რაჟდენ გველესიანი – ლექსები

მაღარო

მივდივარ და არ მთავდება გვირაბი,

დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან,

მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი,

სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.

 

წინაპრების ცრემლი ოფლად მედება

და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი,

მაღაროში მტვერში ხალხი ბრმავდება,

არვინ არის მშველელი და პატრონი.

 

ხურდა ფულში ფილტვებს კიბოს უკიდებ,

უჯრედები ტვინის ბეჩიავდება,

ნაშრომ ფულებს სხვები ჩამოირიგებს,

ჭიათურას არაფერი ხმარდება,

 

ყველაფერი ჩემთვის არის ნათელი,

მინდა ზეცა ვარსკვლავებით დავქარგო,

მუდამ ვიტყვი ის რაცა მაქვს სათქმელი,

თუგინდ მერე სამსახურიც დავკარგო.

 

მაღაროს მუშა

მოწმენდილ ზეცას ნაღვლიანი თვალს გადაავლებ

და მზის სხივები მიგაცილებს გვირაბის წიმპირს,

თუ რა გაწუხებს რა განაღვლებს არაფერს ავლენ,

ბანცალ ბანცალით მიუჰყვები დაბურულ გზისპირს

 

მიწის სინესტე მოდის შენში ძვლებამდე ატანს,

დამდგარმა მტვერმა ამოავსო ღრუები ფილტვის,

დაეძებ იმას, რაც არასდროს არ დაგიკარგავს,

სიმდიდრეს ეძებ, არა შენთვის, არამედ სხვისთვის.

 

მღვრიე ფულებით ამოივსო სხვებმა ხურჯინი

და დღეს და ღამეს ატარებენ ბიზნესზე ფიქრით,

შენ კი გროშებად გაყიდული, დგახარ მუნჯივით

ვერაფერს ხედავ თუ რახდება გვირაბის იქით.

 

თუნდაც ხედავ და კოღოსავით ბეჭებზე გაზის,

ბანკი რომელიც ეშმაკივით გაცდენს და გტანჯავს,

და უფიქრდები წასასვლელი არა გაქვს სხვა გზით,

ახალგაზდობის ოქროს წლებსაც მიწაში კარგავ.

 

***

გადამთიელი სიმდიდრეს გართმევს,

ცარიელდები როგორც ხვიმირა,

დამუნჯებული მუშების სათქმელს,

უსიტყოდ ამბობს შავი ყვირილა.

 

***

ნაბახუსევზე ვესტუმრე ბაზარს;

მდარე არაყი, ნაჭერი ვაშლი.

თქვენ მაპატიეთ, თუ ვინმეს ვბაძავ,

ყველა პოეტურ მიგნებას წავშლი.

 

თვალცრემლიანი მივყვები ქუჩებს,

ინიღბებიან კედლები შავად

და ღამენათევ დაღალულ მუშებს,

თვალის საწამლავს ვაწოდებ წამლად.

 

ანუ, დალევით ვუმასპინძლდები

პლასმასის ჭიქით დავუსხავ არაყს

და უმოქმედო პროფ-კავშირები,

ინაწილებენ მუშების ამაგს.

 

ვინმემ რამე თქვას, არ მინდა მეტიც,

ჯიბედაცლილი მივდივარ უხმოდ,

დაკეტილია მერია, ტრესტი,

რომ ტახტზე მჯდომი არ შევაწუხო.

 

ყველა დუქანთან დავხუჭე თვალი,

რა ცეცხლი მდაგავს არავინ იცის…

და ჩემს ქალაქში ფხიზელიც, მთვრალიც,

ოცნებას მაინც ვერვინ დამიშლის.

 

გული კი სულ სხვა ტკივილებს ეძებს,

ყველა ომში ვარ დამარცხებული!

და ფურცელ-ფურცელ ვაგროვებ ლექსებს,

ვერ გამოვეცი ერთი კრებული.

 

თქვენ არ გეგონოთ ჩრდილიდან ვცოცავ,

თანამდებობის არ ვარ მსურველი,

ბევჯერ დამმარხეს ქალაქში ცოცხლად,

სულით და ხორცით ჭიათურელი.

 

ჭიათურას ქალაქად არ თვლიან

სისხლი ბორგავს ძარღვში, როგორც არაგვი,

სულში ომის ქარიშხლები ქრიან,

ვიღას ახსოვს სევდიანი ქალაქი?!

ჭიათურას ქალაქად არ თვლიან.

 

ვინც მოადგა ყველა გახდა ჯალათი

და სიკეთე გვიბრუნდება ტყვიად.

გულ-მკერდში ხომ გამოშიგნეს ქალაქი?!

ახლა სულის კუნჭულებსაც ჰგვიან.

 

საკუთრებად გაიხადეს მადანი,

სადღა ნახავ ჩვენში ბალახს ცვრიანს,

მუშა კაცის დაფასება სად არის?!

გულში ალბათ მოდებადაც გვთვლიან.

 

არ გათალოთ ჩემთვის ლაჩრის უღელი,

არც მათრახი, არ გაგიწყრეთ ღმერთი!

ან ვიცოცხლებ და ჩემს ქალაქს ვუშველი,

ან მოვკვდები ჭიათურავ შენთვის.

 

ვაბოლებ თუთუნს

ბოროტმა უკვე სძლია კეთილი,

გული რომ მუდამ სიკეთით უხურს,

საკუთარ თავში გამოკეტილი,

ვზივარ და უხმოდ ვაბოლებ თუთუნს.

 

ჩემი ქალაქის საშველს ვეძებდი,

თუმც ნაბიჯები უნდა მეზომა,

ან მტერთან ბრძოლას როგორ შევძლებდი,

როცა მოყვარემ ზურგში მესროლა.

 

სხვები აღწევენ საწადელ მიზნებს,

ჩვენს წისქვილიდან მიაქვთ დაფქული,

და გთხოვ უფალო ნუ დამსჯი ისე,

სახლში რომ გავხდე მდგმურის მსახური.

 

არც ბატონი მყავს და არც ვეზირი,

აღარც ყურს ვუგდებს ქარხნების გუგუნს,

საკუთარ თავში გამოკეტილი.

ვზივარ და უხმოდ ვაბოლებ თუთუნს.

 

ჩემი ლექსები მაძლევენ ძალას…

გამარჯვებულებს უძღვნიან სალამს,

თუმც დამარცხებულს ვინღა იგონებს,

ჩემი ლექსები მაძლევენ ძალას…

და ჟრუანტელი უვლის სტრიქონებს.

 

ცაზე ღრუბლები ტირის ქალივით,

წამოვა თოვა ვით თეთრი მტრედი,

ვერ მიმაჯაჭვეს ამირანივით,

ვერ გადამაკრეს მონობის ღვედი.

 

დეკემბერია საცაა მოთოვს,

შეიმოსება თეთრად გორები,

მუშის ნაოფლარს იხვეჭენ ოქროს,

ტახტზე დამჯდარი მუქთახორები.

 

ჩამოარიგა ქარმა ბარათი,

თითქოს ფილტვებში სუნთქვაც გაჩერდა…

და საფიცრად მყავს ჩემი ქალაქი,

რომელიც მუდამ მე ზურგს მაქცევდა.

 

ჭიათურა

მთის მწვერვალები ზეცას ედება

ლამაზ ხეობებს მოსავს გვირილა,

როგორც ყორანი არ გათეთრდება

მუდამ შავია ჩემი ყვირილა.

 

გამონაბოლქვი, ქარხნების ქურა

მტვერში ეხვევა ხედი მხატვრული

და კლდის სვეტებზე დგას ჭიათურა

ქალაქი, მუცელგამოფატრული.

 

დაჩაგრულო და მაინც ამაყო,

ვერ მოიშორე თავზე ღრუბელი,

გამოიფხიზლე ჩემო ქალაქო

ჩამოიფერთხე ყველა წურბელი!

 

ვერ ვეგუები მოსულ დანარჩენს

შენი შვილი ვარ, შენში მაქვს ფესვი

დღეს ჩემს ქალაქში ცოცხლად დამმარხეს

და დამაბიჯეს წაქცეულს ფეხი.

 

სისხლი ძარღვებში გულს არ აციებს

მაგრამ ჭრილობა სანამ ვითმინო

როდის ყოფილა კლდეში არწივებს

რომ ბატონობდეს სხვა მხრის მიმინო?!

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

  • არსენი ტარკოვსკი – ლექსები

    თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ.…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *