xxx
მე ყვავილებს არ მჩუქნიან
ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება,
ზოგს ალერგია ჰქონდა,
ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია.
ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს,
მაგრამ საბოლოოდ მე მიწევდა ყიდვა,
იმ ქალისგან რომელიც ყველაზე იაფად ყიდდა
ყველაზე ლამაზ, სურნელოვან ყვავილებს.
წელს არცერთი ყვავილი მიყიდია,
არც ის ქალი მინახავს,
არც ლარნაკი გამიმზადებია.
წელს ყველაფერი სხვანაირადაა,
წელს ჩემი სული არ ყვავილობს.
xxx
ჩემი ვენა საცერს გავს,
იმდენი სისხლი ავიღე
ნეტა ძარღვებში რაღა დაქრის.
ჩემი სისხლით უნდა დაგხატო,
ჩემი ტკივილი უნდა ჩავდო შენში,
შენს ლამაზ ნაკვთებში,
შენ ხომ ისედაც ჩემს ტანჯვაზე ცხოვრობ,
ნამსხვრევებს ისე აბიჯებ
თითქოს ერთ დროს არ გიყვარდი,
თითქოს შენ არ დამამსხვრიე.
ნახატს ჩარჩოში ჩავსვამ,
ბოქლომს დავადებ
და სამუდამოდ შევინახავ,
შევინახავ სასტიკი ადამიანების სახსოვრად,
შენს სახსოვრად.
***
აი რა დამიტოვე –
ტკივილი და სიგარეტი.
ისე დავიშალე, თავიდან ვარ გამოსაძერწი,
ჩემი ღმერთი კი მოკვდა,
ვეღარ ამაწყობს.
გიყურებ და სხვა ხარ –
ის არა ვინც მე მიყვარდა.
გამოგიგონე?
ღრმად ვუშვებ თამბაქოს ფილტვებში
და თავს ვეკითხები –
გამოგიგონე?
***
ვღეჭავ მწარე სიმართლეს,
ამ აყროლებულ ლეშს
და ვყლაპავ,
ასეა საჭირო,
სხვანაირად ვერ გადავრჩები.
მძულხარ და შენი სიძულვილის გემოსაც ვიგებ,
რთული საჭმელია სიყვარულის შემდეგ.
მე გადავრჩები,
მე გადავრჩები
ვუმეორებ თავს
და ვფიქრობ –
შენ რა გადაგარჩენს?
კომენტარის დატოვება