მთარგმნელი ლაშა ყელბერაშვილი
(ნაწყვეტი)
წიგნს ვუძღვნი აპოლონიოს ტიანელის მანებს, ქრისტეს თანამედროვეებსა და ყველა ჭეშმარიტ ილუმინატს ამ წარმავალ სამყაროში.
და იმისათვის რომ ხაზი გავუსვა მის ღრმა ირეალურობას, სულიერებას, ამაოებას, წიგნს ვუძღვნი ანარქიასა და ომს, ამ სამყაროსთვის.
ბოლოს და ბოლოს, მე წიგნს ვუძღვნი წინაპრებს, გმირებს, კლასიკური გაგებით
და დიად გარდაცვლილთა სულებს.
***
და სწორედ ამ რიტუალებში იშვა მისი სახელი:
EL-GABAL
და მისი სახელის ურიცხვი ვარიაცია, რომლებიც შეესაბამება გასრულებულ წარმოთქმებს, ამოხეთქილ ნაკადებს, ფრთოვან ფორმებს, შავ, თეთრ, ყვითელ და წითელ თავისუბრებებს, რომლებიც ზეციური ღვთაების ხატს მოსავენ.
ეს მახასიათებლები კი თავისთავად შეესაბამება ფერებსა და ვარსვლავთა სახეობებს, რომლებიც ვერძის ზოდიაქოს ქვეშ არიან დაჯგუფებულნი.
და ოთხი ძირითადი ადამიანური რასა, ვით ორგანული ექოები, აირეკლავენ ვერძის ზოდიაქოს ღვთითაღბეჭდილ დაყოფას.
ყველა ეს განსახვავებული მდგომარეობა, ფარული ფორმის მოდულაციები, ყოველი სახელი მეხივით გამოსჩქეფს შეკუმშულ სახელში
HELIOGABALUS
ELAGABALUS
EL-GABAL
ოცდაათმა ერმა თელა და ისიზმრა ამ სახელის სიდიადე, რომლის წარმოთქმაც, კომპასივით ყველა მიმართულებით აღვიძებს ოცდაათი ძალმოსილების ხატებს.
განისი, მისი აღმზრდელი, რომელიც ძვირფასი ქვებისა და მინანქრების ჩრდილში მოძრაობს, ასწავლიდა მას რიტუალების მნიშვნელობას და სახელების ფეთქებად ძალას.
რადგან სახელები, ზევიდან ქვევით კი არ გამოითქმებიან, არამედ ფილტვებში იწყებიან და თავისკენ მიემართებიან. და სახელი, რომელიც თავში ითქმება, სინამდვილეში ფილტვებშია ჩასახული.
და ასე იძერწება
GABAL
პლასტიური და ფორმისმქმნელი სიტყვის არსი. სიტყვა რომელიც გასცემს და შეიძენს კიდეც ფორმას.
და
EL-GABAL -ში
არის
GABAL
რომელიც სახელს ფორმას სძენს.
მაგრამ
GABAL -ში
არის
GIBIL (ძველ აქადიანურ დიალექტზე)
Gibil-ი, ცეცხლი რომელიც ანგრევს და
ამახინჯებს, მაგრამ ამავდროულად წითელი
ფენიქსის ხელახლა დაბადებას ამზადებს, რომელიც
ცეცხლიდან იბადება და რომელიც ქალის ნიშანია,
ქალის როგორც წითელი მენსტრუასი.
და
EL-GABALUS -ში
არის
EL
რომელიც ღმერთია, იქნება ის დაწერილია H-თან
ერთად თუ არა. მაგამ გაბალთან ერთად ის ფორმირდება
HELAH-GABAL – ად
ELAM -ის მიწა, ბაქტრიასთან ახლოს, ღმერთის მიწაა.
მაგრამ
GABAL -ში
ასევე არის
BAAL
ან
BEL
ან
BEL-GI
ქალდეური ღმერთი. ცეცხლის ღმერთის
გამოთქმით, დაწერითა თუ უკუწაკითხვით
ის უტოლდება
GIBIL -ს
(Kibil) ცეცხლი ძველ არამეულად
და შემდეგ,
GABAL
რომელიც ნიშნავს მთას არამეულ-ქალდეურ დიალექტზე.
მაგრამ უპირველესად მასში არის
BEL
უმაღლესი ღმერთი, რედუქციული ღმერთი, რომლის
გავლითაც ყველაფერი უბრუნდება პირველსაწყისს,
განმწმენდელ, ერთარს ღმერთს.
ჰელიოგაბალი საკუთარ თავში ყველა ამ სახელის ძალას იკრებს, სადაც არ ჩნდება ერთადერთი რამ, რაც თავში პირველად მოგვდის – მზე.
ეს ბერძნებმა შეიტანეს პირველად ჰელიოსი (Helios[1]) ჰელიოგაბალის სახელში და
EL -თან აღრიეს,
უმაღლეს ღვთაებასთან, მთათა მწვერვალის ღმერთთან. ვინაიდან თუკი მზე ჩნდება მის სახელში, ის უმაღლეს ადგილს უნდა ნიშნავდეს, ერთგვარ კონუსს, წვეტიან ობიექტს, რადან ყოველი მთა შესაძლებელია გამოიხატოს როგორც კონუსი ან სამკუთხედი და რადგან მზე, თავისი ნათებით, არსებული სამყაროს წვერს წარმოადგენს.
ზედა და ქვედა სამყარო ერთიანდება ექვს ქიმიან ვარსკვლავში, სოლომონის მაგიურ ბეჭედში და ორივე წვეროში სრულდება, ხილულიცა და უხილავიც, შექმნილიც და უქმნელიც.
ეს ღმერთი, შემოქმედიცა და დამანგრეველიც, საკუთარ თავში ყველა სხვა სახელს და ფორმას იტევს, რაც კი ოდესმე მიუღიათ.
დაწყებული
SATURN ISWARA -დან
მზე, მისი ცეცხლოვანი,
მამაკაცური პრინციპი.
დამთავრებული
RHEA, PRACRITI -მდე
მთვარე, სისველე და
ქალური პრინციპი,
რომელიც რჩება ორ დაპირისპირებულ პოლუსს: მასკულინურსა და ფემინურს შორის მანიფესტურებული.
თუკი სატურნი მზეა, როგორც აპოლონია მზე, ეს არ გვაკვირვებს, რადგან ვიცით რომ ღმერთი, რომელიც ეშვება ცვლის საკუთარ ფორმებსა და ძალებს, ისევე როგორც თავის მოქმედების ფორმას.
და ჩვენ ვიცით რომ
RA
მზე
ეგვიპტელებისთვის მიმინოა, მაგრამ ასევე ხარი ან ადამიანი, ვინაიდან ხარი წინ უსწრებს ადამიაინს – დროის ჩვეულების თანახმად.
მაგრამ ეს
RA
იქცევა
BEL-SHAMASH -ად
ქალდეაში.
და სწორედ ისაა, ვინც ქალდეველების წეს-ჩვეულებებს განსაზღვრავს.
და
APOLLO
მზის აქტიური ძალა, სახელის დაუკარგავად
იძენს ჩრდილოვან ორეულს, ერთგვარ ეპითეტს,
რომელიც მუდამ მასზე მიჯაჭვული რჩება.
ამიტომ მას ასევე ეძახდნენ
LOXIAS APOLLO
LIBYSTINOS APOLLO
DELOS APOLLO
PHOEBUS APOLLO
PHANES[2] APOLLO, და ეს Phanes Apollo
აპოლონს ყოფს, ის თითქოს
ტყუპ-თესლად აორმაგებს მის სახელს.
LYCIAS APOLLO
LYCOPHAS APOLLO, და Lycophas Apollo
აპოლონის მგლის სახებაა,
რომელიც ყველაფერს შთანთქავს,
წყვდიადსაც კი.
და აპოლონს, რომელიც ქმინილია მატერიისგან და მატერიის ორბიტაზე რჩება ეძახიან:
ARGYROTONUS APOLLO -ს
და ზოგჯერ აპოლონს ეძახიან
SMYNTHEUS APOLLO -ს, ეს კი მიანიშნებს
სიჭარბეზე, უკიდურესობაზე,
სიკვდილის წერტილზე, გასიებულ
აბსცესზე.
და ბოლოს და ბოლო, გვაქვს
PYTHIAS APOLLO რომელიც, როგორც მამაკაცმა,
არაფერი უწყის ქალ Pythia-ზე და
კავშირი არ აქვს ორაკულებთან.
ეს ჩახშული აპოლონია, რომელიც
გველ პითონზე ბატონობს.
ქაოსის შავი იუმორი დედამიწის ირგვლივ ბურუსს აფრქვევს, რომელიც დრაკონის ფიგურად ფორმირდება.
და აპოლონი, ცეცხლოვანი პრინციპი, ერთი ნახტომით ეკვრის და აღწევს სფერომდე, საიდანაც გველი-პითონის რგოლემადე ელავენ მისი სხივები.
ჰელიოგაბალი სწორედ ამ მაღალ ცნებებიდან იღებს მეფისათვის დამახასიათებელ სიამაყესა და თვითცნობიერებას, თუმცა ამავე წყაროებიდან იბოჭება მისი ბავშვის სხეული გაუგებრობითა და შფოთვით, რომელიც არასდროს შეწყდება.
ჰელიოგაბალი სცენაზე სწორედ დიადი მზის რელიგიის ანარქიულ პეროდში გამოჩნდა და ისტორიულადაც, ანარქიის ერთ დროს დაემთხვა მისი გამოჩენა.
ამას ხელი არ შეუშლია რიტუალთან და მისი ღმერთთან იდენტიფიკაციისათვის, როდესაც მთელი ძალით დაიწყო რომაულ პოლითეისტურ ანარქიაზე შეტევა, როგორც გამაერთიანებელი კულტის, ერთი ღმერთის, მზის ჭეშმარიტმა ქურუმმა.
თუმცა, თუკი იულია მოეზასთვის ელაგაბალუსი უბრალო პენისია, მოხატული ქანდაკება, რომელიც ჯარისკაცებს თვალს ჭრის, ჰელიოგაბალისთვის, ელაგაბალუსი ერექციული პენისი ხდება, ერთდროულად ადამიანურიცა და ღვთაებრივიც. ერექციული და ძლევამოსილი პენისი. პენისი, რომელიც გასცემს თავს, ხოლო ამ გაცემისას იძენს ჭეშმარიტ გამოყენებას.
ერექციული პენისი მზეა, დედამიწის თავზე აღმართული რეპროდუქციული კონუსი, ვით ელაგაბალუსია დედამიწური მზე, ზეციური რეპროდუქციის კონუსი.
ამრიგად, ის თავად უნდა იქცეს მზედ, ელაგაბალუსად გარდაისახოს და მისი არსებობის ფორმა გარდაქმნას.
რაც ჰელიოგაბალის ღმერთთან გაიგივებას შეეხება, არქეოლოგები გვამცნობენ, რომ ზოგჯერ ის თავს თავის ღმერთად წარმოისახავს, ზოგჯერ კი მის უკან იმალება და მისგან განუსხვავებელია.
მაგრამ ადამიანი ღმერთი არაა და თუკი ქრისტე ადამიანად ქცეული ღმერთია, რომელიც არა ღმერთად, არამედ ადამიანად აღესრულა, მაშ რატომ არ უნდა სჯეროდეს ელაგაბალუსს რომ ისიც ღმერთია, რომელიც ადამიანად განსხეულდა და რა შეუშლის ხელს იმპერატორ ჰელიოგაბალს, რომ ღმერთი ადამიანთა წინ დააყენოს და ადამიანები ღმერთის ფეხებთან გასრისოს?
ჰელიოგაბალს მთელი ცხოვრება ეს პოლარობა და ორმაგი კონფლიქტი სტანჯავდა.
ერთის მხრივ
ღმერთი
მეორეს მხრივ კი
ადამიანი.
და ადამიანში, ადამიანი მეფე და მეფე მზე.
და ადამიან მეფეში, ადამიანი გვირგვინოსანი და უგვირგვინო.
თუკი ჰელიოგაბალმა რომს მოუტანა ანარქია, თუკი ის ლატენტური ანარქიის ერთვარ დუღილს წარმოადენდა, პირველადი ანარქია თავად მასშივე იყო და მის ორგანიზმს ანადგურებდა, მან მოიცვა და ჩაძირა მისი გონება ნაადრევ დემენციაში, რომელსაც თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიაში განსაზღვრული სახელი აქვს.
ჰელიოგაბალი იყო კაციც და ქალიც.
ხოლო მზის რელიგია, მამაკაცთა რელიგიაა, რომელთაც ქალების, რომელშიც აირეკლებიან, მათი ორეულების გარეშე არაფრის გაკეთება შეუძლიათ.
ე რ თ ი ს რელიგია, რომელიც თავს ო რ ა დ ჩეხს რათა მოქმედებაში მოვიდეს.
რათა ი ყ ო ს.
ე რ თ ი ს პირველადი განცალკევების რელიგია.
ე რ თ ი და ო რ ი გაერთიანებულნი არიან პირველ ჰერმაფროდიტში.
რომელიც არის კაცი
და ქალი.
ერთდროულად ორივე,
შერწყმულნი ე რ თ შ ი.
ჰელიოგაბალში ორმაგი ბრძოლაა გაჩაღებულო:
პირველი: ე რ თ ი ს ა, რომელიც გაყოფადია თუმცა რჩება ე რ თ ა დ. კაცი, რომელიც ხდება ქალი და მაინც მუდმივად კაცად რჩება.
მეორე: მზის მეფისა, რომლის მამაკაცური ბუნებაც ვერ ეგუება იყოს ადამიანი მეფე. ის აფურთხებს მთელ კაცობრიობას და კანალიზაციაში აგზავნის.
რადგან ადამიანი ვერ იქნება ნამვილი მეფე და ამიტომაც მისთვის, როგორც ერთადერთი მეფისთვის, ინკარნირებული ღმერთისათვის, ამ სამყაროში ცხოვრება დაცემა და უცნაური არსებობაა.
ჰელიოგაბალი შთანთქავს თავის ღმერთს, ის ჭამს მას, როგორც ქრისტიანები ჭამენ თავისას და ამით აცალკევებს პრინციპებს საკუთარ ორგანიზმში და სწორედ ამით აჩვენებს ამ დაპირისპირებულ პრინციპებს საკუთარი ხორცის ორმაგ ფოსოში.
[1] ბერძენთა მზის ღმერთი
[2] სინათლის მომტანი
