გამოეარათ ჯვაროსნებს საქართველოში და გაყოლოდათ აღმოსავლეთის ლაშქრობებში ამ ლექსების ავტორი, უკან რომ ჩამოვიდოდა, ასე დაიწყებდა წერას. იქითობისას რაინდების ამბავს გაიგებდა, აქეთობისას ომარ ხაიამის აზრსა და ჯერ არდაბადებული ჰაფეზის ვარდს წამოიღებდა და მისი პოეტური ენაც ასე შეიქმნებოდა. ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს აღმოსავლური პოეზია და მასში სიცოცხლისა და სიყვარულის უბადლო პაექრობა შეუნიშნავს, წაუკითხავს ევროპული ლექსი და გაუგია რა არის რომანტიზმი, შეუძლებელია ამ ლექსების კითხვისას ცალ ყურში აღმოსავლეთი და მეორეში დასავლეთი არ ჩაესმას. ერთი საინტერესო თვისებაც აქვს, თუ რომელიმე ყურს დაიცობ, მხოლოდ ერთს გაიგებ. ასეთია, ტკივილიდან ამოზრდილი თუმცა მაინც ენერგიული და შეუპოვარი, მუსიკალური, ხშირად უიმედო და საიმედოც, მაგრამ უკომპრომისო და ჯიუტად მიმავალი წართმეული იერუსალიმისკენ. – საბა თოდუა
***
გულის გულისტკივილო,
ცეცხლად მანდ რომ ედები,
ლურჯი პიონებივით ამოზრდილო მიწიდან.
მე სიშორე მაგიჟებს, შენი ანდრომედების,
შენ კი ქარბუქებივით, არც ჩაცხრობა იცი და
არც დანდობა და ღამის
მტრად თუ ამეხიდები,
მთელი შენი ვარვარა, მიწისქვეშა ქანებით,
მე სიცივე მაგიჟებს შენი ანტარქტიდების,
საუცხოო მასშტაბის და სულ სხვა გაქანების,
ზღვათა ბრიზებს მივყავარ
და თუ განმეშორები,
დაე, შენი გრიგალნი მექცნენ ზურგისქარებად
მე სიშავე მაგიჟებს
შენი ანაფორების,
თორემ მათ სიწმინდეში,
ეჭვიც არ მეპარება…
*** (კესუნას, ბასილაშვილს)
სამად–სამ რამეს ვნანობ:
ბილიკებს არმოსულს შენამდე,
შენს ცრემლებს,
ყველა სტროფს შენამდელს…
***
შენ, პოეზიავ, შანსი გქონდა, ის მე ვიყავი,
მე ერთადერთი თხემტერფამდე გყავდი მესია,
როცა ტალღები შენს ნაპირზე გამომრიყავენ,
მესვრიან მზერას, ერთობ კუშტსა და ამრეზიანს,
გთხოვ, გაიხსენე, არ მტიროდი, მე სად მეგლოვე?
მაძველე როგორც ღვინო ტკბილი და საგრაფინე,
და დავრჩი მარტო, უკანასკნელ მესამრეკლოვედ…
და დავრჩი მარტო, საქადაგოდ, როგორც რაბინი.
და რაკი სული, ბწკარებით და რითმით მიხავის,
დაიმახსოვრე, ვერ აგიწევ აწი ამ პლანკებს,
შენ, პოეზიავ, შანსი გქონდა, ეს მე ვიყავი,
შენ, პოეზიავ, შანსი გქონდა, მაგრამ გამფლანგე…
***
დიდი ხანია ვერ ღამდება კვლავინდებურად,
ვერც გულს ვაწყნარებ მკერდზე მჯიღის მაგრად მიჭერით,
ამაღამ რაკი მარტოობის ნისლი ებურათ,
აშტერდებიან წერტილს რადგან ვეღარ იჭერენ
თვალები ნაცნობ სიხშირეებს, შფოთვა–ცეცებით,
ჭკნება ყვავილი, რომ ვევლე და ქეც რომ ვეფერე
და სევდას ტოვებს საგულეში გაორკეცებულს
და სევდას ტოვებს საგულეში შავად შეფერილს,
უძირო სევდას, მიეფარა კიდეს მირკანი,
და ეს ზაფხულიც ზამთარსა ჰგავს, ზამთარს დიდხნიანს,
მითხრიან თვალებს, ყვავილებს და ძირსაც მითხრიან,
ქეც რომ ვეფერე, მითხრიან და არც სხვას მირგავენ,
სხვა, უფრო ნაცნობ სიხშირეებს, სასხვალექსებოდ,
სასხვატაეპოდ, სხვანაირი დღე რომ გათენდეს,
და მოთმინების ფიალაზე მეტად მევსება
გული სხვა სევდით, და თვალები, ცრემლს რომ ვადენდი,
თვალები, სამი სტროფის წინ რომ ნისლი ებურათ,
რომ მოენატრათ სიყვარული და ძმა ბიჭები,
რადგან ვერც ღამე ვერ ღამდება კვლავინდებურად,
ვერც გული გულობს მკერდზე მჯიღის მაგრად მიჭერით…
***
სულ ყველა მიწა დავიპყარი, ყველა სიმაგრე,
ყველას ვესტუმრე, ელბასანი, დოჰა, სიანი,
ახლა კი ველი, სანამ მტერი მიწას მიმაყრის,
სიწმინდე ჩემი, სხვის დემონებს აღიზიანებს.
პოეზიაში, უფრო მეტად წავიგრძნეულებ,
ვარ გადარაზულ, მივიწყებულ კართა გენია,
სული არასდროს დამითმია, თუმცა სხეული –
სხეული ჩემი – დაცემული კართაგენია.
ყველა ქვეყანა, თუ ადგილი მოეწონება,
ყველა სოფელი მოვიარე, ღაზნი, მუსალი,
ღირსება ჩემი, ვერ შელახეს, მაგრამ გონება,
ჩემი გონება წართმეულს ჰგავს იერუსალიმს…
***
კ ოშკია რაღაც მოკაზინო,
ე რთობ მონგრეული მოშლილი,
ს ულ რომ დაიფლითო მოკასინი,
ო ბი მოგეკიდოს კოშკივით,
ბ არად მოზღვავებას ქარიშხლიანს,
ა ქრობს მონათხრობნი არაკთანი,
ს ულაც მოწევას თუ დაგიშლიან,
ი ყოს ლამაა თუ საბაქთანი,
ლ ურჯი ჟანფრანკო და ფერე,
ა ქეთ სარკმელების გმანა,
შ ვილები ჩვენზე უკეთ წერენ,
ვ ელურ ავაზებს რომ გვანან,
ი ყოს შენობები მოკაზინო,
ლ ამაც საბაქთანიც დუჟიც,
ი ყოს, ერთი წყვილი მოკასინი,
ერთი სიყვარული გულში…
