მორის ბლანშო – დღის შეშლილობა

თარგმნა ელენე ლევაკიამ

 

მე განათლებული არ ვარ. არც უმეცარი ვარ. მე მიგრძვნია ბედნიერება. ეს ძალიან ცოტას თუ ამბობს: მე ცოცხალი ვარ და ეს სიცოცხლე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ხოლო სიკვდილი? როცა მოვკვდები (შესაძლოა ნებისმიერ წუთს), უზარმაზარ ნეტარებას ვიგრძნობ. არ ვგულისხმობ სიკვდილის წინა პერიოდს, რომელიც მოძველებული და ხშირად უსიამოა. ტანჯვა გრძნობებს აბლაგვებს. მაგრამ ეს საოცარი ჭეშმარიტებაა და მასში სრულიად დარწმუნებული ვარ: მე უსაზღვრო სიამოვნებას განვიცდი სიცოცხლეში და უსაზღვრო კმაყოფილებას განვიცდი სიკვდილის დროსაც.

მიხეტიალია. ერთი ადგილიდან მეორემდე მივლია. ერთ ადგილასაც დავრჩენილვარ, ერთ ოთახში მიცხოვრია. ვყოფილვარ ღარიბი, შემდეგ უფრო შეძლებული, შემდეგ კი უამრავ ადამიანზე ღარიბიც. ბავშვობაში დიდი გატაცებები მქონდა და ყველაფერს, რაც მსურდა მაძლევდნენ. ჩემი ბავშვობა გაქრა, ახალგაზრდობა უკან მოვიტოვე. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ბედნიერი ვარ იმის გამო რაც იყო, კმაყოფილი ვარ იმით რაც არის და რაც მოდის, ჩემთვის სრულად მისაღებია.

არის თუ არა ჩემი ცხოვრება სხვა ადამიანებზე უკეთესი? შესაძლებელია. მე თავზე ჭერი მაქვს, ბევრს კი არა. კეთრი არ მჭირს, ბრმა არ ვარ, სამყაროს ვხედავ – რა წარმოუდგენელი ბედნიერებაა! მე ვხედავ ამ დღეს და მის მიღმა არაფერია. ვინ შეძლებს ჩემთვის ამის წართმევას? და როდესაც ეს დღე გაქრება, მეც მასთან ერთად – აი აზრი, უტყუარი ცოდნა, რომელიც აღტაცემით მავსებს.

მე მიყვარდა ადამიანები და დამიკარგავს ისინი. როცა ეს დამატყდა თავს შევიშალე, რადგან ჯოჯოხეთია. მაგრამ არავინ გამხდარა ჩემი შეშლილობის მოწმე, ჩემი სიგიჟე არ ყოფილა აშკარა, მხოლოდ ჩემი უღრმესი არსება იყო შეშლილი. ზოგჯერ მძვინვარება მიპყრობდა. ადამიანები მეუბნებოდნენ, ,,რატომ ხარ ასეთი მშვიდი?“, თუმცა თავიდან ფეხებამდე დამწვარი ვიყავი. ღამღამობით ქუჩებში დავრბოდი და ვყმუოდი, დღისით კი მშვიდად ვმუშაობდი.

ცოტახნის შემდეგ სამყაროში სიგიჟემ იფეთქა. ბევრ სხვასთან ერთად, მეც მაიძულებს კედელთან დავმდგარიყავი. რატომ? უმიზეზოდ. თოფები არ გავარდნილა. ჩემს თავს ვუთხარი, ღმერთო, რას აკეთებ? სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ არ გადავრეულიყავი. სამყარომ ერთხანს იყოყმანა, შემდეგ კი კვლავ დაიბრუნა წონასწორობა.

როდესაც განსჯის უნარი დამიბრუნდა, მასთან ერთად მეხსიერებაც დაბრუნდა და დავინახე, რომ ყველაზე მძიმე დღეებშიც კი, როდესაც მეგონა, უკიდურესად და აბსოლუტურად უბედური ვიყავი, სინამდვილეში, და თითქმის ყოველთვის, უკიდურესად ბედნიერი ვყოფილვარ. ამ აღმოჩენამ დამაფიქრა. ეს არ ყოფილა სასიამოვნო აღმოჩენა. მეჩვენებოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვკარგავდი. საკუთარ თავს ვკითხე, განა სევდიანი არ ვიყავი? განა არ ვგრძნობდი რომ ჩემი ცხოვრება იშლებოდა? დიახ, ეს სიმართლე იყო, მაგრამ როდესაც ოთახის კუთხეში უძრავად ვრჩებოდი, ღამის სიგრილე და მიწის ურყეობა მაიძლებდა მესუნთქა და მხიარული ვყოფილიყავი.

ადამიანებს სიკვდილისგან გაქცევა სურთ. უცნაური არსებები არიან. ზოგი მათგანი კი გაჰყვირის ,,მოკვდი, მოკვდი“, რადგან სიცოცხლისგან სურთ გაქცევა. ,,რა ცხოვრებაა ეს? თავს მოვიკლავ. დავნებდები“. ეს სავალალოა და უცნაურიც. ეს შეცდომაა.

დიახ, მე შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უთქვამთ სიცოცხლისთვის

,,ჩუმად!“, რომლებსაც არასოდეს უთქვამთ სიცოცხლისთვის ,,გამშორდი!“. უმეტესად ესენი

ქალები იყვნენ, მშვენიერი არსებები. კაცები შიშით არიან გარემოცულნი, ღამე ისადგურებს მათში, ხედავენ როგორ ნადგურდება მათი გეგმები, როგორც იქცევა მათი შრომა მტვრად. ისინი, ვინც თავს ასე მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, ვისაც სამყაროს შექმნა სურდა, გაოგნებულნი რჩებიან. ყველაფერი იმსხვრევა.

შევძლებ კი ჩემს განსაცდელთა აღწერას? ვერ დავდიოდი, ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვჭამდი. ჩემი სუნთქვა ქვისა იყო, სხეული კი წყლის და მაინც, წყურვილით ვკვდებოდი. ერთ დღესაც მათ მიწაში ჩამმარხეს. ექიმებმა მიწა მომაყარეს. რა სამუშაო სრულდებოდა მიწის სიღრმეში! ვინ თქვა რომ იქ სიცივეა? ის ცეცხლის საწოლია, ალმოდებული მაყვლის ბუჩქია. რომ წამოვდექი, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი შეხების გრძნობა ჩემგან 6 ფუტის მოშორებით ლივლივებდა. ვინმე თუ ჩემს ოთახში შემოვიდოდა, ყვირილს ვიწყებიდ, მაგრამ დანა გულგრილად განაგრძობდა ჩემს სერვას. ჩონჩხად ვიქეცი. ღამით ჩემი სიგამხდრე ჩემს წინ აღიმართებოდა, რომ შევეშინებინე. მოდიოდა და მიდიოდა, შეურაწმყოფდა, ძალას მაცლიდა. ოჰ, მართლაც ძალზედ დაღლილი ვიყავი.

ეგოისტი ვარ? მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მიმართ ვგრძნობ მიზიდულობას, არავინ მებრალება, იშვიათად მსურს ვინმეს ვასიამოვნო და იშვიათად მინდა მასიამოვნონ და მე, ვინც თითქმის უგრძნობი ვარ ყველაფრის მიმართ რაც მე მეხება, მხოლოდ მათში ვიტანჯები, მათი უმცირესი წუხილიც კი ჩემთვის უსასრულოდ დიდ უბედურებაც იქცევა და მაინც, თუ საჭიროა, შეგნებულად ვწირავ მათ, ვუსპობ ყოველგვარი ბედნიერების განცდას (ზოგჯერ ვხოცავ მათ).

ტალახიანი ორმოდან სიმწიფის ძალით ამოვედი. რა ვიყავი მანამდე? წყლით სავსე ტომარა, უსიცოცხლო განვრცობა, უძრავი უფსკრული. (თუმცა ვიცოდი ვინც ვიყავი. ვაგრძელებდი ცხოვრებას, არარაში არ ჩავვარდნილვარ). შორიდან მოდიოდნენ ჩემს სანახავად. ბავშვები თამაშობდნენ ჩემს სიახლოვეს. ქალები მიწაზე წვდებოდნენ, რათა ხელი გამოეწოდებინათ ჩემთვის. მეც ახალგაზრდა ვიყავი. მაგრამ სიცარიელებ იმედები გამიცრუა.

მხდალი არა ვარ, ბევჯერ დავეცი. ერთმა (სასოწარკვეთილებამდე მისულმა კაცმა) ხელი დამავლო და დანა გამიყარა. სისხლი ყველგან. შემდეგ აკანკალდა. ხელი გამომიწოდა, რათა ის მაგიდაზე ან კარზე მიმეჭედებინა. რადგან ასე დამკოდა, ის კაცი, შეშლილი, ფიქრობდა რომ ახლა ჩემი მეგობარი იყო. თავისი ცოლი ჩემს მკლავებში შემოაგორა. ქუჩებში დამყვებოდა და ყვიროდა,

,,დაწყევლილი ვარ, უზნეო ბოდვის სათამაშოვარ, ვაღიარებ, ვაღიარებ!“. უცნაური შეშლილი. ამასობაში, სისხლი ჩემს ერთადერთ კოსტიუმზე წვეთავდა.

უმეტესად ქალაქებში ვცხოვრობდი. ერთხანს საზოგადოებრივ ცხოვრებასაც კი ვეწეოდი. კანონი მიზიდავდა, ხალხმრავლობა მიყვარდა. სხვებს შორის მე უცნობი ვიყავი. როგორც არავინ, მე სუვერენი ვიყავი მაგრამ ერთ დღესაც, მომბეზრდა ქვის როლი, როლითაც მარტოსულ ადამიანებს სასიკვდილოდ ქოლავენ. კანონის საცდუნებლად, მას ნაზად მოვუხმე, ,,მოდი აქ, პირისპირ გნახო“. (ერთი წამით მისი განზე გაყვანაც კი ვისურვე). თავქარიანი გამოწვევა იყო. რას ვიზამდი, პასუხი რომ გაეცა?

უნდა ვაღიარო, ბევრი წიგნი წამიკითხავს. როცა გავქრები, მთელი ეს ტომეულები შეუმჩნევლად შეიცლებიან. მინდვრები გაფართოვდება, აზრი კი მეტად მხდარი გახდება. დიახ, მეტისმეტად ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ამას ახლა განვიცდი. ჩემთვის თითოული ადამიანი მთელი ერიც კი იყო. ეს უვრცესი სხვა პიროვნება, იმაზე მეტად მცვლიდა, ვიდრე მე ვისურვებდი. ახლა ჩემი ცხოვრება გასაოცრად საიმედოა, სასიკვდილო დაავადებებიც კი უფრო გამძლედ მთვლიან. სამწუხაროა, თუმცა რამდენიმეს დამარხვა იქამდე მომიწევს, სანამ საკუთარ თავს დავვმარხავ.

სიღარიბეში ვიძირებოდი. ნელ-ნელა გარშემო წრეებს მავლებდა. პირველი თითქოს ყველაფერს მაძლევდა, უკანასკნელი კი მხოლოდ ჩემს თავს დამიტოვებდა. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ქალაქში ვიყავი გამომწყვდეული. მოგზაურობა მხოლოდ ფანტაზიად იყო ქცეული. ტელეფონით ვეღარავის ვუკავშირდეობდი. ტანსაცმელი მიცვდებოდა. სიცივე მაწუხებდა. გაზაფხულო, იჩქარე. ბიბლიოთეკებს ვსტუმრობდი. ერთ-ერთი ბიბლიოთეკის თანამშრომელს დავუმეგობრდი, მან კი ქვემოთ, გადახურებულ სარდაფში ჩამიყვანა. მისთვის რომ სასარგებლო ვყოფილიყავი, აღფრთოვანებული დავრბოდი ვიწრო გასასვლელებში და წიგნები მიმქონდა, რომლებსაც შემდეგ, ის კითხვის პირქუშ სულს უგზავნიდა. სული კი ჩემსკენ არც თუ ისე კეთილ სიტყვებს ისროდა. მისი თვალების წინ ვიკუმშებოდი. ისეთს მხედავდა, როგორიც მართლა ვიყავი, მწერად, მანდიბულებიან არსებად, სიღარიბის კუნაპეტი ადგილებიდან რომ ამოსულიყო. ვინ ვიყავი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დიდ საგონებელში მაგდედა.

გარეთ ყოფნისას, ხანმოკლე ხილვა მქონდა: ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, იმ ქუჩის კუთხესთან, რომლის დატოვებასაც ვაპირებდი, ბავშვის ეტლთან ერთად ქალი შეყოვნდა, მას კარგად ვერ ვხედავდი, ეტლს ისე ატრიალებდა რომ კარში გასულიყო. ამ მომენტში, კარში კაცი შევიდა, რომელიც იქამდე არ შემიმჩნევია. ზღურბლზე ფეხი უკვე გადადგმული ჰქონდა, რომ უეცრად უკან დაიხია და გარეთ გამოვიდა. სანამ კართად იდგა, მის წინ მიმავალი ეტლი ოდნავ აიწია, რომ ზღრუბლზე გადაევლო და ახალგაზრდა ქალიც, რომელმაც თავი ასწია, რათა მისთვის შეეხედა, შიგნით გაუჩინარდა.

ამ ხანმოკლე სცენამ აღტაცებისგან ბოდვამდე მიმიყვანა. უეჭველია, ვერ ვახერდებდი ჩემი თავისთვის ამეხსნა რატომ და მაინც, დარწმუნებული ვიყავი რომ შევძელი დამეჭირა წამი, როდესაც რეალურ მოვლენას შეხლილმა დღემ, დასასრულისკენ იწყო აჩქარება. აი მოდის ის, ვეუბნებოდი საკუთარ თავს, დასასრული ახლოვდება. რაღაც ხდება, დასასრული იწყება. სიხარულმა შემიპყრო.

სახლში წავედი, მაგრამ შინ არ შევსულვარ. ღობიდან ეზოს შავ კიდეს ვხედავდი. გარე კედელს მივეყრდენი. მართლა ძალიან მციოდა. როცა სიცივე თავიდან ფეხებამდე შემომეხვია, ნელნელა ვგრძნობდი როგორ იღებდა ჩემი სიმაღლე ამ უსაშველო სიცივის ზომებს. ის მშვიდად იზრდეობდა, თავისი ჭეშმარიტი ბუნების შესაბამისად და მეც ამ ბედნიერების სიხარულსა და სრულყოფაში შევყოვნდი, ერთი წამით ერთი წამით ჩემი თავი ცის ქვის სიმაღლეზე აღმოჩნდა, ფეხები კი ქვაფენილზე მედგა.

ეს ყველაფერი ნამდვილი იყო. დაიმახსოვრეთ.

მტრები არ მყოლია. არავინ მაწუხებდა. ზოგჯერ ჩემს თავში უსაზღვრო მარტოობა იშლებოდა და მთელი სამყარო მასში უჩინარდებოდა, მაგრამ ხელუხლებლად ბრუნდებოდა უკან, ნაკაწრის გარეშე, კვლავ სრულყოფილი. კინაღამ მხედველობა დავკარგე, რადგან ვიღაცამ სათვალეები ჩამილეწა თვალებში. უნდა ვაღიარო, ამ დარტყმამ შემძრა. მქონდა შეგრძნება, რომ უკან, კედელში ვბრუნდებოდი, ანდა კაჟის კაჟის გაუვალში დავყიალობდი. ყველაზე საშინელი დღის უეცარი, შემაძრწუნებელი სისასტიკე აღმოჩნდა. თვალებიდან ვერ ვიყურებოდი, თუმცა ცქერასაც ვერ ვწყვეტდი. ხილვა შემზარავი იყო, თუმცა ხილვის წვეტაც შუბლიდან ყელამდე შაზე მგლეჯდა. მეტიც, აფთრის ღრიალი მესმოდა, რომელიც ველურ ცხოველთან პირისპირ მტოვებდა (ვფიქრობ ეს ღრიალი ჩემი იყო).

მინის ამოღების შემდეგ, ჩემს ქუთუთოებქვეშ თხელი აპკი შემოაცურეს, ქუთუთოებზე კი ბამბის კედელი აღმართეს. საუბარი არ შეიძლებოდა, რადგან ლაპარაკისას ბანდაჟის სამაგრები იჭიმებოდა. ,,გეძინა“, მითხრა მოგვიანებით ექიმმა. მეძინა! შვიდ დღიან ხანძართან გამკლავება მომიხდა! დიახ, ერთბაშად შვიდი დღე, შვიდი მომაკვდინებელი სინათლე, ქცეული მომენტის ნაპერწკლად, მე პასუხს მთხოვდა. ვინ წარმოიდგენდა? ზოგჯერ ჩემს თავს ვეუბნებოდი: ,,ეს სიკვდილის ტოლფასია, ყველაფერის მიუხედავად, ნამდვილად ღირს. შთამბეჭდავია“. მაგრამ, უმეტესად ვიწექი და სული უსიტყვოდ ამომდიოდა. ბოლოს, დავრწმუნდი რომ პირისპირ ვიდექი დღის შეშლილობასთან. ეს იყო სიმართლე, ნათელი ჭკუიდან გადადიოდა, სიკაშკაშე გონს კარგავდა. ის უგუნებოდ მესმოდა თავს. უკონტროლად და უმიზნოდ. ამ აღმოჩენამ ჩემი ცხოვრება შუაზე გახლიჩა.

მეძინა! გაღვიძებისას მყისვე ჩამესმა კაცის კითხვა, ,,ჩივილს აპირებთ?“. უცნაური კითხვაა მისთვის, ვისაც სულ ახლახანს დღესთან მოუხდა გამკლავება. გამოჯანმრთელების შემდეგაც, ეჭვი მქონდა რომ კარგად არ ვიყავი. ვერც ვკითხულობდი და ვერც ვწერდი. ნისლიანი ჩრდილოეთი მერტყა გარშემო. მაგრამ, აი რა იყო უცნაური: მიუხედავად იმისა, რომ დღესთან მტანჯველი შეხება არ დამვიწყნოდა, ფარდების მიღმა, მუქი სათვალეებით ვილეოდი ცხოვრებისაგან. მინდოდა რაღაც სავსე დღის სინათლეში მენახა. მაძღარი ვიყავი ნახევარ სინათლის კომფორტითა და სიმყუდროვით. ისევე მქონდა დღის სინათლის წყურვილი, როგორც წყლისა და ჰაერის მიმართ. და თუკი ხილვა იყო ცეცხლი, მე ცეცხლის სისავსეს ვითხოვდი და თუკი ხილვა შემშლიდა, მე შეშლილივით მსურდა ეს შეშლილობა.

უნივერსიტეტში მოკრძალებული თანამდებობა მომცეს. ტელეფონს ვპასუხობდი. ექიმს პათოლოგიის ლაბორატორია ჰქონდა (სისხლით იყო დაინტერესებული), ხალხი მოდიოდა და რაღაც წამალს სვამდა. პატარა საწოლებზე გაშხლართულებს ეძინეობდათ. ერთ-ერთმა საოცარი ხერხი გამოიყენა: გამოწერილი წამლის დალევის შემდეგ, საწამლავი მიიღო და კომაში ჩავარდა. ექიმმა ეს ბილწ ხრიკად შერაცხა. მან ის გამოაცოცხლა და ,,სასამართლოში მისცა“ ამ თაღლითური ძილისთვის. სერიოზულად! ვფიქრობ ეს ავადმყოფი უკეთესს იმსახურებდა.

მართალია, ჩემი მხედველობა არ შესუსტებულა, თუმცა ქუჩაში კობორჩხალასავით დავდიოდი, კედლებს ძლიერად ვეჭიდებოდი და როცა კი ხელს ვუშვებოდი, თავბრუ ესხმოდა ჩემს ნაბიჯებს. ხშირად ვხედავდი ერთსა და იმავე პლაკატს ამ კედლებზე. ეს იყო უბრალო პლაკატი, საკმაოდ დიდი ასოებით: შენც გინდა ეს. ცხადია მინდოდა და როცა კი ამ თვალსაჩინო სიტყვებს გადავაწყდებოდი, მინდოდა ის.

და მაინც, რაღაცამ მალევე შეწყვიტა სურვება ჩემში. კითხვა დიდ დაღლილობად იქცა. კითხვა ისევე მღლიდა, როგორც ლაპარაკი და უმცირესი ჭეშმარიტი სიტყვაც კი, რომელსაც წარმოვთქვამდი დიდ ძალას მოითხოვდა ჩემგან, რომელიც არ მქონდა. მითხრეს, ,,ძალიან მორჩილად ეგუები შენს სიძნელეებს“. ამან გამაოცა. ოცი წლის ასაკში, იმავე მდგომარეობაში ვერავინ შემამჩნევდა. ორმოცის, ოდნავ ღარიბი, ახლა ვღატაკდებოდი. და საიდან მოდიოდა ეს მძიმე იერი? ვფიქრობ ის ქუჩაში ვიპოვე. ქუჩებს არ გავუმდიდრებივარ, არადა წესით ასე უნდა მოხმდარიყო. პირიქით. სანამ ტროტუარებზე დავიარებოდი, მეტროთა ბრწყინვალე შუქებში ჩაძირული, კოხტა პროსპექტებზე ვუხვევდი, სადაც ქალაქი დიდებულად ბრწყინავდა, უაღრესად მოწყენილი, მოკრძალებული და მოქანცული ვხდებოდი. ვითვისებდი რა ანონიმური ნგრევის უზომო წილს, მით მეტ ყურადღებას ვიპყრობდი, რადგან ეს ნგრევა ჩემთვის არ ყოფილა განკუთვნილი და რაღაც ბუნდოვან და უფორმო არსებად მაქევდა. ამიტომაც ის მოჩვენებითი

ჩანდა და უსირცხვილო. სიღარიბეში ის გვაღიზიანებს, რომ ხილვადია და ვინც კი ხედავს მას, ამბობს: ხომ ხედავ, მე მადანაშაულებენ, ვინ მესხმის თავს? მაგრამ მე ოდნავადაც არ მსურდა სამართალი ჩემი ტანსაცმლით მეტარებინა.

მეუბნებოდნენ (ხან ექიმი, ხანაც ექთნები): „განათლებული კაცი ხარ, ნიჭი გაქვს. იმ უნარების გამოუყენებლობით, რომლებიც ათ ადამიანს რომ გაენაწილებინა, ვისაც ისინი არ გააჩნია, ცხოვრების საშუალებას მისცემდა, მათ ართმევ იმას, რაც არ აქვთ. შენი სიღარიბე კი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო, მათი საჭიროებების შეურაცხყოფაა.“ ვკითხე:

„რატომ მიკითხავთ ამ ქადაგებებს? ჩემსავე ადგილს ხომ არ ვიპარავ? წაიღეთ უკან.“ ვგრძნობდი, რომ უსამართლო აზრებითა და ღვარძლიანი მსჯელობებით ვიყავი გარშემორტყმული. და ვის მიპირისპირებდნენ? უხილავ ცოდნას, რომლის არსებობასაც ვერავინ ამტკიცებდა და რომელსაც მეც ამაოდ ვეძებდი. განათლებული კაცი ვიყავი! თუმცა, შესაძლოა, ყოველთვის არა. ნიჭიერი? სად იყო ეს ნიჭი, რომელზეც ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს მოსამართლეები ყოფილიყვნენ, მანტიამოსხმულნი, სამსჯავროს სკამებზე მსხდარნი, მზად მყოფნი დღე და ღამე განვესაჯე?

ექიმები საკმაოდ მომწონდნენ და მათი ეჭვები დამამცირებლად არ მიმაჩნდა. გამაღიზიანებელი ის იყო, რომ მათი ძალაუფლება საათიდან საათამდე იზრდებოდა. ადამიანი ამას ვერც კი ამჩნევს, მაგრამ ეს ხალხი მეფეები არიან. ჩემს ოთახებში დაუკითხავად შემოსვლისას ამბობდნენ: „აქ ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნის.“ ჩემს აზრთა ნაფლეთებს დაესეოდნენ: „ეს ჩვენია.“ ჩემს ამბავს უპირისპირდებოდნენ: „ილაპარაკე.“ და ჩემი ამბავიც მათ სამსახურში დგებოდა. სწრაფად, თითქმის პანიკით, საკუთარი თავისგან ვიცლებოდი. მათ შორის ვანაწილებდი ჩემს სისხლს, ჩემს ყველაზე შინაგან არსებას, ვასესხებდი სამყაროს, ვჩუქნიდი დღეს. მათ თვალწინ, თუმცა ამას არავითარი გაოცება არ გამოუწვევია, წყლის წვეთად ვიქცეოდი, მელნის ლაქად. ვმცირდებოდი მათ სიმაღლეზე. მთელი ჩემი არსება მათ თვალწინ გადიოდა და როდესაც ბოლოს აღარაფერი დარჩებოდა, გარდა ჩემი სრულყოფილი არარსებობის, როდესაც სანახავი აღარაფერი იყო, ისინიც წყვეტდნენ ჩემს შემჩნევას. მეტისმეტად გაღიზიანებულები წამოდგებოდნენ და ყვიროდნენ: „კარგი, სად ხარ? სად იმალები? დამალვა აკრძალულია, ეს დანაშაულია!“ და ასე შემდეგ.

მათ ზურგს უკან კანონის სილუეტს ვხედავდი. არა იმ კანონისას, რომელსაც ყველა იცნობს, მკაცრსა და არცთუ სასიამოვნოს. ეს სხვა კანონი იყო. მისი მუქარის მსხვერპლი რომ ვყოფილიყავი, ამას კიდევ გავიგებდი, მაგრამ პირიქით, თითქოს მე ვიყავი ის, ვინც მას აშინებდა. მისი წარმოდგენით, ჩემი მზერა ელვის გავარდნას ჰგავდა, ხოლო ჩემი ხელები დაღუპვის მიზეზი იყო. მეტიც, კანონი აბსურდულად მაწერდა ყველა ძალაუფლებას. ამტკიცებდა, რომ მარადიულად მუხლებზე იდგა ჩემს წინაშე. მაგრამ არაფრის მოთხოვნის უფლებას არ მაძლევდა. როცა აღიარებდა ჩემს უფლებას, ყველგან ვყოფილიყავი, სინამდვილეში ეს ნიშნავდა, რომ არსად მქონდა ადგილი. როცა ხელისუფლებებს მაღლა დამაყენებდა, ამით მეუბნებოდა, შენ არაფრის გაკეთების უფლება არ გაქვს. თუ თავს დაიმდაბლებდა, ამის უკან სხვა ბრალდება იმალებოდა: შენ პატივს არ მცემ.

ვიცოდი, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი იყო, „მართლმსაჯულების აღსრულება მენახა“. მეუბნებოდა: „ახლა შენ განსაკუთრებული შემთხვევა ხარ. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. შეგიძლია ილაპარაკო, შენი სიტყვები არაფერში გამხელენ. ფიცი აღარ გაკავებს. შენს ქმედებებს აღარაფერი მოსდევს. შენ ფეხქვეშ მთელავ და აი, მე კი სამუდამოდ შენი მსახური ვარ.“ მსახური? არავითარ ფასად არ მსურდა მსახური.

,,შენ სამართალი გიყვარს,“ მეუბნებოდა იგი. „დიახ, ასე მგონია.“ „მაშ, რატომ აძლევ უფლებას, რომ სამართალი შეურაცხყოფილი იყოს შენს პიროვნებაში, რომელიც ასე გამორჩეულია?“ „მაგრამ ჩემი პიროვნება ჩემთვის გამორჩეული არ არის.“ „თუ სამართალი შენში დასუსტდება, ის სხვებშიც დასუსტდება, და ისინი ამის გამო დაიტანჯებიან.“ „მაგრამ ეს საქმე მას არ ეხება.“ „ყველაფერი მას ეხება.“ „მაგრამ, როგორც თავად თქვი, მე განსაკუთრებული შემთხვევა ვარ.“ „განსაკუთრებული მაშინ, როცა თავად მოქმედებ. არასოდეს, როცა სხვებს აძლევ მოქმედების უფლებას.“ ბოლოს ის იძულებული გახდა, ფუჭი სიტყვები ეთქვა: „სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვეღარასოდეს დავშორდებით ერთმანეთს. ყველგან გამოგყვები. ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებ. საერთო ძილს გავიზიარებთ.

საკუთარ თავს გამოკეტვის უფლება მივეცი. დროებით, მითხრეს. კარგი, დროებით. გასეირნების საათებში ერთი სხვა ბინადარი, თეთრწვერა მოხუცი, მხრებზე შემახტა და ჩემს თავზე ხელების ქნევა დაიწყო. ვუთხარი: „ვინ ხარ, ტოლსტოი?“ ამის გამო ექიმმა იფიქრა, რომ მართლაც შეშლილი ვიყავი. საბოლოოდ, ყველას ზურგით დავატარებდი: ერთმანეთში გადახლართულ ადამიანთა გორგალს, შუახნის კაცების მთელ ბრბოს, რომელთაც ზემოთ ასვლა ამაო ბატონობის სურვილითა და უბედური, ბავშვური ინფანტილობით ეწადათ. და როცა დავეცი (ბოლოს და ბოლოს, ცხენი ხომ არ ვიყავი), ჩემი ამხანაგების უმეტესობამ, რომლებიც თავადაც ჩამოცვივდნენ, სასტიკად მცემა. ბედნიერი დრო იყო.

კანონი მკაცრად აკრიტიკებდა ჩემს საქციელს: „ძალიან განსხვავებული იყავი, როცა პირველად გაგიცანი.“ „ძალიან განსხვავებული?“ „ადამიანები დაუსჯელად არ დაგცინოდნენ. შენი დანახვა სიცოცხლის ფასად ღირდა. შენი შეყვარება სიკვდილს ნიშნავდა. კაცები ორმოებს თხრიდნენ და მათში იმარხავდნენ თავს, მხოლოდ იმისთვის, რომ შენს მზერას დამალვოდნენ. ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ,,ჩაიარა? კურთხეულ იყოს მიწა, რომელიც გვმალავს.’“ „ნუთუ ასე ეშინოდათ ჩემი?“ „შიში შენთვის საკმარისი არ იყო. არც გულის სიღრმიდან წამოსული ქება, არც მართალი ცხოვრება, არც მტვრამდე დამხობილი თავმდაბლობა. და უპირველეს ყოვლისა: ნურავინ გაბედავს ეჭვქვეშ დამაყენოს. ვინ გაბედავს საერთოდ ჩემზე ფიქრს?“

უცნაურად აღეგზნო. მაქებდა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ თავადაც ამაღლებულიყო. „შენ ხარ შიმშილი, განხეთქილება, მკვლელობა, ნგრევა.“ „რატომ ეს ყველაფერი?“ „იმიტომ, რომ მე ვარ განხეთქილების, მკვლელობისა და აღსასრულის ანგელოზი.“

„კარგი,“ ვუთხარი მე, „ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ორივე ჩაგვკეტონ.“ სიმართლე ის იყო, რომ მომწონდა. ამ გარემოში, კაცებით გადაჭედილ სამყაროში, ის ერთადერთი ქალური არსება იყო. ერთხელ თავისი მუხლის შეხების ნება მომცა. უცნაური განცდა იყო. ეს მას ვუთხარი კიდეც: „მე იმ კაცთაგანი არ ვარ, ვისაც მხოლოდ მუხლი აკმაყოფილებს!“ მისი პასუხი იყო: „ეს საზიზღრობა იქნებოდა!

ეს მისი ერთ-ერთი თამაში იყო. მაჩვენებდა სივრცის ერთ ნაწილს, ფანჯრის ზედა კიდესა და ჭერს შორის. „შენ იქ ხარ,“ მეუბნებოდა. იმ წერტილს დაჟინებით ვაცქერდებოდი. „იქ ხარ?“ მთელი ძალით შევცქეროდი. „მერე?“ ვგრძნობდი, როგორ მცილდებოდა თვალებიდან ნაწიბურები, ჩემი მზერა ჭრილობა იყო, ჩემი თავი კი ხვრელი, გაფატრული ხარი. უცებ წამოიძახა:

„ოჰ, დღეს ვხედავ, ღმერთო ჩემო!“ და ასე შემდეგ. ვაპროტესტებდი, რომ ეს თამაში საშინლად მღლიდა, მაგრამ ის დაუცხრომლად იყო შეპყრობილი ჩემი დიდების სურვილით.

,,ვინ ჩაგიფშვნა მინა სახეში?“ ეს კითხვა ისევ და ისევ ბრუნდებოდა ყველა სხვა კითხვაში. პირდაპირ არ სვამდნენ, მაგრამ ის გზაჯვარედინი იყო, რომელზეც ყველა გზა ერთდებოდა. მათ მიგვანიშნეს, რომ ჩემი პასუხი ვერაფერს გაამჟღავნებდა, რადგან ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ იყო გამჟღავნებული. „მით უფრო არ უნდა ილაპარაკო.“ „ნახე, განათლებული კაცი ხარ, იცი, რომ სიჩუმე ყურადღებას იწვევს. შენი დუმილი ყველაზე სულელურად გღალატობს. მე ვპასუხობდი,

„მაგრამ ჩემი სიჩუმე ნამდვილია. რომც დაგიმალოთ, მაინც იპოვით, ცოტახნის შემდეგ. თუ მღალატობს, მით უკეთესი თქვენთვის, გეხმარებათ და მით უკეთესი ჩემთვისაც, რომელსაც, თქვენი თქმით, ეხმარებით.“ ასე რომ, მათ ცისა და მიწის შეძვრა მოუწიათ, რომ საკითხს სიღრმეში ჩასწვდომოდნენ.

მე ჩავერთე მათ ძიებაში. ყველანი შენიღბულ მონადირეებს ვგავდით. ვინ იკითხებოდა? ვინ პასუხობდა? ერთი მეორედ იქცეოდა. სიტყვები თავისით ამბობდნენ სათქმელს. სიჩუმე მათში შედიოდა, შესანიშნავ თავშესაფარში, რადგან მხოლოდ მე ვამჩნევდი მას.

მკითხეს: „გვითხარი ზუსტად რა მოხდა.“ „ამბავი?“ დავიწყე: „მე განათლებული არ ვარ. არც უმეცარი ვარ. მე მიგრძვნია ბედნიერება. ეს ცოტას თუ ამბობს.“ მათ მთელი ამბავი მოვუყევი და ისინი, როგორც ჩანს, ინტერესით მისმენდნენ, დასაწყისში მაინც. მაგრამ დასასრული ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ეს მხოლოდ დასაწყისი იყო,“ მითხრეს. „ახლა ფაქტებზე გადადი.“ „ეს როგორ?“, ვუთხარი. „ამბავი დასრულებულია!“

მომიწია მეღიარებინა, რომ ამ მოვლენებისგან ამბის შექმნა აღარ შემეძლო. მე დავკარგე სიუჟეტის შეგრძნება. ეს ბევრ დაავადებას ახასიათებს. მაგრამ ამ ახსნამ ისინი მხოლოდ უფრო დაჟინებული გახადა. მაშინ პირველად შევნიშნე, რომ ისინი ორნი იყვნენ და რომ ტრადიციული მეთოდის დამახინჯება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი თვალის ექიმი იყო, მეორე კი ფსიქიკური დაავადებების სპეციალისტი, ჩვენს საუბარს მუდმივად ანიჭებდა ავტორიტარული დაკითხვის ხასიათს, კონტროლირებულს მკაცრი წესებით. რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ ყოფილა პოლიციის უფროსი. მაგრამ რადგან ორნი იყვნენ, მათ შორის მესამე ჩნდებოდა და ეს მესამე მყარად იყო დარწმუნებული, რომ მწერალი, ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს და გამორჩეულად მსჯელობს, ყოველთვის შეძლებს იმ ფაქტების გადმოცემას, რომლებიც ახსოვს.

ამბავი? არა. არავითარი ამბები, აღარასოდეს.

2 Votes: 2 Upvotes, 0 Downvotes (2 Points)

Search
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...