევ არ მოსულა?

(სიჩუმე.)

მარშალი. მეტალის მოძრავი კოშკები ბულვარებშია!

ადიუტანტი. მეტალის კოშკები!

მარშალი. კანალიზაცია და წყალგაყვანილობა ასაფეთქებლად მოამზადეთ!

ადიუტანტი. კანალიზაცია და წყალგაყვანილობა!

მარშალი. ცეცხლსატყორცნები!

ადიუტანტი. ცეცხლსატყორცნები!

მარშალი. გამანადგურებლები!

ადიუტანტი. გამანადგურებლები!

მარშალი. უკანასკნელი საშუალება – მოწამლული აირი!

ადიუტანტი. აირი!

მარშალი. სიგნალი – სირენა! პაროლი – ცეცხლი!

ადიუტანტი. ცეცხლი!

მარშალი. ბატონი პრეზიდენტი ისევ არ მოსულა?

 

სურათი მეორე

(ქუჩა.)

მაკფერსონი. ეს ღამე არასოდეს დასრულდება. მზემ დედამიწის უკან ყოფნა არჩია. რკინა, სისხლი და ცეცხლი. ცეცხლი წყვეტს. მაგრამ ჯერ ელენა უნდა ვნახო! იქნებ, ყველაფერი ტყუილია. ქალების მკითხაობა ძველი წიგნებით – ელი დაბრუნდება. რატომ უნდა ჩამოიქცეს დრო, ასე მწყობრად რომ მიედინება? ვინ არის აქ?

ბრიკსი. თქვენ ვინ ხართ?

მაკფერსონი. მე გეკითხებით – თქვენ მიპასუხეთ.

ბრიკსი. მოიცადეთ. მოიცადეთ. სიჩუმისა და წესრიგის მეგობარი და წითლების დაუძინებელი მტერი.

მაკფერსონი. ხელებში რა გაქვს?

ბრიკსი. შესანიშნავი მონაპოვარი. ყელსაბამი და სამაჯური, ოქროსი, იცით სად ვიპოვე?.. ო… იმ სახლის წინ, სადაც ეს ბებერი ყორანი გეზი ცხოვრობს. ქალის მოსართავი საკუთრებანი ყველა ბერის მამის სახლში. ეს არაერთი ათასი დოლარი ღირს. ილიონ, შენ გადაურჩი განადგურებას და აი, შენი გადამრჩენელი! – მისტერ სამუელ ბრიკსი! – სენატისაკენ მივრბივარ!

მაკფერსონი. ელენას დიადემა! ახლავე მომეცი!

ბრიკსი. რა-ა-ა?

მაკფერსონი. მომეცი!

ბრიკსი. არა, მე ვიპოვე და მე უნდა ვაჩვენო!

მაკფერსონი. წინააღმდეგობას ნუ გამიწევ!

ბრიკსი. დოლარები, დიდება, მანქანები! არ მოგცემ!..

მაკფერსონი. არამზადა!

ბრიკსი. მკლავენ… მკლავენ… ა… ა… ა!..

მაკფერსონი. ლეში! ოქროს სათამაშოები! ელენა! ელენა!

 

სურათი მეხუთე

მაკფერსონი. საშინელი ბუდე. აქერონტის 34. რა გასაკვირია, რომ ღამე ასე შავია, როცა მზე აქ ათევს მას. (აკაკუნებს.) ელენა, ელენა, გამოდი!

ელენა. ეს შენ ხარ? ნუ აკაკუნებ ასე ძლიერად. მან ეს წუთია დაიძინა. მე მომიწია ჩემი თმები მისი თითებისგან გამეთავისუფლებინა.

მაკფერსონი. აქ დადექი. სინათლეში. სახეს ნუ მალავ. რა გაჩუქო შენი ქორწილის ღამეს, ელი ლეი? რა გაჩუქო?

ელენა (დუმს).

მაკფერსონი. შენ მთელი ძვირფასეულობა დაკარგე. შენ ღარიბი ხარ, ელი.

ელენა. დამცინი! განა შენ არ მიბრძანე?

მაკფერსონი. დიახ… ასეა. შენ დამჯერი ხარ. დაბრუნდი, ელენა. შენი გმირობა ჩადენილია. ხვალ მთელი მსოფლიო გაიგებს გეზის დაცემის შესახებ. მონათა ახალი მარცხის შესახებ. რადიოში შენს გამარჯვებაზე ილაპარაკებენ. შენ ილიონში ოქროთი დამძიმებულს შეგხვდებიან.

ელენა. შენ თვითონ არ გჯერა შენი სიტყვების. სად უნდა წავიდე ჩემი სიყვარულის სახლიდან?

მაკფერსონი. მონის საწოლიდან.

ელენა. სიყვარულის. ვერავინ შეძლებდა უფრო ნაზად ვყვარებოდი!

მაკფერსონი. ის დანებდა.

ელენა. ის, და მე?

მაკფერსონი. შენ რა?

ელენა. შენ სულ წაგერთვა მსჯელობის უნარი, ჰექტორ! კაცურად მოიქეცი, თქვი, მორჩა!

მაკფერსონი. გამოცანები. ჩემთან წამოდი!

ელენა. არა!

მაკფერსონი. ძალით წაგიყვან.

ელენა. გეორგ! გეორგ!

მაკფერსონი. გაჩუმდი!

(გამოდის გეზი.)

გეზი. ა! გაუშვი!..

მაკფერსონი. ჩემს დას?

გეზი. ვინ ხარ?

მაკფერსონი. ვერ მცნობ?

გეზი. მაკფერსონ! კიდევ ერთხელ!

მაკფერსონი. უკანასკნელად! (იღებს რევოლვერს.)

გეზი. დააგდე რევოლვერი! ღირსეულად შევებათ. როგორც ქალისთვის ბრძოლის წესია. ელენა, გაანათე!

(იბრძვიან.)

გეზი. გინდა იცოდე, როგორ მკოცნიდა? როგორ მეხვეოდა ვერცხლის ხელებით? როგორ ცახცახებდა ჩემს ხელებში?

მაკფერსონი. შენ უჩვეულო სიხარულით დაუძლურდი! შენ ქანაობ, როგორც ბავშვი დაძინებამდე! შენ ეცემი!

ელენა. გეორგი მკვდარია! მკვდარია!

მაკფერსონი. ძუ მგელი აყმუვლდა!

(გამოდიან მუშები.)

ხმები. აქ რა ხდება? ეს ვინ არის? გეზი მკვდარია? ვინ მოკლა? როგორ? როდის? თქვენ ვინ ხართ, ქალბატონო?

მაკფერსონი. გეზის საყვარელი!

ხმები. რა?

მაკფერსონი. თქვენი ბელადის, გეზის საყვარელი…

ელენა. …რომელიც მკვდარი წევს.

მაკფერსონი. დიახ, საყვარელი! ასე გატყუებდათ ის თქვენ, ამერიკული ქალაქის მუშებო! თქვენ ცოლებსა და ქმრებს გართმევდათ, თვითონ კი ღამეს ქალთან ატარებდა! მან თქვენ გაგცვალათ ქალთან სიამოვნებაზე და ის მართლაც მშვენიერია! (თავსაბურავს ხდის ელენას.)

ხმები. ლიზი! მერი! ირენ! ნელ!

მაკფერსონი. გეზი თქვენ გატყუებდათ, მუშებო!

ელენა. დიახ, მე ვარ მერი! დიახ, მე შენი ირენი ვარ, და შენიც, შენიც!

ხმები. მეგობარო!

ელენა. ო, როგორ შეგეძლოთ მშვიდად გეძინათ თქვენს ვიწრო საწოლებში, როცა ის მკოცნიდა? თქვენი გულები დარდისაგან როგორ არ დაიფუფქა?

ხმები. მერი! ირენ! ნელ!

მაკფერსონი. ხედავთ, რომ მოტყუებულები ხართ! დაბრუნდით სახლებში! ხელისუფლება თქვენ გაპატიებთ!

ელენა. აი, მე შენ ხელით გეხები, ნუთუ შენ ტყვია გავნებს? აი, ჩემი ნაწნავი შემოგახვიე, ნუთუ შენ ცეცხლი დაგწვავს? აი, მე შენ გაკოცე, ნუთუ შენ შეგიძლია არ გაიმარჯვო?

მაკფერსონი. ხელისუფლება თქვენს სამართლიან მოთხოვნებს შეასრულებს. შემოიღებს სამუშაო კონტროლს და სადღესასწაულო დასვენებას გაახანგრძლივებს.

ხმა. როგორი სუნი აქვს შენს თმას, ლენა!

მაკფერსონი. დაუბრუნდით ძველ. ძვირფას ცხოვრებას, ხალხო… ხალხო…

ელენა. ხალხო… რატომ აყოვნებთ? – თქვენი მიწისთვის!

მაკფერსონი. აგიტაციას ნუ აყვებით.

ელენა. შენ, დიახ და შენც. თქვენ მხოლოდ ნაკადულები ხართ, რომლებიც გვერდიგვერდ მიედინება! ბორცვთან, რომელიც შენ აღგამაღლებს, სხვა აღიმართება და კიდევ სხვა. გული გასკდომაზეა! გულს სიუხვე ატრიალებს! ყველაფერი ყველაფერში! თქვენი მიწისთვის!

მაკფერსონი. მოკვდებით!

ელენა. ნუ ცრუობ!

მაკფერსონი. მოკვდებით და ცივ ლეშად იდებით მიწაზე, როგორც ეს!

ელენა. სიკვდილი არ არის! ღამეში თესლი ჩავარდა. მოისმინე. შენ ცახცახებდი მის წინაშე, ვინც მოვა, რათა გაგანადგუროს! აი, თუ გსურს, შეგიძლია მას შეეხო.

მაკფერსონი. ერინია!

ელენა. გეზისთვის! თქვენი მიწისთვის! იცით ვინ არის თქვენ წინაშე? აი ისიც, მკვლელი!

(ნიღაბს ხსნის მაკფერსონს.)

ხმები. ნავთობის მეფე!

მაკფერსონი. ის თქვენც გიღალატებთ! მარადიული მაცდური! მიყავხარ, რათა თეთრ ხელებში მოგაქციოს და უკან წაგათრიოს! თქვენც გიღალატებთ!

ხმები. ნავთობის მეფე! ბოროტი ბოროტთა შორის! ყაჩაღთა ბელადი! ჩამოახრჩეთ! სიკვდილი!

მაკფერსონი. განადგურება! არ შემიძლია! არ შემიძლია! (გარბის.)

ხმები. ჩამოახრჩეთ!

(დევნა.)

მაკფერსონი. საკმარისია! აი აქ მე ვდგავარ. (მუშები მიცვივდებიან.) ეს გეზის ხელებია, – მე ეს წუთია ისინი ჩემს კისერს მოვაშორე! ეს თავი მე კასტეტით გავტეხე!.. კიდევ ერთხელ! კიდევ ერთხელ!

ხმები. სიკვდილი ნავთობის მეფეს!

მარშალი (ბრბოს თავზე ჩნდება.) შეჩერდით! ქუჩა სამასი ქვემეხის სამიზნეშია. ერთი მოძრაობაც და სისხლის ტბას დავაყენებ! დაგვნებდით!

მაკფერსონი. ა-ა-ა! ციური ცეცხლი! გოგირდის წვიმა! ჩაძაღლდით, ღმერთების წინააღმდეგ აჯანყებულნო!

მარშალი. ერთი.

მუშები (კლავენ მაკფერსონს).

მარშალი. ორი.

მუშები. ილიონის წინააღმდეგ! აჯანყება! აჯანყება!

მარშალი. ცეცხლი!

 

სურათი მეოთხე

ხმები. ელეა ბა, ძან. გარა რარ. ელ. ელ. გირი რი. ცირირ. ურ-რრ.

ელენა. ქალაქები ეცემა! ოკეანეები მოედინება! მთები ემხობა! დანგრეული ილიონის წიაღში, აჯანყების, ქარის, ცეცხლის შემდეგ, ისმინეთ, ისმინეთ, ისმინეთ თრთოლა ახალი ქმნილებისა ჩემში!

 

1923