როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

თარგმნა გიორგი კობახიძემ

 წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)

 

ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი საერთო ბუნების არიან. ჩარლი ყოველთვის წარმოიდგენდა პროლეტარს ღარიბის საბურველში, აქედან მოდის მისი სახეხატების განსაკუთრებული ადამიანურობა და ამავდროულად, მათი პოლიტიკური ორაზროვნება. ეს კარგად ჩანს მის შესანიშნავ ფილმში “ახალი დროება”. აქ ის გამუდმებით ეხება პროლეტარიატის თემატიკას, მაგრამ არასდროს პოლიტიკურად. ის წარმოგვიდგენს ჯერ კიდევ ბრმა, მისტიფიცირებულ პროლეტარს, რომელიც მისი უშუალო საჭიროებებით არის განსაზღვრული და სრულიად გაუცხოვებულია მისი ბატონების (დამსაქმებლების და პოლიციის) ხელში. ჩარლისთვის პროლეტარი ჯერ კიდევ შიმშილით ტანჯული ადამიანია; შიმშილი მასთან ყოველთვის ეპიკურია, აქედან მოდის ბუტერბროდების უზარმაზარი ზომა, რძის მდინარეები, ხილი, რომელსაც უდიერად მოისვრიან ერთხელ ჩაკბეჩის შემდეგ; თითქოს დამცინავად, კვების აპარატი (რომელიც დამსაქმებელს ეკუთვნის) უგემურ და გამოზომილ პორციებს იძლევა. საკუთარ შიმშილში დატყვევებული ღარიბი ჩარლი მუდმივად რჩება პოლიტიკური ცნობიერების ზღვარზე დაბლა; გაფიცვას ის ნამდვილ კატასტროფად მიიჩნევს, რადგან გაფიცვა ადამიანის არსებობას ემუქრება. ადამიანის, რომელსაც შიმშილი პირდაპირი მნიშვნელობით თვალს სჭრის. ასეთი ადამიანი იქცევა ნამდვილ მშრომელად მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიციელის მზერის (და მუშტების) ქვეშ, ღარიბი და პროლეტარი ერთ ადამიანად გარდაიქმნებიან. ისტორიული თვალსაზრისით, ჩარლი ქმნის რესტავრაციის დროის მშრომელის მეტნაკლებად ზუსტ სახეხატს; ის წარმოგვიდგენს მშრომელს, რომელიც უჯანყდება მანქანებს, სასოწარკვეთილია გაფიცვის დანახვისთანავე და შეპყრობილია პურის ფულის შოვნის (ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით) პრობლემით, თუმცა არ შესწევს უნარი გაიაზროს საკუთარი მდგომარეობის პოლიტიკური მიზეზები და კოლექტიური სტრატეგიის გარდაუვალი საჭიროება.

 

მაგრამ, სწორედ ის, რომ ჩარლი წარმოგვიდგენს ჯერ კიდევ უმ, რევოლუციის გარეთ მყოფ პროლეტარს – განაპირობებს ამ უკანასკნელის სახეხატის სიმძლავრეს. სოციალისტური ხელოვნების არც ერთ ნიმუშში არ გადმოცემულა მშრომელის გაუბედურებული ყოფა ასე ძლიერად და დიდსულოვნად. როგორც ჩანს, მხოლოდ ბრეხტმა დაინახა სოციალისტურ ხელოვნებაში საჭიროება იმისა, რომ ადამიანი რევოლუციის წინადღეს იყოს ნაჩვენები. ე.ი. ჯერ კიდევ მარტოსული და დაბრმავებული; სწორედ მანამ, სანამ საკუთარი უბედურებების “ბუნებრივი” სიჭარბე მას რევოლუციურ სინათლეს დაანახებს. სხვაგვარ ნაწარმოებებში, სადაც მშრომელი უკვე ცნობიერ, საქმისა და პარტიის ერთგულ მებრძოლად წარმოგვიდგება, ასახულია საჭირო პოლიტიკური რეალობა, მაგრამ არ არის ესთეტიკური სიმძლავრე.

 

ჩარლი კი, ბრეხტის კვალდაკვალ, ისე აჩვენებს მაყურებელს თავის სიბრმავეს, რომ მათ შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს, დაინახონ მისი სიბრმავეც და ისიც, რაც მის წინ ხდება; დაინახონ ის, თუ როგორ ვერ ხედავს ვერაფერს სხვა – ეს საუკეთესო საშუალებაა იცოდე ის, რაც თვითონ მან არ იცის. სწორედ ასე, თოჯინების თეატრში, თავად ბავშვები ამახვილებენ გინიოლის ყურადღებას იმაზე, რასაც ის თითქოს ვერ ხედავს. მაგალითად, ჩარლი საკანშია, მას ანებივრებენ ზედამხედველები და ის ტკბება ამერიკელი წვრილბურჟუას ცხოვრებისეული იდეალებით: ლინკოლნის პორტრეტის ქვეშ ჩამოჯდება, ფეხს ფეხზე გადაიდებს და კითხულობს თავის გაზეთს. თუმცა, მისი თვითკმაყოფილი პოზა სრულიად დისკრედიტირებს ამ იდეალს: შეუძლებელია ამგვარი ცხოვრებით ტკბობა, იმ ახალი გაუცხოვების შეუმჩნევლად, რომელიც მას მოჰყვება. ასე, ყველაზე უწყინარი ფანდები ამაოა და ღარიბს მუდმივად აშორებენ ცდუნებას. საერთო ჯამში, ღარიბი ჩარლი ყოველთვის იმარჯვებს სწორედ იმიტომ, რომ გაურბის ყველაფერს, უარს უცხადებს ყოველგვარ კომპანიონს და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. მისი – პოლიტიკური თვალსაზრისით საკამათო – ანარქიზმი ხელოვნებაში წარმოადგენს რევოლუციის ყველაზე ეფექტურ ფორმას.


 

ღარიბი და პროლეტარი (Le Pauvre et le Proletaire) პირველად გამოიცა გაზეთში “Lettres nouvelles” 1954 წლის ნოემბერში.

 

აბატი პიერის ფონდი – საუბარია მსოფლიოს საერთაშორისო ჯილდოზე, რომელიც ჩაპლინმა 1954 წელს მიიღო.

 

ჯილდოს ნაწილი ჩაპლინმა გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაცია “ემაუსს”, რომელიც უსახლკაროებისთვის თავშესაფარის მოწყობით იყო დაკავებული. მის სათავეში მღვდელი ანრი გრუზი (დაიბადა 1912 წელს) იდგა, რომელმაც 1942 წელს მიიღო სახელი აბატი პიერი

 

გინიოლი – საფრანგეთის თოჯინების თეატრის მთავარი პერსონაჟი

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

  • არსენი ტარკოვსკი – ლექსები

    თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ.…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *