ბოლო ჩანაწერები

მთარგმნელი ვალო ჩაჩუა

(რიხარდ ვაგნერის ნაწარმოების გამო)

 

1

საკუთარ მკაცრსა და ძლევამოსილ ნაწარმოებში, სახელად „ხელოვნება და რევოლუცია“, ვაგნერი შემდეგ ჭეშმარიტებას აყალიბებს:

ხელოვნება სიხარულია, რომელსაც გააჩნია თვითმყოფადობა, საკუთარი ცხოვრება და ამავდროულად იგი ეკუთვნის საზოგადოებას.

ასეთი იყო ხელოვნება ქრ.შ.-მდე VI საუკუნეში, ათენის სახელმწიფოში.

ამ სახელმწიფოს დაცემასთან ერთად თავად ყოვლისმომცველი ხელოვნებაც დაეცა; იგი გამოცალკევდა და ინდივიდუალური გახდა; ის უკვე აღარ იყო თავისუფალი ხალხის თავისუფალი გამოხატულება. ორი ათასი წლის მანძილზე – მას შემდეგ ჩვენს დროებამდე – ხელოვნება ჩაგრულის მდგომარეობაში იმყოფება.

ადამიანთა შორის თანასწორობის დამწესებლის – ქრისტეს მოძღვრება, ქრისტიანულ სწავლებად გადაგვარდა, რომელმაც, თავის მხრივ, ჩააქრო რელიგიური ცეცხლი და ფარისევლურ ცივილიზაციასთან შეთანხმებულად განაგრძო არსებობა. ამ უკანასკნელმა შეძლო ხელოვანთა მოტყუება და მოთვინიერება, ხოლო ძალაგამოცლილი და თავისუფლებადაკარგული ხელოვნება მმართველი კლასის სამსახურში ჩააყენა.

ამისდა მიუხედავად, ჭეშმარიტი ხელოვნება მთელი ორი ათასი წლის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას და ახლაც არსებობს. ხან იქ ჩნდებოდა, ხანაც აქ, სიხარულის თუ ტკივილის მაუწყებელი ყვირილით თავისუფალი შემოქმედის თვალთაგან იღვრებოდა. თავისუფალი ხელოვნების ხალხისთვის სრულად დაბრუნება მხოლოდ დიდებულსა და საყოველთაო რევოლუციას შეუძლია, რომელიც ცივილიზაციის მრავალსაუკუნოვან სიცრუეს ჩამოშლის და ადამიანებს არტისტულობის მწვერვალზე აიყვანს.

თანამოძმეებს, რომლებიც იტანჯებიან და ყრუ სიბრაზეს განიცდიან, რიხარდ ვაგნერი მოუწოდებს ერთიანი ძალებით საფუძველი ჩაუყარონ ხელოვნების ახალ სახეს, რომელიც შესაძლოა მომავალი, ახალი საზოგადოების პირველსახე გახდეს.

 

2

ვაგნერის ნაწარმოები, რომელიც 1849 წელს გამოჩნდა, ერთი წლით ადრე გამოქვეყნებულ მარქსისა და ენგელსის „კომუნისტურ მანიფესტს“ უკავშირდება. მარქსის მსოფლმხედველობა ამ დროისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც „რეალური პოლიტიკოსის“ მსოფლმხედველობა, მისი მანიფესტი კი წარმოადგენს ახლებურ სურათს კაცობრიობის მთელი ისტორიისა, კაცობრიობის, რომელმაც რევოლუციის ისტორიული მნიშვნელობა გააცნობიერა; იგი საზოგადოების განათლებულ კლასებს მიემართება; თხუთმეტი წლის შემდეგ მარქსმა შესაძლებლად მიიჩნია პროლეტარიატისთვის მიემართა: ინტერნაციონალის მანიფესტში(1864 წ.) ის უკანასკნელი მშრომელის პრაქტიკულ გამოცდილებას მიმართავს.

ვაგნერი არასოდეს ყოფილა „რეალური პოლიტიკოსი“, თუმცა ყოველთვის რჩებოდა ხელოვნად, მისი ნაწარმოები კი ევროპის გონიერი პროლეტარიატისკენაა მიმართული. მარქსთან იდეურად, ცხოვრებისეულად ანუ უფრო მტკიცედ დაკავშირებული ნაწარმოები რევოლუციის იმ ქარიშხალს უკავშირდება, რომელმაც მთელს ევროპაზე გადაიარა; ქარიშხლისათვის საჭირო ქარს კი, როგორც ახლა, სხვებთან ერთად, რუსული მეამბოხე სული – ბაკუნინის სახით – ასაზრდოებდა; „რეალურ პოლიტიკოსთათვის“(მათ შორის მარქსისთვისაც) საძულველი რუსი ანარქისტი, რომელსაც მსოფლიო ხანძრის მგზნებარე რწმენა ჰქონდა, დრეზდენის 1849 წლის მაისის აჯანყების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას; ბაკუნინის პიროვნებით შთაგონებული ვაგნერი თავად იბრძოდა დრეზდენის ბარიკადებზე. როცა პრუსიის ჯარმა აჯანყება ჩაახშო, ვაგნერს გერმანიის დატოვება მოუწია. ნაწარმოები, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, ასევე მრავალი სხვა, რაც ავსებს და განმარტავს „ხელოვნებასა და რევოლუციას“ და, რა თქმა უნდა, ვაგნერის დიდებული ქმნილება – სოციალური ტრაგედია „ნიბელუნგების ბეჭედი“ – ჩაფიქრებული და შესრულებულია ორმოციანი წლების ბოლოს და ორმოცდაათიანების დასაწყისში – ვაგნერმა ისინი პრუსიული სისასტიკის გავრცელების საზღვრებს მიღმა გაიტანა.

 

3

1849 წელს, პროლეტარიატმა, რომლის არტისტულ ალღოსაც მიმართავდა ვაგნერი, ვერ გაიგონა მისი მოწოდება. ზედმეტად არ მიმაჩნია, ხელოვანთათვის კარგად ნაცნობი და, სამწუხაროდ, ბევრი „განათლებული ადამიანისთვის“ – უცნობი ჭეშმარიტების გახსენება, რომ ამ გარემოებას ვაგნერი არ გაუღიზიანებია, რადგან შემთხვევითსა და დროებითს არ ძალუძს ნამდვილი ხელოვანის იმედგაცრუება, მისი საქმე – სამომავლო საქმეა. თუმცა ადამიან-ვაგნერს ცუდი დღე დაადგა, რადგან მმართველი კლასი, დამახასიათებელი გონებაჩლუნგი სიშმაგით, დიდხანს ვერ გაუძლებდა მასი დევნისთვის არ მიემართა. მან ევროპული საზოგადოებისთვის ჩვეულ ხერხს მიმართა, რაც არის – ზემდეტად მამაცი და მათთვის მოუწონარი ადამიანების, ირიბი და ჰუმანური გზით, შიმშილით ამოწყვეტა. ვაგნერის მდევნელთა ბოლო, მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლდათ ცნობილი მაქს ნორდაუ; ისევ შეუძლებელია, სიმწრით არ აღვნიშნოთ, რომ ამ „ამომხსნელად“ ცნობილ პიროვნებას, ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ, „კერპად“ მიიჩნევდა რუსი ინტელიგენციის ნაწილი, რომელიც, მუსიკალური გემოვნების არქონის გამო, თავისდაუნებურად, სხვადასხვა ბინძურ საქმეებში ეხვეოდა. საინტერესოა, გამოადგა თუ არა რუსულ ინტელიგენციას ის გაკვეთილი, რომ, თავის დროზე, იმავე მაქს ნორდაუს იყენებდა პობედონოსცევიც.

ვაგნერი ხელოვნების ვარსკვლავმა პარიზულ სიღატაკესა და შემწეობისთვის ხეტიალს განარიდა. დიდება და წარმატება მას თან დაჰყვებოდა, თუმცა ეს დიდებაცა და წარმატებაც ევროპის მეშჩანური ცივილიზაციით იყო წაბილწული და მათ, საბოლოოდ, დიდი და მახინჯი ფორმა შეიძინეს. ვაგნერის მიერ ჩაფიქრებული და ბაიროითში აშენებული თეატრი უბადრუკი, კარგად მაძღარი ევროპელი ტურისტების თავშეყრის ადგილი გახდა. სოციალური ტრაგედია „ნიბელუნგების ბეჭედი“ მოდად იქცა; რუსეთის ქალაქებში, მრავალი წლის მანძილზე, ჩვენ შეგვეძლო მოგვენახულებინა ენაჭარტალა ქალბატონებით, გულცივი მოქალაქეებითა და ოფიცრებით (უმთავრესი ოფიცრის – ნიკოლოზ II-ის ჩათვლით) გამოჭედილი უზარმაზარი თეატრის დარბაზები. ომის დაწყებისას, ყველა გაზეთს მოედო ცნობა, რომ იმპერატორმა ვილჰელმმა საკუთარ მანქანას სირენა მიამაგრა, რაც მარადიულად „ახლის მაძიებლის“ („ნიბელუნგების ბეჭდის“ მიხედვით) – ღმერთი ვოტანის ლაიტმოტივია.

მაგრამ ვაგნერს დამცირებათა ეს ახალი ტალღაც ასცდა. მეორე ობივატელური ხერხიც – რაც არის ხელოვანის მიღება, შესანსვლა და გადამუშავება („გათავისება“, „გამოყენება“), თუკი მისი შიმშილით მოკვლა ვერ მოხერხდა, – პირველის მსგავსად, არ აღმოჩნდა სასურველი შედეგის მომტანი. ვაგნერი მარად ცოცხალი და მარად განახლებულია; როცა მთელ სივრცეს რევოლუციის ხმა მოიცავს, საპასუხოდ ვაგნერის ხელოვნებაც აჟღერდება; ადრე თუ გვიან, მოისმენენ და გაიგებენ მის ნაწარმოებებს, რომლებიც არა ხალხის გასართობად ან თავშესაქცევად, არამედ მათ სასარგებლოდ იმოქმედებენ; რამეთუ, ჩვენს დროში „ცხოვრებისგან ამდენად გამოცალკევებულ“ (და ამიტომაც – სხვათათვის ძალზედ საყვარელ) ხელოვნებას უშუალოდ პრაქტიკასთან, საქმესთან მივყავართ; უბრალოდ, მისი მისია, „რეალურ პოლიტიკასთან“ შედარებით, გაცილებით ღრმა და მრავლისმომცველია და ამიტომაც უფრო რთულად ხორციელდება ცხოვრებაში.

 

4

რატომ ვერ შესძლეს ვაგნერის შიმშილით მოკვლა? რატომ არ გამოუვიდათ მისი შთანთქვა, შერყვნა, გამოყენება და მოშლილი, უვარგისი ინსტრუმენტივით, ისტორიულ არქივში ჩაბარება?

იმიტომ, რომ ვაგნერს შინაგანად გააჩნდა ის გადამრჩენი საწამლავი შემოქმედებითი წინააღმდეგობებისა, რომელთა შერიგებაც მეშჩანურმა ცივილიზაციამ ვერ მოახერხა და ვერც ვერასოდეს მოახერხებს, რადგან მასთან შერიგება მისსავე სიკვდილს გულისხმობს.

ეგრეთ წოდებული მოწინავე აზროვნება უკვე ითვალისწინებს ამ გარემოებას. იმ დროს, როცა გონების კუნჭულებში ყოველგვარი თავსატეხი იხსნება და სხვადასხვა “რელიგიური”, ზნეობრივი, ხელოვნებისმიერი და სამართლებრივი დოგმების გადააზრება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ცივილიზაციის მოთავეებმა მოასწრეს ხელოვნებასთან „კონტაქტში შესვლა“. წარმოიშვა ახალი ხერხები: ხელოვანებს „პატიობენ“; ხელოვანები უყვართ“ მათი „წინააღმდეგობის“ გამო; ხელოვანებს „ნებას რთავენ“ იყვნენ – „პოლიტიკისა და რეალური ცხოვრების მიღმა“.

მაგრამ არის კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რომელსაც რთულია ჩასწვდე. ვაგნერმა იგი „ხელოვნებასა და რევოლუციაში“ გადმოგვცა; ის იესო ქრისტეს უკავშირდება.

იგი ერთგან სიძულვილით ახსენებს ქრისტეს და მას „გალილეველი დურგლის უბედურ შვილს“ უწოდებს, ხოლო სხვაგან მისთვის საკურთხევლის აღმართვას გვთავაზობს.

ამ საკითხის მოგვარება კიდევ შეიძლება: ბოლოს და ბოლოს, ცივილიზებულმა სამყარომ ქრისტე „ფრჩხილებს გარეთ გაიტანა“; ხალხი ხომ „კულტურული“ და, შესაბამისად, „შემწყნარებელია“.

თუმცა უცნაური და გაუგებარია ქრისტესთან მიმართების სახე. როგორ შეიძლება, ერთდროულად გძულდეს და საკურთხეველიც აღუმართო? საერთოდ, შესაძლებელია გძულდეს და იმავდროულად გიყვარდეს? თუკი იგი მიმართულია, ქრისტეს მსგავსად, „განყენებული“ პიროვნებისაკენ, ალბათ, შესაძლებელია; მაგრამ მიმართების ასეთი წესი საყოველთაო რომ გახდეს, თუ სამყაროში ყველაფრის მიმართ ასე განეწყობიან? „სამშობლოს“, „მშობლების“, „ცოლის“ და სხვათა მიმართ? ეს აუტანელი იქნება იმიტომ, რომ შემაშფოთებელია.

აი ამ მოძულეობრივი სიყვარულის შხამმა, რომელიც თვით „ჭკუის კოლოფი“ მეშჩანისთვისაც ძალზედ აუტანელია, ვაგნერი სიკვდილისა და დამცირებისაგან იხსნა. მის ნაწარმოებებში ჩაღვრილი სწორედ ეს შხამი არის ის „ახალი“ და მისი ხვედრი მომავალია.

ახალი დროება მღელვარე და შემაშფოთებელია. ის, ვინც შეიცნობს, რომ ადამიანის ცხოვრების აზრი შფოთსა და მღელვარებაშია, შეწყვეტს ობივატელობას. ის აღარ იქნება თვითკმაყოფილი არარაობა; ეს იქნება ახალი ადამიანი, ახალი საფეხური არტისტისაკენ.

 

12 მარტი, 1918 წ.