
მენიპე: მხოლოდ ძვლებსა და თავის ქალებს ვხედავ, ხორცისგან განძარცვულს, ბევრი მათგანი ერთმანეთს ჰგავს.
ჰერმესი: ძვლები, რომლებიც შენში ზიზღს აღძრავს, ყველა პოეტის აღფრთოვანების წყაროა. მენიპე: და მაინც, მიჩვენე ელენე, რადგან ვერ ვიცნობ.
ჰერმესი: ეს ელენეს თავის ქალაა.
ლუკიანე
ბუნებიდან ყოფიერებაში გადასვლისას, კედლები მეტად არაკეთილგანწყობილია,
კედლები სველი ნიჭიერთა შარდით, სულის წინააღმდეგ აჯანყებულ ევნუხთა მიერ ნანერწყვი კედლები, კედლები საკმაოდ დიდი, თუნდაც ჯერ არ იყვნენ შობილნი
და მაინც კედლები, რომლებიც გარს ეტყმიან საშოს ნაყოფს…
შექსპირის მოქნილი სიმწიფე ბოროტ ზრახვებს იწვევს. მისი არსი,
რომელიც ვით განცვიფრება, სერიოზულობით უნდა განიცდებოდეს, დროის კლებასთან ერთად
(შესაძლოა დროის არარსებობაზე მინიშნებითაც) მევახშურ სარგებლად იქცევა ყოველ ბინაში, რომელშიც სცენის მმართველი უტიფრად შეიჭრა.
აქ მხოლოდ თაღლითობაა სარწმუნო. და მაყურებელი,
რომელიც ადრევე გამოძვრა, როგორც გველი წმინდა გიორგის დღეზე, კრიტიკოსთა ნაღველ ქვეშ ნებივრობს.
ხოლო ისინი, საკმარისად გაბედულნი რათა ვნებაც კი აღწერონ, შვებას კი გრძნობენ, თუმცა თავადაც
მარადმყოფი მხეცების წარმავალი მოწმენი არიან… მაგრამ ბუნება, ყოველთვის ნიშანია…
რომელიც, თუ დუმილს არ ინარჩუნებს
საკუთარ თავს უარყოფს. ბოლოს და ბოლოს, თვით მამრიც, გამრღვევი, მდუმარედ გრძნობს თავს, ვინაიდან
სული მუდამ წინ მიიწევს,
მის უკან კი ყველაფერი იხურება…
ისიც ასეთი იყო… ჰამლეტი!
ცალი ხელი მოგლეჯვოდა, და საღამო
ქროდა მისი პალტოს ცარიელ სახელოში,
როგორც ბრმის ასოში, რომელიც შესაძლოა მუსიკას გამოეღრღნა…
ბუნება ჩვენს სიძულვილს ქალაქის მიმართ, გადაგავარებული ხავსების კლდოვან შარდთან აკავშირებდა, შესაძლებლობის სულ მთლად ოქროს სიმაღლეზე
და ელოდა როდის გადაიქცეოდა ღვინის მუხლუხო პეპლად, მაგრამ ამის ხილვამდე ვერ იცოცხლა,
რადგან ერთ დღეს შესძულდა ღვინო,
როცა მოუხდა წყურვილის გამო ცხენის არტერია გადაეხსნა და სისხლი დაელია…
ამის გამო ჯინთან დათმობაზე წასვლა მოუხდა
და თითქოსდა ჯერაც გამოუვლენელ მისტერიათა გამორიცხვა, და საკუთარ თავსა და საკუთარ თავს შორის მყოფი, უფსკრულისათვის სიტყვას ამბობდა.
ამის შემდეგ მხოლოდ უფსკრულიდან ლაპარაკობდა, მაშინაც კი, ვთქვათ, თუ საუბრობდა ერთ წმინდა ქალზე, რომელსაც ტკივილის მეტი არაფერი ებადა,
ოდესღაც საყვარელი ადამიანის მოგონებებიდან,
მაგრამ იმდენად პაწაწინა ტკივილი, რომ თავისუფლად შეეძლო თავის გამოხრულ კბილში დაემალა…
უმნიშვნელოა
გვისისინეს თუ არა ნერწყვით,
რომელიც მძინარე ჭრიჭინების პირიდან ჩქეფდა, შუაღამის ხიდების მშენებელი ოსტატი,
ქმნილი, თავად რომ ქმნის,
რომელიც თავისთვის ორ სამარეს აშენებდა, ფანტომებს, წინასწარმეტყველებებისთვის გასამსჯელოს იღებს.
მხოლოდ ხელოვნებას არ სჭირდება გამართლება… და სიცოცხლეც აწვებოდა,
მაგრამ აწვებოდა საფრთხის ქვეშ, რომ გადავრჩებოდით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სიკვდილი გვენატრა…
არ არსებობდა მოსვენება… არსად, თვით არაცნობიერშიც კი. მაგრამ აქ იყო იგი, ჰამლეტი, მოცარტივით მთვრალი,
ალპების გადამყირავებელი, რათა ყოყმანით დაედო ბოთლი
მისი სიკვდილის შიშით აჭრიალებულ კიბის საფეხურზე, ის, საკუთარ თავთან ისე ახლოს მყოფი, რომ მის შორის მთელი უკვდავება დაეტეოდა…
და მართლაც: მისი თანდასწრებით ცხვრის ქვეშ მოღერებული დანა ვერაფრით შეძლებდა რამე გამოეჭრა,
ხოლო ძველი ნათლობის ემბაზებიდან მდნარი თუნუქი თავად დაუბრუნდებოდა პირველქმნილ ფორმას.
და მაინც, არსებობს შიში. ის გაშიშვლებულიი იყო
მარადისობის წინაშე და მოუწია ჭრილობა მოეშუშებინა. ის მამამისის სამარეში იყო და ჩვილთა ძე უნდა გამხდარიყო… იდგა იქ,
იმასთან მუსიკის სულში რაც წმინდაა და იძულებული მეძავის გასამრჯელოთი ან ძაღლის ფასად ეარსება…
ოჰ, არა იმიტომ, რომ ყველაფერს გაიგებდა, რადგან მშვენივრად გრძნობდა რომ როცა კი ეგოიზმი ძღება,
არ აღებინებს, ინელებს და თავიდან იწყებს – არა იმიტომ რომ ბრძენი ყოფილიყო,
როგორც ხის სვეტი მიდრეკილი ხშირად ქვის სვეტთა შორის – არა იმიტომ, რომ ზიზღით ესისინა საკუთარი თავისთვის ქალთა სისხლდენით შეღებილ უძველეს იატაკთან –
არც სიხარბის გამო სურდა გაეხსენებინა უკანასკნელი რამეები და
ატრევსის სამარეში დაედო ბინა, სადაც ხაზინიდან პირდაპირ მორგში შედიან – არც ის ედარდა
გაასწორებდა თუ არა ალექსანდრე დიდის მრუდე კისერი რამეს ისტორიაში –
არა, არა, მაგრამ მე კვლავ ვხედავ მის გრიმასას მათ მიმართ, რომელთათვისაც რაიმე იდუმალი
ასევე სიცარიელეცაა, რომელშიც თავიანთ დასაჭურისებულ სისასტიკეს სტყორცნიან…
ის კი, ვინც გასცემს, ჯერ კიდევ ძუნწია…
და მაინც, ჩვენ არ გვწამს და კვლავ რაღაცას ველოდებით,
და შესაძლოა ადამიანები სწორედ რომ იმიტომ ელიან მუდამ, რომ არ სწამთ… ისინი განათლებულნი არიან,
მაგრამ არ ნათელს არ ასხივებენ… ისინი ანემიურნი არიან,
მაგრამ ისე, თითქოს სისხლისღვრის გარეშე არაფერი იარსებებდა, ისინი განკითხულნი არიან, თუმცა ჯერ კიდევ არა განკვეთილნი, ისინი ცნობისმოყვარენი არიან, თუმცა ჯერაც ვერ იპოვეს სარკე სადაც ელენე-ელენე
უყურებდა საკთარ თავს ქვემოდან-ქვემოდან.
და იმდენად ყრუებიც კი არიან, რომ სურთ მოისმინონ უფალი იესო ქრისტეს ხმა გრამოფონის ჩანაწერიდან…
და მაინც, ყველაფერი, ყველაფერი აქ მხოლოდ ერთხელაა სასწაულებრივი:
მხოლოდ ერთხელ აბელის სისხლი, ყველა ომის გასანადგურებლად,
მხოლოდ ერთხელ სიყმაწვილის განუმეორებლობა და არაცნობიერება, მხოლოდ ერთხელ სიჭაბუკე და მხოლოდ ერთხელ სიმღერა,
მხოლოდ ერთხელ სიყვარული და ერთდროულად დაკარგულობაც, მხოლოდ ერთხელ ყველაფერი მემკვიდრეობისა და ზნის წინააღმდეგ,
მხოლოდ ერთხელ უკვე შეთანხმებულ კვანძდა გახსნა და ასე გათავისუფლება და ამგვარად, მხოლოდ ერთხელ ხელოვნების არსი,
მხოლოდ ერთხელ ყველაფერი საპყრობილის წინააღმდეგ, თუკი თავად უფალს, ამ დედამიწაზე,
არ სურდა თავისთვის სახლის აგება…
— — — — — — — — — — — — — —
გალავნის მიღმა სიმწვანე თაღივით რკალავს კუნელის გზისაკენ გაწვდილ ცნობისმოყვარეობას. ფანჯარა შეაღო ქარმა, შიგნით რომ გადმოიღვარა:
ეს შენი საქმეები ან მსუბუქია ან მძიმე,
თუმცა სიცოცხლის საქმეები: შესაშური სასწაულია! ღამემ შთანთქა ისტორია, შეჭამა მერკურის კოჭებიდან ჩამოთლილ ფრთებს,
და აყოლებდა ორგანისტის ოფლს წმინდა ტრაგედიის ეკლესიაში…
,,მხოლოდ მაშინ, როდესაც სიკვდილს შეურიგდები“ თქვა ჰამლეტმა,
,,მიხვდები, რომ სინამდვილეში მზისქვეშეთში ყველაფერი ახალია… ჩვენი სხეულები ტილოსგან შეკერილი ანგარი არაა,
რომლის ქსოვილიც ჭრილობებს გაუძლებდა… ჩვენი ქვეცნობიერი კი თამაშობს… მაშინაც კი, თუ მოწყალებას უანგაროდ გავცემთ, ხეირი ჩვენია! იგივე, შემთხვევითი კოპულაციისას… მაგრამ არა! ურთიერთობათა ცელქი სექსუალობა ადამიანებში
მხოლოდ ერთმანეთში ყოფნას თუ აღწევს, ერთმანეთის გარეშე… თუმცა, სიყვარულობის ღვიძლი ცოდვაში დევს.
ასე რომ, სხეულებრივ პროფანაციათა ძაბვა შეგახსენებს სულის დასჯაზე…
ჩვენ თავს არაკომომფორტულად ვგრძნობთ მძინარეთა სიახლოვეს, რადგან არ ვიცით სად შეჩერდებიან,
როდესაც ჩვენ გაჭედილები ვარ…
ადამიანს რომ აეწონა კატა, როგორ უეცრად მძიმდება ის სიკვდილისას, სანამ ვიღაც
მთელი დღე ბეღურებზე სრულითაა დაკავებული!
მაგრამ დიახ, არსებობს კაცის სირცხვილი და ქალის სირცხვილი. კაცს აღარ ძალუძს ბამბის ბალიშისთვის თვალის გასწორება.
და ქალს? სიმშრალისას ძლივს დაბადებული, ის უკვე თავსხმას ეალერსება…“
ცოტახნის შემდეგ, ჰამლეტმა დაამატა: ,,ბავშვებისათვის პასუხი არასდროსაა საკმარისი, მაგალითად, ისინი თამაშობენ საიდუმლოებით სავსე კარადასთან,
ბოლოს კი მისი გასაღები თავიანთ თავში დააქვთ. ან ავადმყოფობენ და ფარულად ხსნიან დაპატიმრებული პოეტის წერილებს,
რომელიც საპატიმროში ყოფნისას,
განსაკუთრებული პატარა ოთახის საფასურს, სწორედაც იმით იხდიდა რომ წერილს ისინი ხსნიდნენ…
ან ავად არიან და სიზმრად ხედავენ ცეცხლოვან სვეტს და ყვირიან: ეს ტირიფის რტოა! ღვთის ძარღვი!
ან ავად არიან და ვერაფრით იშორებენ გონებიდან ქალების მარად დამსწრე ნახელავს,
რომელსაც თითქოს მხოლოდ მათი გათბობა სურდეს, ან კაცთა აბურდვა და მათში შებუდება…
ან ჯანმრთელები არიან! რა ძვირფასია წამი, როდესაც დაჭრილი პური, ჯერაც არავის ეკუთვნის… მერე ისინი გამოდიან, დავუშვათ ბეღლიდან,
და უნებლიედ თელავენ გასული წლის მოსავლის უკანასკნელ მარცვალს,
რათა ამის შემდეგ შესაძლოა მეტად მოუნდეთ თივის ზვინის ოქროსფერი პარიკის დადგმა ცეცხლოვან თავის ქალაზე.
ისინი სიცოცხლით არიან სავსენი, როგორც ცხენი, რომელიც მხედარს არა როგორც უცხოს,
არამედ როგორც საკუთარ ფიქრს განიცდის… ისინი ხარობენ, გაჰყვირიან, ისინი ერთი წელია ერთად იყვნენ და სულ არ ნანობენ,
მათ ძლიერი შხამსაწინააღმდეგო წამალი აქვთ ყველაფრისთვის, რაც სასწაული არაა – ყოველი ლაქაა ტალახისაა
მათ ახალ ტანსაცმელზე, და ესენიც მალე გაქრება…
ბავშვები! მან აღმოაჩინეს ნამდვილი სახელები, მხოლოდ წარმოთქმაღა დარჩათ!“
მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ წისქვილლის ქვებისთვის განკუთვნილ კარიერს ჰგავდა.
დალიე, ჰამლეტ, ვეუბნები! გინდა დალიო ღუმელთან ერთად,
ცხენის ფერმულ აღქმასთან,
თუ სისხლის კარდინალურ წერტილთა ვნებასთან? მაგრამ მას არ სწყენია და თქვა: ,,პიო-პა!“
რა? ვამბობ მე, ის კი მპასუხობს:
,,ასე უწოდებენ თავს ტიბეტელები!“ და განაგრძო: ,,ქალწულები, ო, დიახ,
მათ იციან როცა ხე ავადმყოფობს!… თუმცა, შევხვედრილვარ მსჯავრდებულებსაც.