ლარა შუკვანი – ლექსები

 

 

მარადისი ანუ სიზმარი

ყური დაუგდე ბუნების ხმებს –

ბუნების ჩურჩულს,

ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?!

ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?!

ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები –

ათასწლოვანი ეს ხეები სიღრმეებიდან

და მარადიულ იავნანებს მღერენ ქარები.

ქარები…

ქარებს არ სჭირდებათ ვარსკვლავთა ცვენა,

ვარსკვლავთა მტვერი –

ყველაფერი და არაფერი

(ხომ სულ ეს არის

მარადიული შეკითხვაც და პასუხის პოვნაც).

მაგრამ ტკივილი? სიყვარული? –

ეს სიზმარია.

მხოლოდ სიზმრები ამართლებენ ამ ქვეყნად მოსვლას…

 

ის ერთი წამია

როდესაც ელჭექით ბზარჩამდგარ ღრუბლებში

ელავს და ნათდება,

შენ რაც გახსენდება, ის ერთი წამია:

ჯერ კიდევ ბავშვივით უღრუბლო ფიქრებით

დგახარ და ჩაჰყმუი საკუთარ ბავშვობას,

რომ ნატვრის ხეების არ გწამს და, ამრიგად,

ყოველი ძარღვით თუ ნერვით თუ უჯრედით

გამოაქვს არსებას,

შენსავე არსებას

მტკიცე განაჩენი,

რომლის მონაწილეც ეს ერთი წამია –

ეს ცა და ელჭექი, ეს ნიავ-ქარები და ქარიშხალები,

რომლებიც ნიაღვრებს უსევენ შენს ფიქრებს.

 

და ღრუბლის ბზარებში ჩამდგარი ელჭექი

შენ რასაც გახსენებს, ის ერთი წამია…

 

სიყვარულს არ აცდის ადამიანი ადამიანს

სულის მოთქმას არ აცდის ადამიანი ადამიანს.

სიყვარულს არ აცდის.

მზე ამოვა და ქარი ღრუბლებს გადაიყრის –

სიყვარულს არ აცდის ადამიანი ადამიანს.

მზე წავა და მთვარეს ღილებს შემოაქსოვს –

სიყვარულს არ აცდის ადამიანი ადამიანს.

ჩიტი მარცვლებს სიმშვიდიდან ამოიკრეფს,

წუთი ბავშვის თვალებისთვის მოცდება და

ადამიანი? –

სიყვარულს არ აცდის ადამიანი ადამიანს.

თუ ღიმილი ტკივილეთში ჩაიძირება,

თუ ცრემლები გაიბნევა უთქმელობაში –

მაინც არ აცდის სიყვარულს

ადამიანი – ადამიანს.

მზე ახალ დღეს მოიმშობიარებს,

უბეშეხსნილ ბამბის ციდან მტრედი მოწყდება,

ჯავრი გამხმარ ტოტს მოამტვრევს დავიწყების ხეს,

ადამიანი? –

 

სიყვარულს არ აცდის ადამიანი ადამიანს.

 

* * *

ხანდახან არის ასეც:
აღარაფერი გაქვს სათქმელი.
თითქოს გულის თაღზე
თებერვლის ერთი მწუხრისპირი ჩამოგწოლოდეს
და ვერ სუნთქავდე.
აღარაფერი გაქვს სათქმელი
გარდა მძაფრი ტკივილისა –
ბავშვობაში ვერდაბრუნების.
აღარაფერი ემღერება შენს მზის ამოსვლას,
მზის ჩასვენებაც მხოლოდ შაშვის სიმძიმილია –
უსიტყვოდ მწარე, სევდის სიმზე ჩამოცვენილი.

და სიყვარულიც ისე გიწვავს
გულის სარქველს,
როგორც…
ბავშვობაში რომ მდუღარე რძე
სასას გიწვავდა.

და აღარ იცი,
რა რაზე უფრო მტკივნეული განსაცდელია:
შენ – გულწრფელობის
სენშეყრილი,
ფოთლის შრიალშიც ცარგვალს ეძებდე,
თუ ისინი –
სიყვარულის ვერშემძლენი,
ცარგვალს დღითიდღე ივიწყებდნენ.

ხანდახან (და – ხშირად) არის ასეც:
აღარაფერი გაქვს სათქმელი
და ძალას იკრებ,
დღე – მზედ,
ცა – წვიმად,
თავი – შენად მოიხსენიო.

 

სხვა

სულ სხვა იყოო, – ამბობდნენ ხოლმე,
სულ სხვა გულისა,
მე კი მიკვირდა,
რა ნიშნული ან რა საზღვარი,
რა ფიქრი უნდა გადაელახა
ადამიანს ან მის გონებას,
რომ ქცეულიყო სულ სხვა კაცად,
სულ სხვა გულისად.
წლები ერთბაშად ემჩნეოდა ძვლებს
და პირ-სახეს,
წლები ერთბაშად ემჩნეოდა
ფიქრს და საწუხარს,
მაგრამ პასუხი არასოდეს ყოფილა ცხადი –
ასე ვფიქრობდი,
ცხოვრება რომ გადაივლიდა,
გამჟღავნდებოდა კაცში – კაცი,
იშვიათად – ადამიანი.
მაგრამ არაფერს არ ჩაუვლია…
და ისე მწარედ,
ისე ცხადად,
ისე ნამდვილად,
გაიჟღერა ერთხელ პასუხმა:
ყოველი სიტყვა,
ყოველი საქმე,
ყოველი დილა –
საღამომდე მიცილებული,
ამჟღავნებსო გულის რაობას –
რაგვარობას,
სულსხვაგვარობას.
არავითარი ერთი ცხოვრება:
ყოველი დილა –
მიყვანილი მიმწუხრის პირას.

„უსიტყვო პასუხების“ ციკლიდან

 

ისევ თოვლი

„წავიდა თოვლი, მოვიდა მიწა“

ჩანტლაძე შოთა

 

რას იტყვის შენი უკანასკნელი ფიქრი,

როცა მზე ბოლო ყულუფს შეუერთდება

და პირსშემხმარი სისხლივით

გადაიყრი გულიდან

უწინდელ ფიქრებს?

ბოლოს ხომ მაინც ყველა ფიქრი ერთ ალაგს უბრუნდება:

ძველი, ნახევრადდანგრეული სახლის კედლებში

ჩუმად მიაბიჯებ,

ყველაფერი ნათელია და დაუსაბამო –

თითქოს არც არასდროს შეხორცებულა ის ჭრილობა,

თავდაღმართში წაქცევისას

მუხლზე რომ ამოგეტვიფრა,

როგორც წარუშლელი მოგონება.

თითქოს ვერც ვერასდროს გადაფერთხეთ თოვლი

იმ სატელიტიდან,

რომელიც ყველა ოცნებასთან გაკავშირებდათ

და უსასრულოდ დგას გამხდარი ძმის სილუეტი

თოვლიან ღობეზე.

თითქოს ისეთი ჩვილი გამოდგა შენი მეხსიერება,

რომ ვეღარასდროს გაიზარდა –

ვერცერთი ხსოვნა ვერ შეიხორცა.

 

ნეტავ რას იტყვის შენი უკანასკნელი ფიქრი,

როცა ამ ყველაფერზე,

კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, ცრემლიანად ჩაგეღიმება?

 

 

* * *  ამ ლექსს გწერ შენ…

ამ ლექსს გწერ შენ

 

ვინც იღვიძებ გამთენიისას,

როცა არსაით არ ხმიანობს ადამიანი

და არსაითკენ არ იძვრიან

რძის ქაფივით მოფენილი

ღრუბლები ცაზე,

როცა თოვლიან სილურჯეში მარტო იღვიძებ.

 

ამ ლექსს გწერ შენ

 

სუსხიანი სიმარტოვისთვის

არაერთხელ რომ ჩაგიხედავს გულცივ თვალებში –

თბილი ნუგეშით…

მაგრამ ახლა ცრემლმა გაგტეხა.

 

ამ ლექსს შენთვის ვწერ

 

ვინც არ იცი, გიღირს თუ არა,

ჯოჯოხეთი გააძევო იმ სიზმრებიდან,

რომლის მიღმაც შენი თავი

მხოლოდ შენ უწყი.

 

მე გწერ შენ

 

ვისაც ყველა ფიქრი ერთხმად გეძახის –

უფსკრულისაკენ,

დანებების თვალებით რომ გჭამს.

 

მე შენ გწერ

 

ასე უპირობოდ,

სულმოუთქმელად

და მინდა გითხრა, რომ არცერთი,

ამ ფიქრებიდან,

კენტად არ არის,

რომ ყველა მათგანს შორი მხრიდან

ეხმიანება

რაღაც მეორე, რაღაც მსგავსი, რაღაც ერთგვარი.

 

მე შენ გწერ ამ ლექსს

და ამ სიტყვებს ვგზავნი მტრედებად,

რომლებიც ისე გავედრებენ

შენივე ყოფნას,

როგორც, ვინ უწყის,

შენ თვითონვე ევედრებოდი,

ოდესღაც,

ღმერთს ან ადამიანს

მოსვლას საშველად.

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

  • არსენი ტარკოვსკი – ლექსები

    თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ.…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *