თარგმნა ნენე გიორგაძემ
საველე ჰოსპიტალი
მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი,
თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი
და სული ძაფზე ეკიდა,
ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი,
ბაზრის მძიმე გირით სასწორზე
როგორ მწონიდნენ.
და ეს ხდებოდა
თოვლიანი საფარის ზუსტად შუაგულში,
რომელიც იყო დასავლეთით უსწორმასწორო,
გარემოცული გაუყინავი ჭაობებით
და ყავარჯნებზე მდგარი ხეებით
და რკინიგზის ქალადალეწილი
რამდენიმე ნახევარდაზგით, და ყოველ მათგანს
ჭუჭყიანი თოვლის ქუდი ეხურა თავზე,
ზოგს ორმაგი, ზოგსაც – სამმაგი.
იმ დღეს გაჩერდა დრო,
საათები არ მოძრაობდნენ
და სულები უფანრებო მატარებლების
აღარ დაქროდნენ ლიანდაგებზე
ნაცრისფერი ორთქლის ფარფლებით
და აღარც ყვავთა ქორწილები, აღარც ქარბუქი
ანდა მზის სხივი აღარ იყო იმ წრეში ლიმბის*,
სადაც ვიწექი უსირცხვილოდ, გაშიშვლებული,
საკუთარ სისხლში, ვეგდე სიცოცხლის გრავიტაციის
ველის გადაღმა.
მაგრამ შეირხა და მერე ღერძზე შემოტრიალდა
თვალისმომჭრელი თოვლის ფარი
და თავზემოთ, დაბალ სიმაღლეზე,
თვითმფრინავთა შვიდეულმა იცვალა გეზი,
და ბინტი, როგორც ხის მერქანი –
ჩემ სხეულზე ისე გამკვრივდა, და კოლბიდან
სხვისი სისხლი მესხმებოდა კაპილარებში,
ვსუნთქავდი როგორც სილაზე თევზი
და ვყლაპავდი ცივ, კრისტალურ,
მიწიერ და დალოცვილ ჰაერს.
ტუჩები მქონდა შეხვეული, და კიდევ ის, რომ
კოვზით მაჭმევდნენ, კიდევ ის, რომ ვერ ვიხსენებდი
საკუთარ სახელს, მაგრამ ენაზე გამიცოცხლდა
ლექსიკონი მეფე დავითის.
მოგვიანებით
თოვლიც გადნა, და ადრიანი გაზაფხული
ფეხისწვერებზე წამოიმართა
და ხეებს მწვანე თავსაფარი შემოახვია.
*ლიმბი – ჯოჯოხეთის პირველი წრე დანტეს “ღვთაებრივ კომედიაში”.
ჩვენი პირველი პაემნები
ერთმანეთთან შეხვედრების ყოველი წუთი
იყო ზეიმი, გამოცხადება თითქოსდა უფლის.
ორნი ვცხოვრობდით მთელ სამყაროში – მიწაზე, ცაში,
და ჩიტის ფრთაზე უფრო მსუბუქი იყავი მაშინ.
კიბეზე სწრაფად ამორბოდი და მორკალული
თეთრი მკლავებით მოგქონდა სველი იასამანი,
ვიდექი თავბრუდახვეული, სუნთქვაშეკრული
და სარკეში შენს ანარეკლს ვეცი თაყვანი.
მოვიდა ღამეც და კარები საკურთხეველის
ჩემთვის გაიღო და მომეცა მე ეს წყალობა –
ბნელში სიშიშვლის გაკრთა ნათელი
და ისმოდა შუქ-ჩრდილების ჩუმი გალობა.
გაღვიძებისას ვთქვი: “დალოცვილი იყავი მუდამ!” –
და მესმოდა, რომ მეტისმეტად თამამი უნდა
ყოფილიყო ჩემი დალოცვა. შენ კი გეძინა
და მაგიდიდან იასამანი იწევდა შენკენ –
ქუთუთოებზე ამ სამყაროს იისფერის შეხება სურდა,
თბილი გქონდა ორივე ხელი და მშვიდი – სუნთქვა.
ხოლო ბროლში პულსირებდნენ მდინარეები,
მთებიდან ნისლი ბოლავდა და კრთებოდნენ ზღვები,
ხელში გეჭირა ბროლის სფერო
და გეძინა სამეფო ტახტზე
– და ღმერთო მაღალო! – იყავი ჩემი!
გაგეღვიძა და გადასხვაფერდა ყოველდღიური
ლექსიკონი ადამიანთა, ამქვეყნიური
საუბრები აივსო რაღაც ღვთიური ძალით,
და გადაიქცა სიტყვა “შენ” – “მეფედ”
და გამდიდრდა ახალი აზრით.
ქვეყანაზე ყველაფერი სხვა ფერი გახდა,
სულ უბრალო საგნებიც კი – დოქი და სათლი –
როცა ჩვენ შორის ანგელოზთა ფრთებივით ჩანდა
წყლის ფენებში მოლივლივე სვეტები ნათლის.
არავინ უწყის, სად მივდიოდით, გზას გვითმობდა
სასწაულივით ამოზრდილი ქალაქები, მირაჟის მსგავსი,
სურნელოვანი პიტნა ფეხქვეშ გვეფინებოდა
და თანამგზავრად მოგვყვებოდა ფრინველთა დასი
და ზედაპირზე დახტოდა თევზი მდინარის წყალში
და ზეცა იყო თვალწინ გაშლილი,
როცა ბედი მოგვდევდა კვალში
ალესილი სამართებლით, როგორც შეშლილი.
როგორც მაშინ
I
როგორც მაშინ, ოცდაათი წლის წინ,
ნაბიჯების ხმა და გულის ძგერა,
ძველი სახლი ბაღის მხარეს სარკმლით,
შენი მშვიდი და ნათელი მზერა,
ზარის ხმები და ციმციმი სანთლის.
გათენდება და ველური ვაზი
დასველდება წვეთებისგან წვიმის
კედელს ეკვრის უსახლკარო, ნაზი,
როგორც მაშინ, ოცდაათი წლის წინ.
II
როგორც მაშინ, ოცდაათი წლის წინ,
გავილუმპე წვიმის ქვეშ და რაღაც
დამავიწყდა, რაღაც მითხრეს. ვიცი
დამნაშავე რომ ვარ, ვიტყვი თანაც –
შეგინდობენ. დრო მოვიდა წასვლის,
და ბაქანზე ველოდებით საყვირს,
წუთი წუთზე შემოუხვევს ახლა.
ათი გახდა, განშორებას ვდარდობ,
მომავალი ოცდაათი წელი
გაჰყვა გრძელი მატარებლის ვაგონს.
დაკლაკნილი და ბოლივით მუქი
მატარებლის ფანჯრებიდან შუქი
აედევნა ნისლებს, როგორც კითხვა,
ყველაფერზე, რაც უსიტყვოდ მითხარ.
და სადგურში სიყმაწვილე ჩემი
გამცილებლებს ჩამოშორდა, მარტო
წამოვიდა სახლისაკენ ფეხით,
გუბეებს არ აუარა გვერდი
და ღილები დააწყვიტა პალტოს.
სიტყვა
სიტყვა არის მხოლოდ ბგერა
ცარიელი, მხოლოდ გარსი,
და წერტილი ვარდისფერი
მასში ფეთქავს, როგორც არსი.
უძგერს გული, უცემს ძარღვი,
შენ კი სულ არ გედარდება,
ყველა შენი ფავორიტი
პერანგში რომ იბადება.
ძირძველია სიტყვის ძალა,
და თუ გქვია პოეტი,
აღარ დაგრჩა თუკი სხვა გზა,
არ დაწერო სონეტი,
სადაც აღწერ ნაადრევად
ბრძოლებს ანდა სიყვარულს,
წინდაწინ თქმას მოერიდე,
ნუ მოუხმობ აღსასრულს!
სიტყვა არის მხოლოდ გარსი,
უცნაური შუქი მოსავს,
ყველა შენი ლექსი შენზე
სტრიქონ-სტრიქონ დანას ლესავს.
კომენტარის დატოვება