არსენი ავრაამოვი – საყვირების სიმფონია
მთარგმნელი ვალო ჩაჩუა
როცა სამუშაო უბნებშიდილის საყვირები ღრიალებენ, –ეს სულაც არ არის ტყვეობის ხმა,ეს – მომავლის სიმღერაა – ა. გასტევი
ხელოვნების დარგებში ყველაზე დიდ სოციალურ-ორგანიზაციულ ძალას ფლობს მუსიკა.
უძველესი მითები მოწმობენ, რომ ადამიანმა ეს სიძლიერე უხსოვარი დროიდან გააცნობიერა.
ორფეოსი მუსიკის საშუალებით ათვინიერებს გარეულ ცხოველებს. იესო ნავეს ძემ რქის საყვირებით დაამხო იერიქონის სიმაგრეები. ამფიონმა ქნარის ბგერებით დიდებული ტაძრები აღმართა კლდეებიდან: მისი მუსიკის ქვეშ, თავისთავად აიგო ქვის კოლოსები. პითაგორას თვით კოსმიური მექანიკით, ციურ მნათობთა მოძრაობით ესმის „სფეროთა ჰარმონია“.
მითიდან ისტორიამდე: მუსიკა და მასობრივი სიმღერა – კაცობრიობის სოციალური ცხოვრების განუყრელი ატრიბუტებია ყველაზე საზეიმო მომენტებში: დღესასწაულები, რელიგიური თუ ყოფითი რიტუალები, კოლექტიური სამუშაო (ბურლაკებისა და ჯარისკაცების ჩათვლით) – წარმოუდგენელია სიმღერისა და მუსიკის გარეშე.
კოლექტიურ ფაბრიკა-ქარხნულ და საკოლმეურნეო შრომის უმაღლეს ორგანიზაციას კაპიტალისტურ საზოგადოებაში, ერთი შეხედვით, ღირსეული ფორმა უნდა შეექმნა მუსიკის განხორციელებისთვის… თუმცა, საჭირო იყო ოქტომბერი, რათა „საყვირების სიმფონიის“ იდეისთვის სული შთაებერა. ანარქიული ტენდენციები საკუთრივ წარმოების სიტემაში და მწარმოებელთა რაზმის მიმართ არსებული შიში – მისი რეალური განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა. ყოველი დილის ქაოტური ღრიალი ჯერ ისევ „ტყვეობის ხმა“ იყო…
მოვიდა რევოლუცია! ერთხელ, ღამით – დაუვიწყარ ღამით! – საყვირებისა და სირენების ათასხმიანი გუნდით დაიღრიალა წითელმა პეტერბურგმა, საპასუხოდ კი გარეუბნების მიყრუებული ჩიხებით სადარაჯოებისკენ გაქროლდა ასობით სატვირთო მანქანა – აფაფრული შაშხანების ხიშტებით… წითელი არმია კორნილოვის ავანგარდისკენ გაფრინდა… როგორ მინდოდა, რა საჭირო იყო ამ მრისხანების მომენტში საყოველთაო ნებას შეეკრა მოღრიალე ქაოსი და განგაშის ხმაური ინტერნაციონალის გამრჯვების ჰიმნს შეეცვალა!
დიდებული ოქტომბერი. ისევ ღრიალებენ საყვირები, მთელი რუსეთის გასაგონად გრუხუნებენ ქვემეხები… და ისევ არ არსებობს ერთიანი მაორგანიზებელი ნება.
19 წელი. ვოლგა. ნიჟნი. კაზანისკენ, კოლჩაკთან შესახვედრად ვაცილებთ ეშელონებს. გამოსამშვიდობებლად მთელი ესკადრა ღრიალებს, სანამ ნაცრისფერი კვამლი ხედვის არედან არ გაქრება. როგორც იქნა, ორგანიზების პირველი მცდელობა მიმდინარეობს… რთულია, არ გამოდის, სირენის ზემდეტი ხმაა, თუმცა ინტერნაციონალის მასივის კონტურების გარჩევა შესაძლებელია…
22 წელი. ბაქო. ნაოსნობის გახსნა. სანავთობო ფლოტის 26 გემი ასტრახანისკენ მიიწევს.
ღრიალებს მთელი ფლოტი, დოკები, ქარხნები… გრანდიოზული ორკესტრი. გადაწყვეტილია: ოქტომბრის მე-5 წლისთავზე ის მწყობრად გაჟღერდება. და გაჟღერდა კიდეც.
ჩვენ გვსურს, რომ მე-6 წლისთავზე ყველა ქალაქში, რომელსაც ათეულობით ორთქლის ქვაბი აქვს, ოქტომბრის დღესასწაულს ღირსეული „აკომპანიმენტი“ შეუქმნას. გთავაზობთ ინსტრუქციას „საყვირების სიმფონიის“ ორგანიზებისთვის, რაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა პირობებში.
წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ეს უკვე სირთულეს არ წარმოადგენს: საჭიროა მხოლოდ ინიციატივა და ენერგია.
…
1923