თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ
კომენდანტის საათი
დიდი ამბავი რომ ჭიშკრები დაგმანეს,
დიდი ამბავი რომ გამოგვკეტეს.
დიდი ამბავი რომ დაეცა ჩვენი ქალაქი
დიდი ამბავი რომ იარაღი წაგვართვეს
დიდი ამბავი რომ შიმშილით გვძვრებოდა სული
დიდი ამბავი რომ ღამე იყო
დიდი ამბავი იმ ღამეში
ერთმანეთი რომ შევიყვარეთ.
სიმართლე
ეს კაცთა წესია
ყურძნისგან შექმნა ქარვა ღვინო
ნახშირისგან ცეცხლი
და კოცნით კაცი.
ეს კაცთა წესია
ებრძოლო შიმშილს და ტკივილს
განსაცდელს ყოველს
ადამიანად დარჩე ბოლომდის.
ეს კაცთა წესია
წყალი აქციო შუქად.
ცხადად აქციო ზმანება
ძმებად აქციო მტრები
ეს არის წესი დღევანდელი და უძველესი
ბავშვის გულში რომ ჩაისახა
ჭუჭყი მოშორდა
და ყველაფერი უზენაეს გონებად იქცა.
ყოფნა
შუბლს დროშასავით დროში დაკარგული თან დავატარებ
მარტოობაში.
სამარისებურ სიჩუმეში
ცივ ოთახებში
მე შველა მინდა.
მინდა მახსოვდეს შენი ხელები
გადახლართული სინათლის მიღმა.
ვინც დაიბადა ჯერ სარკეში და წავიდა ჩემგან.
სხვა ყველაფერი სრულყოფილია.
ზოგი კი მეტად უსახური და უსარგებლო,
ვიდრე სიცოცხლე.
მან გათხარა შენს ჩრდილის ქვეშ ნოყიერი მიწა.
ამოუშვა წყლის მძლავრი შხეფი შენს მკერდთან.
სადაც მე უნდა დავიკარგო პატარა კენჭივით.
შიშველი სიმართლე
ჩემს უიმედობას
ფრთები არა აქვს,
არც ჩემ სიყვარულს ჰქონია
ფრთები.
მე არ ვმოძრაობ,
ჩქამსაც არ ვიღებ,
მაგრამ უფრო ცოცხალი ვარ,
ვიდრე ეს ჩემი სიყვარულია,
ან უიმედობა ჩემი.