უოლტ უიტმენი – ჩემი სიმღერა

თარგმნა შალვა ბაკურაძემ

 

1

ქება-დიდებას ვასხამ საკუთარ თავს და ვუმღერი საკუთარ თავს
და რასაც ვიღებ საკუთარ თავზე – თქვენც უნდა აიღოთ,
რადგან ყოველი ჩემი ატომი თქვენიცაა, თქვენაც გეკუთვნით.

მე უდარდელი მაწანწალა ვარ და ვუხმობ ჩემს სულს,
ვიხრები ფრთხილად მიწისკენ და უდარდელად ვათვალიერებ ზაფხულის ბალახს,
ჩემი ენა და ჩემი სისხლის ყველა ატომი, ამ მიწისაგან არის შექმნილი, ამ ჰაერისგან,
აქ მშვეს მშობლებმა, ჩემი მშოლებიც აქ დაიბადნენ, მათი მშობლებიც,
და ასე ახლა სრულიად ჯანმრთელი, ოცდაჩვიდმეტი წლისა ვიწყებ ამ სიმღერას
და იმედი მაქვს სიკვდილამდე არ დავასრულებ.

ვადაგასული დოგმები დაკანონები გადავდოთ გვერდზე, დავტოვოთ იქ სადაც არიან, მაგრამ არასოდეს დავივიწყოთ,
ჩემი გული ერთნაირად ღიაა მაახინჯისთვის და მშვენიერისთვის,
მე მათ ნებას ვრთავ მუდამ და ყველგან ისაუბრონ დაუბრკოლებლად, პირვენდელი ჯანით დაძალით.

 

2

სახლები და ოთახები ნელსურნელებითაა სავსე, ურიცხვი სუნამოა თაროებზე,
მე ამ არომატს ღრმად ვისუნთქავ, ვიცნობ მას და მიყვარს იგი,
მათ თავისუფლად შეუძლია გამაბრუოს, მაგრამ მე არ ვბრუვდები.
ჰაერი კი არც სუნამოა, არც ქიმიური რამე ნაერთი, მას სუნი არ აქვს
და მას ეკუთვნის ჩემი ტუჩები, ის არის ჩემი შეყვარებული.
გავალ ზღვის პირას ჭალაში და დავდები ასე დეიდიშობილა,
სიგიჟემდე მსურს მასთან შეხება.
ორთქლი ჩემი სუნთქვის,
ექოები, წყლის ლივლივი, ჩუმი ჩურჩული, ფესვის სიყვარულის, აბრეშუმი, ჭიგო და ვაზი,
ჩემი ჩასუნღქვა – ამოსუნთქვა, გულის ცემა, ჰაერისა და სისხლის მიმოქცევა ჩემს ფილტვებში,
ნედლი ბალახის სურნელი და მჭკნარი ბალახის სურნელი, ზღვის კლდოვანი სანაპიროს და თავლაში თივის სურნელი,
ჩემიდან ლავად ამოხეთქილი სიტყვების ხმა, ქარისკენ რომ ვათავისუფლებ,
მსუბუქი კოცნა – ჩახუტებები, მკლავთა ოდნავი შეხებები აშრიალებულ ხის ტოტებზე შუქისა და ჩრდილის თამაში,
სიამოვნება რომ ვარ მარტო, ან ვარ ქუჩაში, ან ველებზე და მთის ფერდობებზე დავხეტიალობ,
ჯანმრთელობის განცდა, შუადღისას ჩიტთა ჭიკჭიკი, ჩემი სიმღერა, რომლითაც ახლად გაღვიძებული მზეს ვეგებები.

შენ ფიქრობ, რომ ათასი აკრი ეს ბევრია? დარწმუნებული ხარ რომ მთელი მიწა ეს ბევრია?
ამდენი ხანი მოანდომე კითხვის შესწავლას?
გემაყება რომ პოემების დედა აზრს ჩაწვდი?
დარჩი ეს დღე და ეს ღამე და გიზიარებ ყველა პოემის სათავეს,
გაზიარებ მზისა და მიწის ყველა სიკეთეს,
(მილიონი მზის მფლობელი ვართ),
და შენ უკვე აღარ მიიღებ მოვლენებს მეორე ან მესამე ხელიდან,
გადაეჩვევი გარდაცვლილთა თვალებით ხედვას
და წიგნების აჩრდილებით კვებასაც გადაეჩვევი.
შენ არ დაიწყებ ჩეი თვალებით ყურებას დაარც არაფერს აიღებ ჩემგან,
უბრალოდ ყველას მოუსმენ და ყოველივეს საკუთარ თავში გაფილტრავ.

 

3

მე მსმენია, რასაც ლაყბობდნენ ყბედები, საუბარი დასაწყისზე და დასასრულზე,
მაგრამ მე თქვენთან დასაწყისზე და დასასრულზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.

არასდროს ყოფილა ადრე ისეთი ჩასახვევი, როგორც დღეს,
არასდროს ყოფილა სიჭაბუკე და სიბერე, როგორც დღეს,
ვერასდროს იქნება სამყარო ისე სრულქმნილი, როგორც დღეს,
არც ისეთი სამოთხე და ჯოჯოხეთი იქნება, როგორც დღეს.

ლტოლვა, მუდმივი ლტოლვა, უსასრულო ლტოლვა,
სამყაროს დაუსრულებელი ლტოლვა განაყოფიერდეს,
ბინდბუნდიდან სხვადასხვა სქესის ორი თანასწორი არსება გამოდის
დაუსრულებელი მატერია, დაუსრულებელი ზრდა, დაუსრულებელი სექსი,
მსგავსებისა და განსხვავების დაუსრულებელი ქსოვილი, დაუსრულებელი სიცოცხლე,
განმარტებებს აზრი არ აქვს, სწავლულიცა და უსწავლელიც გრძნობს, რომ ეს ასეა.

და აი, ახლა დარწმუნებულნი, წელგამართულნი, მხრებით, მკლავებით,
გადაჯაჭვულნი, ცხენივით  ძლიერნი, აღტაცებულნი, ქედმაღალნი და მოზეიმენნი
ვდგავართ აქ – მე და ჩემი საიდუმლო.

წმინდაა და საყვარელი ჩემი სული და წმინდაა და საყვარელი ყოველივე, რაც ჩემი სული არაა,
ისინი ერთმანეთს ავსებენ და უხილავი ხილულით ადასტურებს თავს, სანამ მასაც არ აქცევს უხილავად, მის წილ დასტურს არ დაუბრუნებს.

უარესისგან საუკეთესოს გამორჩევა და წარმოჩენაში – საუკუნე საუკუნეს ღლის,
მე კი ვუწყი რა საგანთა მთელი შიჩუმე და ზუსტი ფასი, სანამ ისინი კამათობენ,
ჩუმად მოვდივარ საბანაოდ და საკუთარი თავით ვტკბები.

ვესალმები ჩემი სხეულის ყოველ ნაწილს, ყველა სუფთა და გულმართალი ადამიანის თითეულ ორგანოს,
ერთი მისხალიც კი არაა მათში უღირსი,
დე, ნურც იქნება ჩემთვის რომელიმე დანარჩენზე უფრო ძვირფასი.

ლმაყოფილი ვარ – ვხედავ, ვცეკვავ, ვიცინი, ვმღერი.
ანდა ის ქალი ვინც მეფერება და ჩემს ლოგინში ათევს მთელ ღამეს და შემდეგ
დილით ფეხაკრეფით მიიპარება და ოთახში თეთრი ქსოვილით პირთამდე სავსე
კალათებს ტოვებს – როგორ უარვყო, როგორ ვთვქვა მასზე უარი, და თვალებს როგორ დავაყვედრო,
როდესაც მათ გზაზე ეულად მიმავალი სატრფოს ხილვისას ერთი შეხედვთ გამოთვალე ფასი ერთისა და ფასი ორის.

 

4

გამვლელებით და კითხვებით ვარ გარშემორტყმული,
ხალხი, რომელსაც ვხვდები,
გამვლელები ადრეული ბავშვობის, ან უბნის, ან იმ ქალაქის სადაც ვცხოვრობ, ან ეროვნების,
უახლესი აღმოჩენები, გამოგონებები, საზოგადოებები, ძველი და ახალი მწერლები,
ჩემი სადილი, ტანსაცმელი, ახლობლები, კომპლიმენტები, თვალთახედვა, – მოვალეობანი,
რეალური და უსაფუძვლო გულგრილობა, ჩემდამი მამაკაცის ან ქალის, რომელიც მიყვარს,
ვინმე ჩემიანის ავად ყოფნა, ან სულაც ჩემი ავადმყოფობა, დაუდევრობა, ფულის დაკარგვა ან არ ქონა, დეპრესია ან აღტაცება,
ბრძნოლები, საშინელი ძმათამკვლელი ომები, საეჭვო ცნობების მთელი დასტა, შემაძრწუნებელი მოვლენები.
ყოველივე ეს შემოდი ჩემში დღისით და ღამით და გადის ჩემგან,
მაგრამ ისინი „მე’’ არა ვარ.

ამ ამაო ფუსფუსის მიღმა დგას იგი, რაც ვარ „მე“,
დგას იგი მუდამ უზრუნველი, კმაყოფილი, თანამგრძნობი, ზეიმური, ერთიანი,
დგას და დაჰყურებს გამართული, ანდა იდაყვში მოხრილი ხელით რაღაც უხილავ საყრდენს ეყრდნობა,
დაჰყურებს ოდნავ ირიბი მზერით, აინტერესებს რა მოხდება შემდეგ,
ის ამ თამაშში თამაშობს და არც თამაშობს, თვალს ადევნებს და აღტაცებულია.

მე წარსულის იმ დღეებისკენ ვიხედები, როდესაც ათასი ჯურის მოკამათე და ლინგვისტი მიწყობდა დაკითხვას,
მე არავის არ დავცინი, არაფერს ვამტკიცებ, მე ვმოწმობ და ველი.

 

5

მე მჯერა შენი, სულო ჩემო, რომ მეორე „მე“-მ  არ უნდა დაიმდაბლოს თავი შენთან
და არც შენ მის წინაშე.

გაიშოტე ჩემთან ერთად მდელოზე, გაითავისუფლე ყელი სარქველისგან,
არც სიტყვები, არც მუსიკა, არც რიტმები და არც ლექციები, თუნდაც ყველაზე საუკეთესო, მე არ მინდა.
მხოლოდ ჩემი საყვარელი ივანანა, მხოლოდ შენი ხორხისმიერი ღიღინი.
მე მახსოვს როგორ ვიწექით ერთად ზაფხულის იმ დგამჭვირვალე დილით,
როგორ ჩამიდე თავი ჩემს ბარძაყზე, შემოტრიალდი ჩემსკენ ნაზად და ჩამიხსენი
მკერდზე საკინძე და ჩამასე გულში ენა ისე ღრმად, რომ ჩაწვდი წვერებამდე, ისე ღრმად, რომ ტერფებამდე ჩამწვდი.

იმ წამსვე, ჩემს ირგვლივ მიწიერი გონებისთვის მიუწვდომელმა სიმშვიდემ და სიმბრძნემ დაისადგურა.
და მე ვიცი, რომ ხელი ღვთისა აღთქმაა ჩემი,
და მე ვიცი, რომ სული ღვთისა ძმაა ჩემი,
რომ ასევე ძმაა ჩემი ქვეყნად ყოველი მამაკაცი, და ყველა ქალი ჩემი დაა, და საყვარელი.
რომ არსებობის საფუძველი სიყვარულია,
რომ ვერავინ დათვლის მინდვრად ფოთლებს მჭკნარსა და ქორფას,
ან წაბლისფერ ჭიანჭველებს, მათ ქვეშ, ციდა მაღაროებში,
ან ლიქენდს ხავსიან ღობეებზე, ან ქვებს რიყეზე, ან ანწლის ბუჩქებს, ან გულსოსანას, ან ზარმაცების საყვარელ ბალახს.

 

 

უოლტ უიტმენის სხვა თარგმანი