გოგა გუგავა – ვოლიერის კარი დარჩა ღია

გოგა გუგავა – ვოლიერის კარი დარჩა ღია

 

და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,

არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

ამინ!

სანდრომ ლოცვა დაასრულა, ჩაი დაისხა და პურზე კარაქის წასმას შეუდგა. რამდენჯერმე სცადა მხოლოდ პურსა და კარაქზე ეფიქრა, თუმცა არ გამოუვიდა. მისი ფიქრები ისევ წავიდა იმ ბნელ ღამეში, რომელშიც მისი ბავშვობის მეგობარი, თემო, დააკავეს. უკვე ერთი წელია რაც დედისერთა სანდრო მარტო ცხოვრობს მარჯანიშვილზე ერთოთახიან პატარა ბინაში. დედამისმა სანდროს მოთხოვნით ნელ-ნელა შეამცირა საჭმლის რაოდენობა, რომელსაც ყოველ კვირა უგზავნის ახალ ბინაში, თუმცა მიუხედავად ამისა ორმოცდაათლარიანს მაინც ჯიუტად დებს საჭმლის კალათაში, ხელსახოცების ქვემოთ. სანდრო ამბობს, რომ ფული არ სჭირდება, ამიტომ კალათაში ნაპოვნ ფულს ხან უკან უგზავნის დედ-მამას, ხან კი ეზოს კატებისთვის ყიდულობს საჭმელს. თუმცა ფაქტი ერთია, სანდროს ბინის ქირაზე მუდამ ფული აკლდება.

ცალკე გადასვლას დიდი ხანი გეგმავდა, მაგრამ მამამისი, ლადო, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მიაჩნდა, რომ სანდროს ცოლი უნდა მოეყვანა და მშობლებთან ერთად ეცხოვრა. მათი პატარა, ხელის გულზე გაზრდილი ბიჭი, აგერ უკვე 30 წლის გამხდარიყო, თუმცა მაინც სანდრუკად რჩებოდა მშობლებისთვის. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას შარშან ისე იჩხუბა ლადოსთან, რომ სახლში აღარ დაედგომებოდა, ამიტომ რამდენიმე კვირით თემოსთან გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ მოუწყობელი, ნესტიანი ბინა იშოვა ძალიან იაფად და იქ გადაბარგდა. დედამისმა პირველად რომ მიაკითხა სანდროს ახალ ბინაში, პანიკურ შეტევას ძლივს გადაურჩა. გასაშლელი საწოლი, მაცივარი და ორი სკამი ერთ პატარა ოთახში იდგა. ამავე ოთახის ერთ კედელზე უღიმღამო ნახატი ეკიდა, მეორეზე კი – გაჩერებული საათი. სამზარეულოს კიდევ არა უშავდა, შედარებით სუფთა და ნათელი ჩანდა, მაგრამ კუთხეში მდგარ გაზქურაზე მხოლოდ ერთი ქურა მუშაობდა, რომელიც ღმერთმა უწყის, როდის დაიღლებოდა და ჩაქრებოდა.

შემოდგომის პირზე სანდროს მეგობარი, თემო, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს. ლიდერის უნარებით გამორჩეული თემო აქციების პერიოდში პატარ-პატარა დაჯგუფებებთან ერთად ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ანეიტრალებდა. მისი სახე კამერებში ამოიცნეს, სახლში მიაკითხეს და ყველასგან ფარულად განყოფილებაში წაიყვანეს. სანდროსთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა ბავშვობის მეგობრის დაჭერა. საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ თემოს გვერდით არ იდგა და მასავით წინა ხაზზე არ იბრძოდა. ამის ნაცვლად ბუნებით პაციფისტისთვისაც, წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება სიტყვიერ კამათს გასცდენოდა. მთელი კვირა მშობლიური თეატრალურის წინ იდგა და სხვა მეგობრებთან ერთად აქციის მონაწილეებს ნამცხვრებსა და ცხელ სასმელებს ურიგებდა.

შემოდგომის ერთ საღამოს, როცა აქციაზე ხალხის რაოდენობამ იკლო, სანდრომ და მისმა მეგობრებმა სახლში წასვლა გადაწყვიტეს. სანამ ოპერასთან მივიდოდნენ ყვირილის ხმა შემოესმათ. აქციაზე დარჩენილი ხალხის ჯგუფი ოპერიდან პარლამენტისკენ გამორბოდა. ამ ხალხს კი უკან შავებში ჩაცმული ასამდე ნიღბოსანი ადამიანი მოსდევდა. სანდრო მეგობრებთან ერთად ინსტინქტურად თეატრისკენ გაიქცა. თითქოს, სახლში მირბოდა, როგორც ბავშვობაში, დაჭერობანას თამაშისას. თეატრის კართან მისი ერთი მეგობარი დაიჭირეს, სანდრო დასახმარებლად მივიდა, თუმცა თავში ბლაგვი საგანი მოხვდა და იქვე გაითიშა.

რამდენიმე საათში გონს რომ მოვიდა, საშინელი თავის ტკივილი იგრძნო. ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა, რადგან მის გარშემო სრული წყვდიადი იდგა. ახალგახელილი თვალები სიბნელეს რომ შეეჩვია, სამი ადამიანის სილუეტი გამოიკვეთა. ორი მათგანი ძირს ეგდო, ერთი კი მუხლებზე იდგა. სანდრო წამოიწია და სისველე იგრძნო. ბლანტი სითხე საიდანღაც ჟონავდა, თუმცა მისი წყარო არ ჩანდა. უეცრად კარი გაიღო და სანდროსთვის ცხადი გახდა, რომ სამ ადამიანთან ერთად ფურგონის საბარგულში იყო. გარედან ნიღბოსნებმა შემოყვეს თავი და დაინახეს, რომ სანდრო და კიდევ ერთი დაკავებული მუხლებზე იდგნენ. სიცილი აუტყდათ. ერთმა ნიღბოსანმა მეორეს გადაულაპარაკა:

– ნახე, ეს დედა მოტყნულები კიდე ფეხზე დგანან. ესე იგი პირველ რაუნდში ვერ გავთიშეთ.

– რას გათიშავდი, შეჩემა, თავისუფლებაზე რომ ლარიანი ბოქსის აპარატი დგას იქ 800 ქულასაც ვერ აგროვებ.

– ხელი მტკივა გუშინდელს მერე, მარა მეორე რაუნდში ამათ მაინც გავთიშავ.

ამის თქმა იყო და ერთ-ერთი ნიღბოსანი მანქანაში შევიდა, კარი მიიხურა და მუხლებზე მდგარ ბიჭებს იქამდე ურტყა, სანამ ტკივილისგან ორივე არ გათიშა.

შემდეგი გამოღვიძებისას სანდროს სახე უკვე დასიებული ჰქონდა. გონება რომ დაუბრუნდა, იმაზე დაფიქრდა, რას იტყოდა თემო ამ ამბავს რომ გაიგებდა. თითქოს დანაშაულის გრძნობა მოეხსნა და ახლა მეგობრისთვის თვალებში ჩახედვა თამამად შეეძლო. ნიღბოსნების მიმართ აგრესია არ გასჩენია, პირიქით, სიამოვნებით იღებდა იმ დარტყმებს, რომლებიც ღირსებას მატებდნენ.

სანდრო საკანში შვიდ ადამიანთან ერთად მოათავსეს. აქედან ორი სულ პატარა ბიჭი იყო, ალბათ, 19-20 წლისები, ერთი სანდროს მამაზე ცოტა უფროსი, უკვე ჭაღარაშერეული მამაკაცი, დანარჩენები კი დაახლოებით სანდროს ასაკისანი იყვნენ. რამდენიმე საათში დაკავებულების გაყვანა და დაკითხვა დაიწყეს. როგორც გაირკვა, სათითაოდ ყველას აღიარებით ჩვენებაზე ხელის მოწერა მოსთხოვეს, თუმცა მათდა გასაკვირად, ყველასგან უარი მიიღეს. ამ პროცესში მთელი დღე გავიდა. ვერც ერთ დაკავებულს რომ ვერაფერი შეასმინეს, შუა ღამეს ათკაციანი ჯგუფი შეიყვანეს საკანში და სრული სასაკლაო მოაწყვეს. გამეტებით ურტყამდნენ რვავე დაპატიმრებულს. მამისტოლა კაცს სახეში წიხლებს რომ ურტყამდნენ, სანდრო გადაეფარა და სცადა მისთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა. ამის შემყურე ნიღბოსნები უფრო აენთნენ, სანდრო გადმოატრიალეს და სახეში დაუწყეს ფურთხება. მთელი სახე ნერწყვით აევსო. ათიდან 4 კაცი მასზე გადმოერთო. ერთ-ერთი გამწარებული აგინებდა დედას და მარჯვენა თვალში გამეტებით ურტყამდა. სანამ შეეძლო, სანდრო თვალს არ ხუჭავდა. მარცხენა თვალით იქამდე უყურებდა ლურჯ თვალებში, სანამ გრძნობა არ დაკარგა.

ცოცხალ-მკვდარ სანდროს 2300-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და მესამე დღეს გაათავისუფლეს. გარეთ უამრავი მეგობარი, ნაცნობი და უცნობი დახვდა. ლადომ შვილისთვის ცალ თვალში ჩახედვა ვერ გაბედა, თავისი ფერმიხდილი ცოლი ეჭირა ხელით და უზარმაზარი ბურთი გაჩსხეროდა ყელში. სანდრო მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. მარჯვენა თვალსა და ცხვირზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, ამიტომ რამდენიმე დღით საავადმყოფოში მოუწია წოლა.

ერთი კვირის თავზე სანდრომ უკვე სიარული დაიწყო, შემდეგ კვირას კი თავს ძველებურად გრძნობდა, თუ არ ჩავთვლით მარჯვენა თვალს და შელახულ ღირსებას, რომლებიც ჯერ კიდევ აწუხებდა. ცალ თვალს ისედაც ვერ ახელდა, მაგრამ მეორის დახუჭვისთანავე ოთხი კაცი მის ცემას იწყებდა და ვიღაც ლურჯთვალებიანი მუტრუკი სახეში აფურთხებდა. სახლში მოსვლის დღიდან სანდროს თითქმის აღარ სძინებია. მარჯანიშვილზე ნაქირავები ბინის გასაღები მეპატრონეს ჩააბარა და დროებით ისევ მშობლებთან გადასახლდა. გასაღების მისაცემად გასულმა სანდრომ აღმაშენებელზე, გზის მეორე მხარეს თავისი თანასაკნელი ახალგაზრდა დალურჯებული ბიჭი დაინახა. ორივემ თვალი აარიდეს ერთმანეთს, სანდრომ ინსტინქტურად პირველივე ჩიხში შეუხვია. როდესაც უკან მოიხედა, ის ბიჭი ქუჩაზე აღარ იდგა.

პარასკევ დილით ნიღბოსანი სამართალდამცავების სურათები გავრცელდა, რომლებიც ხალხს უმოწყალოდ სცემდნენ აქციებზე. სანდროს ციებ-ცხელება დაეწყო და სახლში ბოლთის ცემას მოჰყვა. მერე პურზე ჩასვლა მოიმიზეზა და უბანში ჩავიდა. მაღაზიიდან უკან დაბრუნებულს კორპუსთან უბნელი ბიჭები შეხვდნენ. გაუხარდათ მისი დანახვა, გადაეხვივნენ, თემოს ამბავი ჰკითხეს, ხომ არაფერია სიახლეო და იქვე, “გარაჟში” დაპატიჟეს. სანდრო ისედაც ძლივს იდგა ფეხზე, ამიტომ ბიჭებს უარი უთხრა მიპატიჟებაზე და ისევ სახლში დაბრუნება დააპირა. მესამე სართულის კიბეებს რომ მიადგა, თავბრუ დაეხვა, “ფანტის” ბოთლი ხელიდან გაუვარდა და პურთან ერთად კიბეზე ჩამოჯდა. რამდენიმე წუთი ასე იჯდა. ამ დროს კარი გაიღო და იქიდან სანდროს ბიძის ახმახი მეგობარი, ჯუბა, გამოვიდა. კიბეზე მჯდარი სანდრო რომ დაინახა, გაუკვირდა.

– სანდრექს, აქ რას აკეთებ, ტო? – ძველბიჭური ტონით ჰკითხა ჯუბამ,

– მაღაზიაში ვიყავი და მეექვსემდე ვეღარ გავქაჩე ფეხით,

– შემოდი მერე ცოტა ხანი, აქ რას უზიხარ. ეს “ფანტა” შენია, აქ რო გდია?

– ხო, დამივარდა ეტყობა.

ჯუბამ “ფანტა” აიღო, სანდროს მიაწოდა და ორი წუთის წინ დაკეტილი ბინის კარი თავიდან გააღო. სანდრო რომ წამოდგა, უცებ თავისტკივილი იგრძნო და ჯუბას დაჟინებული მზერა მიაპყრო. რამდენიმე წამით ასე იდგა და ცალ თვალს არ აშორებდა. მერე თავად ჯუბამ შემოკრა მხარზე ხელი, შეაფხიზლა და ბინაში შეიპატიჟა. მისაღებში მდგარ მაგიდაზე სენდვიჩი, ნახევარლიტრიანი “პეპსი” და შოკოლადები ეწყო. ჯუბამ სათვალე მოიხსნა, თვალები მოიფშვნიტა და სამზარეულოსკენ წავიდა არყის გამოსატანად. სანდრომ მარცხენა თვალი დახუჭა, უცებ მის თავში კადრებად დატრიალდა თემოს სასამართლო, ღამის კოშმარი და ნიღბოსანთა დილით ნანახი სახეები, ამიტომ თვალი მაშინვე გაახილა. იქვე მდგარ კარადასთან ჯუბას ახალგაზრდობის სურათები შეამჩნია, რომელშიც ლურჯთვალება ჯუბა დედასთან ერთად ზოოპარკის კიბეებზე იდგა. სანდრო უცებ წამოხტა და სამზარეულოსკენ დაიძრა. რამდენიმე წუთში იგი უკვე სადარბაზოში იდგა, “ფანტის” ბოთლს ეფერებოდა და ჩუმად იმეორებდა:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

წმიდა იყავნ სახელი შენი,

მოვედინ სუფევა შენი,

იყავნ ნება შენი

 

ერთი კომენტარი: “გოგა გუგავა – ვოლიერის კარი დარჩა ღია”

  1. ნინო სულავა ავატარი
    ნინო სულავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *