მაჰმუდ დარვიში – ლექსები

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

დედაჩემს

დედაჩემის პური მენატრება,

დედაჩემის ყავა,

დედაჩემის ალერსი…

და დღითი დღე,

ბავშვობა იზრდება ჩემში,

და სიცოცხლეს ძვირად ვაფასებ, რადგან

თუ მოვკვდი,

დედაჩემის ცრემლების შემრცხვება!

თუ, ერთ დღეს, დავბრუნდი,

შენი ქუთუთოების მზის ქოლგად მაქციე.

ძვლები შენს უმწიკვლო ქუსლებქვეშ გაფენილი ბალახით შემიმოსე.

ნაწნავზე მიმიმაგრე,

კაბის ბოლოდან გამორღვეულ ძაფზე…

და მე ალბათ ღმერთად ვიქცევი,

ალბათ ღმერთად,

თუ შენს გულს ახლო გავუვლი!

თუ დავბრუნდი,

მორივით,

შენს ბუხარს შემიკეთე.

და თოკად გამაბი

შენი სახლის სახურავქვეშ…

ფეხზე ვერ ვდგები

შენი დღიური ლოცვის გარეშე.

დავბერდი.

ბავშვობის ვარსკვლავები ჩამომიწყვიტე

და მე მათ, დასაბრუნებელ გზაზე,

ბარტყებს გავუზიარებ…

შენი მოლოდინის ბუდეში!

მამაჩემი

მან მთვარე უგულებელყო,

დაიხარა, რომ დედამიწას გადახვეოდა,

გამოიხმო

უწვიმო ცა,

და ამიკრძალა მოგზაურობა!

ელვამ ხეობა ააგიზგიზა.

მამაჩემი

იქ ქვებს ზრდიდა

ძველი დროიდან… და ხეებს ქმნიდა.

ცვარი ჩქეფდა მისი კანიდან,

და ხელებით ტოტებს ფოთლავდა.

და მტირალმა ჰორიზონტმა იმღერა მაშინ:

გულადი იყო ოდისევსი

და სახლში ჰქონდა

პური, ღვინო, და საბნები

და ცხენები, და ფეხსაცმელები.

და მამაჩემმა მითხრა ერთხელ,

ქვაზე ლოცვისას:

უგულებელყავ მთვარე

და მოერიდე ზღვის ტალღებს… და მოგზაურობას!

იმ დღეს, როდესაც უფალი ყმას ამათრახებდა,

ვთქვი: ო, ხალხო! მკრეხელობის დრო დადგა ნუთუ?

დაიკაპიწა მამაჩემმა მაშინ მაჯები… და ეს მომითხრო:

როცა იობი

ჭირვარამთან მუსაიფობდა,

ჭიებისა და… ცათა შემქმნელს განადიდებდა!

ეს სასჯელი მე მომივლინეს

და არა მკვდრებს ან სულაც სხვა კერპებს.

მაშ სასჯელები და ტკივილი გვერდზე გადადე,

და შეცდომების სინანულში შემომეშველე!

ვარსკვლავი ჩაქრა ჰორიზონტზე,

მოწყვეტ-მოწყვეტით.

ჩემი პერანგი ლივლივებდა

ცეცხლსა და ქარში,

ჩემი თვალები იხსენებდნენ

სილის ნახატებს.

და მამაჩემმა ეს თქვა ერთ დღეს:

ვისაც სამშობლო არ აქვს, იმას

არც სამარხი აქვს

… და ამიკრძალა მოგზაურობა!

 

 

იგი საკუთარ მკვლელს ეხუტება

იგი საკუთარ მკვლელს ეხუტება, მისთვის გულის ასაჩუყებლად:

ძალიან ხომ არ გაბრაზდები, თუ გადაგირჩი?

ძმობილო ჩემო! რა ჩავიდინე, მოსაკლავად რომ გემეტები?..

მაღლა მიმართე შენი ცეცხლი, ორმა სვავმა გადაგვიფრინა!

ჩემგან შორს სტყორცნე, დააფრქვიე ეს ჯოჯოხეთი…

და გვეწვიე დედაჩემის პატარა სახლში, ცერცვის შეჭამანდს მოგიმზადებს.

რას იტყვი? რას იტყვი?

ჩახუტებამ და ჩემმა სუნმა ხომ არ დაგღალა?

იქნებ შენმავე შიშმა მოგქანცა, ჩემში მალულმა?

მაშ მოისროლე მდინარეში ეს იარაღი!

რას იტყვი?..

მტერმა მიზანში ამოიღო ეს ჩახუტება?

მაშ, მტერს ესროლე, და ჩვენ მის ცეცხლს გადავურჩებით და შენც შეცდომას აღარ დაუშვებ.

რას იტყვი?

მტერი რომ სახლში – ჩვენთან – შევიდეს, შენ კი მღვიმეთა მითში დაბრუნდე, ამისთვის მომკლავ?

რა უქენი დედაჩემის ყავას, შენს ყავას?

რა ჩავიდინე, მოსაკლავად რომ გემეტები, ძმობილო ჩემო?

არ მოვეშვები ამ ჩახუტებას.

ხელს არ გაგიშვებ!

 

 

უცხოელი შორეულ ქალაქში

პატარა რომ ვიყავი

და ლამაზი,

ვარდი სახლად მქონდა,

წყაროები – ზღვად.

ამიერიდან, ვარდი ჭრილობად მქცევია,

წყაროები – წყურვილად.

– ძალიან ხომ არ შეიცვალე?

– არა, ძალიან არ შევცვლილვარ.

როცა ქარივით, შინ დავბრუნდებით,

შუბლზე დამხედე.

ზედ დაინახავ ვარდებს, პალმის ხეს,

წყაროებს და ოფლს,

და კვლავ მიხილავ ისეთს, როგორიც ვიყავი უწინ,

პატარას,

ლამაზს…

(არაბულიდან ელიას სანბარის ფრანგული თარგმანის მიხედვით. კრებულიდან “ჩვენ დედამიწა გვევიწროება”, გალიმარი 2000)

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

  • არსენი ტარკოვსკი – ლექსები

    თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ.…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *