ბოლო ჩანაწერები

ემილი დიკენსონი
თარგმნა: ზაალ ჯალაღონია

 

წარმოთქმის მერე…

წარმოთქმის მერე კვდებიან სიტყვები,
ვიღაცას უთქვამს, – იცოდე.
მე კი მგონია პირიქით,
შემდეგ იწყებენ სიცოცხლეს.

 

სული აკეთებს არჩევანს…

სული აკეთებს არჩევანს ერთხელ,
არ შემოგიშვებს, დახშა კარები.
არ მიეძალო აჯობებს იდგე,
ასე კენტი და მიუკარები.

აქვე იცდიან მეფის ეტლები,
გულის ზღურბლია გადასალახი.
ამ კარის თაღქვეშ ვერ გაეტევი,
თუ არ წაეცხო მუხლებს ტალახი.

ის ამოირჩევს მდიდარს, საჩინოს
მერე შიშისგან ხელებს აფარებს,
და იმ მოგროვილ ქვებსაც აჩვენებს.
რითაც დაუხშო თვალი საფლავებს.

 

მთელი სამყარო დავკარგე…

მთელი სამყარო დავკარგე ერთ დღეს
ხომ არ მოგიკრავთ თვალი?
არ შეგეშლებათ ვარსკვლავთა რიგში
შუბლსხივოსანი, მდგარი.

სიმდიდრის მონა ვეღარ შენიშნავს,
ამას გარკვევით ვწერ.
ის დუკატებით არ იზომება,
იქნებ მიპოვოთ, სერ!

 

გულო ამაღამ…

გულო ამაღამ დაივიწყე,
ის რაც ინატრე.
მისი ყოველი გაღიმება,
სითბო, სინათლე.

ნუღარ ყოყმანობ,
შეგიძლია თუ მოინდომებ.
საკუთარ წარსულს,
განუდექი, ნუ მოიგონებ.

 

დიდი სიგიჟე ღვთაებრივი…

დიდი სიგიჟე ღვთაებრივი ნიჭი ყოფილა
შორსმჭვრეტი მზერა გზასაც გაიგნებს.
ეს დიდი ნიჭი უდრის სიგიჟეს,
უმეტესობა ასეც გაიგებს.

შენ რაღას იზამ? – თავსაც დაუკრავ,
კმაყოფილიც ხარ გარჯით.
ასე რომ არ ქნა – შფოთს გიწოდებენ
და დაგაბამენ ჯაჭვით.

 

ის რჩეულ სიტყვებს…

ის რჩეულ სიტყვებს ჭამდა და სვამდა
სულით იზარდა და გახდა მტკიცე.
აღარ იცოდა რომ იყო გლახა
რომ იყო მტვერი ერწმოდა სივრცეს.

ცეკვით უვლიდა დაშრეტილ დღეებს
როგორც სახსოვარს. ჰქონა უფლება
წიგნი ეგონა ფრინველის ფრთები
ცად მიაფრენდა თავისუფლება.

 

მე ვარ – არავინ…

მე ვარ – არავინ არარაისა
მაშინ შენ ჩემთვის ვინ ხარ – არავინ?
წყვილად ვიაროთ, რომ არ გაგვრიყონ,
არ გავამხილოთ ჩვენი კარავი.

მოსაწყენია, უცხო არსება,
ტლაპოში მყოფი, მაინც ამაყი.
მთელი დღე ღამე სოლოს ასრულებს,
მაგრამ ჭაობის არის ბაყაყი.

 

მეტად მცირეა…

მეტად მცირეა ახლა ცისკარი
შეზღუდულია ასევე მწუხრი.
აღტაცებანი ჰაერში ფრენენ
მიეწურებათ წუთი.

აქ დედამიწას ეახლნენ მზისით
მაგრამ ვერ ჰპოვეს სამკვიდრო თვისი,
გაფრინდნენ სხვა გზით.