თარგმანი: ანრი კიკნაველიძე
I
ჩვიდმეტი წლისა ვერ იქნები სერიოზული.
– ნაზი საღამო… ჯანდაბას ლუდიც და ლიმონათიც,
ხმაურიანი კაფეც, ჭაღით განათებული!
– გაისეირნებ ცაცხვების ქვეშ მწვანე ბულვარში.
ტკბილი სურნელი ასდის ცაცხვებს ივნისის ღამით!
თვალის დახუჭვას მოგანდომებს ნაზი ჰაერი;
ქარს მოაქვს ხმები – არც ისე შორს არის ქალაქი –
და სავსეა ვენახის და ლუდის სურნელით.
II
შემდეგ ხალიჩის პატარა ნაგლეჯს შენიშნავს თვალი,
მუქი ლურჯია, გარშემორტყმული მწვანე რტოებით;
გახვრეტილია ავბედითი თითქოს ვარსკვლავით,
რომელიც ქრება ნაზი ცახცახით, სრულიად თეთრი.
ივნისის ღამე! ჩვიდმეტი წლის ხარ! – მოდი, დავლიოთ;
და შამპანურის ყლუპი მიფრინავს პირდაპირ თავში.
ირგვლივ ყოველი სიზმარია; ტუჩზე კოცნას გრძნობ,
თითქოს ცახცახებს, კრთება ცოცხალ არსებასავით…
III
გაგიჟებული გული თითქოს კრუზოს თამაშობს,
ამ დროს, შენიშნავ ქუჩის სანათის მიმქრალ ნათელში
მომხიბვლელი მანერების ყმაწვილ ქალბატონს,
მამამისის შემზარავი საყელოს ჩრდილში…
და რადგანაც მას ქარაფშუტა ჰგონიხარ ფრიად,
შეანელებს პატარა ნაბიჯს, შემობრუნდება
ცოცხლად და მკვირცხლად… მოძრაობა მისი სწრაფია…
– შემდეგ შენს ტუჩებს დააკვდება კავატინები.
IV
გიყვარს. აგვისტოს თვემდე აღარ ეკუთვნი შენს თავს.
გიყვარს. იმას კი შენი ლექსები უბრალოდ ართობს.
მეგობრებმაც დაგტოვეს, ცუდი გემოვნება გაქვს.
– ერთ საღამოს კი შენთვის მოწერა ინება სატრფომ.
– იმ საღამოს… – შენ მოითხოვე კათხები ლუდის,
ხმაურიანი კვლავ იპოვე ის კაფეები.
ჩვიდმეტი წლისა ვერ იქნები სერიოზული,
როცა ბულვარში კვლავ ჰყვავიან ცაცხვის ხეები.