თარგმნა: ნორიკ ბადოიანი
***
ტომრიდან
იატაკზე დაიყარა საგნები.
და მე მგონია,
რომ სამყარო
მხოლოდ დამცინავი ღიმია,
რომ ბჟუტავს
ჩამომხრჩვალის ბაგეზე.
1908
***
მე არ ვიცი, დედამიწა ბრუნავს თუ არა –
გააჩნია, როგორ ჩაისმევა სიტრიქონში სიტყვა.
მე არ ვიცი, ჩემი ბებია და ბაბუა იყვნენ თუ არა
მაიმუნები, რადგან არ ვიცი, მსურს თუ არა ტკბილი ან მჟავე.
მაგრამ მე ვიცი, რომ მინდა ვდუღდე და მინდა, რომ მზეს
და ჩემი ხელის ძარღვს საერთო ჟრჟოლა აერთიანებდეს.
მაგრამ მე მინდა, რომ ვარსკვლავის სხივი ჩემი თვალის სხივს ჰკოცნიდეს,
როგორც ირმები ჰკოცნიან ერთურთს (ო, მათი მშვენიერი თვალები!).
მაგრამ მე მინდა, რომ, როდესაც ვთრთი, ამავე თრთოლამ აიტანოს სამყარო.
და მე მინდა, მწამდეს, რომ არის რაღაც, რაც რჩება,
როდესაც სატრფოს ნაწნავს შეცვლი, სიტყვაზე, დროით.
მე მსურს ფრჩხილებს გარეთ გავიტანო საერთო მამრავლი,
რომელიც გვაკავშირებს მე, მზეს, ცასა და მარგალიტების მტვერს.
<1909>
***
მე გადავცურე სუდაკის ყურე.
დავიჯილავე ველური ულაყი.
მე დავიძახე:
მორჩა რუსეთი, აღარ არსებობს აწი ის.
პოლონეთივით დაყვეს და დაინაწილეს.
და ადამიანები დაიზაფრნენ.
მე ვთქვი, რომ გული თანამედროვე რუსისა მღამიობივით არის გაკიდული.
და ადამიანებმა შეინანიეს.
მე ვთქვი:
ო, გაიცინეთ, მომცინარნო!
ო, ჩაიცინეთ, მომცინარნო!
მე ვთქვი: ძირს ჰაბსბურგები! აღვირი ჰოჰენცოლერნებს!
მე ვწერდი არწივის ბუმბულით. აბრეშუმივით რბილი და ოქროცურვილი,
ის დიდრონ კალმის გულს გარს ევლებოდა.
მე მშვენიერი ტბის პირას ვვიდოდი ქალამნებით და ცისფერი პერანგით. და თვითონაც მშვენიერი ვიყავ.
მე მქონდა ძველებური სპილენძის კისტენი, მრგვალი ბირთვებით.
მე მქონდა საყვირი – ორი ღეროსა და მოხერხილი რქისგან გაკეთებული.
მე გადამიღეს სურათი თავის ქალით ხელში.
პეტროვსკში ვნახე ზღვის გველები.
ურალში, კასპიის ზღვიდან კარის ზღვაში გადავიტანე წყალი.
მე ვთქვი: მარადია მაღალი ყაზბეგის თოვლი, მაგრამ შემოდგომის ურალის ცინცხალი ფარჩა მირჩევნია ყველაფერს.
გრებენის მთებში ვპოულობდი სკაროსის კბილებს და ფარაონთა ეტლის ბორბლისხელა ვერცხლის ნიჟარებს.
1909 წლის ბოლო – 1910 წლის დასაწყისი
***
სპილოები ისე იბრძოდნენ ეშვებით,
გეგონებოდა, თეთრი ქვაა მოქანდაკის ხელში!
ირმები ისე იხლართებოდნენ რქებით, გეგონებოდა,
აერთიანებთ ძველებური ქორწინება,
ურთიერთმიზიდულობითა და ურთიერთღალატით.
მდინარეები ისე ჩაედინებოდა ზღვაში,
გეგონებოდა: ერთიმეორისთვის ყელში ჩაუვლიათ ხელი.
<1910-1911>
***
ბევრი არა მინდა რა!
პურის ყუა ოდენ
და რძე ერთი ყლუპი.
ამ ცას ვუცქეროდე
და ამ ფთილებს ღრუბლის!
<1912,1922>
***
დღეს კვლავაც ავდგები და გავალ გარეთ,
სად სიცოცხლეა, ბაზარი, ვაჭრობა.
ჩემი სიმღერების დავრაზმავ ჯარებს
და დავძრავ ბაზრის მორევთან ლაშქრობად.
1914
***
წელიწადები, კაცნი, ერები
სამუდამოდ განივლტიან,
ისე როგორც წყალნი დიან.
დრეკად სარკეში ქვეყნიერების
ჩვენ ვართ თევზები, ვარსკვლავნი – ბადე,
ღმერთნი – ლანდები, ბნელი რომ ბადებს.
<1916>
***
ო, ნეტავ აზია მიშრობდეს სახეს თავისი თმებით –
ოქროცურვილი და მშრალი ტილოთი,
როდესაც მყინავ ნაკადულში განვიბანები.
აწ მე, მოკრძალებული მწყემსი,
რაინს, განგსა და ხუანხეს ვწნავ ერთ ნაწნავად.
და გვერდით მიდევს საყვირი – ძროხის
მოხერხილი რქა და ნასვრეტიანი ხმიერი ღერო.
<1916>
***
უზენაესი კვერთხი ხელთ აღიპყრო ხალხმა.
და ვით ხელმწიფე, მიაბიჯებს ქუჩებში რიხით.
ოდესღაც ნაოცნებარს ჯანყით იხდენს ახლა.
სასახლე, დაჭრილ კეისრის დარად, მოიგრიხა.
ფართოდ შებურვილი მოსასხამით მეფის,
მე გრძელ საფეხურებზე ვენარცხები თანისთან,
ხოლო მძლავრი ყიჟინის – „თავზე არვის დავისვამთ!” –
ვლადივასტოკშიაც ზრიალებდა ხმები.
ო, ეს ლაღი ჰანგები კვლავ ჩემამდე აღწევს!
დენთის სიმღერებისგან ხალხს მოედო ალი, –
მატარებელს, რომელშიც უარი ვთქვი ტახტზე,
კერპად თავისუფლების გადაადნობს მალე.
ფრთებიანი სული, ტაძრის ქიმს რომ აზის,
მწუხრში მზერით ირიბით აჩერდება ტყვიამფრქვევთ,
მაგრამ შენ, სამარცხვინო დამარცხების ბრაზო,
ის ქურუმი ქალი ხარ, ასმანაკთ რომ მიარღვევს.
რა ჩავიდინე? ალმოდებულ ბაირაღებთან
ხალხის სისხლის მრუმე სტვენიები დავყარე.
და ოქრომკედით კნინობით სახელთა,
როგორც გირეი, ვმოსავდი საყვარელს.
ეს წყეული დღენი! საზარი ტანჯვა–ვაება!
აქ კი – ო, ჟანგი და ობი მომელის! –
მე ყოველ ზუბუნში დანტონის ვხედავ ზმანებას,
ყოველ ხის უკან დგას ლანდი კრომველის.
1917, 10 მარტი
***
თავისუფლება დედიშობილა
მოდის და გულზე ყვავილებს გვაყრის.
და ჩვენც მივყვებით ფეხშეწყობილად,
ზეცის წინაშე ქედს აღარ დავხრით.
ჩვენ, მეომრები, მამაცად ჩავცემთ
ჩვენი ხელებით ულმობელ ფარებს:
დე, ხალხი იყოს ხელმწიფედ აწი,
აქაც და იქაც, მუდამ და მარად!
დაე, გმირებზე ძველთაძველ ომის
ასულნი სარკმელთან რომ იმღერიან,
ადიდონ ხალხიც – მზის ქვეშევრდომი,
ხალხი, უბატონო ამიერიდან.
1917, 12 აპრილი
თავისუფლება ყველას
გრიგალით უკვდავით და ერთიანით
იქითკენ გასწიეთ – გაჰყევით ქალღმერთს.
ადამიანები გედისფრთიანნი
მიეზიდებიან ალისფერ ალმებს.
მგზნებარეა თავისუფლების მზერა.
ყინვაა ცეცხლი, მას თუკი შევადრით.
ძირს ყრია ხატები – რა მოხდა მერე?!
ახლებს დახატავს შიმშილი ხელადვე.
ცეცხლოვან ჰანგებს მივაშუროთ ერთად.
წინ! – გავყვეთ ნატერფალს თავისუფლების!
თუ დავიხოცებით, აღვდგებით მკვდრეთით,
ყველა გაცოცხლდება მაშინ უკლებლივ.
ვიძრათ, საკვირველ მგზავრობად ხმობილნი,
ვუსმინოთ გუგუნს ნაბიჯების ხმათა.
და თუ ღმერთებიც არიან პყრობილნი,
ხუნდებს ავყრით მათაც.
1918
„მე გადავცურე სუდაკის ყურე“
ლექსი შეიცავს ავტობიოგრაფიულ მომენტებსა და თვითციტირებას.
მორჩა რუსეთი… – ნაწყვეტი ხლებნიკოვის სატირული პოემიდან.
ო, გაიცინეთ, მომცინარნო… – ხლებნიკოვის გახმაურებული ექსპერიმენტული ლექსიდან „შელოცვა სიცილით“, რომელიც ერთი სიტყვის (смех – სიცილი) ფესვის საფუძველზე წარმოქმნილი სიტყვებით არის დაწერილი.
ძირს ჰაბსბურგები!… – ავტოციტატა ტექსტიდან „მიმართვა სლავებს“ (1908).
კისტენი – იარაღი, რომელიც ტარის, ჭაჯვისა და მასზე მიმაგრებული ბირთვისგან შედგებოდა.
პეტროვსკი – ახლანდელი დაღესტნის დედაქალაქი მახაჩყალა. ხლებნიკოვი 1903 წელს დაღესტანში გეოლოგიურ ექსპედიციაში იმყოფებოდა.
გრებენის მთები – მთაგორიანი ადგილები თერგის აუზში (დაღესტნისა და ჩეჩნეთის საზღვარზე), სადაც გრებენელი კაზაკები იყვნენ დასახლებულნი.
„უზენაესი კვერთხი ხელთ აღიპყრო ხალხმა”
ლექსი დაიწერა თებერვლის რევოლუციის შემდეგ და წარმოადგენს დამხობილი მეფის შინაგან მონოლოგს. ხლებნიკოვი რევოლუციას “სამყაროს გაველიმირებისკენ” გადადგმულ ნაბიჯს უწოდებდა, რადგან 1912 წელს დიალოგური ფორმით დაწერილ ტექსტში “მასწავლებელი და მოსწავლე” იწინასწარმეტყველა 1917 წელს რომანოვების დინასტიის დამხობა. მოგვიანებით, დროებითი მთავრობისადმი, რომელმაც გააგრძელა „მსოფლიო სასაკლაოში“ მონაწილეობა, ხლებნიკოვი უარყოფითად განეწყო და აღტაცებით შეხვდა ოქტომბრის რევოლუციას.
მატარებელს, რომელშიც უარი ვთქვი ტახტზე… – ნიკოლოზ მეორემ 1917 წლის 2 მარტს, ფსკოვთან მდგარ მატარებელში უარყო ტახტი.
ფრთებიანი სული, ტაძრის ქიმს რომ აზის – ანგელოზის ფიგურა სანქტ–პეტერბურგის პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძრის შპილზე.
ის ქურუმი ქალი ხარ, ასმანაკთ რომ მიარღვევს… – ხლებნიკოვის თხზულებათა 6-ტომეულის. კომენტატორების აზრით, შესაძლოა, ეს სახე უკავშირდებოდეს მითს არტემიდეს ტაძრის ქურუმად ქცეულ იფიგენიაზე. “იფიგენიას, რომელიც თავად სისხლიანი რიტუალის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო, როგორც ქურუმს, უცხოელების მსხვერპლად შეწირვა უწევდა. იფიგენიას ხელით კინაღამ დაიღუპა მისი ძმა, ორესტე. გოეთეს ტრაგედიაში „იფიგენია თავრიდში“ სკვითიის მეფის თოასის ტყვეობაში მყოფი ქურუმი არა მხოლოდ თვითონ გათავისუფლდება, არამედ ხელსაც შეუწყობს ბარბაროსებში ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის რიტუალის აღმოფხვრას“ (Хлебников. В. Соб. соч. в 6-ти томах, т. 2, с. 497).
ხალხის სისხლის მრუმე სტვენიები დავყარე… – იგულისხმება 1905 წლის 9 იანვრის მასობრივი დემონსტრაციის დახვრეტა.
როგორც გირეი, ვმოსავდი საყვარელს… – გირეი – ყირიმის ხანთა დინასტია. ალუზია პუშკინის “ბახჩისარაის შადრევანზე”. საყვარელი – სავარაუდოდ, რუსი ბალერინა მარია ქშესინსკაია, ნიკოლოზ მეორის ხარჭა.
დანტონი ჟორჟ ჟაკ (1759 – 1794) – საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის მოღვაწე, მისი რადიკალური ფრთის, მონტანიარების წარმომადგენილი, ლუდოვიკო XVI-ის სიკვდილით დასჯის აქტიური მომხრე.
კრომველი ოლივერ (1599-1658) – ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის ლიდერი, ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯის მთავარი ორგანიზატორი.
„თავისუფლება დედიშობილა“
ჩვენ, მეომრები, მამაცად ჩავცემთ… – ძველ რომში მეომრები ახალი იმპერატორის არჩევას ფარებზე ბრაგუნით აღნიშნავდნენ.
ხალხი – მზის ქვეშევრდომი… 1918 წელს დაწერილ შენიშვნაში, რომელზეც 6-ტომეულის კომენტატორები მიუთითებენ, ხლებნიკოვი წერს: „ძალაუფლების უმაღლეს მატარებლად სლავებს მზე მიაჩნდათ“ (Харджиев Н. И. Статьи об авнгарде. Т. 2. 1997, с. 283). გარდა ამისა, „მზის ქვეშევრდომი“ ხალხის სახეში, შეიძლება, დავინახოთ ალუზია იტალიელი ფილოსოფოსის ტომაზო კამპანელას უტოპიურ წიგნზე „მზის ქალაქი“.
„თავისუფლება ყველას“
და თუ ღმერთებიც არიან პყრობილნი… – იგულისხმება პრომეთე.
