თარგმნა ანრი კიკნაველიძემ
I
ო, დასავლეთის ქარო, სუნთქვავ შემოდგომისა,
შენ, ვის უხილავ არსებასაც მკვდარი ფოთლები
გაურბიან, ვით, აჩრდილნი ჯადოქრის ძალას.
ყვითელი, შავი, უფერული, ზოგან წითელი,
ჭირიანთა სიმრავლეები: ო, შენ, ვინც ეტლით
მიაგელვებ ზამთრისეულ სარეცელისკენ
ფრთიან თესლებს, ცივი, ჩუმი განსვენებისთვის,
თითოეული, როგორც გვამი თავის საფლავში,
ვიდრე შენი და, გაზაფხული ლაჟვარდისფერი,
არ დაჰბერავს თავის საყვირს მთვლემარე მიწას,
(გადენის, როგორც საძოვარზე ფარას, ტკბილ კვირტებს)
სიცოცხლის ფერით და სურნელით აავსებს მთა-ველს:
ველურო სულო, ყველგან მყოფო, ყველგან მოძრავო;
დამანგრეველო და დამცველო: ისმინე ჩემი!
II
შენ, ვის ნაკადზეც ზეციური მოძრაობიდან
ღრუბლები, როგორც დედამიწის მკვდარი ფოთლები
ზეცისა და ოკეანის რხეულ რტოთაგან
ანგელოზებმა ჩამოყარეს წვიმის და ელვის:
შენი დინების ჰაეროვან, ლურჯ ზედაპირზე
გაშლილა როგორც მოელვარე თმები მენადის,
ჰორიზონტის საზღვრებიდან თვით ზენიტამდე
ნაწნავები კარსმომდგარი ქარიშხალისა.
მომაკვდავი წელიწადის მწარე გოდებავ
რომლისთვისაც დგება ღამე უკანასკნელი,
აზიდული გუმბათივით ფართო აკლდამის,
რომლის თაღებიც შენი სუნთქვის კამარებია,
გადმოფეთქავს მისი მყარი ატმოსფეროდან,
ცეცხლი, სეტყვა და შავი წვიმა: ისმინე ჩემი!
III
შენ ზაფხულის სიზმრებიდან გამოაღვიძე
ხმელთაშუა ზღვა, ლურჯი, ტკბილად მიძინებული
თავის კამკამა ნაკადების იავნანათი,
ბაიას ყურის კუნძულების სანაპიროსთან.
მისი სიზმრების კოშკები და სასახლეები,
მოცახცახე ლურჯი ტალღის ცხელ სინათლეში,
დაეფარა ლაჟვარდისფერ ხავსს და ყვავილებს,
მათი სიტკბო სიზმარშიაც გრძნობებს ასუსტებს!
შენს ბილიკებად ატლანტიკის ფსკერის სიბრტყეშიც
გამოიკვეთა უფსკრულები. ამ დროს სიღრმეში
ზღვის ყვავილებმა, მონარნარე შლამის ხეებმა
რომელთაც ჰმოსავთ ოკეანის სველი ფოთლები,
იცნეს შენი ხმა, და უეცრად გაუფერულდნენ,
შეკრთნენ, ფოთლები განიძარცვეს: ისმინე ჩემი!
IV
ვიყო დამჭკნარი ფოთოლი და შენ აგეტაცე;
ვიყო მსუბუქი ღრუბელი და მეფრინა შენთან;
ტალღა ვიყო და შემესუნთქა შენი ფრთის ძალა,
ვზიარებოდი მეც შენს ძალას, თუნდაც არ ვიყო
ისე ლაღი, როგორიც შენ ხარ, ქედმოუხრელო!
ან ვიყო, როგორც ბიჭობაში, და შემძლებოდა
შენს ამხანაგად შემომევლო ზეცის თაღები;
მაშინ, როდესაც, ჯობნა შენთვის ციურ რბოლაში
ოცნებად არ მეჩვენებოდა. არ ვინდომებდი,
ამად ყოფნას- მხოლოდ ლოცვად მოხმობას შენსას.
ო, ამიტაცე, ვით ღრუბელი, ფოთოლი, ტალღა!
დამცა სიცოცხლემ ნარ-ეკლებში! სისხლი მადინა!
დროების მძიმე ჯაჭვმა თავი დაახრევინა
ერთ შენნაირს: ქედმოუხრელს, მკვირცხლსა და ამაყს.
V
გადამაქციე მეც შენს ქნარად, როგორც ტყეები,
იქნებ მათსავით ჩემი ხმელი ფოთლებიც ცვივა!
და მღელვარებამ შენი მძლავრი ჰარმონიების
ორივ ჩვენგანი აგვამღეროს შემოდგომისებრ
ღრმა, სევდიანი სიტკბოებით სავსე ბგერებით.
მღელვარე სულო, შენი სული იქცეს ჩემს სუნთქვად!
სამყაროს თავზე ჩემი მკვდარი ფიქრების ჯარი,
დამჭკნარ ფოთლების გუნდებივით გადააფრინე,
დაე, დაჩქარდეს ახლად შობა. დაე, ეს ლექსი
იქცეს შელოცვად და მოჰფინოს კაცობრიობას
ჩემი სიტყვა ფერფლივით და ნაპერწკალივით!
ჩემს ბაგეთაგან გაუღვიძარ დედამიწისთვის
წინასწარცნობის საყვირად იქეც. მითხარი, ქარო,
დაზამთრებას გაზაფხული ხომ მალე მოსდევს?