გამარჯობა, მე რუდოლფი მქვია. ძაღლი ვარ. დიახ, ძაღლი. თანაც მაწანწალა. ეს სახელი ემამ დამარქვა. პატრონი არ მყავს, მაგრამ ემა მაჭმევს ხოლმე. ყოველ დილას, როცა მზე ხეების კენწეროებს უახლოვდება და საბურთალოს მჭიდროდ ჩამწკრივებულ კორპუსებს შორის გამოაპარებს თავის პირველ სხივებს, ჯლაჯუნა, მაგრამ ომახიანი სვლით მოათრევს ხოლმე თავის ურიკას და დანახვისთანავე უკბილო ღიმილს მანათებს.
დღეს ჩემს გასახარად მზიანი ამინდია. მთელი დღე ვეფიცხებოდი. გამვლელებსაც ვათვალიერებდი. ერთი ორს გავეპრანჭე კიდეც და მომეფერნენ. საჭმელი არავის ჰქონია.
ჩემი პატარა ხის ქოხი საცხობთან ახლოსაა, ქუჩის შეტეხილში. პურს არ ვჭამ, მაგრამ ხანდახან წყალში დასველებულ ორიოდე ნაჭერს მომიგდებენ ხოლმე. ემა ეგეთი არაა. ჩემთვის სპეციალურად გამზადებულ ულუფას მიდებს თავის დაკოჟრილი ხელებით და მერე ალერსიანად გადამისვამს თავზე. ჩაცუცქული ელოდება სანამ შევჭამ და თან დაყვავებით მეკითხება, დღეს ისევ ვინმეს ხომ არ დავყეფე, ან ვინმემ ხომ არ გამაბრაზა. ასეთებიც ხდება.
უცნაური ხალხია ეს ადამიანები. თავს კეთილად მოგაჩვენებენ ხოლმე, სინამდვლეში კი უკანალზე ნაღმის სუნი ასდით. ჩვენ, ძაღლები ასე ვცნობთ პიროვნებას. შენი ტრაკის სუნი განსაზღვრავს შენს ხასიათსაც, ტემპერამენტსაც და ბუნებასაც. აბა, მარტო დასაწყვილებლად კი არ ვყნოსავთ. ხანდახან საკბენადაც.
ხოდა, აი ასე გავიწიე იმ კაცისკენაც, ჩემი ქოხის გვერდზე ლეიბის გაფენა რომ განიზრახა. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ექსცენტრიული, დაბოღმილი და სარკასტული უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყურადღება არ მომაქცია და მხოლოდ ეს სიტყვები მესროლა:
“აი, შე ძაღლიშვილო. რამეს გიშავებ თუ რა?”
ძაღლის შვილი ვარ, აბა კატის ხომ არა. ადამიანები ერთმანეთს საწყენად ძაღლებს უძახენ ხოლმე, გეგონება შეურაცხყოფა იყოს რამე. ნახევარი ჩემი მოთმინება მისცა ამ კაციშვილებს, ამათ!
მაინც ვაცადე და გავაშლევინე ეგ თავის ლეიბი. მართლაც, არაფერს ხომ არ მიშავებდა.
ისიც მაწანწალა აღმოჩნდა.
მომაგონდა ვიღაც ღვთისნიერმა სახლი როგორ გამიკეთა. პატარა ხის სახლი. შიგნით ლეიბებიც დამიფინა და წყლისთვის ჯამი დამიდგა. მერე კატა მოვიდა და ამიყროლა. არა, განა გიშლი?! მოდი, დაისვენე, დაიძინე. მოფსმა რა უბედურებაა?! აი, წარმოიდგინეთ თქვენს სახლში რომ ვინმე მოვიდეს, მოისაქმოს და წავიდეს. თან ნაჩუქარი არის, აბა როგორ გავუბრაზდე?!
მერე ისევ იმ კაცს გავხედე, იმას სახლი სულაც არ ჰქონდა. ჩემს გვერდით დაიფინა და დაწვა. კიდევ დიდი ხანი იწვა ასე. ისიც გამვლელებს ათვალიერებდა. ათასში ერთხელ რაღაც რკინის ჩხრიალა რგოლებს უგდებდნენ ქუდში. ადამიანები ფულს ეძახიან. მე ფული არა მაქვს. არც არასოდეს მქონია. მე ემა მაჭმევს.
მოკლედ დაწვა ის კაცი და აღარც ამდგარა იქედან. მეზობელი არ მინდოდაო ვერ ვიტყოდი, მაგრამ ხეირი მისგან დიდი ვერაფერი იყო. არც საჭმელს მიყოფდა. თავიდან. მერე რაღაცნაირად დავმეგობრდით. იცი როგორ? მოსაფსმელად გავედი გზის მეორე მხარეს. იქ ერთი საწყალი ფიჭვი დგას. გარაჟზე არის გადაყრდნობილი. უეცრად ხის მეორე მხრიდან ხმა გავიგე. ის კაცი იყო. ისიც ფსამდა. ისე გამომხედა, გეგონება თანამოაზრეები ვიყოთო. ძაღლი რომ ყოფილიყო მაგარს დავკბენდი.
ადამიანებს ტერიტორიის დანიშვნა არ სჭირდებათ, მთელი სამყარო თავისი ჰგონიათ. მე კი იმაზე ვნატრობ ერთი კვარტალი მქონდეს, ან თუნდაც უბანი. მე იქ წესრიგს დავამყარებდი! ბედად ხეიბარი გამოვდექი. ამ ფიჭვის და იმ სახლის გარდა არაფერი გამაჩნია. უკან რომ დავბრუნდით, თავისი ლეიბი ჩემკენ მოაჩოჩა და ლაპარაკი დამიწყო.
“შეიძლება რაღაც გკითხო? მე სამველი მქვია, სხვათაშორის.. შენ?”
ლაპარაკი რომ შემძლებოდა ვეტყოდი, მაგრამ… არა, უცნაური კაცია მაინც. წარბები წამოვწიე და გავხედე, ყურადღების ნიშნად.
“ხო, ნუ, მოკლედ, მეგობარო. ხედავ იმ ბებერ წყვილს, სნობებს რომ წააგვანან? იცი რა თქვეს? არა, უნდა მოგესმინა. იცი, რა თქვეს? ზოგი ადამიანი ობივით არისო. უსარგებლო ნაგვის ხროვასავით არიანო. დვანან და ყარან, მეტი არაფერიო.”
ამოვიოხრე.
“ჰოო, მე და შენ გვგულისხმობენ. მე და შენ ერთნაირები ვართ. ობი ჩვენი არსობისა, გაიგე?”
გაგებით გავიგე, მაგრამ, რა უნდოდა მაინც ვერ მივხვდი. იმ დღეს ემაც შეაშინა. ჩვეულებისამებრ აღარ მომეფერა. საჭმელი დადო და წავიდა. თან სამველს უყურებდა, რამე არ მოიმოქმედოსო.
რა უნდა ექნა, იწვა მთელი დღე და თავის ფულებს აგროვებდა. მერე პურს ყიდულობდა და რამე მისაყოლებელს და ხანდახან მეც მიყოფდა ხოლმე. დალევა უყვარდა. ისეთ სასმელს სვამდა, სუნზეც კი ცუდად ვხდებოდი. მერე ლაპარაკის ხოში ეხსნებოდა და ყველანაირ ბილწობას მიყვებოდა ადამიანებზე. ბოლოს ერთს გადააფურთხებდა და ერთად მოსაფსმელად მივდიოდით.
ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. სამველი სულ უფრო ხშირად დადის სადღაც. ლეიბთან უამრავი პლასტმასის ბოთლი აქვს დახვავებული. ხანდახან წასული როცაა, ვიღაც სხვა მაწანწალები მოდიან და მის ლეიბში მოისაქმებენ ხოლმე. როგორც ჩანს, ღარიბი ადამიანები ჩვენ გვემსგავსებიან ხანდახან. სამველის მოსვლამდე შარდი შრება, მაგრამ არ მესმის მაინც როგორ ითმენს. წინაზე მაგარი ნაცემი მოვიდა. უჩხუბია. ცალი თვალი ლურჯი ჰქონდა და კოჭლობით მოდიოდა. ერთხელაც უკვე ნასვამი დაბრუნდა და მომაძახა:
“შენი ბრალია ყველაფერი, შე ძაღლიშვილოო.”
ეს ძაღლიშვილი ნამეტანი შემომაჩვია, მაგრამ მივხვდი, მოფერებით გულისხმობდა. წაბორძიკდა და ტავის მყრალ ლეიბში დავარდა.
დილას სამველი გაქრა. ერთი დღე არ მოდიოდა, ორი დღე, სამი დღე. უკვე ავნერვიულდი. შემდეგ ბრაზიც შემომეპარა. იმ წყვილივით დავიწყე ფიქრი: ზოგი ადამიანი მართლაც ობივით არის, არც მოსვლით გახეირებს არც წასვლით-მეთქი. ობი ჩვენი არსობისა. ხო, ეგარი.
ერთი კვირის თავზე კიდევ რომ არ გამოჩნდა, ისევ დავსევდიანდი. ასეთს თუ ისეთს, მივეჩვიე. იმ დღეს ისევ ის სუნიანი კატა მოვიდა. ამჯერად შინ დავხვდი. ერთი შემათვალიერა და გვერდით მომიწვა. დავუღრინე, აქ მოფსმა არც გაბედო მეთქი. კუდი გაიქნია და ძილს მიეცა. სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია?! აი ასეთები არიან ეს კატები. ალბათ მაგიტომაც ცოცხლობენ ჩვენზე დიდხანს. და მაინც სამველი…
რამდენიმე დღე იმ იმედით ვიყავი, რომ დაბრუნდება. ბოლოსდაბოლოს ლეიბი ხომ ისევ აქ იყო. მერე გადავწყვიტე ცოტა უბანში გამესეირნა. მისთანა მყრალი კაცის კვალზე დადგომა თითქოს რა სიძნელეს უნდა წარმოადგენდეს?! წამით ვინანე ის გარეწრები რომ არ გავაგდე, მის ლეიბს რომ აპატიოსნებდნენ. ნაწყენი ვიყავი, ემასთან რომ გამიფუჭა ურთიერთობა.
მისი წასვლის მერე ემა ისევ მოვიდა და ძველებურად მომეფერა. ჩემდა გასაკვირად მოიკითხა კიდეც.
“წავიდა? აღარ გაწუხებს? შე საწყალო შენა.”
მერე სამველის დატოვებული აშმორებული ძეხვის ნაჭერი გადააგდო ჩემი თეფშიდან და ახალი ულუფა დამიდგა უგემრიელესი ქათმის ძვლებით. ცოტა ხორციც შერჩენოდა და წვენიც ესხა.
“უყურე შენ, უჭმეინებია.”
ამოოხვრით გახედა მის მიტოვებულ ლეიბს და იმანაც გაიმეტა – საცოდავიო.
“ცოდოა ეგეც, რა ქნას. მისი ბრალი კი არაა ასეთ ქვეყანაში რომ ვცხვრობთ. არ უნდა იყონ მისთანები მომრავლებული.”
მერე კიდევ ერთხელ მომეფერა და გასწია თავის გასაყიდი წერტილისკენ.
ეხლაც სამველის ძიებაში იმ ადგილს ჩავუარე სადაც ემა მეგულებოდა. ფარეხთან პატარა ბაზარი ჰქონდათ მოწყობილი და ისეთივე ღიმილიანი სახით ურჩევდა ვიღაც წყვილს პომიდორს. ვიეჭვიანე.
ალბათ სამველმაც სადმე ახალი მეგობარი იპოვა და იმას უყვება თავის დარდებს. თავი გავიქნიე და ჩემ ადგილზე დავბრუნდი.
ღამე ჩვენი ადგილის ირგვლივ სხვა მაწანწალამ დაიწყო ტრიალი. წრეებს მირტყავდა და მათვალიერებდა. ლეიბზე დაუდგამს თვალი. ახლოს რომ მოვიდა წავუღრინე. აი ეს კი ნამდვილი გარეწარი ჩანდა. რომ ჩამეძინა ჩუმად მაინც მოეწყო სამველის ლეიბზე და დილას ჩაძინებული დამხვდა. ცხელ გულზე ყეფა დავუწყე და რაღაც უხამსობების ყვირილით მესროლა ჯერ ფეხსაცმელი, მერე კი სულაც წიხლი. ტკივილისაგან წავიწკმუილე და შეურაცხყოფილმა კბილები ჩავასე. მერე რაღაც კიდევ მომხვდა და უკვე საკანში გამომეღვიძა.
გამიგია ადამიანებსაც სვამენ ხოლმე ასეთ გალიებში, მაგრამ იმათ გაჩუქების შანსი არა აქვთ. დიდად არც მე მეხატებოდა ეგ პერსპექტივა. სხვა პატრონი არ მჭირდებოდა, მე ჩემი ემა მინდოდა.
წყეული სამველი! ჯერ ემას დამაშორა, ეხლა კი სახლიც დამაკარგინა! ემას ხელით მომზადებული საჭმელი სანატრელი გამიხდა. გვერდითა გალიებში სხვადასხვა ჯიშის და ოჯახის ძაღლები ისეთი დაღლილი თვალებით შემომყურებდნენ, გეგონება კიდევ ერთი პირის დამატება ეწყინათო. მარტო ერთი პეკინესის ექსცენტრიული მიმსგავსება იყეფებოდა გაუთავებლად. მეც კი ამეჭრა ხასიათი.
ჩემი გალია საკმაოდ ძველი და მონჟღრეული იყო. საკეტი, როგორც ჩანს, კარგად ვერ იჭერდა და გარედან მავთული ეხვია დასაკავებლად. ორდღიანი შიშით სავსე მოლოდინის მერე, როგორც იქნა რომ მივხვდი, აქ დიდი ხანი მომიწევს ყოფნა, ვცადე კარი გამენგრია. ხმაურზე დანარჩენი ძაღლებიც აყეფდნენ – “ხმა გაიგდე შე ნაძირალაო”. იმათაც უნდოდათ გაღწევა, რა საკვირველია.
ყეფის ხმაზე ზედამხედველი შემოვიდა და უმალვე ყველა გაისუსა. მე სხვებისგან განსხვავებით მოურიდებლად ვაშტერდებოდი. იმანაც მესროლა თავისი გაუპარსავი სახიდან შმაგი მზერა. პირზე ჯერ კიდევ ხაჭაპურის ნაფშხვენები ემჩნეოდა. ალბათ ჭამის დრო ჰქონდა და მოვწყვიტეთ. გვერდითა ოთახიდან რაღაც თურქული სერიალის ხმებიც ისმოდა. ვაგლახ შენ! ძალათი მაინც არავინ გიჭერს.
კაცმა გუმანით იგრძნო, ჩემი საკეტის მორღვევის მცდელობა და ოდნავ მორყეულ მავთულს მოუჭირა.
“გეშინია შე საწყალო? რა ვქნა აბა, ასეა საჭირო. კარგად თუ მოიქცევი არაფერს გიზამ, მარა იცოდე ასეთი საქციელისთვის კარგი ცემა არ აგცდება.”
ქამარზე მიმაგრებულ ელექტროშოკზე მოისვა ხელი. რამდენიმე ძაღლი მაშნვე გალიის კუთხისკენ ჩაიწია და თავი ბეჭებში ჩამალა. მეც ორიოდე ნაბიჯით ჩავიჩოჩე.
“ჭკვიანი ბიჭი ხარ. კარგი, ამჯერად გაპატიებ. ახალი ხარ.”
შემდეგ თავის ოთახში დაბრუნდა და რაღაც რკინის სახელურიანი საგანი მოათრია. მეტი უსაფრთხოებისთვის ისიც ჩემს კარს მიაყუდა და როგორც იქნა წავიდა.
უკან კარი რომ მოიკეტა ყველამ ერთბაშად სუნთქვა დაიწყო.
“ეგრე აღარ ქნა ძმობილო, თორე ცხელ გულზე შეიძლება ჩვენც მოგვიგონოს ძველი ცოდვები.”
გაფრთხილებას უფრო ჰგავდა. დათრგუნული მივიყუჟე ცივ გისოსებთან და ჩუმად ავტირდი. ხო, ძაღლებიც ვტირით ხოლმე.
პერიოდულად ჩვენს დასათვალიერებლად ხალხი მოდიოდა. მალევე ის პეკინესი გააჩუქეს, ყველას ნერვებს რომ გვიშლიდა. ჩემკენ გახედვა არც კი უნდოდათ. ჯიში მე არ მეტყობოდა და გაბურძგნული და დაუბანელიც ვიყავი ყველაფერთან ერთად. ემას ეგ არ აწუხებდა, არც სამველს, მიუხედავად იმისა რომ ნაძირალა იყო.
მზის შუქი მენატრებოდა. ცივი ღამეები ქუჩაში რთული ასატანი იყო, მაგრამ სულმუდამ უმზეოდ, ცივ, ბეტონის იატაკზე წოლა არცთუ სასიამოვნო იყო. ქვეშაგები მქონდა, მაგრამ ძველი კომფორტი მოსაგონარი იყო.
რამდენიმე დღის მერე როგორც იქნა გაგვრეკეს ეზოში და სათითაოდ შლანგიდან გვაბანავეს. ეგ კარგი იყო. აქამდე არავის დავუბანივარ, თუმცა ცოტათი შემეშინდა.
სირბილიც მომნატრებია. ცის სილურჯე. სად ვიყავი არ ვიცოდი, ამ ადგილების არც სუნი მეცნო და არც ბეტონის ღობის მიღმა ჩანდა რამე, თუმცა ეგ დღე წინებთან შედარებით შვება იყო. დანარჩენებიც უკეთ გავიცანი. დავყნოსე, როგორც ალბათ მიხვდებოდი. არც ისე ცუდები იყვნენ. მარტო ორიოდემ გამაღიზიანა. სამწუხაროდ კარგად გაცნობის დრო არ დაგვრჩენია.
საქმე იმაშია, რომ უეცრად თავს დაგვადგა იმ კაცის ნაირი, ან კიდევ უფრო უარესიც, მთელი ჯარი. თავის რეზინის ჩექმებით და ერთნაირი ფერის ფორმებით შემოვარდნენ და ნელ-ნელა ჩვენი გაზიდვა დაიწყეს რაღაც დიდ მანქანაში.
სიტუაციას ძლიერ ცუდი სუნი უდიოდა, მსუბუქად რომ ვთქვა. პანიკა ავარდა. ისე შემეშინდა ჩემს გალიას ორმაგი ძალით დავუწყე ჯაჯგური. ის რკინა საკმაოდ მძიმე გამოდგა, თუმცა ბედად რომელიღაც იმათგანმა თავის ჩექმა წაჰკრა წაბორძიკებულზე და ეგ წინაღობა მოვიშორე. სანამ ერთ-ერთ გაცოფებულ ძაღლს წამალს უკეთებდნენ მოვასწარი და გავანგრიე. არეულობით ვისარგებლე და გვერდითა ოთახისკენ მოვკურცხლე.
ვიგრძენი როგორ დაიყვირა ვიღაცამ – დაიჭირეო.
სწრაფად უნდა მეფიქრა. გარეთ ალბათ კიდევ იქნებოდნენ იმათიანები.
ოთახში თვალი მოვკარი ჩვენი დარაჯის საწოლს. რკინის რიკულებიანი დაჟანგული საწოლი იყო გრძელი ხვეულებიანი გადასაფარებლით. გადავწყვიტე იმის ქვეშ შევმძვრალიყავი. ჩემი მდევარი გარეთ გავარდა.
“ერთი გაგვექცა, ხომ არ დაგინახავს?”
ჰკითხა თავის კოლეგას. დრო ვიხელთე და კარისაკენ გავიპარე. გარედან ჩემი ახალი ამხანაგების სულის შემზარავი წკმუილი ისმოდა. საიდანრაც მანქანის ძრავის ხმაც შემოისმა და ამ ალიაქოთს უცხო ხალხის ხმებიც შეუერთდა.
“გაუშვით!”
იყვირა ვიღაც ქალმა.
ცხვირში ნაცნობი სუნი მეცა. გავშეშდი. არ არსებობს! არა, საიდან უნდა სცოდნოდა აქ რომ ვიყავი?
ემა!
თვალი გარეთ გავაპარე. ჩემი მდევარი ეხლა ხალხის ჯგუფს აკავებდა ჭიშკართან. სიტუაციით ვისარგებლე და გარეთ გავვარდი. კედლის გასწვრივ გაშენებულ ბაღჩისმაგვარ რაღაცაში შევვარდი და ბუჩქს მოვეპარე.
ხო, ნამდვილად ემა იყო. მანქანისკენ იჭრებოდა და ჩემ სახელს ყვიროდა.
“რუდოლფ, აქ ხარ?”
მინდოდა გავვარდნილიყავი და დამეწყნარებინა – კი, ემა აქ ვარ! მე ვარ, რუდოლფი! მაგრამ არც ლაპარაკი ვიცოდი და იქ გასვლასაც ვერ გავრისკავდი. ეხლა რომ გამოვჩენილიყავი, ეგრევე დამიჭერდნენ. ჩავსაფრდი და უკეთესი სამალავის ძიება დავიწყე.
ამასობაში ძაღლების ახალი პარტია გამოიყვანეს.
“სად მიგყავთ?”
ლამის ტიროდნენ გარედან შემოცვენილი ხალხი. მართლაც, ნეტავი რას უპირებდნენ?
ეზოს სიღრმისკენ გავიწიე და რაღაცა თხრილში ჩავიმალე. ხმაურის ჩაცხრომამდე იქ ვიყავი. ემა, ჩემი ემა! აქედან თავს რომ დავიძვრენ აუცილებლად ვიპოვი!
ნელ-ნელა სულ უფრო ჩამობნელდა და მეც დამეძინა. სიზმარში სამველის ხმა მომესმა.
“ადე, წამო, აქეთ წამოდი.”
აქ რა გინდა-მეთქი მინდოდა მეკითხა, მაგრამ უნებლიედ გავყევი. ნუთუ ჩემს საშველად მოვიდა? ემამ თუ მიპოვა, სამველს რატომ ვერ უნდა ვეპოვე? შენობის უკანა ნაწილისკენ გამიყვანა და მითხრა – გათხარეო.
უეცრად გამეღვიძა.
ირგვლივ ძაღლიშვილის ჭაჭანება აღარ იყო. აღარც ადამიანები ჩანდნენ. ეგ კაციშვილი სამველი! მიმატოვა და სიზმარშიც აღარ მასვენებს! რასაკვირველია არ დავუჯერე. ჭიშკრისკენ გავიწიე, იმ იმედით რომ რამე გასაძვრომს ვიპოვიდი. არ იყო. მაშინ მთელ ეზოს დავუარე და, მხოლოდ ბოლოს, მაინც დავნებდი.
თხრა დავიწყე.
ზუსტად კედლის ქვეშ რომ ვიყავი უკნიდან აგორებული მიწის ხროვა დამეცა. ჩავიმარხე. თხრას კიდევ უფრო მეტი გამალებით შევუდექი. ისღა დამრჩენია მეიმედა, რომ ზევით ბეტონი არ დამხვდებოდა. აი მაშინ კი ვიწამებდი, ვიწამებდი, რომ სამველი სინამდვილეში რაღაც მიზეზით გაქრა, რომ შესაძლოა მან იცოდა, იცოდა რომ მისი ადგილის დასაცავად ყურსაც კი არ ვიბერტყავდი. სამველმა კი არ მიმატოვა, მე ის გავაგდე. მე ის არ ვაღიარე. მხოლოდ თავი მოვაჩვენე მეგობრად და მისი მოსმენა არ მინდოდა. აბა რა. ლაპარაკი ხომ არ ვიცოდი. საიდან უნდა გაეგო, რომ შემიყვარდა. შევეჩვიე. რომ სინამდვილეში ეხლა მენატრებოდა. სველი ნიადაგის კოშტები ხახაში მეყრებოდა და მარცვალმარცვალ ეკვროდა სასას, ყელს, გლანდებს, ხორხს. როგორც იქნა ერთ მიწოლაზე თათი გარეთ გამივარდა და ბნედამიხდილმა ბოლო აზიდვა რომ შევასრულე დრუნჩზე წვიმის პირველი წვეთი დამეცა. გავაღწიე.
ცოტა ხანს ნახევარტანჩამარხული ვეგდე ძირს და წვიმას ხარბად ვუშვერდი ენას. მერე ბოლომდე ამოვბობღდი და უკვე გვარიანად გალუმპულმა ატალახებული სინოტივე მოვიბერტყე.
გზისკენ გავსწიე. ჯერ კიდევ ქალაქში ვიმყოფებოდი, ან შეიძლება მის გარეუბანში. თბილისს არ გავდა. კედელს ჭიშკრის მხრიდან რომ მოვუარე ორი ფიგურა დავინახე. ისეთი თქეში იყო სუნს კარგად ვერ ვარჩევდი, მაგრამ წინათგრძნობისგან ბეწვი ყალყზე დამიდგა.
ფრთხილად მივუახლოვდი.
თვალებზე მღვრიე გადამეკრა. დანახვა საჭირო არც იყო, ვიცოდი. ემა და სამველი იყვნენ. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად დავიყეფე, რადგან ვეღარ ვარჩევდი სად მივდიოდი. ნაცნობმა დაკოჟრილმა ხელებმა გულში ჩამიკრეს და ავკრუსუნდი. შემდეგ თავზე კიდევ ერთი ხელი შემეხო. ცოტა უფრო დიდი და უხეში. მადლიერებით ავლოკე. სამველის უგერგილო სიცილი მომესმა.
“კაარგი, ბიჭო, კაარგი. ინერვიულებდი ალბათ. უკვე იმედი ამოგვეწურა, რომ აქ იქნებოდი.”
ბინდი როგორც იქნა გალღვა და მათი სახეები დავინახე. რა ტკბილი ყოფილა თავისუფლება!
გზად, ცოტა რომ დავმშვიდდი, ემას და სამველის თვალიერება დავიწყე. ეს ორი ერთად როგორ აღმოჩნდა? ნუთუ ჩემი გულისთვის გაერთიანდნენ? სხვა ძაღლები რომ მიჰყავდათ, იქ ხომ მარტო ემა იყო?!
სხვა ძაღლების გახსენებამ ცოტათი დამასევდიანა. ეხლა, როცა მე უკვე თავისუფალი ვიყავი და შიშებმაც გადამიარა შემეცოდნენ. მათზე თითქმის არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ცუდი ტიპები არ ჩანდნენ.
“რუდოლფ, შენ არ იცი რას გადარჩი!”
თითქოს ჩემს აზრებს უპასუხა სამველმა.
“დანარჩენები… ამბობენ დაწვესო.”
გული უეცრად ისე ამიფანცქალდა, ამხელა აპმლიტუდით ალბათ არასოდეს უცემია. ნეტავი დროის უკან გადახვევა შემეძლოს… მეც ხომ იქ ვიყავი, მათ გვერდით. უძლური, შეშინებული, პატარა. ემას და სამველს ისე მაგრად მივეკარი, ვეღარანაირი ძალა რომ ვერ დაგვაშორებდა. რამხელა ბედნიერებაა, როცა გყავს ორი მეგობარი, რომლებიც წვიმაში შენს გამო დადგებიან და თუნდაც 0.1 პროცენტიანი იმედით, იწამებენ შენს გადარჩენას.