ბოლო ჩანაწერები

თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ

 

როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ; როდესაც ვხედავთ გენოციდს ღაზაში, ოკუპაციას და აპარტეიდულ რეჟიმს პალესტინის მიწაზე; როდესაც საქართველოში კომპრადორი პოლიტიკური კლასი ცდილობს მის გარშემო მყოფ იმპერიალისტებთან საერთო ენა გამოძებნოს, მეტი ფინანსები გამოივაჭროს ჩვენი სამშობლოს ყვლეფის, ხალხის ჩაგვრისა და დამცირების ხარჯზე, ხოლო მის წინააღმდეგ მებრძოლები კი ციხეში გამოკეტოს; როდესაც იდეოლოგიით მოწამლულები სიხარულით ეგებებიან იმპერიალიზმის მიერ ახალ-ახალ გაჩენილ ჭრილობებს ახლო აღმოსავლეთში თუ სხვაგან, გლობალურ სამხრეთში;  შეუძლებელია პესიმიზმმა წამით არ შეგვიპყროს. მათი იდეოლოგია ომის იდეოლოგიაა, შიმშილის, გენოციდის და ეთნიკური წმენდის, მათი იდეოლოგია ერთეულების გამდიდრების იდეოლოგიაა მილიარდების დამშევის და ექსპლუატაციის საშუალებით; როგორც ბრეხტი იტყოდა:

„მათი ომი მოკლავს ყველას,

ვისი მოკვლაც

ვერ მოასწრო მათმა მშვიდობამ.“[1]

ასეთ დროს რამდენადაც შეიძლება პესიმიზმმა შეგვიპყროს, უნდა ვეძიოთ გზები იმედისთვის, რომელიც რევოლუციური ჰორიზონტისკენ გვიბიძგებს. ვისგან უნდა ვისწავლოთ ეს თუ არა თავად მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ბოროტების – ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლებისგან. სწორედ იმედის ეძებს ბენიამინი ამ ნაწყვეტში, სადაც ბრეხტზე გვესაუბრება, ბრეხტის მონათხრობზე და ბავშვებზე, რომლებიც შორიდან მომავალ სინათლედ ჩანან უკუნ სიბნელეში. ამ ნაწყვეტში პესმიმიზმიცაა და ოპტიმიზმიც, როგორც ასევე ერთი მებრძოლი ანტი-ფაშისტი, კომუნისტი იტყოდა, პესიმიზმი გონის, ოპტიმიზმი – ნების.

 

29 ივლისი

29 ივლისს, საღამოს, როდესაც ბაღში ვიყავით, ჩვენი საუბარი შეეხო საკითხს – ბავშვების სიმღერების ციკლი უნდა შესულიყო თუ არა ახალ ლექსების კრებულში. მე არ ვიყავი ამ იდეის მომხრე, რადგან ვფიქრობდი, რომ კონტრასტი პოლიტიკურ და პირად ლექსებს შორის საკმაოდ თვალსაჩინოს ხდიდა დევნილობის გამოცდილებას და განსხვავებული თემატიკის შეტანა ამ კონტრასტს შეამცირებდა. როდესაც ამას ვამბობდი, ალბათ იმას ვგულისხმობდი, რომ ამ რჩევამ აჩვენა ბრეხტის ხასიათის დამანგრეველი მხარე, რომელიც ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს მის დასრულებამდე. ბრეხტი: „ ვიცი, ჩემზე იტყვიან, რომ გიჟი ვიყავი. როდესაც აწმყო მომავალში გადაინაცვლებს, ჩემი სიგიჟეც გასაგები გახდება. დროება, სადაც ვცხოვრობთ ფონად გაყვება ჩემს შეშლილობას. მაგრამ რეალურად, მინდა ხალხმა ჩემზე თქვას, ის ზომიერად შეშლილი იყოო.“ – ბრეხტი ამბობდა, რომ მისი ზომიერება სწორედ მისი ლექსების კრებულში ჩანდა, იმ აზრში, რომ მიუხედავად ჰიტლერისა, ცხოვრება გრძელდება და აქ ბავშვების ადგილი ყოველთვის იქნება. ის ფიქრობდა „ეპოქაზე ისტორიის გარეშე“, რომელზეც არტისტებისადმი მიმართულ ერთ თავის ლექსში საუბრობს. რამდენიმე დღის შემდეგ, მან მითხრა, რომ მსგავსი ეპოქის დადგომა მეტად სავარაუდო იყო, ვიდრე ფაშიზმზე გამარჯვება. შემდეგ კი, ძლიერი ვნებით, რომელსაც იშვიათად ავლენს ხოლმე, კიდევ ერთი არგუმენტი მოიყვანა, თუ რატომ უნდა შესულიყო „ბავშვების სიმღერები“ კრებულში- „ლექსები დევნილობიდან“: ჩვენ არაფერზე უნდა დავხუჭოთ თვალი მათ წინააღმდეგ ტანჯვაში ბრძოლისას. რასაც ისინი გეგმავენ, არაფერია პატარა და უმნიშვნელო, მაგაში არ უნდა შეცდე. ისინი ათიათასი წლით შორს იხედებიან. უზარმაზარ, კოლოსალურ დანაშაულებს გეგმავენ. არაფერის დიდებით არ გაჩერდებიან. მათი მიზანია ყველაფერი გაანადგურონ. ყოველი ცოცხალი მათი ჩაგვრისგან დაიტანჯება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ყველაფერზე ვიფიქროთ. როდესაც დედის მუცელშივე კლავენ პატარებს, არაფრის დიდებით არ უნდა დავივიწყოთ ბავშვები!“

მაშინ, როდესაც ის ასე მღელვარედ ლაპარაკობდა, მე შემაძრწუნებელი ძალა ვიგრძენი ჩემში, რომელიც ფაშიზმს უტოლდებოდა, ფაშიზმივით ისტორიის სიღრმიდან ამოსულს, მაგრამ მის წინააღმდეგ მიმართულს. ეს ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, რომელიც პირველად ვიგრძენი. შემდეგ ბრეხტის ფიქრებმა სულ სხვა მიმართულება მიიღო, რამაც მეტად გამიმძაფრა ეს განცდა. „გონების შეშლამდე საშინელ განადგურებას გეგმავენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვერ შეთანხმდნენ ეკლესიასთან, რომელიც მათ მსგავსად, ათასობით წლის დაშორებით განჭვრეტს საკუთარ გეგმებს. და მათ ჩემი პროლეტარიზებაც მოახერხეს. მხოლოდ ის კი არ არის, რომ მათ წამართვეს სახლი, აუზი თევზებისთვის, ან ჩემი მანქანა, მათ გამძარცვეს და წამართვეს ჩემი სცენა და აუდიტორია. მე თუ მკითხავ, საერთოდ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ შექსპირის ტალანტი ცალსახად ჩემსაზე დიდი იყო. მაგრამ შექსპირს არ შეეძლო ეწერა მხოლოდ იმისთვის, რომ ნაწერები თავისი მაგიდის უჯრაში შეენახა. მისი ტექსტები უნდა წაკითხულიყო და დადგმულიყო, ისევე როგორც ჩემი. უფრო მეტიც, მას თვალწინ ჰყავდა პერსონაჟები მისსავე ცხოვრებაში. ადამიანები, რომლებზეც წერდა, ქუჩებში დაიარებოდნენ. ის მხოლოდ აკვირდებოდა მათ ქცევებს და თავისი პერსონაჟებისთვის გამოარჩევდა. თუმცა იყო ბევრი სხვაც, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელიც მას გამორჩა თვალთახედვიდან.

[1] თარგმანი ზვიად რატიანის