ცოტნე ავსაჯანიშვილი – პადვალი

ზღვასთან დადის ერთი დაცენტრილი კაცი. ანდაც რას დადის, ზის და იყურება, როგორც კაატინგაში დაკარგული სალოსი ესტებანი. ხანდახან ჩუმად იყურება, ზოგჯერ კი,  რაღაცეებს ბურტყუნებს კიდეც.

ორი წელია კენტად მოთევზავე კაცს ვერ ნახავ თემქის წყალსაცავის უკაცრიელ ნაპირებში. შეშინდნენ მეთევზეები. გიჟი თავისუფალიაო ამბობენ. რომც არ იყოს თავისუფალი, მაინც გვეშინიაო.  თავისთვის რომ ლაპარაკობს მაგისიც გვეშინიაო, იმიტომ, რომ რიბაკები ცრუმორწმუნეებიც ვართ და მისტიკური ყველაფერი გვაშფოთებსო. მეთევზეები ჯგუფჯგუფად დადიან თბილისის ზღვის უკაცრიელებში, გიჟი ბევრს ერთად ვერ მოგვერევაო.

არადა ვისაც დაუნახია დაცენტრილი, ისიც უთქვამს არავისაც არ ერჩისო. გეგონება არც ერჩის და არც ამჩნევსო.  კაცმა რომ თქვას, ზოგი  გიჟი პრინციპული გიჟია. ეგეთი გიჟები სულაც არ არიან თავისუფლები.

 

                                                *                   *                   *

ოთარა

სანამ აქ იყო, კაი ბიჭი იყო ვალერა ვანიევი. კარგად იქცეოდა და აბა მე რა ვიცი გულში რა ედო. შეიძლება სულაც გვაგინებდა ყველას, მაგრამ პირში ვერ გვეუბნებოდა ბევრნი ვიყავით. მეზობლობის ამბავში არაფერი არ ეშლებოდა და მაგარი ძმაკაცები არ ვყოფილვართ ძმაო. მაგის და მევასებოდა ისეთ პონტში და ვინც მევასება იმის ძმასთან ვერ ვძმაკაცობ. უფრო სწორად, ვისთანაც ვძმაკაცობ იმის და არ დამევასება. მერე გავიგე დაჩათლახობს ეგ ვანიევის დაო და გადამიარა. გავიგე კიარა სახელოსნოში მეც მეთომარებოდა მარა არ ვიკისრე. ტეხავდა ესე უპრაგონოდ მეზობლის ქალთან ამბავი.

ჰოდა მერე მოხია მაგ ოჯახმა აქედან. ჯერ ომი არ იყო ცხინვალში დაწყებული. არც ვაწვებოდით ჩვენ, მაგრამ ეტყობა ისქესა ვალერამ, მოკიდა დედას და დას ხელი და წავიდა ორჯონიკიძეში. ის ამბები იყო, გამსახურდიამ რო მიტიგნები და ამბები დაიწყო იქა. და ამან ეტყობა იფიქრა რო აქ მონასტერი თუ აირევა მეზობლობას და ძმადნაფიცობას დაიკიდებენო და მართალიც იყო და დავიკიდეთ კიდეც მერე.

ჰოდა ეხლა რაღაცეებს იძახიან ვალერაზე. ისეთებს იძახიან, ეგ რო ნაღდი იყოს ჩემი ხელით დავბრიდავდი ჩემდათავად.  რასაც იძახიან ეგ ამბავი ნამდვილია თუ არა ნაღდად არ ვიცი, მარა ის ნაღდად ვიცი, რო რაც აირია ვანიევი გადმოსულა და ქართულ სოფლებს უბაგუნებს ავტომატით.  არა ნაღდია თუ არა მამენტ არც ეგ ვიცი, მე აქ ვარ ის იქა და ჩემი თვალით არ მინახია, მარა დაუჯერებელი არ არი და ამიტომ მგონია, რო ვალერა ნაღდად ომობს ჩვენ წინააღმდეგ.

წიფურია

მე ღვინო მიყვარს. კი იძახიან დასავლეთში ღვინის არაფერი არ იცისო არავინ, მაგრამ რაც ვიცი და რაც არა, კი მათრობს გემრიელად და პრიატნი დასალევიცაა. ჭაჭას კი არ ჰგავს, რომ გადაისვრი ხახაში და ტუალეტში რომ გარბიხარ არიქა აბრატკა მომცაო

კია მართალი დასავლეთში ღვინის არაფერი იცითო რომ გვეუბნებიან, იმიტომ რომ  რაც თბილისში გადმოვსახლდი ახლა გავუშინაურდი ღვინოს და ახლა შემიყვარდა თორემ მარტვილში სულ ჭაჭას გეახლებოდით და არ მიყვარდა მე ჭაჭა. დათრობა მიყვარს მე ნამეტანი და დათრობა რომ მიყვარდა, იმიტომ ვიტანდი იმ ჩასაქცევი ჭაჭის გემოს. აბა იქ რომ მქონოდა კარგი ღვინოები რა სიკვტილი დამალევიებდა სევასტი მამფორიას საწამლავს?!

რომ ამბობენ ღვინის არაფერი იცითო დასავლეთში სევასტი მამფორია მახსენდება სულ. მე მის არაყს ვსვამდი და საშინელება იყო მართლაც, მაგრამ მამფორია ღვინოსაც აყენებდა და ის ღვინოც დამილევია ორჯერ, თუ შეიძლება ღვინო ეწოდოს იმ კოწახურისფერ ოხრობას მამფორია რომ ყიდდა ორ მანეთად ლიტრს და არასდიდებით არ გაჩუქებდა, მიუხედავად იმისა რომ არ დაილეოდა მაგისი არაფერი.

არა გეკითხები, ყურძენი რომ ყვითელია ღვინო წითელი როგორ გამოდის?! მამფორიას ღვინო იყო სხვანაირი, წითელი გამჭვირვალე თუ რაღაცნაირი შინდის კამპოტივით, თორემ ვიცი მე წითელი ღვინოები რაცაა და როგორი კარგიცაა, იმდენი და იმდენგან მაქვს დალეული შენ არც დაგესიზმრება, თელავში გინდა თუ რესტორან ფუნიკულიორში.

რა კარგია, რომ კახეთი თბილისთან ახლოსაა ვგიჟდები კაცი პირდაპირ. ორ საათს ივლი და ისეთ და იმდენ ღვინოს იშოვი გააფრენ და დაგავიწყდება ყველა ჭირ ვარამი, მანეთები რომ დაკარგე ისიც და ცოლს რომ აღარ ვუყვარვარ ეგ ფხიზელსაც ფეხებზე მკიდია ღმერთია მოწამე და წმინდაა მაგ ღმერთი ნამეტანი და მიყვარს ძალიან.

ღმერთზე რომ ასე ვლაპარაკობ მაგით იმასაც უნდა მიხვდე რომ არ ვარ მე ცუდი და ბოროტი კაცი და თუ რამე ისე ვქენი ბოროტებით არ მიქნია მაგ. რაც არ უნდა კახური ღვინის სიდიადეზე გიმღერო ოდოიები იმ დასაწვავ ოსს რომ ღვინო აქვს ეგეთებს მარტო ჩემს მიერ ზემოთ ნახსენების მსგავსი ღმერთები სვამდნენ გრეციაში და რაც წავიდა მის მერე რა ჯანდაბასღა დავლევდი იმ ღვინოს?!    არადა ვიცივიცი მეეაქვს მაგას სადღაც აქ. ისიც ვიცი სადაც.

ღვინო რომ მიყვარს იმიტომ ვამბობ რასაც ვამბობ. მაგრამ მარტო ეგ არ არის. იქ რომ ჩავიდა და ისვრის, მაგის გამო უკვე დასასჯელია მაგ ნაბიჭვარი. ჩვენ გავზარდეთ. კაცად აქ იქცა, თუ ეთქმის კაცი საერთოდ. ის კიდო ადგა და გვიშენს აკაესის პატრონებს. ე ბიჭო, რა ვაწყენინეთ ამისთანა მაგ ვირიშვილს. თავში არ უტყამდა არავინ მის პაკალენიაში. ჰოდა ის, რაც ვთქვი რომ ქნა, მე არ მინახავს. არც ვინმეს უთქვამს ვანიევმა  ეგ ქნაო და მაშასადამე არც გამიგონია და შეიძლება არცაა მართალი. მაგრამ კაცი რომ სროლას დაიწყებ და ომში ჩაებმები იქ გოგოსაც გააფუჭებ და გინდა მატყუარა მეძახეთ, გინდათ პროპაგანდისტი, ნაბიჭვარია მაგ და დაისჯება კიდეც.

ბერდია

დედას გეფიცები მე ბოლომდე ვიცავდი ყველაფერს. ჩემი კაცობა ჩემი მხრიდან მთელია.  ჩემ თავთანაც მართალი ვარ და ღამეც მშვიდად მძინავს, მაგრამ ის ბიჭი რო მობრუნდეს ერთ დღესაც და მითხრასბერდია ძია, მე ეგრე გენდე და ვეში სად არიო, რა ვუთხრა არ ვიცი და ისიც იფიქრებსამ ჩათლახმა თქვა აღარც მოვაო და ყველაფერი ტეხნიკურად მიითვისაო.  არადა, ღმერთი, რჯული, მე მაგის გასაღებს ისე ვინახავდი  არა, ვინ დამიშლიდა?!  ვინ მოიკითხავდა?!  ისე წავიღებდი პასუხსაც ვერ მომთხოვდა ვერავინ. გასაღები მე მქონდა. ჩაიბარეო და ჩავიბარე და ექვთიმე თაყაიშვილივით ვიყავი ორი წელი. შიმშილით რო სული გამძრობოდა, თითს არ დავაკარებდი და არც ვაკარებდი არაფერს. ესენი კიდე მომივარდნენ კალვერასავით და სამშობლოს ჭირდებაო მიტრაკებდნენ. მეთქი რა ჭირდება სამშობლოს, გასაღები?!   დავაი დაახვიეთ აქედან თქვე არასწორებო. მიცემა იყოს, ჩემ ბიჭს მივცემდი. სუ მეშაყირებოდა, ყველაფერი, ყველაფერი და იმას რაღას ინახავ, რო დაძველდება მილიონები უნდა დაადოო?!  მე რა უნდა დავადო შვილო? მე რას უნდა დავადო? რაც ჩემი არ არი, იმას მე რა უნდა დავადო?!

არა, ეხლა ეგეთი დროაარიიარ არი  გინდა და შენია, ვსო. თუ ტრაკი გაქ დაიადებ. ეგრე სად არი ტო?!  სახელმწიფო რო არაგაქ, კაცობაც აღარ გაქ?!    მილიცია უნდა მილიციობდეს, რო შენ ის კაცი არ გაწეწო ვისაც მთელი ცხოვრებაა უყურებ და სალამს ეუბნები?!

ბესპრიძელიარა.  და ეს ჩემი ბიჭიც ატრაკებს და მე ვერ ვიბლატავე ეტყობა კარგად მაგის ბავშვობაში, ეგ რო ეგეთ რამეებზე ფიქრსა ბედამს.

ჰოდა იმას გეუბნებოდი ჩემი დინო, რო ადგნენ და მაწვებიან სამშობლოს ჭირდება ოსის პადვლის გასაღებიო. მეთქი თქვე ჩემისებო, პადვლის გასაღებია, განჯის გასაღები ჰოარარა სამშობლო და სავეცკი საიუზი.  ამაზე ცალკე მომაწვნენ, საიუზი რა შუაშიაო. მეთქი არ გამოვა ძმებო ეგ ამბავი და ამ მარტვილელმა არ მხია ტო?!   თან მიყვირის მეო შენო კაცი მეგონეო და შენ  სამშობლო არ გიყვარსო. მეთქი ჩემდათავად სეპარატისტებიც დედაც რა ვთქვი, მარა შენი დედაც რა ვთქვი შე ახვარო,  ვის ურტყამ და უნდა გამეფინა რო ვიღაცამ, ვერ დავინახე რომელმა, იარაღი გადამიტენა. მერე ეს ჩვენი მინანქარშიკი მეუბნება ოთარა, ბერდო ძია ჰო იცი როგორ მიყვარხარო და არ გინდაო გმირობანაო, ყველაფერს იკისრებენ ეხლა ისე არიან გამწარებულებიო. ოთარას ვეუბნებირა ვქნა ბიჭო, ესე როგორ მიშვებით თავზე კაცმა ჩამაბარა  და ყველა ერთად იგინებავინ არიო კაციო, მაგის დედას ეგრე ვუქენითო და შემდგნენ მოკლედ. პროსტა ხელს ვეღარ მირტყამდნენ. უცებ გამოვარდა ეს ჩემის ცოლი, ეტყობა იარაღზე დაპანიკდა და გადაუგდო გასაღები ამათ.

ქართველი გოგო გააუპატიურაო იძახდნენ. არ მჯერა მე. მე ჩემდათავად მართალი ვარ. მაგრამ უნდა შევკვდომოდი ალბათ. რო არ შევაკვდი, მაგის გამო ეხლა მთელი ცხოვრება უნდა ვამტკიცო მართალი ვარ, მართალი ვარ მეთქი. თან ვინმე კიარ მეკითხება მართალი ვარ თუ არა?!  შიგნიდან, ბერდია, ჩემი თავი მელაპარაკება და მიხურებს, ეგ როგორ გააბედინე შე ჩემისავო.

ოთარა

ალბათ მურტალი სანახავია ტიტველი მშობელი. ან მშობელი ტრუსიკში. არ ვიცი, არ მინახავს მე არასდროს.  მაგრამ ის რაც ვნახე არ ამომდის თვალებიდან და რამდენჯერაც მახსენდება, სულ გული მერევა.

მეჰოგითხარითოსივალერასდამევასებოდამეთქი.  ისიც გითხარით, რო გავიგე რო ქინძაობდა მერე გული ავიცრუე მეთქი.  მაგრამ მასე მეგონა რო ავიცრუე. ეხლა ვხვდები, რო გულის აცრუება ეგრე ადვილი არ არი.  ნიუჟელი თავს ვიტყუებდი. ან იმ რეალობაში გაზრდილი ბიჭი ვარ, სადაც ბევრჯერ გაქინძული გოგო პროსტა ვერ გეყვარება. აი შეილება გიყვარს, მარა შეუძლებელია გიყვარდეს და ესეიგი არ გიყვარს. მაგიტო ვაწვებოდი იმ ჩვენებას რო დავიკიდე და მართლა მეგონა რო დავიკიდე. ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც იმ კაცებს, რომლებიც მართლა იკიდებენ ხოლმე.

ჰოდა რაღაცა მიჩქმალული ჭეშმარიტება რო ამოგიტივტივდეს თავში ან ძალიან მაგარი რამე უნდა მოხდეს, ან ძალიან მურტალი რამე დაგემართოს. კაროჩე გონება და სული უნდა შეგერყეს და მერე გაიგებ რა გინდა და როგორ.  ჰოდა იმ დღეს, ის ჩათლახობა რო ვიკისრეთ მთელმა კორპუსმა, ბევრი მურტალი რამეები დამემართა.  თავიდანვე ნელნელა მოგორავდა მურტალი რამეები და კულმინაციის დროს მივხვდი, რო ვალერას დაიკო კიდე მევასებოდა.

ჯერ ბერდიას რო გაარტყა მარტვილელმა მანდ ვიგრძენი თავი ძაან ცუდად. მარტო სიბრაზე რო მეგრძნო რა უჭირდა. ჯერ ის მიტყდებოდა, ქაჯურ, პროჭულ, ჯგუფურ მარადიორობაში რო ვმონაწილეობდი იმიტო, რო მერე არ ეთქვათ კორპუსს განუდექიო და დასასჯელი არ დასაჯეორა სამშობლო თუ ძმა ხარ. ესეთი თუა სამშობლო, უნა გვეომონ და უნდა მოგვიგონ კიდეც. ჰოდა  მაგრად მრცხვენოდა მე ეგ ამბები და ამ დროს მარტვილელმა ბერდიას გაარტყა. მე ბერდიას ხელში ვარ გაზრდილი. ბერდიას ბიჭი ჩემი ძმაკაცია. ეს წიფურია კიდე არ მევასება. რაც გადმოვიდა სულ პროჭიაშვილს ვეძახი.  ჰოდა მეთქი დავბრიდავ ეხლა ამ ნაბოზარს და მერე დავამუღამე, რო მთელი კორპუსი ბერდიაზე იწევდა და პადეშკას თუ მივცემდი მეც ჩამქოლავდნენ და შემეშინდა ბიჭო.  ჩემი ძმაკაცის მამას, კაი კაცს ჩაგრავდნენ, ხელს ურტყამდნენ,  აწვებოდნენ და მე  იმათ მხარეს ვიდექი და ბერდიას ვეუბნებოდიამათ დაუჯერე, ეგრე ჯობია მეთქი. ესე ნურასდროს ჩაგაჯმევინოთ გამჩენმა. მერე თავი შეგზიზღდებათ.

შუა ამბებში აღარ ჩავალ. ძაან გრძელია და საზიზღარი. ეს ხალხი კიდე მეჯავრება და დედაჩემიც მეჯავრება.  მე არასდროს მინახავს ტიტველი მშობელი. მე არც საცვლებში მინახავს მშობელი. მაგრამ საშინელება იყო, როცა დედაჩემი მე რომ მევასება  იმ ქალის ტრუსიკს მოარბენინებდა სახლში,  მომერგებაო.  ტრუსიკის მოპარვა რაღა საქვეყნო სასჯელია. ჩუმად მაინც იპარავდეთ, მთელი უბანი გიყურებთ თქვე ჩემისებო  ჰოდა ეგ საზიზღარი კადრი რო ვნახე მაშინ მივხვდი, რო ვალერას და ისევ მინდოდა. იმიტო, რო სხვა შემთხვევაში ალბათ ეგრეც არ მეტკინებოდა და ამერეოდა გული.

წიფურია

ოსის ღვინო მინდოდა მე. აქ რომ ყოფილიყო მომცემდა თვითონაც. მიდი ახლა და უხსენი მაგ იმ სულელ ბერდიას. მარტო თუ მივიდოდი და ვეტყოდი დამალევინე ოსის ღვინო მეთქი ჭიტლაყით გამომკრავდა სადარბაზოში.  მაგიტომ ვთქვი ის რაც ვთქვი.  ჩამოვიარე კორპუსში და ყველას მოვუყევი როგორ წავიდა ვალერა ვლადიკავკაზიდან ცხინვალში და როგორ გააუპატიურა იქ გოგოები. არ ვნანობ არაფერს მეთქი. ვლადიკავკაზიდან ცხინვალში მართლა წავიდა ის, და ებრძვის ეროვნულ გვარდიას. ესვრის ქართველებს. იმასაც იზამს რაც მე ვთქვი, არ დაუშლის გენი და ჭკუა. უბრალოდ რომ არ გამიგია და ისე ვთქვი მაგიტომაა ტყუილი თორე, იზამს ეგ მაგას, იზამს.

მივედით ყველა იმ სულელ ბერდიასთან გასაღებზე და იხტუნავა ცოტა. მოვდე კიდეც გემოზე. გაბრაზებული იყო ხალხი. ჩემკენ იყო ყველა. უნდა დავსაჯოთო ოსიო იმისთვისო რაც ქნაო. ცოლმა გადმოგვიგდო პადვლის გასაღები შეშინებულმა. დავიძარით ყველა ერთად, გავაღეთ კარი და შევედით. მე ვფიქრობდი, ავიღებ ღვინოს  და გავალთ. ამათაც ვაცეცხლებ და მორჩება ყველაფერი. დავინახე ოცლიტრიანი ბოცა და ვიცანი მაშინვე. მოვკიდე ხელი და ამოვიტანე სახლში.  უკან რომ ჩავდიოდი გული შემიწუხდა კინაღამ გადარეულა ეს ხალხი სულ. ურტყამდნენ ერთმანეთს.  ჩემია, ჩემიაო ყვიროდნენ. მანამდე სულ არ იყვნენ ქალები იქ, ახლა კი გაიძახოდნენშიმშილი და უბედურობაა ჩვენს თავს, ყველას გვიჭირს, მაგრამ მაიმუნები ჰო არ ვართ, რიგი დავიცვათო. კამპოტები, თეფშები, კრუშკები, ჯანდაბები და ყველაფერი გამოჰქონდათ ამ სასიკვდილეებს.  მეხუთე სართულის თენგიზას ტომატები ეკავა და ხორხოცობდა, ასე გატეხეს ბასტილიაცო. ისტორიის მასწავლებელია მაგ და აწი რა ჯანდაბა უნდა ასწავლოს და რა ნამუსით ბავშვებს?!  აბა მე ფეხებზე მკიდია, ცხოვრებაში მორალის კითხვას არ დავუწყებ არავის, არც ტვინი მაქ მაგის და არც უფლება კიდო.

ვიცოდი ეს ამბავი სულ მე რომ დამბრალდებოდა და დავიწყე გინებარას შვებით თქვე ოხრებო მეთქი.  ვინ მომისმინა?!   მივარდენ ქალები, გახსნეს ჩემოდნები და კაბებს ვინ ჩივის, ლიფებს და ტრუსიკებს დაუწყეს დატაცება. რა ჯანდაბად უნდოდათ იმგენის ნაცვამი ფსუტიანი ტრუსიკები ვერ გავიგე, მაგრამ კი მომინდა მეცემა ყველა წკეპლით. ვიცოდი, საქმესაქმეზე რომ მიდგებოდა მაგ ტრუსიკებზეც იმას იტყოდნენ წიფურიამ მოიპარაო და ჩემი ცოლის ტრაკზე ეგონებოდათ გადატკეცილი. არადა არაა მასე მაგ. მე ასე არ ვფიქრობდი ამ საქმის გაკეთებას. ამათმა რაც იკისრეს ჩემ ტყუილზე ნაკლები სიდამპლე არაა და ჩემი ტყუილი არცაა სიდამპლე და ათასჯერ  გითხარი  რატომაც.

მე მარტო ღვინო მინდოდა. ღმერთს გეფიცები, ღვინის მეტი არაფერი წამიღია. თუ გინდა ფულსაც გადავუხდი ვალერას. მოვიდეს, მომთხოვოს და მივცემ ოცი ლიტრის საფასურს.

ბერდია

რაზე უნდა ველაპარაკო ბავშვებს და დებილ ქალებს?!   რამის გაგების თავი რომ ჰქონდეთ, გადამწყვეტ მომენტში რამე ვაჟკაცურის გაკეთების ტრაკიც ექნებათ. მაგრამ არც ერთი აქვთ და არც მეორე.

ესენიკიდეტირიან, კრუგებს მირტყამენ და  ახურებენ დაგველაპარაკე ბერდო შენი ჭირიმეო. ექიმს მოვიყვანთო.  მგონი ჰგონიათ რო გამიფრენია აიჩვენს შორის გიჟის დედაც ვატირე გაწყობთ?!

ზღვაზე ავდივარ ხოლმე.  ცოტა ხანში ალბათ კარსაც დამიკეტავენ, გიჟის გარეთ გაშვება როგორ შეიძლებაო. აი, მაშინ დაველაპარაკები ყველას, დედის ტრაკის შესახებ. ეხლა თქვენ არ გეგონოთ რო მე ზღვაზე ავდივარ და ჩემ თავს ველაპარაკები.  მარა მე ვერ ვხვდები სხვაობას ფიქრსა და თავთან ლაპარაკს შორის.  თუ თავთან ლაპარაკი სიგიჟეა, მაშინ ფიქრიც სიგიჟეა  მგონი ყველას მოცურებული გვაქ, უბრალოდ ორ სიგიჟეს შორის უფრო რაციონალურს ვირჩევთ და უაზრო ვერბალურ მოძრაობებს არ ვაკეთებთ, რომ არ დავიღალოთ.

ამოვდივარ ზღვაზე და ვიღაცა მეორე ბერდია მელაპარაკება ხოლმე. სულ რაღაცეებს მეკითხება და მე ქიმიის მასწავლებელს რო ვპასუხობდი ჩადჟმული, ზუსტად მასე ვპასუხობ მაგ მეორე ბერდიასაც.  და ყველა პასუხის მერე რაღაცნაირად ვმშვიდდები ბიჯო. პროსტა ეს კითხვები არ მთავრდება გესმის?  უცებ დავმშვიდდები და ბრახ ახალი კითხვა მოდის და მერე ტრიალებს კრუგზე და მაგიტომ ამოვდივარ ყოველდღე თემქაზე.  სახლში არ მაცდიან მოსმენას. სულ მელაპარაკებიან რაღაცა ქინძობებს. უბანშიც სულ ხმაურია. ყველგან მანქანების, ადამიანების და ავტომატის ხმა ისმის. თბილისის ზღვის უკაცრიელ სანაპიროებზე სიწყნარეა და ყველაფერი მესმის

მართალი ხარ ბერდო?“

მართალი ვარ.  აბა რა უნდა მექნათან მე არ მიმიცია გასაღები. ცოლმა მისცა.“

ცოლმა ტრაკი რო მიცეს ეგრე დათმობ?“

ეგ რა შუაშია. ის მიცემა სხვა პალაჟენიაა, ეს სხვა…“

რატო არ წაართვი ბერდო გასაღები?“

ბევრნი იყვნენ, ვერ მოვერეოდი…“

ვალერას რა უნდა უთხრა რო ჩამოვა?“

არ ჩამოვა. ან რაც მოხდა იმას ვეტყვი. წავიდეს და სდიოს წიფურიას.“

მართლა მშვიდად ხარ ბერდო?“

მშვიდად როგორ უნდა ვიყო. ჩემი თავი მელაპარაკებათუ შემეშვები დავმშვიდდები.“

მართალი ხარ ბერდო?….“