სკოლა
აქ დევს ჩემი გული,
გისოსებიან მკერდში იყინება,
ჯერ კიდევ ძალუძს ფეთქვა.
მონაზვნად აღსაკვეც თოვლთან ერთად
აგონიისას სისხლივით წაგსკდა
სიმარტოვის სიმარტივე,
გამაბრუებელ ხმებზე მოსრიალე მოსწავლეები
კედლებს შუა ცდილობენ გავლას.
სასკოლო მერხებზე ამოკაწრული სიყვარულის ახსნა,
სიგარეტის კოლოფში ჩადენილი სუიციდი,
ხორცით მძინარე მშობლური რჩევა,
სიმარტივის სიმარტოვე.
ანგელოზებმა სინანული გზაზე დაყარეს, როგორც ქვირითი.
ზღვის დისონანსი გამოიტანს ნაპირზე ნივთებს,
დუჟმორეული შამპუნის ბოთლი, გადატეხილი დეოდორანტი,
ხელის კრემი, ღამის ნიღაბი.
მონიშნე ადგილი, I’m not robot.
ჩვენი სიყვარული ამ ნივთებივით გამოუსადეგარი გახდა,
მზეც გასნობდა,
მოსწავლეები მხოლოდ ნაცრისფერ ცას ხატავენ
და როცა ნოე მკითხავს: გესმის?
მე არ შემეძლება რამე ვუპასუხო.
ალმოდებული სახლივით ცხელი ჩემი გული ფეთქავს.
სუსხივით ედება სიგიჟე სამყაროს დარჩენილ დროს.
ჯარისკაცული ტემბრით ყვირილი, ხმის ჩახლეჩვამდე:
“ყველამ მიიღო მონაწილეობა ამ ბავშვის ჩასახვაში?!”
ადამიანთა სიძულვილის დაზეპირებით,
სრულყოფილ კომუნიკაციით მშობლიურ ფესვებთან
ახალ სტადიას გვთავაზობს შიზოფრენია
და მიაქვს, მიაქვს,
სადღაც შორს მიაქვს ჩვენი სიცივე,
მუსიკის მასწავლებელიც ისე გვასწავლის, თითქოს რცხვენია.
ამასობაში ცა და ხმელეთი ჭუჭუს ატოლებს,
მარტო დარჩენილთ ოთახებში ეკრანი მიუგებს:
რომლებსაც ეზიზღებათ ეს სიმარტოვე,
Recaptcha check failed. Are you a human?
fLOVEr
fLOVEr წერია კედელზე,
fLOVEr იმეორებენ ციხის კარები.
მოდიან პაემანზე,
დაკონსერვებული თავისუფლება მოაქვთ,
fLOVEr წერია თავსახურზე.
სუნთქვა რისკავს,
დესანტივით ხტება მათი პირიდან,
სიტყვები დაორთქლილ ზედაპირზე იჭყლიტებიან,
წერტილოვანი პანელის შიგნით.
პატიმრები კროსვორდს ავსებენ:
:საქართველოს პრემიერ მინისტრი:
:სამი ასო?:
შ ვ ე უ ლ ა დ
და
ვ
ე
რ
ტ
ი
კ
ა
ლ
უ
რ
ა
დ
ა
ც
*
*
* * *
fLOVEr იწერება შემდეგ გრაფაში.
და სიყვარული ყვავილივით ჭკნება გულში,
სიყვარული ყვავილივით გარჭობილია იარაღის ლულაში,
სიყვარული ყვავილივით იყრება კუბოზე.
მორიგე ელექტრონს აქრობს,
საკანში მსხდომთ უმეორდებათ თავში ლოცვები:
„მამაო ჩვენო, ნეტავ როდის დავიხოცებით“
საუზმეზე, ბოლო ულუფის შემდეგ, დესერტად გადმოაქვთ
სახლიდან გამოგზავნილი თავისუფლება.
თეფშს გულმოდგინედ ასუფთავებენ,
ისევ ისე, როტაციულად, პურის ნაგლეჯით.
თეფშის ფსკერზე მკრთალად ირეკლება
fLOVEr.
ჩეს წითელი პორტრეტი კედელზე
მაგონებს სახლის სახურავზე მდგარ
ანტენის ჩხირებს, შენი თმა.
სიცოცხლე გულად, სიკვდილზე მედგარ
სარეცელებზე შეიქმნა.
სახე აქვს ისე სუფთა, სპეტაკი,
ვით რენესასნის მადონებს.
დღეს ემზადება ყველა სპექტაკლის
საყურებლად და ვაგონებს
მოაგორებენ ძველი რელსები, რადიო
ყვირის სასტიკ ნიუსებს.
უნდა სიღრმიდან გადმოადიონოს
ყველა ტკივილი, რასაც მიუსევს
ხალხის უგონო, დაზაფრულ რიგებს,
რომელსაც სისხლის გემომ უწია.
დაშრა ტალღები და მიწყდა ბრიზი,
სადღაც დეტალი მოერყა რიგელს,
ახლა შენსავით ყველა წვერს იზრდის
და სურთ აკეთონ რევოლუცია,
როგორც ბავშვები. უსმენენ ჩქემს,
მოკლების არა, მარტო მატების.
ენაბლუობას მაგონებს ჩემს
კაკანი მშიერ ავტომატების.
სანამ დრო არის შესაფერისი
მოვუხმოთ იმას, ვინც არ ბრუნდება.
ყუმბარასავით სკდება პენისი,
ლპება ყბაში და კვლავ იტუმბება.
ალბათ დროების სხვა მხარეს მოხვდი,
გრძნობ სინამდვილე როგორ იფშვნება.
შენი პორტრეტი კიდია ოხვრით
და ემუქრება გაფეტიშება.
იქნება შევძლო, ჩარჩო მოვაძრო,
გულის სიღრმეში ყოველთვის მზად ვარ,
რომ დავივიწყო ყოფა უაზრო
და ამ ელექტრო ტკივილის ძაბვა.
***
მე რომ დურგალი ვყოფილიყავი
არ ავაშენებდი სახლს,
რომ იქ ეცხოვრათ.
მე რომ დურგალი ვყოფილიყავი
არ გამოვთლიდი სკამს,
რომ დამჯდარიყვნენ მასზე.
მე რომ დურგალი ვყოფილიყავი
არც ნაჯახებს ავლესავდი,
არც ხეებს გავრანდავდი.
მე რომ დურგალი ვყოფილიყავი
არ გამოვჭედავდი კუბოს,
რომ მასში ჩაწოლილიყვნენ.
მე რომ დურგალი ვყოფილიყავი
იმ ლურსმნებს მოვიპარავდი.
პინ-კოდი
შუა დღემდე ძილის შემდეგ საღამოს გარეთ გამოვედი.
ამ ხნის განმავლობაში სევდა გროვდებოდა,
რომელიც ნელა გაიჟონა ეზოს კუთხეებში,
შენობების გიგანტურ კედლებზე,
სტადიონზე, არაფრისგან ბედნიერ ბავშვებთან,
ცხოვრებისგან გადაღლილ ზანტად მოსეირნე მოხუცებთან,
დეპრესია აკიდებულ დედების კანზე,
ტესტოსტერონისგან გაბერილ სპორტსმენების სხეულზე,
უზრდელ და უტაქტო ტურისტების ჩემოდენებზე,
ავტობუსებში, მეტროებში, მაღაზიებში.
ჩემი სევდა ყველაფერს მოედო
და საკუთარი არსებობა დამავიწყა.
რიგით საგნად ვიქეცი,
კედელებზე დაჯღაბნილ სასიყვარულო სტენსილებად,
განათების ბოძებად, კალათის ჯაჭვად,
ყავარჯნებად, საბავშვო ეტლებად.
ალბათ როგორი სასიამოვნო იქნებოდა
მარადიულ არარაობაში ყოფნის
წამლეკავი ქროლვა ნაღდით
თუ ბარათით?
1-9-9-4
ოპერატორის თხოვნის შემდეგ
ბარათის კოდი შევიყვანე აპარატზე,
რა წამს ნაყიდმა სიგარეტის კოლოფმა დამაბრუნა
ამ სამყაროს გარდაუვალ წარმავალობაში.
ბორნი
ფიზიკური მდგრადობის სამყოფელს მიღმა გაშლილი
თვითრწმენით სავსე ღვთისმსახურის საუზმე
დაძინებამდე ითხოვს უარყოფას.
შეუნდე მამაო,
მათ ენანებათ ფული, რომელიც არ აქვთ
და მეორადი სიგარეტები.
ქარით აკვნესებული ფაგოტები,
კლავესინები, ქალაქის ფანტომები
წვიმის ხმაურში
და რაღაც ყვითელი,
ქალის წინდების შეფუთვაზე მიხატული,
ძველებური ფრანგული წარწერით.
ეს იყო დროგამოშვებით,
მაგრამ ერთმანეთისკენ მიმართული,
სიმახინჯის ტყვეობაში მოქცეული მშვენიერება.
ჩვენ, პრიალა თავებით,
სამყაროს გაზრდით შეშინებულნი.
წვიმდა სასაფლაოზე და თბილი ჩანდა
ფრინველების ბალნიანი მარტოობა,
ჟენევა, ლაიბნიცი,
მდინარეების სიღრმე.
ვსეირნობდით, როგორც სერაფიმები,
ნახმარ პრეზერვატივებით სავსე მინდორზე,
მკვდარი ხეების ორანჟერეაში,
სანამ დედას ეტკინა,
სანამ დავიბადე.
* * *
მოულოდნელი ძილი
სიზმრების მუქი სიწითლე
ღამეში არეკლილი
მეხსიერების სიწმინდე
გადაყოლილი ჩალიჩზე
რომ ამოიღოს ხმა
დილით დახვდება ბალიშზე
მიწებებული თმა
ძილი
შევაღებ კარებს და მშვიდად გძინავს,
არ მინახიხარ არასდროს მსგავსი.
ამონასუნთქი ჰაერი მინას
ედება, როგორც საფლავებს ხავსი.
ოდნავ გახსნილი პატარა ბაგე
კიდობანია სევდა-ნაღველის.
უმჯობესია, რომ კართან დავდგე,
არ ვიყო შენი ძილის დამრღვევი.
მხოლოდ გიყურო თუ როგორ გძინავს,
ოთახში შენი სუნი ტრიალებს
და სანამ წავალ, დავაწერ მინას
ჩვენი სახელის ინიციალებს.
* * *
მდუმარება ღამის
ისევ სულში გიზის
ვერ გააქრო შრამი
პირამიდამ გიზის
მზემ იპოვა შხამი
როცა ფრთები გახმა
თვალებზე მაქვს ნამი,
რა მინდოდა მაღლა?!.
პირამიდას მჯდარი
მიწას ვუთვლი ღრუბლებს
და მიმღერის ქარი
როგორ დავიღუპე.
კომენტარის დატოვება