მარიამ მებუკე – ლექსები

***

ყველა შვილი რომ დაიძინებს,

(ან მთაზე ავა, საიდანაც ბრუნდებიან მხოლოდ მამები),

ცხელი სიმართლით ამოგივსებ გუგებს,

რომლებშიც

ერთ დროს პეშვით ნაცარს გაყრიდი.

ხშირად იხსენებ –

მქონდა თევზის თვალის ჭრილი და

ნაიარევ სახეს გიშვერდი,

რომ დაგენახა,

როგორ ვხდებოდი მეტაფორა – ქალის,

რომელიც შვილი იყო და არ ეძინა,

დღის სინათლეზე დნებოდა ხოლმე.

საათობით გაშრებოდა თითებზე ცვილი

და

გზად, სადაც კი ხელს ჩასჭიდებდი ბოძს –

(ფეხზე მყარად ასე იდექი)

ანაბეჭდივით გადაგყავდა ქალი თითებით

მეტროს ვაგონში, ბარათებზე,

წიგნებზე – ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებოდა.

ხვდებოდნენ ქალის გამომშრალ კანს ტროტუარებზე,

სამსახურში,

შენი ლექსის ყველა აბზაცზე.

ხანდახან ქალი შრებოდა მარტო,

სინესტისგან ვადაგასულ კედელზე,

როგორც ჯვრის ერთადერთი ალტერნატივა.

როცა ქრებოდა,

უხილავი თევზის თვალები წარმოთქვამდნენ ლოცვას

და

შუბლზე ძველი ნაიარევი

დნობას იწყებდა,

სახეზე ისე იღვენთებოდა,

ახსენებდა:

„ახალი ქრისტე უეჭველად ქალი იქნება,

იქნება ყველგან :

ტროტუარებზე,

სამსახურში,

მეტროს ვაგონში

და გახუნებულ ფურცლებშიც ისე დაუწყებ ძებნას,

როგორც ობობებს უთვალთვალებ ჭერზე, ყოველთვის“.

თუ ლოცვაა სამჯერ ყველა სისულელის გამეორება:

ქალი მუდამ ცვილად დნებოდეს

და

არ შეგეძლოს მისი ჯვარცმის ზურგით ტარება.

 

***

ჭალაში ქალებს ერთ დიდ ტბაზე უოცნებიათ –

ძველ ამბებს ხშირად იხსენებენ კუდიანები.

ხომ გადავეშვებოდი შიგნით,

კერტებს ცივ წვეთებს შევახებდი თითებით,

წყალსაც გავაგიჟებდი.

ცხელი ტალღები დამივლიდა,

ამამღვრევდაო. –

ერთი ახლაც იმ ჭალაშია

და

გაშლილ თმაზე ძველ ქარებს იხვევს.

ასე დამდგარა ორ ფეხზე და დამდგარა მყარად – თითქოს ქვემოთ მორევი ჰქონდეს.

თავი მაღლა აუწევია.

დახუჭულ თვალებს, შეშუპებულ ნესტოებს მარტო ღმერთებს ანახებს.

თითქოს ბრმა იყოს,

ცის ამღვრეულ ფერს სუნით ცნობდეს,

თავი ამიტომ ჰქონდეს მაღლა,

და ნესტოებიც – გაბერილი.

ცალ ფეხზე დგომით ჩამოენგრა

ის მყიფე სახლი.

სად წაიღებს დახეულ კაბას –

ფერად ღილებს ქალურობის კვალი ატყვია,

აქა-იქ რძის თეთრი წვეთები…

-თითქოს ეგეც რამეს ნიშნავდეს, მუზეუმში ჩამოვკიდებ ექსპონატივით. – გააგებინა ღმერთს და ისევ დახუჭა თვალი,

ხელები ქვემოთ ჩამოუშვა,

თმებში ქარები მოიშენა

და

ასე მყარად,

ასე სუსტად ორ ფეხზე დადგა,

ვითომ წეროებს დასცინოდეს.

 -თქვენ სად მიდიხართ? რომელ ჭალას უნდა ეწიოთ, რა წყალში უნდა გადავარდეთ? – ნიშნისმოგებით ეკითხება ჰაერში ღმერთებს

-ეგენიც თითქოს ცოცხლები იყვნენ – ისევ იცინის,

დასაკემს კაბას მხრებზე იგდებს და

ქვაზე წვება.

-შიგ მომიყოლა ჩემმა სახლმა, ჩემმა კედლებმა.

როცა პირველად გაიკეთეს ჩიტებმა ბუდე,

როცა ბოლოჯერ შემეშინდა გამოღვიძების.

მერე ყველა იმ გზას ეწია,

გაღმა რომ მოსჩანს,

ცხელ სახურავში ჩადნა შენი ბუდეც, ჩიტებიც!

ვითომ ეს სახე და ხელები არ მეკუთვნოდეს,

უგრძნობს ვგავდე,

ძვლები თითის ერთ შეხებაზეც იშლებიან გაუთავებლად…

 

 

***

 

მუჯაჰედ, ჯიჰადგამოვლილო,

ტყვიით ნაჯიჯგნო,

მშვიდობის გზაზე

სხვისი კაცი რომ ჩემად ვიცნო,

რას გვეტყვის შენი მუნჯი ალაჰი?

ხმა ამოეღო,

მე უკვე ომის სანახებსაც გადავცდებოდი და

სიცხიანი კოღოსავით

სადმე ფურცლებში ჩავაკლავდი

სიტყვებს შორის, ასოების სასაფლაოზე.

მუჯაჰედ, ჰიჯრა შემისრულე –

გადამიყვანე შუბის პირიდან უცხო ნაპირზე

და

სხვისი კაცი გამაცანი,

ისე რომ ტანზე მარტოობა ჰქონდეს აკრული,

არ იკარებდეს ბალახის სუნს,

გაჟღენთილ კაბას.

ნაცარიც პეშვით უნდა მოჰქონდეს –

გუგები უნდა ჩავუშალო,

ჩამოვურეცხო.

ჯიჰადგამოვლილი კაცის ცოლო,

თმათეთრნაცრიანო,

რას გვეტყოდი შენს ყრუ ალაჰზე?

აქ ჩემი ჰიჯრა,

წელთაღრიცხვა,

სხვისი კაცის ხელზე ითვლება.

მუჯაჰედ, ჯიჰადგამოვლილო,

ტყვიით ნაჯიჯგნო,

სიგიჟემ უნდა შეგაშინოს,

უნდა გაგრიყოს,

დაგასწავლოს ენის გემო,

აფეთქებისას გრძნობა შეგარჩინოს.

მერე შეგინდოს შენმა ყრუ და მუნჯმა ალაჰმა!

ისე ვილოცო,

სხვისი წილი საცნობი კაცი ჩემად შევიცნო!

  • ვალტერ ბენიამინი – საუბრები ბრეხტთან (ნაწყვეტი)

    თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ   როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ;…

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *