opencall

Open Call – ტექსტის პოლიტიკა

“სიტყვები“ იწყებს მუშაობას ახალ ნომერზე და იწვევს ავტორებს, მკვლევრებს, მთარგმნელებსა და ხელოვანებს თანამშრომლობისთვის. 

 

წინამდებარე ნომრის კონცეპტუალური ჩარჩო შემდეგია:

„სიტყვების“ შემდეგი ნომრის ამოსავალი წერტილი ტექსტისა და პოლიტიკურის ურთიერთმიმართებაა. კულტურულ პროდუქციაში პოლიტიკური განზომილების ძიება მეტწილად მაშინ განიცდის რედუქციას, როდესაც იგი მხოლოდ თემატური შინაარსით, იდეოლოგიური ნარატივებით ან პირდაპირი, ლოზუნგური დეკლარაციებით შემოიფარგლება, რა დროსაც პოლიტიკა გაგებულია, როგორც წმინდად სიუჟეტური ობიექტი. რასაკვირველია, ეს შესაძლოა იყოს მუშა პრაქტიკა, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენი მიზანია, გვერდი ავუაროთ ამგვარ ზედაპირულ დიქოტომიას („ანგაჟირებულ“ ხელოვნებასა და „წმინდა ესთეტიზმს“ შორის) და ვიკითხოთ: რა კონსტიტუციური მექანიზმებით ხდება თავად ტექსტური სტრუქტურა პოლიტიკური მოვლენა?

ჟან-ლუკ გოდარის ცნობილი თეზისი „ჩვენ უნდა გადავიღოთ პოლიტიკური ფილმები / ჩვენ უნდა გადავიღოთ ფილმები პოლიტიკურად“ – ერთგვარი გასაღებია: პოლიტიკურობა იმალება არა ტექსტის მიერ რეპრეზენტირებულ ობიექტში, არამედ თავად რეპრეზენტაციის რეჟიმში. რ. ბარტი გვასწავლის, რომ ენა და სინტაქსი არასდროსაა ნეიტრალური მედიუმი. ნებისმიერი ლიტერატურული ფორმა ისტორიულად და სოციალურად განსაზღვრული მოცემულობაა – ნიშანთა გაბატონებული სისტემა, რომელიც რეალობის კოდიფიცირებას ახდენს. შესაბამისად, პოლიტიკური აქტი უშუალოდ წერის სტრუქტურაში ინკორპორირდება

თუმცა აუცილებელია თეორიული სიფრთხილე, რათა თავი დავაღწიოთ ნაივურ ფორმალისტურ ილუზიას: ტექსტის პოლიტიკას შესაძლოა განსაზღვრავდეს ენის დეკონსტრუქცია, სინტაქსური რღვევა, რიტმიკის ცვალებადობა თუ რადიკალური მინიმალიზმი, მაგრამ ეს ხერხები ტექსტს ავტომატურად არ აქცევს პოლიტიკურ მოვლენად (ასეთი ინერცია ხშირად თავადვე იქცევა მოხმარებად ესთეტიკურ პროდუქტად). ტექსტი პოლიტიკურ განზომილებას იძენს მაშინ, როდესაც ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ მედიალურ და მატერიალურ საფუძვლებს – დაწყებული ნიშნის ფიზიკური ფიქსაციიდან, დამთავრებული იმ ინსტიტუციური გარემოთი, რომელიც განსაზღვრავს ტექსტის ცირკულაციასა და გაცვლას. ამგვარი მიდგომა შესაძლოა ბევრად უფრო მოქნილი და რადიკალურად პოლიტიკური აღმოჩნდეს, ვიდრე პირდაპირ სოციალურად ანგაჟირებული ნაწარმოები.

ეს პრაქტიკა ლიტერატურის ველზე მრავალგვარად იჩენს თავს. მაგალითად, მსგავსი ხედვა თვალსაჩინოა ამერიკული „ენის სკოლის“ (L=A=N=G=U=A=G=E) ავტორებთან, რაც მათ თეორიულ წერილებშიც მკაფიოდ იკვეთება. მათთვის სინტაქსური იერარქიის მოშლა და გამჭვირვალე კომუნიკაციის გაწყვეტა ემსახურება არა ენის ხელოვნურ გართულებას, არამედ იმ იდეოლოგიური ტრანსმისიის შეჩერებას, რასაც „მოწესრიგებული“ გრამატიკა იმეორებს. ენობრივი სინტაქსის რღვევა პირდაპირ ითარგმნება როგორც ახალი სოციალური სინტაქსის, განსხვავებული საზოგადოებრივი ურთიერთობების დაფუძნების ცდა, სადაც ესთეტიკური ძიება და სოციალური ემანსიპაცია იზომორფულია.

მეორე მხრივ, პოლიტიკურობა შეიძლება გაიშალოს არა მხოლოდ ენის რადიკალური ჰერმეტიზაციით, არამედ მიკროპოლიტიკურ და ყოფით რეგისტრშიც. პოლიტიკური შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიური ეპიზოდი, სადაც მაკრო-სოციალური და ეკონომიკური წესრიგის ნაპრალები იჩენს თავს. მაგალითად პოეზია, რომელიც თავისი მორყეული, ხაზგასმით დესაკრალიზებული და თითქოს მოუწესრიგებელი სინტაქსით ზუსტად იმეორებს ჩვენი ყოველდღიურობის ინფრასტრუქტურულ არამდგრადობას, სადაც ყოფითი დეტალები, უხერხული პაუზები და პროზაული ინტონაცია წინააღმდეგობას უწევს როგორც მონუმენტურ, პათეტიკურ ლიტერატურულ კანონს, ისე პოლიტიკური დისკურსის ნორმალიზებულ ენას, და სადაც ყოფითი რუტინის ენობრივი მოშლილობა თავად გადაიქცევა სოციალური რეალობის დიაგნოზად.

პოლიტიკური ტექსტის არანაკლებ რადიკალურ განზომილებას ვხვდებით ანა კალანდაძის პოეზიაშიც (როგორც ამას ქეთი ჩუხროვა მიგვანიშნებს). კალანდაძე უარს ამბობს საბჭოთა ეპოქის გაბატონებულ, მონუმენტურ და დეკლარაციულ პოეტურ დისკურსზე; მისი რიტმიკა იკუმშება, ინტიმურდება და მინიმალიზდება (პოლიტიკის შეწყვეტა ჰანს-თის ლემანის გაგებით). ამავე დროს, იგი თავს აღწევს იმ დროისთვის თავსმოხვეულ იარლიყებს – არჩევანს „ნაციონალისტ“ ავტორსა და „დისიდენტს“ შორის. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ლიტერატურულმა წრეებმა ანა ერთხანს „ფორმალიზმში“ დაადანაშაულეს, მაინც არც ერთ ამ პოლიტიკურ ველს არ ერგება. ფორმის შეკუმშვით, ხმის რედუქციითა და ენობრივი ასკეტიზმით ირჩევს პოეტის ონტოლოგიურ მდგომარეობას – პოზიციას, სადაც თავად ენობრივი მედიუმის გაუმჭვირვალობა და უკომპრომისობა იქცევა წინააღმდეგობის პრაქტიკულ არქეტიპად.

ამასთანავე, ჩვენი მიზანია დავინახოთ ტექსტის წარმოების სოციოლოგიური, ინსტიტუციური და ეკონომიკური გარემოც: როგორ იქცევა ლიტერატურული ველი ძალაუფლებისა და სიმბოლური კაპიტალის გადანაწილების სივრცედ, სადაც ინსტიტუციები (აკადემია, კრიტიკა, საგამომცემლო ბაზარი) განსაზღვრავენ, თუ რა მიიჩნევა „ლეგიტიმურ ლიტერატურად“ (პიერ ბურდიე). აქედან გამომდინარე, ლიტერატურული პროცესები უნდა დავინახოთ არა როგორც იზოლირებული, ტრანსცენდენტური ესთეტიკური სფერო, არამედ მატერიალისტური, ხილვადი ლინზით – დავაკვირდეთ, თუ როგორ ამჟღავნებს ტექსტი საკუთარ იდეოლოგიურ საზღვრებს, სიჩუმეებსა და იმ სტრუქტურულ ნაპრალებს, რომელთა დაფარვასაც გაბატონებული დისკურსი ცდილობს.

წინამდებარე ნომერი მიზნად ისახავს ლიტერატურის გააზრებას სწორედ ამ კვეთაზე – ჩვენ გვაინტერესებს არა მხოლოდ ის, თუ რაზე საუბრობს ტექსტი, არამედ ისიც, თუ როგორ არის ის აგებული, რა ეკონომიკურ და ინსტიტუციურ ძალთა ველში იქმნება იგი და რა წერით პრაქტიკებს გამოიმუშავებს. და სხვა.


 

შესაძლო მიმართულებები და საკვლევი ველი – თეორია:

ენობრივი საბოტაჟი, სინტაქსის დეკონსტრუქცია, როგორც პოლიტიკური აქტი

პოეზიის/ტექსტის პოლიტიკური ეკონომიკა: ენის მატერიალურობა კაპიტალისტური სასაქონლო ფორმის პირისპირ

ლიტერატურული ველის ინსტიტუციური კრიტიკა და კანონის ძალაუფლებრივი იერარქიები

ქართული ლიტერატურული პროცესი იდეოლოგიურ დაძაბულობათა მიღმა: ონტოლოგიური წინააღმდეგობის ფორმები (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილება)

პრაქტიკა: პოეზია

თეორიულ დისკურსთან ერთად, ნომრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეთმობა უშუალო პოეტურ პრაქტიკას. ვეძებთ ტექსტებს, სადაც წერის ფორმა თავად იქცევა პოლიტიკურ აქტად:

გამოგვიგზავნეთ, თუ კი თვლით, რომ თქვენი ტექსტები ჯდება მოცემულ კონტექსტში

 

თარგმანი და თანამშრომლობა

გარდა საავტორო ტექსტებისა, ნომრისთვის შერჩეული გვაქვს საკვანძო ტექსტების კორპუსი (როგორც თეორიული, ისე მხატვრული) და ვეძებთ მთარგმნელ-მოხალისეებს, რომლებსაც სურთ ჩაერთონ გამოცემის მომზადების პროცესში.

 

თუ გაქვთ სურვილი,  ჩაერთოთ სიტყვების კონსტრუირების პროცესში, გამოგვეხმაურეთ – გაგიზიარებთ სამუშაო მასალებსა და დეტალებს.

 

მასალების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

 

საკონტაქტო ელფოსტა: sitkvebiwords@gmail.com

0 Votes: 0 Upvotes, 0 Downvotes (0 Points)

Follow
Search
Loading

Signing-in 3 seconds...

Signing-up 3 seconds...