ანდრეი პლატონოვი – პირველი სოციალისტური ტრაგედიის შესახებ

აუცილებელია ყველაფერში ცხვირის ჩაყოფას შევეშვათ და ცხოვრებისეულ ტკბობას არ მივეცეთ: ჩვენი დრო უკეთესი და მეტად სერიოზულია, ვიდრე სანეტარო ტკბობა. ყველა, ვინც ტკბობას მიეცემა, აუცილებლად მახეში ებმება და კვდება, როგორც წრუწუნა, რომელიც ხაფანგში მიძვრება, რათა სატყუარაზე წამოცმული ქონით „დატკბეს“. ჩვენ ირგვლივ ბევრი ასეთი ქონია, თუმცა ყველა ნაჭერი სატყუარაზეა. საჭიროა სოციალისტურ სამუშაოს მიცემულ უბრალო, მომთმენ ხალხთა რიგს ვეკუთვნოდეთ, მეტი არაფერი.

მსგავს განწყობასა და ცნობიერებას შეესაბამება ბუნების მოწყობილობა. ის არც დიადია და არც ბარაქიანი. ან ისე ხისტად მოწყობილი, მისი სიდიადე და ბარაქა ჯერ რომ არავისთვის მიეცეს. ეს კარგიც არის, თორემ – ისტორიის განმავლობაში – მთელ ბუნებას დიდი ხნის წინ გაძარცვავდნენ, გაფლანგავდნენ, შეჭამდნენ და ძვლებამდე გამოხრავდნენ: მადა ყოველთვის ეყოფოდათ. საკმარისია, ფიზიკურ სამყაროს არ გააჩნდეს ერთი მისი კანონი, მართალია, ძირითადი კანონი – დიალექტიკა, და საუკუნეთა უმცირეს რიცხვში ხალხი სამყაროს მთლიანად გაანადგურებდა. უფრო მეტიც, ხალხის გარეშე სამყარო თავისთავად იქცეოდა ნამსხვრევებად. დიალექტიკა, ალბათ გამოხატულებაა ხელმომჭირნეობის, ბუნების კონსტრუქციის რთულად ძლეული სიხისტის, და მხოლოდ ამის დამსახურებით გახდა შესაძლებელი ადამიანის ისტორიული აღზრდა. სხვანაირად დედამიწაზე ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა, როგორც ბავშვის თამაში კანფეტებით, რომლებიც ხელებში ჩაადნა, თანაც ისე, რომ მათი შეჭმაც ვერ მოასწრო.

რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება თანამედროვე ისტორიული სურათისა?

რა თქმა უნდა, ეს ტრაგიკული სურათია, – იმიტომ, რომ რეალური ისტორიული სამუშაო მიმდინარეობს არა მთელ დედამიწაზე, არამედ მის მცირე ნაწილზე, თანაც უზარმაზარი დატვირთვით.

ჭეშმარიტება, ვგონებ, იმაშია, რომ „ტექნიკა… ყველაფერს წყვეტს“. სწორედ ტექნიკაა თანამედროვე ისტორიული ტრაგედიის სიუჟეტი; ტექნიკად მოვიაზრებ არა ხელოვნურ საწარმოო იარაღთა კომპლექსს, არამედ წარმოების ტექნიკით დასაბუთებულ საზოგადო ორგანიზაციას, და თვით იდეოლოგიასაც კი. სხვათა შორის, იდეოლოგია მდებარეობს არა ზედნაშენში, არა „სიმაღლეზე“, არამედ შიგნით, საზოგადოების მიერ საზოგადოების შეგრძნების შუაგულში. უფრო ზუსტად, ტექნიკაში უნდა ვიგულისხმოთ თავად ტექნიკოსიც – ადამიანი, საკითხის მარტივი გაგება რომ არ გამოგვივიდეს.

 

ტექნიკასა და ბუნებას შორის ტრაგიკული სიტუაციაა. ტექნიკის მიზანია – „მომეცით საყრდენი წერტილი და მე სამყაროს გადავატრიალებ“. სამყაროს კონსტრუქცია კი ისეთია, რომ მას არ უყვარს, როცა მარცხდება: სამყაროს გადატრიალება შესაძლებელია, თუ სათანადო სახელურს სწორ დროს შეურჩევ, თუმცა გრძელი სახელურის მსვლელობასა და დროში იმდენი დამარცხებაა საჭირო, რომ პრაქტიკული გამარჯვება უსარგებლო იქნება. ეს დიალექტიკის ელემენტარული ეპიზოდია. განვიხილოთ თანამედროვე ფაქტი: ატომის ბირთვის გახლეჩა. ზუსტად იგივეა. დადგება დრო, როცა ჩვენ ატომის „П“ დაშლისთვის დავხარჯავთ გარკვეული რაოდენობის ენერგიას, შედეგად მივიღებთ „П+1“ და ამ უბადრუკი დამატებით კმაყოფილები ვიქნებით, რადგან ის, აბსოლუტური მოგება, მიღებულ იქნა ბუნების პრინციპის, ე. ი. დიალექტიკის, ხელოვნური ცვლილების შედეგად. ბუნება ჩაკეტილია, მას მხოლოდ ასე შეუძლია მოქმედება, თუნდაც თავის სასარგებლო დანამატითაც კი, ხოლო ტექნიკა მის საწინააღმდეგოდაა მომართული. ჩვენგან გარე სამყარო დიალექტიკითაა დაცული. ამიტომ, თუნდაც ეს პარადოქსად გვეჩვენება: ბუნების დიალექტიკა ტექნიკისთვის უდიდესი წინააღმდეგობა, კაცობრიობისთვის კი მტერია. ტექნიკა მუშაობს და მას განზრახული აქვს დიალექტიკის უარყოფა ან მისი შემსუბუქება. მას ეს ჯერ კიდევ მოკრძალებულად გამოსდის, და ამიტომაც სამყაროს ჯერ კიდევ არ ძალუძს ჩვენ მიმართ კეთილი იყოს.

მხოლოდ დიალექტიკაა ერთდროულად ჩვენი ერთადერთი მოძღვარიც და ბავშვურ ტკბობაში ჩაძირული უაზრო, ადრეული კვდომის წინააღმდეგ მიმართული საშუალებაც. ამავდროულად, ისაა ძალა, რომელმაც ტექნიკა შექმნა.

სოციოლოგიაში, სიყვარულში, ადამიანის სიღრმეში ასე უცვლელად მოქმედებს დიალექტიკა. კაცმა, რომელსაც ათი წლის შვილი ჰყავდა, ის და დედა მიატოვა, თვითონ კი მშვენიერი ქალი შეირთო. ბავშვი სევდამ მოიცვა და მშვიდად, უხეიროდ ჩამოიხრჩო თავი. გრამი სიამოვნებისა ერთ ბოლოში გაუთანაბრდა მეორე ბოლოში მოქცეულ ტონა მიწას სამარისა. მამამ შვილს თოკი კისრიდან მოხსნა და მალე გაუყვა მის გზას, სამარისაკენ. მას სურდა უბიწო ლამაზმანთან ერთად ტკბობას მისცემოდა, მას სურდა სიყვარული ეტვირთა არა როგორც ვალდებულება, არამედ როგორც სიამოვნება. ნუ მიეცემი ტკბობას – ან მოკვდი.

ზოგი გულუბრყვილოდ შენიშნავს: წარმოების თანამედროვე კრიზისი უკუაგდებს მსგავს მოსაზრებას. არაფერსაც არ უკუაგდებს. წარმოიდგინეთ ურთულესი აგებულება თანამედროვე იმპერიალისტური და ფაშისტური საზოგადოებისა, დამქანცველი ყოფა, იქაური ადამიანის განადგურება და ცხადი გახდება, რის ფასად იქნა მიღწეული საწარმოო ძალთა ზრდა. ფაშიზმში თვითგანადგურება, სახელმწიფოთა ომი – ესაა უმაღლესი წარმოების დანაკარგი და მის გამო შურის ძიება. ტრაგიკული კვანძი იჭრება, ვერ იხსნება. ტრაგედია, კლასიკური გაგებით, არც კი გამოდის. სსრკ-ს გარეშე სამყარო საკუთარ თავს უახლოეს საუკუნეში გაანადგურებდა.

მანქანითა და გულით და ბუნების დიალექტიკით შეიარაღებული ადამიანის ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის გზით უნდა გადაიჭრას. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს რთული დავალებაა. ბუნების „ზედაპირზე“ ძველ ცხოვრებას ჯერ კიდევ შეეძლო სტიქიურ ძალთა ამოფრქვევით ან ნარჩენთა და ნივთიერებათა საშუალებით მისთვის აუცილებლისა და საჭიროს მოპოვება. თუმცა ჩვენ სამყაროს შუაგულში მივძვრებით, ის კი საპასუხოდ იმავე ძალით გვაწვება.

1934