ბოლო ჩანაწერები

ოდენი

თარგმნა ანრი კიკნაველიძემ

 

1937

ზოგი ამბობს, რომ სიყვარული პატარა ბიჭია,
სხვები ამბობენ, რომ ფრინველია,
ზოგი ამბობს, რომ მისით ბრუნავს მთელი სამყარო,
სხვების აზრით ეს ყოველივე სისულელეა.
ხოლო როდესაც მეზობელს ვკითხე ამის შესახებ,
რომელიც ისე მიყურებდა, თითქოს იცოდა,
მისი ცოლი გაცხარდა და მისაყვედურა,
თქვა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა.

ნეტავ ისეთია, როგორც წყვილი საღამური,
თუ არამსმელთა სასტუმროს ძეხვს ჰგავს?
ნეტავ თუ ასდის სურნელი საამური,
თუ ლამას ბინძური ბეწვივით ყარს?
ნეტავ იჩხვლიტება, როგორც ეკლიანი მესერი,
თუ ფაქიზია, როგორც ბატის რბილი ბუმბული?
პირი ბლაგვი აქვს, თუ მჭრელი, როგორც სამართებელი?
ო, მითხარით, რა არის სიყვარული.

ჩვენი ისტორიის წიგნებში მის თაობაზე
მხოლოდ მოკლე მინიშნებებს შეხვდებით,
მასზე ხშირად საუბრობს ყველა, ვინც მგზავრობს
ტრანსატლანტიკური გემებით.
ხშირად ახსენებენ ამ საკითხს, როდესაც
ჰყვებიან თვითმკვლელობებზე,
მინახავს გაკრული ხელით მიწერილი
რკინიგზის განრიგის ყდებზე.

ნეტავ სამხედრო ორკესტრივით გრგვინავს,
თუ მშიერი მხეცივით იცის ღრიალი?
რომელი უფრო მოგვაგონებს მის ხმას,
ხერხი თუ სტეინვეის როიალი?
სიმღერით ხომ არ იკლებს წვეულებას?
თუ ურჩევნია რაიმე კლასიკური?
თუ სიწყნარე სურს ადამიანს, გაჩუმდება?
ო, მითხარით, რა არის სიყვარული.

საზაფხულო სახლში შევიხედე,
იქ კვალიც არ დამხვდა მისი;
ვცადე თემზა მეიდენჰედში
და ბრაიტონის ჯანსაღი ბრიზი.
არ ვიცი შაშვი რას გალობდა,
ან ტიტებმა რა თქვეს;
მაგრამ არ იყო არც საქათმეში
და არც საწოლის ქვეშ.

შეუძლია, მიიღოს უცნაური სახეები?
გულს ხომ არ ურევს საქანელა?
დოღს ხომ არ უზის მთელი დღეები,
თუ სიმებზე თამაშობს ნელა?
მისი აზრით, კმარა თუ კაცს სამშობლო უყვარს?
აქვს მოსაზრება იმაზე, თუ რა არის ფული?
მხიარულ ამბებს ჰყვება ხოლმე, თუ უფრო უხამსს?
ო, მითხარით, რა არის სიყვარული.

როცა მოვა, ხომ არ მოვა გაუფრთხილებლად,
მაშინ, როცა ცხვირში ვიყოფ თითებს?
კარს ხომ არ შემოაღებს დაუკაკუნებლად,
თუ ავტობუსში ფეხზე დამაბიჯებს?
ხომ არ მოვა, როგორც ამინდის სწრაფი ცვლილება?
მისალმება ზრდილი იცის, თუ აგდებული?
მისი მოსვლით ჩემი ცხოვრება სულ შეიცვლება?
ო, მითხარით, რა არის სიყვარული