პაველ არსენევი – სოლიდარობის პოემა

თარგმნა საბა თოდუამ

 

ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვინახავთ რწმენას.

40 წელი – როგორც 40 დღე.

შებრუნდით აუდიტორიებში,

ისინი დაცულია ხანძრისგან.

არა, ნაპერწკლებით არ აალდება,

ასე თუ ისე,

პროტოკოლით გათვალისწინებული

ყველა ზომა მიღებულია.

 

ყოველი შემთხვევისთვის, წინდახედული საქციელი იქნება თუ სხეულებში

სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ჩაიმონტაჟებთ,

რადგან ხანძარი ერთი თავიდან, ყოველთვის შეიძლება მეორეს,

შემდეგ კი მთელ ქალაქს გადაედოს.

 

ამისთვის საჭიროა –

ინდივიდების ხარისხიანი იზოლაცია,

ხანძრის საგანგაშო სისტემა,

ყველაზე მარტივი ცხელი ხაზის ნომერი,

ასევე სასურველია, გვახსოვდეს ჩვენი მარტოობა და სოლიდარობის შეუძლებლობა.

 

შებრუნდით აუდიტორიებში,

ისინი დაცულია ხმაურისა და ნესტისგან.

ისინი უბრალოდ ხმაურისა და ნესტის ნაყოფიერი შესწავლისათვისაა შექმნილი.

სად შეიძლება დახატოთ იზოთერმები და ხმაურის შკალები, თუ არა აუდიტორიებში.

სად შეიძლება შეიქმნათ ადეკვატური წარმოდგენა ამ ფენომენის შესახებ, თუ არა აუდიტორიებში.

 

შებრუნდით აუდიტორიებში,

ისინი დაცულია ქუჩის აყალმაყალისგან –

შეუდარებელი არქიტექტურის მოდერნული ფასადით,

დაცულია მთელი ამ სიბრიყვისა და შემაწუხებელი უაზრობისგან –

– მიგრანტების ყოველდღიური მკვლელობისგან,

– საწვავის ფასის მერყეობისგან,

– მოცახცახე უსახლკაროებისგან,

– და რეჟიმის ხელკეტებისგან,

– მთელი ამ “ცენტრალიზებული პოსტმოდერნიზმისგან”

 

მხოლოდ აუდიტორიებში შეიძლება წმინდა კვლევითი აღშფოთება,

გაუჟონავად, მიმართულ იქნეს

ყველა დარღვევისა და შეურაცხყოფის

დაწვრილებით აღწერისკენ.

სისტემისთვის ჩუმი საყვედურის პირში მისახლელად.

არც ჩემი, არც შენი, რადგან ჩვენ ყველანი,

სინამდვილეში, არც ისე აღვშფოთდებით —

ხმას მხოლოდ უტყვი საყვედურის სათქმელად ვუწევთ

და ჯიბეებში გამაგრებულს შუათითებს ვინახავთ.

 

შებრუნდით აუდიტორიებში,

ისინი, სხვა ყველაფერთად ერთად, დაცული არიან ამგვარი პროვოკაციებისგან.

მათში ყოველთვის მოიძებნება ბრძენი მოდერატორი,

პასუხისმგებლიანი ადამიანი,

რომლის მაღალი ლიბერალური სული,

მასაც გაუგეთ,

ვერ შეძლებს დაშვებას იმ დონემდე, რომ საკუთარი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს.

 

თქვენ არ გსურთ კულისებს მიღმა თამაში,

თუმცა სცენას ხელუხლებლად ტოვებთ,

როგორც შესაძლებლობას,

რომ მასზე გამოგიძახონ.

 

როცა გამოგიძახებენ – აზრი აღარ ექნება წუწუნს.

 

შებრუნდით აუდიტორიებში,

ახლა მაისი ნამდვილად არაა.