ირაკლი კაკაბაძე – პოლიტპატიმარი ანტიგონე და უბედური კრეონი
ძალიან საინტერსო სპექტაკლი დაიდგა ახმეტელის თეატრში რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ. ეს არის ჟან ანუის 1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის ქვეშ მყოფ საფრანგეთში შექმნილი პიესა, რომელიც ცნობილი თებეს ტრაგედიის მიხედვით გაკეთდა, მაგრამ ავტორი აქ ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. კერონისა და ანტიგონეს დიალოგი ასახავს უკანასკნელი საუკუნის ტოტალიტარული, ავტორიტარული, ბიოპოლიტიკური და ფიზიოკრატიული რეჟიმების რეალობას, როდესაც ადამიანს შეზღუდული აქვს თავისუფლება და ის ინსტიქტების მონად იქცევა. მისი ამაღლებული ოცნებაც და ლტოლვაც ძირითადად ინსტიქტებთან და გადარჩენასთან არის დაკავშირებული. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ‘ანტოგინეს’ კლასიკური ვერსია დაიწერა დიდი ბერძენი ტრაგიკოსის სოფოკლეს მიერ, მატერიალიზმი და ტექნოკრატია მაშინაც არ იყო ნაკლები პრობლემა. თვით სოფოკლე პერიკლეს სტრატეგოსი იყო და ეს ათენური დემოკრატიის პინაკლად ითვლება, თუმცა უნდა ითქვას რომ ამ დროს დაიწყო ზუსტად ის დისონანსი, რომელიც შემდეგ პელოპენსის ომებში გადაიზარდა და ოლიგარქიის და ტირანიის აღმოცენებაში.
ბერძნული ქალაქ თებეს ისტორიაც საგულისხმოა. ის მაინც ძალმომრეობით და გარყვნილ ღირებულებებთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე ათენი და სპარტა, თუმცა მისი მეომრები მამაცობით გამოირჩეოდნენ. კადმოსის მიერ დაარსებული ქალაქი ბრინჯაოს ხანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცენტრი იყო და ეს არქეოლოგიური საიტებიდანაც ჩანს. სხვადასხვა დროს აქ არის კვალი ჰერაკლესი და დიონისესიც. თუმცა, მსოფლიო კულტურაში თებემ დაიმკვიდრა ადგილი ანტიკური პერიოდის დიდი ტრაგიკოსების ესქილეს და სოფოკლეს წყალობით. ესქილეს ‘შვიდნი თებეს წინააღმდეგ’ აღწერს ძმათამკვლელ ომს, რომელშიაც ოიდიპოსის და იოკასტეს შვილები ეთეოკლე და პოლინეკე ერთმანეთს დახოცავენ თებეს მმართველობისათვის ბრძოლაში. სოფოკლეს სამი ‘თებეს ტრაგედიაც’ ამ დროის პერიპეტეიას ეხება. ოიდიპოს მეფე შემთხვევის წყალობით კლავს საკუთარ მამას, ლაიოსს და ცოლად ირთავს დედას, იოკასტეს. და როდესაც ამას შეიტყობს მისნისგან, თვალებს დაითხრის და კოლონუსში გადადის. იქ მას მისი ქალიშვილები უვლიან და ვაჟები – ეთეოკლე და პოლინეკე კი ძალაუფლებისთვის ბრძოლას იწყებენ. ამას მიჰყავს ოიდიპოსი იქამდე, რომ ის ემშვიდობება ამ ქვეყანას. მის ერთგულებას ყველაზე მეტად მისი ქალიშვილი ანტიგონე ინარჩუნებს. მესამე, პიესა კი უკვე ეთეოკლესა და პოლინეკეს შორის გამართული დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ ვითარდება. ამ ბრძოლაში ორივე ძმა იღუპება. თუმცა, პოლინეკე გამოცხადდება მოღალატედ, რადგან ის მოუძღვის უცხო ჯარს თებეს ასაღებად. ძმების დაღუპვის შემდეგ ქალაქი-სახელმწიფოს თავად იოკასტეს ძმა და ანტიგონეს ბიძა კერონი ინიშნება. მას არასდროს უნდოდა ხელისუფლება, მაგრამ ამ პირობებში აუცილებელია რომ სამეფო ოჯახის რომელიმე წევრმა მაინც გააგრძელოს ეს ტრადიცია. და სწორედ მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში მას უწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც განსაზღვრავს ქალაქი-სახელმწიფოს ბედს. მისი ორი გარდაცვლილი დისშვილიდან ერთ-ერთი მოღალატედ უნდა გამოაცხადოს და არ აღირსოს მას დამარხვა. თებეს მოქალაქეები ითხოვენ მისგან ომის სამართლის აღსრულებას. თებე ხომ მეომართა ქალაქია და არ შეიძლება ‘მოღალატეების დანდობა’. კრეონი იძულებულია რომ ანგარიში გაუწიოს მეომრების სამართალს და პოლინეკეს სხეული ქალაქის კარიბჭის გარეთ გდია, ისე რომ მას სვავები კორტნიან და არავის აქვს უფლება მიწა მიაყაროს ამ სხეულს. გულის სიღრმეში კრეონიც განიცდის ამას, მაგრამ მას არ შეუძლია მისი ქალაქის მეომრული ტრადიციების წინააღმდეგ წასვლა, რომელიც ჯერ კიდევ კადმოსის დროიდან არის ნაანდარძევი. ამ დროს ანტოგონე მისი დისშვილია და მის შვილს, ჰამონს სწორედ ის უყვარს. და ამ დროს ტრაილდება ზუსტად ეს ტრაგედია. ანტიგონე გადაწყვეტს რომ დამარხოს საკუთარი ძმა. ის ამას დემონსტრაციულად აკეთებს და მას იჭერენ. ანუის დრამაში დიალოგში წინა პლანზე გამოდის ჭიდილი კრეონის ‘კანონდამცველურ’ რიტორიკასა და ანტიგონეს აჯანყებას შორის.
უნდა ითქვას რომ ირაკლი გოგიას სპექტაკლში არაჩვეულებრივი კასტია: ახალგაზრდა მსახიობი ანა ჯავახიშვილი ანტიგონეს როლს ასრულებს, ანდრია გველესიანი ბრწყინვალედ გვთავაზობს კრეონის სახეს, რომელიც არანაკლებ ტრაგიკული ფიგურაა, ვიდრე თავად ანტიგონე. ანტიგონეს დას ისმენეს ანანო გულედანი ასრულებს, ჰამონს გიორგი დვალიშვილი, ძიძას გვანცა კანდელაკი, ისმენეს სოფო სებისკვერაძე, მცველს კი ნიკა თეთრაძე. ანუის პიესის ეს გაცოცხლება ძალიან დროულია – რადგან ეს დადგმა ჩვენს თანამოედროვეიბასაც ასახავს. მთავარი როლების შემსრულებლები ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებენ – მათი დაპირისპირება დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაპირისპირება ახალგაზრდულ სულსა და ნებისმიერ წესრიგზე დამყარებულ სისტემას შორის მეტად მეტყველია.
ანტიგონე შეგნებულად ჩაიდენს იმ აქტს, რომელიც მას თებეს ქალაქი-სახელმწიფოს პოლიტპატიმრად აქცევს. ბიძამისს კი ნამდვილად უნდა საკუთარი დისშვილი არ გაწიროს. ის ხომ მისი შვილის საცოლეც არის. კრეონის ტრაგედია არის ყველაზე მანიშნებელი ამ პიესაში. თებე დაწყევლილი ქალაქია. ის ძალმომრეობის და გარყვნილების ქალაქია და სწორედ ამიტომაც მას ბედნიერი სიცოცხლე არ უწერია. თუმცა ამ ბედისწერას განაპირობებს არჩევანი. ანტიგონეს კი უნდა ბოლო მოუღოს ამ უზნეობას, რომელშიაც ჩაბმულნი იყვნენ მისი მამაც და დედაც და ძმებიც და ახლა ბიძაც უნდა ჩაებას. ის იღებს ურყევ გადაწყვეტილებას. მან უნდა დამარხოს საკუთარი ძმა. მაგრამ, აქ ყველაზე საინტერესო კრეონის პერსონაჟია. ერთის მხრივ, ის უნდა ემსახუროს საკუთარ ‘სახელმწიფოს’ და დაიცვას წესრიგი. ეს სისტემა მას თხოვს რომ დაუნდობელი იყოს საკუთარი დისშვილების მიმართ. ერთი არ უნდა დამარხოს და მეორე სიკვდილით დასაჯოს დაუმორჩილებლობისთვის. ამის გაკეთება კრეონს არ უნდა. თუმცა ‘წესრიგი’ მსხვერპლს ითხოვს. კრეონი ვალდებულია იდგეს სისტემის მხარეს – თებე ხომ მეომრების ქალაქია და არ შეიძლება მოღალატეების დანდობა. ეს დილემა რა არჩევანი, რომელსაც კრეონი აკეთებს არის უმძიმესი. ანტიგონე გმობს ამ წესრიგს, რომელიც მეომრების ძალმომრეობას ეყრდნობა – მისთვის ასეთი სიცოცხლე არ არის ღირებული. მას უყვარს ჰამონი, კრეონის ძე, მაგრამ ვერ ხედავს ამ ოჯახის შექმნის საჭიროებას, თუკი ძალმომრეობა იბატონებს ისე. და ის არჩევს იმას რომ გასწიროს თავი. კრეონი ბოლომდე ცდილობს გადაარჩინოს მისი დისშვილის სიცოცხლე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდება შესაძლებელი. ამას ემატება ჰამონისა და ევრიდიკეს სიკვდილიც. კრეონის შვილიც თავს იკლავს და ცოლიც. კადმოსის მიერ დაფუძნებული მეომრების ქალაქი თებე მაინც დაწყევლილია. ძალმომრეობას სიკვდილი მოაქვს.
ანტიგონე ძალმომრეობის პოლიტპატიმარია. მისი დატყვევების და სიკვდილით დასჯის მიზეზი მთლიანად პოლიტიკურია. ეს არ არის მნიშვნელოვანი კრიმინალი. ის საკუთარ გარდაცვლილ ძმას უბრალოდ მიწას მიაყრის, როგორც ამას ყველა მოყვარული და გააკეთებდა. და დაუნდობელი სისტემის მიერ ის აუცილებლად სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რომ აღარვინ გაბედოს ‘მოღალატისთვის’ პატივის მიგება. მაგრამ, განა იყო პოლინეკე ეს მოღალატე? განა ის თავის ძმა ეთეოკლესავით ძალაუფლებისთვის იბრძოდა – და ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის კარგი. ძმების ძალაუფლებისთვის ბრძოლას არა მარტო ისინი ეწირებიან, არამედ მათი დაც და ბიძაშვილიც. თებეს მმართველი კრეონი კი ყველაზე უბედური გმირია. ის დისშვილებსაც კარგავს, შვილსაც და ცოლსაც.
ვის თუ რას უპრისპირდება ანტიგონე, რომელიც მის მერე სინდისის პატიმრისა და პოლიტპატიმრის სიმბოლოა? განა ის მხოლოდ მის ტრაგიკულ ბიძას, კრეონს უპირისპირდება?
ერთი შეხედვით, შეიძლება ისე მოგვეჩვენოს რომ კრეონის გადაწყვეტილებააა მისი ქმედების მიზეზი. მაგრამ, მეორეს მხრივ კრეონი, ხომ მისი სახელმწიფოსა და მეომრების ინტერესებს იცავს ამ გადაწყვეტილებით. გამოდის რომ ანტოგონე სახელმწიფოს და სამხედრო წესრიგის წინააღმდეგ მიდის. დღევანდელი ისტორიოგრაფიის მიხედვით მისი ცხოვრება სწორედ მეომრული და ძალმომრეობით მიკენური ცივილიზაციის აპოდეას ემთხვევა ძველი წელთაღრიცხით მეცამეტე-მეთორმეტე საუკუნეებში. ეს დაახლოებით ტროას ომის დროს ემთხვევა. მიკენური პერიოდი მინოსურისგან განსხვავებით სწორედაც რომ ძალმომრეობის განმადიდებელი იყო. და ანტიგონე სწორედ მთლიანად ამ პერიოდის პათოსს უცხადებს პროტესტს. ის არა მარტო ბიძამისს ებრძვის, არამედ მთელს თავის ეპოქას. თებე მიკენური ეპოქის ერთ-ერთი მთავარი განსახიერებაა. და ანტოგონე მას სიკვდილს მიუსჯის. საინტერესოა, რომ ასწლეულების შემდეგ არისტოტელეს მიერ აღზრდილმა ასევე დიდმა მეომარმა, ალექსანდრე მაკედონელმა მიწასთან გაასწორა ძველი წელთაღრიცხვით 335 წელს. ამით ბედისწერამ სიმბოლურად აჩვენა მსოფლიოს რომ ძალმომრეობა არ არის ცხოვრების გზა. სოფოკლე ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ყველა ბედისწერას არჩევანი განსაზღვრავს. ღმერთი არ არის შფოთისა, არამედ მშვიდობისაო, პავლე მოციქული იტყვის კიდევ ოთხი საუკუნის შემდეგ.
ანტიგონე არის ძალმომრეობის პატიმარი.და კრეონის ამავე სისტემის ტყვეა. ეს ძალიან კარგად ჩანს ამ სპექტაკლში. თებეს მმართველის ტრაგიკული ბედი კადმოსის სამეფოს არჩევანს აღწერს. ადამიანის მკვლელობაზე აღმოცენებული ‘წესრიგი’ ყოველთვის საშინლად მთავრდება. უნდა აუცილებლად დიდი კომპლიმენტით მოვიხსენიო მთავარი როლების შემსრულებლების ოსტატობა.
სოფოკლეს დიდი ტრაგედია ქრისტეს ამქვეყნად მოვლენამდე 442 წელს დაიწერა. ჟან ანუის იგივე სახელწოდების პიესა კი მაცხოვრის დაბადებიდან 1944 წელს. ამ ორ დრამას შორის 2000 წელზე მეტმა განვლო – მაგრამ ძალმომრეობის დილემა დღესაც დგას კაცობრიობის წინაშე. კადმოსის თებეს ძალმომრეობის პარადიგმა დღესაც დღის წესრიგშია. მისი ნამდვილი ალტერნატივა იესო ნაზარეველმა დაგვანახა. ძალადობის ალტერნატივა არაძალოდობაა, სიძულვილის ალტერნატივა სიყვარულია. სამწუხაროდ კაცობრიობამ ეს დღემდე ვერ ისწავლა. მაგრამ, იმედი ბოლოს კვდება.