ჯაზრა ხალიდი – ომი მოდის

თარგმნა ტატო ჩანგელიამ

 

1. სირიის დატოვების გადაწყვეტილება იმ დღეს მივიღე, როცა ბრმა ტყვიამ თვალწინ ჩამიქროლა. იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემი სამშობლო აღარ იყო ჩემი სამშობლო, ჩემი სისხლი – ჩემი სისხლი და ჩემი თავისუფლება ეკუთვნოდა თავისუფლებისთვის მებრძოლს, რომელსაც არც კი უფიქრია, ჩემთვის ნებართვა ეთხოვა, სანამ მესროდა – თავაზიანობის ნაკლებობა, რომელსაც ომის დროს ხშირად ვაწყდებით.

2. თუ მოკვლას მიპირებენ, სჯობს უცხო ენაზე მომკლან.

3. გზად დამასკოდან ბერლინისკენ დარა‘ას ძველ ჯარისკაცს გადავეყარე, რომელიც ვეღარ უმკლავდებოდა კოშმართა სიმძიმეს. მე ისინი შევფუთე და ჩემოდანში ჩავალაგე; აეროპორტში ზედმეტი ბარგისთვის ჯარიმა გადავიხადე.

4. ვისაც საზღვრის გადაკვეთის არ ეშინია, ომს ზურგით ატარებს.

5. გადაცვალე შენი საუკეთესო პერანგი ტყვიაგაუმტარ ჟილეტში, შენი ლექსები ყურანის პირველ თავში, ხოლო შენი სახლი ათენში – ეგალეოს მთაზე მდგომ ტახტზე, რათა მაღლიდან გადმოხედო მომავალი ომის სურათებს.

6. ეს ომი ბანალურია და უღიმღამო, სავსე შედარებებითა და ჭრელი ზედსართავებით, მისი ისტორია საბავშვო შრიფტითაა დაწერილი, ძალადობა ისე უსაზღვროა, რომ ომმაც არ იცის სად მოათავსოს, ათას გვამზე – ერთი საფლავი, ათას გადარჩენილზე – ერთი ჩრდილი. ეს არა დელიკატური ომია, კასრები აღებინებენ ასაფეთქებლებს, ფოლადის ცილინდრები სავსეა სარეცხი მანქანების ხარახურითა და ავტო-ნაწილებით. სიკვდილი, რომელსაც ის ავრცელებს, მიწიერია და ეს ომი, სამართლიანად, ჩვენ გვეკუთვნის, რადგან მასში დავმარხეთ ყველა საყვარელი ადამიანი.

7. 2014 წლის 7 იანვარს გაერომ შეწყვიტა სირიაში გარდაცვლილთა თვლა. ამ გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ მათემატიკა რაოდენობის კი არა, ხარისხის მეცნიერებაა, ფორმების კი არა, ცოცხალი შრომის, სივრცის კი არა, დროის – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც იკვლევს ყველა დათვლადი საგნის მატერიალურ ურთიერთობებს.

8. 2015 წლის ბოლოსთვის „ფეისბუქის“ მიხედვით, ომის დაწყებიდან ჩემი 311 მეგობარი გარდაიცვალა. გადავწყვიტე, ანგარიში გამეუქმებინა: სიკვდილს უნდა ჰქონდეს დასაწყისი, შუაგული და დასასრული. ვერ გავატარებ ცხოვრებას მის ჩრდილქვეშ.

9. მე, აჰმედი, აიშას შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი უბრალო მიგრანტი ვარ, მსურს სირიელთა სახელით ბოდიში მოვუხადო ბერძენ ქალებსა და მამაკაცებს, იმისთვის რომ მათი ტელევიზორები ჩვენი სიკვდილით ივსება, როცა ისინი ვახშმობენ და საყვარელ გადაცემებს ელიან. მსურს ბოდიში მოვუხადო მუნიციპალურ ხელისუფლებას იმ ნაგვისთვის, რომელიც მათ სანაპიროებზე დავტოვეთ, იმ პლასტმასის ტონებისთვის, რომლითაც მათი ზღვა დავაბინძურეთ – ჩვენ არაცივილიზებულნი ვართ და ეკოლოგიური ცნობიერება არ გაგვაჩნია. ბოდიშს ვუხდი სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების მფლობელებს, კუნძულების ტურისტული ინდუსტრიის დაზიანებისთვის. ბოდიშს ვიხდი ჩვენი მობილური ტელეფონებითა და სუფთა ტანსაცმლით, საბრალო მიგრანტის სტერეოტიპის დანგრევისთვის. ბოდიშს ვუხდი სანაპირო დაცვას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი საქმე აკისრია – ჩაძიროს ჩვენი ნავები; პოლიციას – უწესრიგო რიგებში დგომისთვის; ავტობუსის მძღოლებს, რომლებსაც პირბადეების ტარება უწევთ, რომ ჩვენი მოტანილი დაავადებისგან თავი დაიცვან. ასევე, მთელი თავმდაბლობით, ბოდიშს ვუხდი ბერძნულ საზოგადოებას, რომ დევნილთა ბანაკების ტევადობას გადავაჭარბეთ და მოედნებსა და პარკებში გვძინავს. ბოლოს კი, ბოდიშს ვუხდი ბერძნულ მთავრობას, რომელიც იძულებული გახდა, დამატებითი სახსრები მოეთხოვა ევროკავშირისგან, რათა გადაეხადა დევნილთა ბანაკების მომმარაგებლებისთვის, ავტობუსის მძღოლებისთვის, პოლიციელებისთვის, სანაპირო დაცვისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების მფლობელებისთვის, მუნიციპალური ხელისუფლებისთვისა და ტელევიზიებისთვის.

10. „არ ინერვიულო,“ – მითხრა ტყვიამ, – „შევალ და გამოვალ.“
ავუხსენი, რომ ამის ნებას ვეღარ მივცემდი, მას შემდეგ, რაც დამტოვა და თან ჩემი მოგონებებიs წაგლეჯაც სურდა – იმ გოგონას სახის, რომელიც მეხუთე კლასში მიყვარდა, იმამის ხმის, როცა მამამ პირველად წამიყვანა სალოცავად, ბებიაჩემის სახლში ახალგამომცხვარი პურის სურნელის, ჩემი მასწავლებლის თითების, როცა მასწავლიდა როგორ იწერება სიტყვა “ الحرب“ (ომი) და ვან ბასტენის ბოლო გოლის, ევროპის 1988 წლის ჩემპიონატზე.

11. ცნობილია, რომ ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ შეიძენს იარაღს შავ ბაზარზე ამერიკის ნებართვის გარეშე. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ვერასდროს შევძელი განმანათლებლობასა და გენოციდს შორის განსხვავება გამეაზრებინა.

12. თუ არ გინდა იქცე ქვემეხების საკვებად, თუ არ გინდა, რომ ომმა შარვალი ჩაგხადოს, დაიხურე გონიერების ქუდი, გააძლიერე კლასობრივი ბრძოლა, ორგანიზდი, გაასამმაგე ბრძოლა, იბრძოლე, ჯიბეები ქვებით გაივსე, მოიმარჯვე შენი იარაღები.
გაეთრიეთ, მემარცხენეებო! დააბრუნეთ სპარტაკისტები!
გაეთრიეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებო! დააბრუნეთ გარიბალდის ბრიგადები!
გაეთრიეთ, ჰუმანისტებო! დააბრუნეთ იტალიელი ავტონომისტები!
ჟლეტა იწყება.

 

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

  • არსენი ტარკოვსკი – ლექსები

    თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ.…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *