დიმიტრი პრიგოვი — ბანალური ფიქრები ბანალურ თემებზე

თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ნენე გიორგაძემ

 

დიმიტრი პრიგოვი – ოთხმოციანი წლების რუსული პოეტური ანდერგრაუნდის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ორიათასიანებში აქტუალური ხელოვნების ლიდერი ხდება. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, არის არა მხოლოდ პოეტი, არამედ დრამატურგი, რომანისტი, მხატვარი, არტისტი და ხელოვნების თეორეტიკოსი.

დიმიტრი ალექსანდროვიჩ პრიგოვისათვის (ДАП), ტექსტი მხოლოდ ნაწილია ერთი დიდი პროექტისა, რომელსაც თავად დაარქვა “პროექტი დ.ა.პ.” პრიგოვის შემოქმედებას უნდა შევხედოთ, როგორც კულტურულ პრაქტიკას, სერიული კულტურის მოდელს და არა, როგორც თავად აღნიშნავდა, მუზეუმისათვის შედევრების კოლექციას. ლიტერატურის ყოველდღიურ კულტურულ პრაქტიკად გადაქცევა ყველაზე თვალსაჩინოდ განხორციელდა პრიგოვის მონუმენტურ პროექტში, რომელიც ყოველდღიურად ახალი ლექსის დაწერას ანუ პოეზიის გადაქცევას რუტინულ საქმიანობად და ამასთანავე, წარმოუდგენელი რაოდენობის ტექსტის შექმნას გულისხმობს. მის მიერ დაწერილი ათასობით ტექსტი ქმნის თანამედროვე კულტურის კომიკურ ორეულს, გამკილავი ტრიქსერის პრაქტიკას. პრიგოვი თავის მხატვრულ იმიჯს აწყობს “მოწინავე მშრომელის” («передовик труда») ირონიულ გადააზრებაში, რომელიც ყოველდღიურ გეგმას ასრულებს და ამდენად, მიისწარფის ე.წ. “ხუთწლედის” დიადი გეგმის შესრულებისკენ.

მოდერნისტულ-ავანგარდული კულტურის იმ კონტექსტში, რომელშიც პრიგოვი საკუთარ თავს მოიაზრებს, განსხვავება ლიტერატურასა და ცხოვრებას შორის თითქმის წაშლილია და ამიტომაც, ლიტერატურული პერფორმანსი ცხოვრებისეულ – და პირველ რიგში სოციალურ – პერფორმანსს გულისხმობს. ამას ადასტურებს მისი ხშირი გამოსვლები ვერბალური ველიდან – “ორალური კანტატები”; თუ “კუბოები”; დაწუნებული, გადაყრილი, “დაჭმუჭნული”; ლექსებისთვის.

პრიგოვი საერთო კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე ახდენდა მხატვრული ამოცანის ფორმულირებას. იგი კულტურის ლოგიკას ისტორიულ პერსპექტივაში აანალიზებდა და ამ ლოგიკის შესაბამისად დაუღალავად სახავდა ახალ და ახალ შემოქმედებით სტრატეგიებს. პრიგოვი რაციონალური არტისტის კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს, და პირიქით, საფუძველს უდებს მის სპონტანურობასა და იმპროვიზაციის უნარს, რითაც იგი ყველასაგან გამოირჩეოდა. ის ძალიან კარგად გრძნობდა რაციონალურობის ჩარჩოებს, და ამასთანავე, ესთეტიკური ქმედების გააზრების აუცილებლობას ამ ჩარჩოებს შიგნით.

პრიგოვის შემოქმედების მკითხველამდე მოტანა შეუძლებელია ცალკეული ლექსების თარგმნით. ამიტომ გთავაზობთ თარგმანებს მისი ერთ-ერთი დიდი ციკლიდან, “ბანალური ფიქრები ბანალურ თემებე”, სადაც კარგადაა ასახული პრიგოვისეული სტრატეგია.


ბანალური ფიქრები ბანალურ თემებზე

1982
წინათქმა

ლენინგრადში ყოფნისას, ოლგა ალექსანდროვნა სედაკოვამ (პოეტესამ, მაგრამ მოსკოველმა) გამომიცხადა: “მოგმართავთ ყველა მკვდრის სახელით, მხოლოდ ერთი წელი დაგრჩათ იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ თავხედობასა და სატანისტობას.”

გამწარებით ვიხსენებდი ისტორიიდან ჩემთვის ცნობილ დემონურ პიროვნებებს: ბაირონს, ლერმონტოვს, ატილლას, ნაპოლეონს. და მივხვდი, რომ სრულიად ბანალურად გამოვიყურებოდი არა მხოლოდ მათთან, არამედ მრავალ ჩემ გვერდით მცხოვრებთან (იგივე ოლგა ალექსანდროვნა სედაკოვასთან) შედარებითაც. და ჩემს ამ ბანალურ ნატურასთან შესაბამისად დაიბადა შესაბამისი სტრუქტურა ლექსის, როგორც ბანალური მსჯელობის. რისი დასტურიცაა წინამდებარე კრებული.


 

ბანალური ფიქრი თემაზე:
თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ როგორი შტაბს-კაპიტანი ვარ

ნუთუ მხეცი მხეცთან მეგობრობს? –
ერთი მეორეს მშვიდად მიირთმევს
და მაშინ კაცმა თავისნაირი
რატომ უნდა დაიმეგობროს?

ეს იმიტომ რომ ადამიანებს
ღმერთმა ასე დაუკანონა
და თუკი ჩავთვლით რომ არ არსებობს
ღმერთი, – შევჭამოთ ერთმანეთი

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
ჩვენები და გერმანელები

აი კუნძულები დაიპყრეს არგენტინელებმა
ხოლო ინგლისელები იქნევენ მუშტებს
და რადგან არგენტინელები არიან გერმანელები
გამოდის რომ ინგლისელები არიან ჩვენები
მაგრამ თუ არგენტინელები არიან ჩვენები
მაშინ ინგლისელები ხდებიან გერმანელები
და რადგან ერთნი – არიან გერმანელები
მეორენი, გამოდის რომ არიან ჩვენები
ზუსტად

 

მეორე ბანალური ფიქრი თემაზე:
არ არის ლამაზი იყო ცნობილი

როცა ვთქვათ ხარ ცნობილი –
ეს არ არის ლამაზი
და თუ არ ხარ ცნობილი,
მაშინ იყო ცნობილი –
არა მხოლოდ სასურველი, ლამაზია არამედ.
სილამაზე რადგანაც
შესაძლებელ ცნობადობის შედეგი კი არ არის, –
ცნობადობა არამედ შედეგია სილამაზის.
სილამაზე გადაგვარჩენს!
და რომ იყო ცნობილი
რა თქმა უნდა, ეს არ არის ლამაზი
როცა უკვე ცნობილი ხარ

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი

თუკი ვიტყვით, საჭმელი გვაქვს
მაშინ არ გვაქვს რაღაც სხვა
თუკი ვიტყვით, რაღაც სხვა გვაქვს
მაშინ არ გვაქვს საჭმელი

და თუ არ გვაქვს არაფერი
არც საჭმელი, არც სხვა რაღაც
მაინც რაღაც გაგვაჩნია –
ხომ ვცხოვრობთ და ვსჯა-ბაასობთ

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
ეროვნული სიამაყე

აი ვიტყვით ჩვენი ხალხი საბჭოთა
ანდა ვიტყვით ჩვენი რუსი ხალხი
ვიტყვით ჩვენი ებრაელი ხალხი
ანდა კიდევ სხვა რაიმე ხალხი

თქმით კი ვიტყვით რა თქმა უნდა
ვითომ რატომ არ უნდა ვთქვათ
მაგრამ ამით ვიტყვით რას?
იმას ვიტყვით, რომ ვერას
გაიგებ რას ვიტყვით

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
ყველაფერზე გამარჯვებული იდეის ძალა

შთამომავლობა, ჩვენი იმედი
გადააბიჯებს ხვალ კომუნიზმში
ჩვენ ხომ ვცხოვრობდით სოციალიზმში
ახლა ზღაპრული გვეწვევა ბედი
გამართლებაზეც არაა, საქმე
იმაშია, რომ ჩვენშია საქმე –
ჩვენ სულ ვცხოვრობდით კომუნიზმში
მაშინაც როცა – სოციალიზმში
მაშინაც როცა – კაპიტალიზმში
გვითხრეს და იმწამს ვიწყებთ ცხოვრებას

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
ადამიანური ნდობის სხვადასხვა ხარისხი

უსასყიდლოდ რომ ამ ჭურჭელს ვრეცხავ
ფულიც მიმეღო შეიძლებოდა
წარმოვიდგინე მრავალი პირი
მას საიდუმლოდ რომ ეხებოდა

არსი ის არის რომ მოახერხო
შენი დასვრილის დასუფთავება –
რთულია რადგან სხვებს შეუძლიათ
მარტივად შენი დაპატრონება
წარმოდგენა არა მაქვს რა მანქანებით –
მაგრამ შეუძლიათ

 

ბანალური ფიქრი
ეკოლოგიურ თემაზე

ვნებაა ჩემში ასეთი, ავი,
ჩუმად შევმუსრო (არ ვიცი – რატომ)
ძეხვის ნარჩენი. მგონია თავი
მე შინაური მშიერი სვავი

მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ ამას
ნიჭი მაქვს – ვიხსნა თქვენივე ტყავი
სანიტარი ვარ, მზრუნველი სვავი
ჯანსაღი აზრით მივუდგეთ ჭამას

 

უბრალოდ ბანალური ფიქრი

ცხოვრებაში არ დარჩები მარტო
თუ მიხვდები რა ჯობია, როგორ,
აიყვანო ძაღლი ანდა კატა
და ვთქვათ, არა ბიჭი ანდა გოგო

შეგიყვარებს, არ გექნება დავა
შეგიყვარებს, ვერ გაიგებ რისთვის
შეუმჩნევლად ეს ცხოვრება გავა
თუ გამჩნევენ, გეშინოდეს რისხვის

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
იდეალების მიზანშეწონილობა

იდეალს მიუახლოვდა ამინდი მოსკოვში
ადრე კი ძალიან შორს იყო მისგან
გაუგებარი იყო და სასტიკი
მასთან ამიტომაც ვდაობდით ხშირად

მერე კი შემეცვალა ეს იდეალები
და მყის მიუახლოვდა ამინდი მათ –
ასე უაზროდ ვაწვალებთ ბუნებას
თავადაც საშინლად ვიტანჯავთ თავს

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
ადამიანური ჩართულობის უსაზღვროობა

იმ დღეს კალინინის ფართო პროსპექტზე
შემხვდა უცხოელი ლამაზი ქალი
ანტილენინური თუმც იყო ქვეყნიდან,
სახე სევდიანი ჰქონდა და მკრთალი

ღმერთო ჯანდაბას იდეოლოგია
ჩვენი ვალია მზად იყო მარად
როდესაც ხალხი ასე იტანჯება
თითქმის ყველას რომ დავუდგეთ ფარად

 

ბანალური ფიქრი
თავისუფლების თემაზე

ეს-ესაა ამორეცხე ჭურჭელი და
მოიხედავ ისევ დიდი გროვა დევს
ტყუილია ბოდვა თავისუფლებაზე
მიაღწიო სიბერემდე ეგება.

ნუღა გარეცხავ, რა შენი საქმეა,
მაგრამ მოდიან ვიღაცეები
ამბობენ ჭურჭელი ჭუჭყიანია
აქ თავისუფლებას რაღა ესაქმება

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
პოეზია და კანონი

კონსტიტუციას არ მოვიგონებდი
ლექსებს ვიგონებ სამაგიეროდ
თუმც კონსტიტუცია არის კონსტრუქცია
მაგრამ ლექსებიც ურიგო არ არის

მართალია რომ ნებისმიერ კონსტიტუციას
ბავშვობიდანვე ყველა უნდა დაემორჩილოს
აბა ლექსებს ვინ ემორჩილება
თავადაც უმალ კონსტიტუციას
დავემორჩილები

 

ბანალური ფიქრი თემაზე:
ამპარტავნება

ორჯერ ორით თუ აზროვნებ
სამჯერ სამი ხდება რთული
ხუთჯერ ხუთი – მთლად ზედმეტში
გადავარდნა გამოგივა

მოკლედ, ასეც უნდა იყოს
იმიტომ რომ ერთდროულად
თუ მოტვინე ყველაფერი
უტოლდები ღმერთს – და ეს კი
ცოდვა არის უდიდესი

 

დიმიტრი პრიგოვის სხვა ლექსების თარგმანები