ჰაინრიხ ჰაინე – სილეზიელი მქსოველები

თარგმნა ანრი კიკნაველიძემ

 

(1844)

სევდიან თვალში გამშრალი ცრემლით

უზიან დაზგას კბილების ღრჭენით:

„შენ, გერმანიავ, სუდარას გიქსოვთ

და სამგზის წყევლას მასში ჩავაქსოვთ –

ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!

 

წყეულიმც იყოს ღმერთი გულგრილი

ვისაც მშიერი და გათოშილი

ვევედრებოდით, იმედი გვქონდა –

მან მოგვატყუა და მიგვატოვა –

ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!

 

წყეულიმც იყოს მეფე მდიდრების

ჩვენი არ ესმის მას გაჭირვების,

რომელიც ბოლო გროშებსაც გვართმევს,

და მერე ტყვიას გვესვრის, ვით ძაღლებს –

ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!

 

წყეულიმც იყოს ეს ცრუ სამშობლო,

სადაც სირცხვილი ნავარდობს მხოლოდ,

სად ადრე ჭკნება ყველა ყვავილი,

სად ხავსის არის მხოლოდ ადგილი –

ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!

 

მაქო ტრიალებს, დაზგა ჭრიალებს,

ჩვენ არ ვისვენებთ არც ღამე, არც დღე –

გერმანიავ, ძველო, სუდარას გიქსოვთ,

და სამგზის წყევლას მასში ჩავაქსოვთ,

ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!“

 

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *