თარგმნა: ანდრო დადიანი
პოლიტიკა 101
როგორ სამყაროში ვცხოვრობთ?
>სადაც მსუქანი კატები დივიდენდებს იღებენ
მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან,
რომლიც ტყუილებსა და ქურდობაში მდგომარეობს.
ამ ყველაფრის შემდეგ, ბავშვები არიან ნარკოდილერები,
ზემოთ კი ფარმაცევტული კომპანიები მილიონებს შოულობენ
ნარკოტიკების გაყიდვით,
დაავადებების და სნეულებების მანიპულირებით.
ერთხელ ვიღაცამ თქვა,
თუ მდიდარი ხარ, შეგიძლია იცხოვროო.
ჩვენი გონება ღარიბია,
თითქოს არაფერი დაგვრჩა გასაცემად.
თითქოს უდაბნოში ვართ ჩარჩენილები
კანიბალური მიდრეკილებებით,
ველურებივით ვცხოვრობთ პრიმიტიულ გარემოში
და ცოდნაც ასეთი შეზღუდულია,
ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია, როგორ ააშენეს პირამიდები,
თუმცა ჩვენს ყოფას „ცივილიზაციას“ ვუწოდებთ.
გვყავს ერები, რომლებიც ბრძანებებს გასცემენ
უდანაშაულოების საწამებლად და
საკუთარ საზღვრებს მიღმა ხოცავენ ხალხს.
ტყუილების უმიზეზო გავრცელება და მერე
მათი გაგრძელება მედია კლოუნადაში,
ესაა არის თანამედროვე კოლონიზაცია.
ჰიბრიდული შემოჭრა.
ოკუპაცია.
ისინი იწვევენ ქაოსსა და არეულობას,
მათი ხედვაა გლობალიზაცია, ომის წარმოება და
კაპიტალიზმის გავრცელება ყველა ქვეყანაში.
მეოთხე სტრატეგიაა, დააჯილდოონ ისინი,
ვინც მათ სისტემასთან მორჩილებაშია და ჩაახშონ ხმა,
რომელიც ეწინააღმდეგება ან საერთოდ არც უსმენს მათ.
ჩვენი ენა კატაკლიზმებმა დაიპყრო და დავდუმდით.
ვიჯდეთ და ვიყუროთ ასე,
დღეში ორჯერ გაფუჭებული საათიც სწორია,
ამიტომ, როცა გვეუბნებიან რა დროა,
ვღებულობთ იმ სიმართლეს, რასაც ისინი გვეტყვიან.
გახსოვთ ალბათ თქვეს, ცვლილებების დროაო.
დიახ ასეა!
და რა შეიცვალა?
>ეს უბრალოდ,
მათი ნიღბის ცვლილებაა ერთიდაიმავე სპექტაკლში.
იგივე პრეტენზიის წარმოდგენა.
იგივე ზიანის მიყენება.
იგივე მოგების მიღება.
ისინი იწვევენ ქაოსს შავი ოქროსთვის და
საამისოდ რამდენ სიცოცხლეს შეიწირავენ
მნიშვნელობა არ აქვს.
რამდენი სახლის დანგრევა მოუწევთ.
რამდენი მტრის ხატის შექმნა…
ეს ყველაფერი ნავთობისთვისაა,
რადგან ნავთობი კაპიტალად ითარგმნება
და ისინი კაპიტალზე დგანან.
აი ასე, უბრალოდ,
იმისთვის, რომ ყველაფერი შემოზღუდონ
და ეს არის პოლიტიკა 101, დიდი ასოთი P.
გაკვეთილი პირველი: –
არ ენდოთ იმას, რასაც კითხულობთ ახალ ამბებში ან რასაც ნახავთ ტელევიზორში.

ნამდვილი კაცი
ნამდვილი კაცი იყავიო, მითხრეს
ეს კი იმას ნიშნავდა თურმე, რომ არასდროს უნდა მეტირა,
თვალები ჟალუზებივით უნდა დამეხურა
და როცა გრძნობებზე მიდგებოდა საქმე,
მონასტრის კედლებს უნდა დამსგავსებოდნენ ისინი დუმილით.
ტირილი სისუსტის ნიშანია და
რომ გადარჩე ძლიერი უნდა იყო სულ.
ნიღაბი უნდა ატარო მკაცრი გამომეტყველებით და
არავის ჩაახედო რა ხდება შენში.
ბავშვობიდან გვაჩვევდნენ,
თითების იარაღივით დაჭერას და მიზანში სროლას,
სანამ გავიზრდებოდით და ნამდვილ იარაღსაც გავისროდით.
ცუდად ვცეკვავდით ჯექსონის Thriler-ის რითმებზე
სანამ რეალურ ცხოვრებაში არ გამოვცხვით ნამდვილ დამნაშავეებად.
ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენი ბუნების ნაწილი დაადუმეს.
>Play Station-ით, Xbox-ით თუ ჯეკსონის მზერის გამეორებით,
ყველგან ძალადობაში ვვარჯიშობდით,
არასდროს გვიფიქრია, რომ ეს არასწორია,
რადგან ნამდვილი კაცი მოძალადეა და
ეს იყო სწორედ კაცობის ერთადერთი მისაღები ფორმა.
უბრალოდ გაიხსენე, როგორ გზაფრავს უხერხულობისგან,
როცა ატირებულ ზრდასრულს კაცს ხედავ და
გაიხსენე დედის ჩურჩული ყურში:
„ბიჭები არ ტირიან, ცრემლები მოიწმინდე!“
ასე რომ, გასაკვირი აღარაა,
ძალადობრივი დანაშაულების თითქმის 90%-ს კაცები ჩადიან
ჩვენ ხომ მუდამ დაძაბულები ვართ.
გამოდის, „კაცობა“ ტყუილში ცხოვრებას ნიშნავს.
ნამდვილი კაცი იყავიო, მითხრეს
ქალთმოძულე სიტყვები,
როგორიცაა „ძუკნა“ მაგალითად,
ენაზე გვექონდა მიკერებული.
ვცხოვრობდით ბეტონის ჯუნგლებში
სადაც ბაღი არ არსებობდა
მაგრამ ჰაერში ხელებაწვდილი
ვიმეორებდით შეკითხვას, სად არის თოხი?
მისმინე ძმაო, ტყუილში გაგვზარდეს, როცა გვითხრეს
კაცს შეუძლია იწვეს იმდენ ქალთან რამდენთანც მოისურვებსო
და არაფერი უთქვამთ სიყვარულზე.
არასდროს უთქამთ, რომ სიყვარული ვენაში შესული წამალივითაა,
წამალივით, რომელიც ყველაზე მძიმე ტკივილებს კურნავს და
რომელიც ყველას გვჭირდება.
ნეტავ სიყვარულს ვყიდდეთ
კრეკის და მარიხუანას ნაცვლად ასე დაფასოებულს,
ერთი წუთით წარმოიდგინე ეს, გადატრიალება იქნებოდა პირდაპირ;
კრეკზე დამოკიდებული ხალხი იქნებოდა სიყვარულით გაბრუებული ხალხი,
კრეკის ბავშვები იქნებოდნენ უბრალოდ სიყვარულით დაბადებული ბავშვები,
სარეაბილიტაციო ცენტრებში კი უსიყვარულოები ივლიდნენ მხოლოდ.
ფაქტია მოგვატყუეს,
ცუდი მაგალითები მოგვცეს როგორი უნდა იყოს კაცი,
ამიტომა კიდევ ერთი ტყუილი ნამდვილი კაცობა.
ყველასთვისაა ეს,
ყველა კაცისთვის,
ვისაც გული უძგერს და არ ეშინია ტირილის.
კაცებისთვის, რომელთა გრძნობებიც მთვრის შუქივით ნათელია.
კაცებისთვის, რომლებიც შუაღამით ლექსებს სწერენ და წიგნებს კითხულობენ.
მათთვის, ვინც კაფეებსა და ბიბლიოთეკებში იკრიბებიან,
რომ განიხილონ ბელ ჰუკსის წიგნი, -„მართლა მაგრები ვართ“
იმ კაცისთვის, მეორეს რომ გადაეხვევა, მიყვარხარო ეტყვის
და არ დაამატებს, „ჰომო არ გეგონო ძმაო, კაცი ვარ, კაცი“.
იმისთვის სწორედ, ღიად რომ შეუძლია ლაპარაკი ისიყვარულზე.
კონვერტივით გახსნი და აღმოაჩენ, კაცებს სიყვარული უნდათ,
მაგრამ არა ისე კლუბში რომ უყვართ, არამედ ისე,
ჩვენი წინაპრები რომ გვიყვებოდნენ და მითი არაა ეს.
წარმოიდგინეთ იეროგლიფებით დაწერილი „ვარდები წითლია“.
ოდა შიშველ მზეთუნახავს – მეროიტული* დამწერლობით.
სერენგეტის* თავზე სუაჰილის* სიტყვებით წარმოთქმული,
– როგორ გვაგონებს ჰორიზონტზე მზის ამოსვლა
ღიმილის დროს ქალის სახეზე დაფენილ სინათლეს.
მისმინე ძმაო, ფაქტია მოგვატყუეს
კაცურკაცობის ცუდი მაგალითები მოგვცეს
და როცა შეგიძლია – იყო შენ, უნდა იყო შენ.
ნუ შეაზღუდიებ თავს ზოგად სტანდარტებს,
იმიტომ რომ ნამდვილი კაცები არ არსებობენ,
მხოლოდ და მხოლოდ ის კაცები არსებობენ
ნამდვილები რომლებიც არიან.
შენიშვნები:
Meroitic script — ეს არის ძველი ეგვიპტის სამხრეთით, დღევანდელ სუდანში არსებული მერიოტური სამეფოს დამწერლობა.
Swahili — სუაჰილის ენა, ვრცლად იყენებენ აფრიკაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აფრიკაში (კენია, ტანზანია, უგანდა).
Across the Serengeti — სერენგეტი არის უდაბნო/გრძელი მდელო ტანზანიასა და კენიის საზღვარზე.
ვარსკვლავთცვენა
ვარსკვლავი აფეთქდა მის სუნთქვაში და ახალი სიცოცხლე შთაბერა,
სანამ ჩვენ ვისხედით და პატივს მივაგებდით ღამის თანავარსკვლავედებს.
მის მკერდზეც თანავარსკვლავედები ამოტვიფრულიყო.
მისი ავან-ჩავანის გარკვევით აღმოვაჩინე,
რომ ის ვარსკვლავისგან დაიბადა
და როდესაც ლაპარაკობდა მათზე,
თითოეული მათგანი მას უბრუნდებოდა.
თითები ჩავყავი მის ფიქრში,
თითოეულ ასოს ვეხვეოდი და
მის ფიქრებს ვკითხულობდი.
მან თქვა რომ,
ტრაგედიის შენიღბვა ასწავლეს კანით და
რომ საჩუქარი იყო ახლა ეს უჩინარობანი,
მისი ტკივილი რომ არავის დაენახა.
ყოველ ამოსუნთქვას შორის ის ამტკიცებდა,
რომ ვარსკვლავთცვენა იკარგებოდა და
როდესაც ერთი მათგანი გადიოდა მასში,
მე ვამბობდი:
„შეხედეთ ღამის ცას,
როგორ შეიძლება ვინმემ გაბედოს იმის თქმა, რომ ის მშვენიერი აღარაა?“
თუ გაგვჭრით (ყველას სისხლი წამოგვივა) ლონდონი, 2011
ბავშვი, რომელიც ვერ იქცევა სოფლის ნაწილად,
გადაწვავს მას, რომ თავისი წილი სითბო მიიღოს.
თქვენ ჩეხავთ მოზარდების ოცნებებს,
ამიტომაა, რომ ბევრი მათგანი მომავალს ვერ ხედავს
და დანარჩენები კი საერთოდ ვერაფერს ხედავენ.
თქვენ თესავთ უნაყოფო თესლს მათ გონებაში
რომ არაფერი გაღვივდეს და არაფერი აღმოცენდეს,
ყველაფერი გაიყინოს.
ცვლილებების ნაპერწკალიც კი უნდა ჩაქრეს.
თქვენთვის სიტყვა „ცვლილება“
საარჩევნოდ ხმების მოზიდვის ხერხია,
მათთვის კი ეს სიმბოლო იყო იმედის.
თქვენ საზეიმოდ ჭრით ლენტს,
ხსნით პოლიტიკის პანდორას ყუთს,
რომელიც ბიუჯეტის შემცირებას და
სწავლის მაღალ გადასახადებს იწვევს
ისედაც მკაცრი ეკონომიის დროს.
მითხარით, როგორ შეგიძლიათ იპოვოთ ფული
სხვა ქვეყნებში ომის დასაფინანსებლად?
მითხარით, გსმენიათ ახალგაზრდა კაცის ნათქვამი, –
„ვერ გაშლი ხელებს იქ, სადაც შენი მკლავები ვერ წვდებაო?“
სანამ დანაშაულის ადგილს დატოვებთ ეს მაინც მითხრით,
საერთაშორისო მასშტაბით რამდენი ოცნება გაქვთ მიტაცებული?
უკანონობა შობს უკანონობას!
მაშ, რა არის ამ საზოგადოებაში ისეთი, რაც
ასეთ უაზრო ძალადობასა და კრიმინალს წარმოშობს?
მისაბაძი მაგალითები ჩავანაცვლეთ ცნობილი ადამიანებით, სილამაზე – სექსუალურით, კეთილშობილება – სიხარბით, განსხვავებაც არ ვიცით იმას შორის, რა გვინდა და რა გვჭირდება.
რა დაემართა ამ საზოგადოებას?
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა
რა არის ამ საზოგადოებაში ისეთი, რაც ასეთ კრიმინალს წარმოშობს?
>დრო იყო ომების წინააღმდეგ იმართებოდა აქციები, სამართლიანობის მოთხოვნით, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისთვის, ახლა ქაოსია ლეპტოპების, ტელეფონების და BlackBerry-ების, Nike Air-ის ტრენდული მაღაზიებიდან გამოსატანად.
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა
მატერიალიზმი გადამდებია როგორც დაავადება.
ბავშვები ბაზრის სტრატეგიის ელემენტებად აღიქმებიან.
კაპიტალიზმი ყველაზე დიდი მძარცველია.
მან მიიტაცა უბრალო ადამიანების შემოსავალი და უბრალო სახლები.
კიდევ ერთი ილუზია და კიდევ ერთი დეფორმაცია,
ზუსტად ისეთი, როგორიც პოლიციის მიერ შეთითხნილი ტყუილები…
დედა ტირის და სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ
ნორმალურ ცხოვრებას ვაგრძელებთ.
დედა კვლავ ტირის.
რამდენი დედა ტიროდა?
კიდევ რამდენი დედა უნდა ტიროდეს?
შეწყვიტეთ ძალადობა და შეწყვიტეთ ტყუილები.
რა საჭიროა ჩუმად წამება.
შეწყვიტეთ ადამიანების ცხოვრებიდან სიმშვიდის გატაცება.
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა
ისეთი სიხარბეა ახლა, ოჯახებს სახლების გარეშე ტოვებს,
რამდენი გაიწირა ქუჩაში სახეტიალოდ…
რა არის ამ საზოგადოებაში ისეთი,
რაც ასეთ კრიმინალს ბადებს?
>ბავშვები თავად არ იზრდებიან
და ვაშლიც ხიდან შორს არ ვარდება.
არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა.
რადგან ყველა იტანჯება,
მესმის თქვენი იმედგაცრუებაც,
მაგრამ ტკივილის მიუხედავად,
ნუ ეძებთ ვინმე დამნაშავეს და
გახსოვდეთ, როდესაც თითს გაშლით,
ხშირად ეს თითი იმ მიმართულების მაჩვენებლია,
საითაც უნდა წახვიდეთ.
ესაა კოლექტიური პასუხისმგებლობა.
თუ გაგვჭრით ყველას სისხლი წამოგვივა.
ნუ მოჭრი საკუთარ მომავალს.

უბრალოდ მინდა მიყვარდეს
უბრალოდ მინდა მიყვარდეს ისე,
როგორც ახალშობილ ბავშვს უყვარს დედა,
მასთან ვგრძნობ, რომ ვარსკვლავებში ვლივლივებ,
თითქოს ზემოდან ვუყურებ დედამიწას და
მსუბუქად დავაბიჯებ სამყაროს კიდეზე.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს, რადგან
მის მნიშვნელობას სრულად შევირძნობ.
ოდესმე დილით გაგიღვიძიათ და
ისევ იმაზე ფიქრობდით, რაზეც წინა ღამეს?
და მერე თუ გიფიქრიათ,
რადგან ზუსტად იგივე პოზაში ვარ,
იქნებ საერთოდ არც კი მძინებია?
საიდან მოდის ასეთი ფიქრები?
>უბრალოდ მინდა მიყვარდეს,
მაგრამ ხშირად მარჯვენა ხელს მარცხენათი ვიჭერ,
რადგან ისე აგნებენ ჩემი თითები მის ნომერს ტელეფონზე
რაღაც მაგნიტი იზიდავს თითქოს.
თავს ვაიძულებ, ყოველ ხუთ წუთში არ მივწერო,
– „რას შვრები?“, „ჰე, ჰე, ჰე, და ჰა, ჰა, ჰა“.
მაშინაც კი, როცა ქვეყანაში არაა,
საათობით მინდა ველაპარაკო და
არც კი ვკითხულობ რა დამიჯდება ეს
თუმცა მადლობა ღმერთს, Skype არსებობს ახლა.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს,
რადგან ზუსტად ჩემიანია,
ხანდახან Facebook-ზე შევდივარ მხოლოდ იმიტომ,
რომ მისი სურათი ვნახო.
და რა საოცრებაა…
ისეთი ღიმილი აქვს,
თავიდან ვიბადები მასთან ყოველდღე.
იმ დღეს ქუჩაში მივდიოდი, ხელები მაღლა ავყარე და
ამოვიყვირე „დიახ, დიახ!- მეთქი“
ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ვიცნობ ვინცაა,
რამდენი გრძნობა მიტრიალებს და
რამდენი სიყვარული მაქვს მისატანი მასთან…
თავ-გზა ამირია, ვეღარ ვგებულობ
უნდა დავრჩე თუ უნდა წავიდე,
უნდა ვიჩქაროთ თუ სიმშვიდე გვმართებს,
ბინა ვიყიდოთ თუ სახლი,
– თუმცა იქამდე დრო არის კიდევ.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს, როგორც მთვარე უყვარს ზღვას,
როგორც ჩიტებს და ფუტკრებს ცა,
როგორც მზეს უყვარს ხის კენწეროები.
როგორც ხელებაწვდილი ხეები იწევენ მზისკკენ, ისე გავწევდი მისკენ,
რომ გავმხდარიყავით ერთი ნათება ერთად და ერთად გავღაღადებულიყავით.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს,
რადგან განსაკუთრებულია მისი ფესვების სიღრმე,
რომ ლაპარაკობს თვითონაც არ იცის, როგორ ირხევა
იმისი ხმიდან ანტიკური დედოფლების ნაზი დიდება.
უძველესი ტიეს სიბრძნეა მასში და
ნეფერტიტის მშვენიერება
ისეთი უშიშარი სულით მართავს ყველაფერს,
როგორც აშანტის დედოფალი.
და რადგან მე ვარ მეფე,
ვიცი, რომ ერთად ვიქნებით სამეფოში
რომელიც სიყვარულით იმართება,
იმ სიყვარულით ანგელოზებს რომ ამაღლებს და
ზეციდან დაჰგალობენ ჩვენს არსებობას.
იმ ანგელოზს რომ შევხვდებოდე,
ჩვენი გაცნობის გეგმა რომ ღმერთს შეჰბედა,
მუხლებზე დავუდგებოდი და ხელს მოვუწერდი.
საოცარია პირდაპირ, წმინდა გენიოსის ხელწერაა ამ იდეაში.
წარმომიდგენია ღმერთის რეაქცია ამაზე,
ალბათ იტყოდა: „ჰო, მომწონს ეგ იდეაო“.
თუმცა ღმერთმა მანამდეც იცოდა,
იცოდა, რომ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს,
მისი ხელით იყო დაწერილი ეს ბედის დიდ წიგნში.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს ისე,
თითქოს ჩემი ცოლია უკვე და
ამ სიყვარულის დასამტკიცებლად იმ მსხვერპლსაც გავიღებდი,
რაც ქრისტემ გაიღო და მერე მხოლოდ იმისთვის აღვსდგებოდი,
რომ მის გვერდით ვყოფილიყავი მისი დღეების ბოლომდე.
ვიცი, რომ გამჭრა სიყვარული წამომივა ვენებიდან,
ვიცი ჩემი სისხლის ჯგუფი L-O-V-E დადებითია,
თუმცა ჩემს ექიმს არ სჯერა, რომ
სისხლის ჯგუფი შეიძლება იყოს „სიყვარული“.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს, თუმცა ისე მინდა ეს,
რომ პასტორთან მივდივარ და ვეუბნები,
– მინდა სიყვარულში დავოსტატდე მამო,
მინდა ვისწავლო სიყვარული, როგორც ნატიფი ხელოვნება.
მგონია და…
კი არ მგონია მჯერა,
ისეთ მშვენიერებას შევქმნით ერთად,
სიქსტეს კაპელა დაწყებით სკოლის მერხზე ნახატად მოგეჩვენებათ.
მაგრამ არ არსებობს სკოლა, ასეთი ბრწყინვალებით სიყვარული რომ გვასწავლონ.
ხანდახან უბრალოდ მინდა ხელები დავუშვა,
მის ბალიშისებრ ტუჩებთან მედოს თავი და
ამ სამყაროს გავეთიშო, ისეთ დღეებში განსაკუთრებით
არაფერი რომ არ გამოდის და
ყველაფერი ჩემი გზიდან გადახვევას რომ ცდილობს.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს,
რადგან ვგრძნობ, ერთად ნებისმიერ ტალღას გადავურჩებით და
ჩვენი პატარა ნავით, რომელიც ჩვენი ერთობის სიმბოლოა,
ნათელი დღეებისკენ გავცურავთ.
ჩვენს მომავალს, ახალ სიცოცხლეს ვხედავ მის თეძოებში,
სიხარულის ტალღებს აზვირთებს
ჩვენს პირველ შვილთან ჩახუტების ოცნება.
ესაა მემკვიდრეობა, რომელზეც ვოცნებობ.
უბრალოდ მინდა მიყვარდეს ისე,
თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყოს
და თუ ერთ დღესაც შევიტყობ,
რომ ჩემთვის ყველაფერი ხვალ გათავდება,
იმედი მაქვს, მის საუკეთესო მეგობრად წავალ იმ ქვეყნად
და იმედი მაქვს კიდევ, რომ იქამდე სადმე შევხვდები.
