ბორის გრებენშიკოვი – მხატვრული თვითშემოქმედების მცირე ისტორია კარიბის ზღვის მეკობრეთა ხომალდზე XVII საუკუნის პირველ ნახევარში

მთარგნელი ვალო ჩაჩუა

 

ასე ამბობდა ლუდვიგ მის ვან დერ როე: „საინტერესო უბრალოება – ეს ძვირფასი რამეა, ყველაზე რთულად მისაღწევი“.

კაპიტან სამუელ ბელამის „მეკობრეთა პრინცს“ ეძახდნენ. მას ასევე უწოდებდნენ „შავ სემს“: იმის გამო, რომ სხვა მეკობრე კაპიტნებისგან განსხვავებით, ის არად აგდებდა გაპუდრულ პარიკებს და საკუთარ გრძელ, შავ თმას უბრალოდ უკან იკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეკობრული კარიერა ერთ წელზე ცოტას ითვლიდა, ბელამიმ სახელი გაითქვა იღბლიანობით და უჩვეულო გულუხვობით, რასაც დაპყრობილ გემთა ეკიპაჟის მიმართ იჩენდა.

ეს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, სწორედ მის ხომალდზე, როდესაც მეკობრეთა გემზე თვითშემოქმედებითი თეატრი მოაწყვეს.

ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი არტისტული ნიჭით იყო დაჯილდოებული. ოდესღაც, ჯერ კიდევ ხმელეთზე ცხოვრებისას, ეს იორკშირელი ჯენტლმენი მაწანწალა გახლდათ, თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა, „მაწანწალობა მისი სულის სიდიადეს ვერ ეხმიანებოდა“, ამიტომ იგი კოლექციონერი გახდა – ანუ ვიღაცისგან შესანიშნავი ცხენი ინათხოვრა, უნაგირის ჯიბეში იარაღები ჩააწყო და თავგადასავლების საძებნად გაეშურა. გზად, გამვლელებს რომ შეხვდებოდა, ორთაბრძოლაში იწვევდა, ხოლო თუ ისინი ბრძოლას თავს არიდებდნენ, იგი მათ საფულეებს ამსუბუქებდა და მოუწოდებდა წასულიყვნენ და მის დულსინეას ჩაბარებოდნენ. ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა „ერთი შემლოცველი, რომელმაც მაგიურად განჭვრიტა, რომ ოდესღაც მას პირველობის დათმობა მოუწევდა, ისე კი მოაწყო, რომ ჩვენ გმირს ბორკილები დაადეს და კუნძულ იამაიკაზე გაამგზავრეს, სადაც, ბედის ბორბლის სხვადასხვაგვარი ტრიალის შემდეგ, იგი გადაეყარა ზღვის გმირებს, ტირანთა მათრახებს და თავისუფლების უშიშარ მცველებს“, რომელთაც კაპიტანი ბელამი მეთაურობდა.

როგორც ყველა აფრიან გემზე, გაცხარებული აქტივობის ხანა ხანგრძლივი არაფრისკეთების პერიოდმა ჩაანაცვლა, როცა ხომალდი ქარებს დაჰყვებოდა, ხოლო ეკიპაჟი თავის ნებაზე მიშვებულიყო.

სწორედ ასეთი მყუდროების ჟამს, ჩვენ მიერ ზემოთ აღწერილმა ოსტატმა დაწერა პიესა, რომელსაც „სამეფო მეკობრე“ უწოდა. პიესის გმირები იყვნენ ალექსანდრე დიდი, ალბათ, სხვა ისტორიული პირებიც და, რასაკვირველია, მეკობრეები. ეკიპაჟის ბევრმა წევრმა დადგმაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა და რეპეტიციისთვის საჭირო დროის შემდეგ გემბანზე პრემიერაც შედგა. ამან ძალიან გაახარა დანარჩენი წევრები და მქუხარე აპლოდისმენტი უძღვნეს ავტორსა და მსახიობებს, თუმცა შემთხვევითობამ დადგმული დრამა სინამდვილედ გადააქცია.

პიესის მიხედვით, ალექსანდრე მის წინ მდგარი მეკობრის დაკითხვას შეუდგა. ამ დროს, ხომალდის მეზარბაზნე, რომელმაც უარი განაცხადა სპექტაკლში მონაწილეობის მიღებაზე და სამ მეგობართან ერთად, გემბანის ქვეშ, დენთის სათავსოში მშვიდად სვამდა, საქმისთვის გემბანზე გამოვიდა და უცებ დაინახა, როგორ ემუქრებიან ვიღაც უცხო და უცნაურად ჩაცმული პირები მის გაკოჭილ მეგობარს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც ჩანს, ძალაუფლების მქონე, ამბობს:

„შენ კი იცოდე, რომ სიკვდილი – საჩუქარია

შენთვის ჩვეული საზიზღარი საქმიანობის,

გათენებისას შენ მარყუჟი შეგიმკობს კისერს“.

შეფიქრიანებულმა მეზარბაზნემ, ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის ფაქიზი ზღვარი რომ ვერ გაერჩია, გადაწყვიტა, რომ სანამ ის მეგობრებთან საუბრით იქცევდა თავს, ხომალდს რაღაც შემთხვეოდა. სათავსოში დაბრუნებულმა მეგობრები განსაცდელში ჩავარდნილთა დასახმარებლად გაიხმო.

„ისინი პატიოსან ჯეკ სფინქსს ჩამოხრჩობით ემუქრებიან; და თუ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ყველას ერთმანეთზე მიყოლებით ჩამოგვახრჩობენ; მაგრამ ვფიცავ ღ–ს, მე ამას ასე არ დავტოვებ“, – მჭექარედ შემოსძახა მან. ერთხელ კიდევ გადაჰკრა პუნში, პატარა ჭურვს ხელი სტაცა, პატრუქს ცეცხლი მოუკიდა და გემბანისკენ გაიქცა; მეგობრებიც, აბორდაჟის ხმლებით, მას დაედევნნენ.

გემბანზე რომ გამოვარდა, მეზარბაზნემ ჭურვი მსახიობთა შუაგულში ჩააგდო; მისი მეგობრები ხმლებს მარჯვნივ და მარცხნივ იქნევდნენ – აღშფოთებული პუბლიკა, რომელიც არაფრის დიდებით არ ელოდა მოვლენათა ამგვარ განვითარებას, ჯერ მიმოიფანტა, შემდეგ კი მხსნელებს თავს დაესხა. ალექსანდრეს როლის შემსრულებელ მეზღვაურს მარცხენა ხელი მოაჭრეს, უბედურ ჯეკ სფინქსს აფეთქების ტალღამ ფეხი მოტეხა. შექმნილი აურზაურისას, უიღბლო მხსნელები თოკებითა და ბორკილებით დააბეს; ყველა, გარდა ერთისა, რომელიც ალექსანდრემ ადგილზევე აკუწა. მან ასე იძია შური ხელოვნების წაბილწვისა და მარცხენა ხელის დანაკლისისთვის.

დილით, როდესაც ვნებები დაცხრა, გემზე სასამართლო მოიწვიეს, და ინციდენტის ყველა მონაწილე საგულდაგულოდ დაკითხეს. მეზარბაზნის აზრი რომ მოისმინეს, სასამართლომ ერთხმად გაამართლა ის და მისი მეგობრები; მეტიც – მათი გონებაფხიზლობა უმაღლესად შეფასდა. ასე რომ, თვით ხელდაკარგულ ალექსანდრესაც, დასახიჩრების მიუხედავად, მათი პატიება მოუწია. თუმცა, მსგავსი კაზუსების თავიდან ასაცილებლად, კაპიტანმა ბრძანა, ამიერიდან ხომალდზე აღარ დაედგათ სპექტაკლი.

ასეთია მხატვრული თვითშემოქმედების მცირე ისტორია კარიბის ზღვის მეკობრეთა ხომალდზე.