კაზიმირ მალევიჩი – ლექსები

თარგმნა ვალო ჩაჩუამ

 

***

რატომ აღიმართება ჩემი აკლდამის შუაგულიდან

ალი სიკეთის და ალი ალერსის

ყველასაკენ მიისწრაფვის, და გაუწოდებს

ხელსა და ტოტებს თვალუწვდენელი უფსკრულისაკენ

რატომ გაურბის ყოველივე სიმაგრეებს

და ამავდროულად ფესვებით ძლიერად

ეჭიდება მიწას, შენ რომ გარბოდე

ვერ გაბედავდი, ან შენი გაშვება

არაფერს სურს.

რატომ ვარ სიკეთით მოსილი, მაშინ

როდესაც არსი ჩემი ბოროტებაა.

რატომ ესწრაფვის ყველა შენგან გამომავალი

მხოლოდ მკვლელობას

თუ ეს შენი ბრძნული კანონია,

მაშინ ორივე შემთხვევაში

ყვავილთა საფარით შემოსვა ძალგიძს

მაშ ბრძენი ხარ და ბოროტი

იცავ მას, გეცოდება, მაშ შენში

იგივე სიკეთეა, რაც ჩემში

მეც ხომ შენგან ვარ ყველაფრის მსგავსად

შენ ხომ გვამებისაგან შემქმენი

ჩემ გამო მოკალი მათი სხეულები.

მე მკვლელობათა რიგი მიძღვის წინ

თუმცა როგორ მოვიპოვო ის

რაც მეკუთვნის, როგორ განვიბანო

ნაქურდალისგან. მეც ხომ ნაწილი ვარ

ნაქურდალისა.

სიკეთე და ბოროტება ორი ნახევარია

ჩემი, შენც მხოლოდ მათგან შედგები

და რატომ არის ჩემში მარადიული უთანხმოება

და დაუღალავი ბრძოლა, როდისღა გამოვლინდება

გამარჯვებული, ან რამ უნდა გაიმარჯვოს

ვის ეკუთვნის ყოფიერების გვირგვინი

მე კი მკვლელობათა რიგი მიძღვის წინ

მოკლულთა ხარჯზე აღმაშენე მე.

მაგრამ მე ვიწყებ ამბოხს, და მსურს საკუთარ თავს

სუფთა სახით წარვუდგე და საბოლოოდ

როცა განვიწმინდები, მაშინ მოვკლავ ბოროტებას.

მე არად ვაგდებ ბილიკებს

ჩემს მიერ გათელილს, მე არარა ვიქნები

და არ მექნება მუცელი და არც

კბილები.

შენ არაფერს გავნებ ჩემო ძმაო,

რამეთუ ერთნაირად გავრბივართ, მაგრამ

რატომ გაქვს ფესვები ასე ღრმად გადგმული.

თითები მოიჭერი და მიატოვე

არაფერი გაქვს რომ ჩაეჭიდო.

 

* * *

ჩემში საწყისი რომ ვერ ვიპოვნე, წამოვიძახე:

და შემქმნა მე ღმერთმა ხატად და მსგავსად

თვისსა, და ამრიგად მე მაქვს წარმოდგენა

ღმერთის შესახე, სახეს მისას და სახეს ჩემსას

გააჩნიათ იგივეობა.

თუმცა ჩემი შექმნიდან პირველ საუკუნეებში

მე დავკარგე ჩემი სახის მრავალი ნაწილი და მომავალ

საუკუნეებშიც სრულად დავკარგავ მსგავსებას პირველყოფილ

საწყისთან. გავიბნევი მრავალში, და

აღმოცენდება მრავალი. ასე დაიკარგება

სახე-ხატი ჩემი და წარმოდგენა ღმერთზე.

 

#

ამგვარად ვმსჯელობ საკუთარ თავზე და განვადიდებ

საკუთარ თავს ღვთაებაში, ვამბობ რა, რომ ყოველი

ვარ მე და ჩემ გარდა არაფერია, რასაც არ უნდა ვხედავდე

ვხედავ საკუთარ თავს, ამგვარად მრავალმხრივი

და მრავალფეროვანია ჩემი არსება.

 

#

უდაბნოში ჩაისახა პირველსაწყისი ჩემი

სახების. თუმცა მე გავცოცხლდი შესაქმის

მეექვსე დღეს. რთული იყო სახე ჩემი,

რამეთუ მანამდე, ვიდრე სრულყოფილებაში აღვდგებოდი,

მრავალი ფორმა გამოვცადე, ასე რომ

ვხედავ – მე ვარ.

 

#

ყოველივე მე მემსახურებოდა, თუმცა მე

არ ვემსახურები ყველაფერს, არაფერი მემსახურება მე

რამეთუ მე საკუთარ თავს ვემსახურები.

ყოველი ცოცხალი ჩემგანაა, და ყველაფერი ცოცხლობს

ჩემით, და მე ვცოცხლობ ყველაფრით.

მაგრამ ჩემს სხეულში მე გამოვყავი

ჩემი ცნობიერება ხის, ჩიტის

და მწერებისაგან. და ჩვენ შევიქენით განსხვავებულნი

და სხვაგვარად ვხედავთ სამყაროს

და მე არ ძალმიძს მათში შევიჭრა

და შევხედო მათ სამყაროს. ვერ მივადევნე თვალი

ჩემს გამრავლებას, ჩავიკარგე ვარაუდებში

ახალ სამყაროს ვაგებ მიწის

ფერფლისგან.

ამგვარად ვცვლი

ახალი სამყაროს პირველყოფილ სამოთხეს

და მეექვსე დღეს შევქმნი საკუთარ თავს

ღმერთის ხატად

 

#

არ არის ღმერთში სრულყოფილება, რამეთუ

მეექვსე დღეს ვასრულებ ახალ

საკუთარ გზას ბეჭედში

ახლა პირველი დღეა რაც შეიქმნა

ახალი განზომილება, საფუძველი ჩემი

პირველსახისა, რომელიც ახალ ყოფიერებაში

გარდაისახა.

თუმცა ვერავინ ამჩნევს და არავის

ეხუთება სული. და ყველა გვერდს უვლის.

ცოცხალი სული კი ცეცხლს დაატარებს

შორს და შორს, ყველა ხედავს

მზეს და ვარსკვლავებს, უკვე მკვდრებს

რამეთუ ახალ გარდასახვაში მათ

დაკარგეს საჭიროება. ახალ სასწაულს არ ჭირდება

არც მზე, არც ვარსკვლავები. ჩაქრა

სამოთხე.

იშვის თვალი ახალი საწყისის.

შეშა მოიტანეს

აიღეს ხერხები ნაჯახები თოკები, და წავიდნენ საომრად.

ტყისკენ. შევიდნენ შემოსილნი სარტყელშემოჭერილნი,

და სარტყლები შემოიხსნეს და გაშიშვლდნენ, ტყის სხეული გაზომეს.

ბებერი ხეები მონიშნეს

და ხმის ამოუღებლად, ხალხი ხესთან მიდიოდა და ფესვებამდე

ხერხავდა. ხმის ამოუღებლად გადაიტანა ხემ

ტკივილი, და უცქერდა ცისფერ სივრცეს.

ტოტებისა და ფესვების იმედი ჰქონდა.

ის ფიქრობდა, რომ არავინ ამოთხრიდა მიწიდან.

და სტიქიურ გრიგალს წინ აღუდგებოდნენ ტოტები,

და დაიცავდნენ მის ტანს.

ამის გამო ყოველწლიურად შობდა სულ ახალ

და ახალ ტოტებს.

ელოდა გრიგალს, ამიტომაც უფრო ღრმად გაიდგა ფესვები

და უცებ შეუმჩნევლად, მშვიდ მზიან დღეს,

მოვიდა ადამიანი, საშინელი ხერხით, და მოხერხა

ხე. თოკი შემოარტყა და უზარმაზარი სხეული

საკუთარ ფეხებთან დაიგდო.

ასე დამარცხდა ხე ცბიერ ადამიანთან და საკუთარი სხეულის

დასაცავად დააპო, ცეცხლი მოიპოვა ხოლო ფერფლი

ბოსტნეულისთვის გამოიყენა.

ხე კარზე კაკუნმა მომაგონა

„შეშა მოიტანეს“.

გავიდნენ, სხეულის ნაჭრებს დახედეს.

ავიღე ცული და ამ ნაჭრებს ვჩეხდი, ნაჭრები ჯერ კიდევ იბრძოდნენ

საკუთარი სხეული მყარად ეჭირათ არც ერთი ნაჭრის დათმობა არ სურდათ უბრძოლველად.

მაგრამ ჩემი ხელები უფრო და უფრო იმორჩილებდნენ

რკინა-ცულს და შეშა ნაფოტებად დაიშალა.

ასე რომ, მოპოვებული გამარჯვებით ამაყმა შევაბიჯე

შეშით გამთბარ სახლში.

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

  • არსენი ტარკოვსკი – ლექსები

    თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ.…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *