
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ჯოხაძემ
(სირაკუზა: სირაკუზას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1991)
წერის პროცესში მწერლის მთელი პიროვნებაა ჩართული. მწერალი იდეების გარდა, ინსტიქტებითა და ინტუიციითაც წერს. წერის პროცესზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მწერლის პიროვნების ბნელი მხარეც. იმის გამო, რომ რაციონალურ ფაქტორს ბოლომდე ვერ აცნობიერებს, მწერალი განსაკუთრებით სუბიექტურია საკუთარი წიგნების შესახებ საუბრისას. მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია თუ რისი გაკეთება სურდა, რაც იშვიათად ემთხვევა შედეგს. ამიტომ, მკითხველს ზოგჯერ უკეთ შეუძლია მწერლის ნამუშევრის განსჯა, ვიდრე თავად მწერალს.
ჩემი რომანის „ქალაქი და ძაღლები“ ინგლისური თარგმანის სათაურია „გმირის დრო“ (The Time of the Hero). უნდა ვაღიარო, რომ არ მომწონს, რადგან არ გადმოსცემს ორიგინალ სათაურში გაცხადებულ იდეას. ეს სათაური გამომცემელმა აარჩია. მისი აზრით, ჩემ მიერ შეთავაზებული „ქალაქი და ძაღლები“ არ იყო თვალშისაცემი, ამიტომ რომანს უფრო მიმზიდველი სათაური შევურჩიეთ. თუმცა, „გმირის დრო“ არაა რომანის ნამდვილი სათაურის შესატყვისი. ეს რომანი, რომელიც ჩემთვის პირველი იყო (მანამდე მოკლე მოთხრობების წიგნი მქონდა დაწერილი), 1958-1961 წლებში დავწერე. სამი წელი დამჭირდა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, საკუთარი თავისა და ლიტერატურის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე და წერის ის მეთოდი აღმოვაჩინე, რომელსაც მას შემდეგ, ყველა ჩემს რომანსა თუ სხვა ჟანრის ნაწარმოებებში ვიყენებდი. ამ წიგნის წერის დროს, როგორც მწერალმა, ორი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე. პირველ რიგში ის, რომ პირადი გამოცდილება ყოველთვის ნედლი მასალაა იმისთვის, რასაც ვწერ. მთელი ჩემი მხატვრული შემოქმედება — მოკლე მოთხრობები, რომანები თუ პიესები — პირადი გამოცდილებიდან წარმოიშვა. ეს წიგნები იმიტომ დავწერე, რომ თავს რაღაც გადამხდა, ვიღაცას შევხვდი ან ისეთი რაღაც წავიკითხე, რაც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ყოველთვის ვერ ვაცნობიერებ თუ რატომ რჩება ამ სიცხადით ჩემს მეხსიერებაში ეს გამოცდილება, ან რატომ იქცევა ნელ-ნელა გამამხნევებელ ძალად, რომ გამოვიგონო ან წარმოვიდგინო. ასე იწყება მთელი ჩემი მხატვრული შემოქმედება.
იმ ლათინოამერიკელ მწერალთა შორის, რომელთა შემოქმედებითაც მოხიბლული ვარ და რომლებიც საკუთარ, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით წერენ, ერთ-ერთი, ჩემი მეგობარი, პერუელი ხოსე მარია არგედასია, რომელიც საზღვარგარეთ კარგად არაა ცნობილი. იგი მნიშვნელოვანი მწერალი, საინტერესო რომანისტი, მოკლე მოთხრობების ავტორი და ასევე ანთროპოლოგი იყო. სიღრმისეულად იცნობდა ინდიელების კულტურას, რაც ლათინურ ამერიკაში მწერალთა ძალზედ მცირე რიცხვისთვისაა დამახასიათებელი. მას საინტერესო ესეები აქვს ინდიელების კულტურაზე, მათ სამყაროზე. ინდიელთა თემში დაიბადა და ჩვიდმეტ წლამდე თეთრებთან არ უცხოვრია. ყველა მისი წიგნი ინდიელთა იმ სამყაროს რეკონსტრუქციაა, რომელსაც ბავშვობაში ახლოს იცნობდა. დიდი აღტაცებით წავიკითხე მისი წიგნები. ალბათ, გარკვეული გავლენაც იქონია მისმა შემოქმედებამ ჩემს მწერლობაზე, განსაკუთრებით პირველმა რომანმა „ღრმა მდინარეები“, რომელმაც პერუში, სადაც ის პირველად გამოქვეყნდა, დიდი წარმატება მოიპოვა. პერუული ლიტერატურისათვის მისი გამოცდილება უნიკალურია, თუმცა, არსებობენ სხვა ლათინოამერიკელი მწერლებიც, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში ანალოგიური გამოცდილება ჰქონდათ: მექსიკელი მწერალი ხუან რულფო, რომელსაც ასევე პირდაპირი გამოცდილება აკავშირებდა ინდიელთა კულტურასთან და როა ბასტოსი, პარაგვაელი მწერალი, რომლის წიგნებშიც ადგილობრივი სამყაროდან შეძენილი პირადი გამოცდილებაა ასახული.
პირადი გამოცდილება, რომელიც რომანისათვის „ქალაქი და ძაღლები“ ნედლ მასალას წარმოადგენდა, 1950-1951 წლებში, თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ასაკში, ლეონსიო პრადოს დახურულ სამხედრო სკოლაში გატარებული წლები იყო. ამ სკოლასა და იმ პერიოდის პერუს შესახებ ნამდვილადაა სათქმელი. პერუ აერთიანებდა და ახლაც აერთიანებს, არა ერთი, არამედ მრავალი ქვეყნის სოციალურად დიფერენცირებულ საზოგადოებებს, რომლებიც ერში თანაარსებობენ. ამ ცალკეული ქვეყნების ხალხებს ერთმანეთთან მცირე კონტაქტი აქვთ. თუკი, ჩემს მსგავსად, საშუალო კლასის ოჯახში დაბადებული პერუელი იყავი და ლიმას საშუალო კლასის უბანში ცხოვრობდი, პერუზე როგორც ქვეყანასა და საზოგადოებაზე შეზღუდული წარმოდგენა გქონდა. შეიძლება ფიქრობდი, რომ პერუ თეთრების, დასავლურ კულტურასთან შერწყმული, ცივილიზებულად და მდიდრულად მცხოვრები ესპანურენოვანი ხალხის ქვეყანა იყო. რა თქმა უნდა, იცოდი, რომ პერუ ინდიელების ქვეყანაც იყო, მაგრამ თუკი 1940-იანებსა და ადრეულ 1950-იან წლებში, ლიმაში, მილაფლორესის საშუალო კლასის, ფეშენებელურ უბანში ცხოვრობდი, ერთ ინდიელსაც კი ვერ ნახავდი, რადგან თითქმის ყველა ინდიელი სოფლად, ანდებში ან ქალაქის შემოგარენ ტერიტორიებზე სახლობდა, სადაც ახალგაზრდა ბიჭი, საშუალო კლასის ოჯახიდან ვერასდროს მოხვდებოდა.
ამგვარად ჩემი, პატარა ბიჭის წარმოდგენა პერუზე, დამახინჯებული და შეზღუდული იყო. ვფიქრობ მეტ-ნაკლებად ასეთი იყო ყველა პერუელის შთაბეჭდილება. თავის პატარა სამყაროში ყველა მყუდროდ ცხოვრობდა და პრაქტიკულად არ აინტერესებდათ სხვა პერუელების ცხოვრების დონე. თავსმოხვეული უმეცრებისა და ცრურწმენების სამყარო, თავისთავად აღვიქვით ობიექტურ რეალობად.
პერუს საზოგადოება მრავალმხრივ განსხვავდებოდა. პირველი განსხვავება რასობრივი იყო. არსებობდა თეთრების, ინდიელების, შავკანიანებისა და იმ უმცირესობების პერუ, რომლებიც აზიელებსა და ამაზონის რეგიონიდან ჩამოსახლებულებს წარმოადგენდნენ. მეორე განსხვავება ქალაქისა და სოფლის პერუს შორის არსებობდა, რომელიც სრულიად განსხვავებული ჩვეულებებისა და რიტუალების, ცხოვრების წესისა და ენის ორი სხვადასხვა სამყარო იყო. დიდ ქალაქებში ესპანურად საუბრობდნენ, ქალაქგარეთ კი ადგილობრივი ენები, ძირითადად კეჩუა ან აიმარა იყო გავრცელებული. მესამე, გეოგრაფიული და რეგიონალური განსხვავება იყო. სანაპიროს მხარეს, ანდების რეგიონსა და ამაზონის ჯუნგლებს შორის დღესაც დიდი სხვაობაა, რაც ოცდათხუთმეტი წლის წინ კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო. ეს სამი გეოგრაფიული სამყარო, პერუში სამი სხვადასხვა ქვეყნასავით იყო.
იმ პერიოდისთვის მცირე იყო იმ ინსტიტუციათა რიცხვი, სადაც მთელი ქვეყანა იქნებოდა წარმოდგენილი. ერთ-ერთი ასეთი, რომელშიც ნამდვილად იყო წარმოჩენილი პერუს მთელი კომპლექსურობა და მისი განსხვავებული სოციალური, კულტურული და რასობრივი ჯგუფები, ლეონსიო პრადოს სამხედრო სკოლა იყო. ეს გვიან ორმოციანებში დაარსებული საჯარო სკოლა იყო, რომელიც საშუალო განათლების ბოლო სამ წელს მოიცავდა. რამდენიმე მიზეზის გამო, ამ სკოლაში ყველა სოციალური და ეკონომიკური კლასის ახალგაზრდა ბიჭები იყრიდნენ თავს. სკოლაში სწავლობდნენ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, რომლებიც მშობლებმა, ლეონსიო პრადოში, როგორც გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაგზავნეს. ისინი რთულად აღსაზრდელი, მეამბოხე, რთულად გასაკონტროლებელი მოზარდები იყვნენ და მათი მშობლები მიიჩნევდნენ, რომ სამხედრო დისციპლინა მეამბოხე ახალგაზრდებს წაადგებოდათ. ასევე სწავლობდნენ ბიჭები საშუალო სოციალური ფენიდანაც, რომლებიც ლეონსიო პრადოში სამხედრო კარიერისთვის ემზადებოდნენ. მაგალითად, ფიქრობდნენ, რომ საზღვაო ოფიცობისთვის, ეს ინსტიტუტი კარგი სპეცსასწავლებელი იქნებოდა. ასევე ბევრი მოსწავლე იყო დაბალი სოციალური ფენიდანაც, ქვეყნის ყველაზე უბრალო და ღარიბი ოჯახებიდან. პირველმა ასმა სტუდენტმა, რომლებმაც მისაღები გამოცდა ჩააბარეს, გრანტი მიიღეს და სწავლის საფასურისგან გათავისუფლდნენ. ამ ტიპის საგანმანათლებლო პოლიტიკამ, სკოლის კარი გაუღო უღარიბესი გლეხებისა და მუშათა ოჯახების შვილებს, ლიმას გარეუბნებში, ჯურღმულებში მცხოვრებ ბიჭებსაც კი. ასე რომ, სკოლაში პერუს ყველა რასა, სოციალური ფენა და რეგიონიც კი იყო წარმოდგენილი, რომელიც გარკვეული აზრით, პერუს მიკროკოსმოსს წარმოადგენდა.
ბიჭები ცამეტიდან თექვსმეტ წლამდე იყვნენ. თითოეულმა მათგანმა თავისი სამყარო მოიტანა სკოლაში — ცრურწმენები, რიტუალები, საკუთარი, პირადი შეხედულება პერუზე, რომლითაც ერთმანეთს ეპაექრებოდნენ. სამხედრო დისციპლინას ყველა ემორჩილებოდა, რადგან სკოლის იდეა სამხედრო სწავლებისა და აკადემიური განათლების ერთდროული უზრუნველყოფა იყო. სკოლის დაამთავრების შემდეგ, კადეტებმა რეზერვის ოფიცრის დიპლომები მიიღეს და სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდნენ. სკოლა ექვემდებარებოდა ადმინისტრაციას, რომელიც არმიის ერთ-ერთი განშტოების, ქვეითი ჯარის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ჩვენ არმიის ბატალიონივით ვიყავით მოწესრიგებულები და ძალიან მკაცრ და სერიოზულ სამხედრო სწავლებასა და აკადემიურ განათლებას გავდიოდით. უნდა ვთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა, როდესაც უკან ვიხედები, სამხედრო სკოლის მადლობელი ვარ, იმიტომ, რომ აღმოვაჩინე თუ რა იყო ნამდვილი პერუ, რომელზეც სანამ ლეონსიო პრადოში შევიდოდი, წარმოდგენა არ მქონდა. თუმცა, ეს გამოცდილება უაღრესად მძიმე იყო ჩემთვის, ტრამვასავით იყო. მე უზრუნველი ბავშვობა მქონდა, ჩემმა ოჯახმა ძალიან გამათამამა. ამიტომ, როდესაც სამხედრო სკოლაში შევედი, მეგონა, რომ ცხოვრება სიკეთით იყო სავსე. ვერ წარმომედგინა, რომ ცხოვრება ძალადობა და სისასტიკეც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ხალხებს შორის სოციალურ, რასობრივ და ეკონომიკურ განსხვავებებს ნამდვილი ომის მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ სამხედრო დისციპლინა, სამხედრო ღირებულებების განდიდება, მამაკაცურობა, „მაჩიზმი“ და ფიზიკური ქმედებები ასეთ ძალადობად და სისასტიკედ შეიძლებოდა ქცეულიყო.
სამხედრო სკოლაში პირველი კვირები, შესაძლოა თვეებიც, გაოგნებული და შეძრწუნებული ვიყავი. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მარტოობით საკმაოდ ვიტანჯებოდი და სამხედრო სწავლების შემადგენელი ყველა ძალადობრივი წესი მაწუხებდა, სკოლა მომწონდა. ვისწავლე თუ როგორ უნდა მეკითხა. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი თავგადასავლებით და ხარბად ვკითხულობდი სათავგადასავლო რომანებს. იმის, სწავლა თუ როგორ უნდა წამეკითხა ესა თუ ის წიგნი, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აღმოვაჩინე — წაკითხული რომანების საშუალებით თავგადასავლებით სავსე ცხოვრების განცდა.
ვფიქრობ, ადრეული ასაკიდან ვოცნებობდი თავგადასავლებით სავსე, სალგარის[1], ჟიულ ვერნის, ალექსანდრე დიუმას რომანების გმირების მსგავს ცხოვრებაზე — ავტორებისა, რომლებსაც უდიდესი გატაცებით ვკითხულობდი. დახურული სამხედრო სასწავლებელი ჩემი პირველი რეალური თავგადასავალი იყო. მანამდე წიგნების მეშვეობით მხოლოდ წარმოსახვით, სხვის თავგადასავლებს ვიცნობდი, სამხედრო სკოლა კი ნამდვილი თავგადასავალი იყო, სასტიკი და ძალადობრივი, მაგრამ იმ წარმოსახვითი თავგადასავლების მსგავსი. იმის წარმოდგენა, რომ ამ შეთხზული თავგადასავლების მთავარ პერსონაჟებს ვემსგავსებოდი, დამეხმარა წინააღმდეგობა გამეწია და ამეტანა სამხედრო სკოლის კადეტის ცხოვრება.
სკოლაში პირველივე კვირებიდან ვიცოდი, რომ ერთ დღეს, ამ გამოცდილებაზე რომანს დავწერდი. მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ის გამოცდილება იყო, რომელიც საკუთარი სათავგადასავლო რომანის დასაწერად მჭირდებოდა. ასეც მოვიქეცი. თუმცა, შეუძლებელი იყო, ეს ამ გამოცდილების მიღების პროცესში ან შემდეგ, მალევე გამეკეთებინა. პირველი რომანის წერის დროს ესეც ვისწავლე — გამოსაგონებლად, ფანტაზიის განსავითარებლად, მხატვრული ლიტერატურის შესაქმნელად, პირადი გამოცდილება მესაჭიროებოდა, მაგრამ ამავე დროს, მისი თავისუფლად მანიპულაციისთვის და მხატვრულ გამონაგონად ქცევისთვის, ამ გამოცდილებისგან გარკვეული დისტანცირება, გარკვეული პერსპექტივა მჭირდებოდა. თუკი გამოცდილება უახლესია, ვითრგუნები. არასდროს შემეძლო უახლოეს პერიოდში თავს გადახდენილ ამბავზე ფიქციის შექმნა. თუკი რეალური, ცხოვრებისეული რეალობის სიახლოვემ ჩემს წარმოსახვაზე დამაჯერებლად უნდა იმოქმედოს, მე სიშორე მჭიდება — სიშორე დროსა და სივრცეში.
ეს ყველაფერი „ქალაქი და ძაღლების“ შექმნის პროცესში გავიაზრე. ამ გამოცდილებაზე რომანის დაწერა ლიმაში, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვცადე, მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელი. 1958 წელს, სადოქტრო დისერტაციის დასაწერად და მადრიდში გასამგზავრებლად სტიპენდია მოვიპოვე. ქალაქში ჩასვლისთავნავე დავიწყე რომანის წერა. ექვსი წელი მაშორებდა ლეონსიო პრადოს. მადრიდსა და ლიმას შორისაც, რა თქმა უნდა, უდიდესი ფიზიკური მანძილი იყო.
წინად ვთქვი, წერის მეთოდი აღმოვაჩინე-მეთქი, — მეთოდი, რომელსაც მას შემდეგ ყველა ჩემს შემდგომ რომანებსა და პიესებში ვიყენებდი. ეს მეთოდი დაახლოებით ასეთია: წერის დროს, ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი, ყველაზე რთული მხარე, დასაწყისია. ეს განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემს დაურწმუნებლობასთან მიწევს ბრძოლა, რაც ვეჭვობ ოდესმე გადავლახო. ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ეს დეპრესიული მდგომარეობა გავარღვიო, სრულიად ავტომატურად წერაა, იგივე, რასაც სიურრეალისტები ავტომატურ წერას უწოდებენ. თავიდან, ყოველთვის ვქმნი რომანის მონახაზს, რომელშიც არა ამბის ან სიუჟეტის, არამედ სიუჟეტის შესაძლო ვარიანტების განვითარებას ვცდილობ. ბევრი ფიქრის გარეშე, გაუჩერებლად ვწერ და ყველანაირი თვითკრიტიკის გადალახვას ვცდილობ. რომანის სტილზე ან სტრუქტურაზე ფიქრის გარეშე, ვცდილობ ფურცელზე ის ყველაფერი გადმოვიტანო, რასაც სიუჟეტის შემდგომი განვითარების პროცესში სავარაუდოდ მხოლოდ ნედლ, დაუმუშავებელ მასალად გამოვიყენებ.
როდესაც რომანის წერას ვიწყებ, სიუჟეტზე ზოგადი წარმოდგენა მაქვს. გონებაში რამდენიმე ტრაექტორია, იგივე მოქმედების ქრონოლოგია მაქვს წარმოდგენილი. მაგალითად, ერთი პერსონაჟი იწყებს აქ და ამთავრებს იქ. პერსონაჟებზე ამ ტიპის ინფორმაციას ვფლობ — ამბის ძირითად მოხაზულობას. მაგრამ ამ მოხაზულობას, ამ გეგმას არასდროს მივყვები. გარკვეული ზოგადი სქემა მჭირდება, რომელსაც ვიცი, რომ მოგვიანებით მრავალი მიმართულებით შევცვლი. რომანის წერის დროს ყველაზე მეტად სიუჟეტის სხვადასხვა შესაძლებლობების აღმოჩენა მომწონს. ვიცი, რომ თავდაპირველი იდეა მხოლოდ საწყისი წერტილი იქნება იმისა, რაც შემდეგ მოულოდნელი მიმართულებით წამიყვანს. სწორედ ეს მანიჭებს სიამოვნებას, ეს მომწონს წიგნის წერისას — აღმოჩენა იმისა, რომ რაღაცამ იმ მიმართულებით განვითარებისკენ მიბიძგა, რომელსაც დასაწყისში ვერაფრით წარმოვიდგენდი. წიგნს დასრულებულად მაშინ მივიჩნევ, როდესაც გადაწერით უკვე ძალიან დაღლილი ვარ და ვეღარ ვიტან იმ აზრს, რომ მასზე მუშაობა უნდა გავაგრძელო. დროდადრო მეკითხებიან, წლების შემდეგ ჩემს ნამუშევრებს თუ ვკითხულობ ხელახლა. ამას არასდროს ვაკეთებ. ზოგჯერ, როდესაც მთარგმნელს ვიხმარ, კონკრეტულ ეპიზოდს ვუბრუნდები ხოლმე, მაგრამ ხელახლა სრულად არაფერს ვკითხულობ, იმიტომ, რომ ამ დროს ყოველთვის ვგრძნობ, რომ ბევრად უკეთესად შემეძლო.
რომანის პირველი ვერსია ყოველთვის ქაოტურია, რადგან სიუჟეტის შესაძლო ვარიანტები წინააღმდეგობრივი მიმართულებით ვითარდება. ერთსა და იმავე ეპიზოდს ორ-სამჯერ ვწერ განსხვავებული თვალსაზრისით, განსხვავებული პერსპექტივიდან. ზოგჯერ სიუჟეტის საწინააღმდეგო მიმართულებებს ვავითარებ, ამ წინააღმდეგობების გადაჭრის ან თუნდაც გმირების სახელების ან იმ ადგილების შეცვლის მცდელობის გარეშე, სადაც ეს ეპიზოდები ან ამბები ხდება. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარი მაგმაა, რაც დასაწერად ჩემთვის ძალიან მტანჯველია. თუმცა, ვიცი, რომ როდესაც ეს მაგმა დასრულდება, ქაოტურად წერას შევწყვეტ, რადგან სიუჟეტის ყველა შესაძლო ვარიანტი უკვე ჩემს თვალწინ იქნება, ჩემი დაურწმუნებლობა გაქრება, წერა კი სასიამოვნო და ამაღელვებელი გამოცდილება გახდება. ეს ყველაფერი ჩემს პირველ რომანში, ჩემს თავთან ძალიან რთულ ბრძოლაში აღმოვაჩინე. ამ მონახაზის, ამ მაგმას საშუალებით, ვიგრძენი რას ნიშნავს ქმნიდე. ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად სიამოვნებას არა იმდენად რომანის წერა, არამედ მისი რედაქტირება მანიჭებს. სხვა მწერლები, რა თქმა უნდა, სხვაგვარად უდგებიან სამუშაოს. მაგალითად, ხულიო კორტასარისთვის არ იყო დამახასიათებელი ტექსტის ხშირი გადაწერა. გაოცებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მან „კლასობანას“ მხოლოდ ერთი ვერსია დაწერა. პირველი ვერსია საბოლოო იყო. როდესაც კორტასარი ყოველ დილით საწერად ჯდებოდა, არ იცოდა რა მოხდებოდა რომანში. მთელი წიგნი ასე სპონტანურად დაწერა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია.
წიგნის წერა შეიძლება მტანჯველი გამოცდილება იყოს, მაგრამ ეს სიამოვნებაცაა. ვიტყოდი, რომ სიამოვნების დიადი და ამაღელვებელი მომენტები გაქვს, თუმცა ისინი წერის ყოველდღიური რუტინის მკაფიო გამონაკლისებია. ნაწარმოების შექმნის პროცესი ჩემთვის სინამდვილეში მაშინ იწყება, როდესაც რომანის პირველი ვერსია უკვე მაქვს, როდესაც უნდა ავირჩიო, გადავარჩიო ან წავშალო ის ყველაფერი, რაც სიუჟეტის განვითარებისთვის აღარაა ღირებული. როდესაც აღმოვაჩენ, რომ ამ მაგმის შიგნით უკვე გამოკვეთილია გარკვეული ლოგიკური და თანმიმდევრული მიმართულებები, ასევე გმირების გარკვეული ძალები და მოტივაციები, რომლებსაც უნდა გავყვე და გამოვიყენო, ვგრძნობ, რომ ლიტერატურის შექმნის, რაღაცის გამოგონების პროცესში ვარ. ყოველთვის ვწერ მეორე ვერსიასაც, რომელშიც ყურადღებას მთლიანად რომანის სტრუქტურაზე ვამახვილებ. ამ დროს ენა, სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება არ მაწუხებს. მთლიანად ამბისა და დროის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ვარ კონცენტრირებული. „ქალაქი და ძაღლები“ რომ დავწერე, არ ვიცოდი, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, რომანის წერის დროს ორი არსებითი საკითხია გადასაჭრელი ან შესაქმნელი. პირველი — მთხრობლის გამოგონებაა. ვფიქრობ, რომ მთხრობელი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია რომანში. ზოგ შემთხვევაში ეს მნიშვნელობა მკაფიოა, რადგან მთხრობელიც ცენტრალური ფიგურა, ცენტრალური პერსონაჟია რომანში. სხვა შემთხვევაში მთხრობელი არაა პერსონაჟი, არა ხილული ფიგურა, არამედ უხილავი ადამიანია, რომლის შექმნაც ერთ-ერთი რიგითი პერსონაჟის შექმნაზე უფრო რთული და ჩახლართული პროცესია.
როდესაც „ქალაქი და ძაღლები“ დავწერე, არ მქონდა გაცნობიერებული მთხრობლის ფუნქცია, ამას ვერ ვხვდებოდი. ინსტიქტურად აღმოვაჩინე, რომ მთხრობლის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. თუკი თანმიმდევრულად არ აწესებ იმ კანონებს, რომელთა შიგნითაც მთხრობელი მუშაობს, ავითარებს, უახლოვდება ან შორდება მოქმედებას, რომლის შესახებაც მოგვითხრობს, მაშინ რომანის მთელი დამარწმუნებელი ძალა გაქრება. მაშასადამე, თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. მთხრობელს ნებისმიერი ძალაუფლება შეგიძლია მიანიჭო, მაგრამ ყოველთვის თანმიმდევრული სისტემის შიგნით. თუ სისტემა მკაფიო და თანმიმდევრული იქნება, რომანის დამარწმუნებელი ძალაც მიიღწევა. თუ ნაწარმოებში თანმიმდევრულობა არაა დაცული და მთხრობელიც შემთხვევითობის პრინციპით მოქმედებს, ეს მკითხველისთვის მაშინვე არასარწმუნო ამბად ითარგმნება. მკითხველი გრძნობს, რომ ის, რაც მას უამბეს არასწორია, არარეალურია და იძულებით მოახვიეს თავს. ასე რომ, მთხრობელი ერთგული უნდა იყოს იმ კანონებისა, რომლებიც რომანში თხრობის სტრუქტურას ქმნიან.
მეორე აუცილებელი საკითხი, რომელიც რომანისტმა უნდა გადაჭრას, თხრობაში დროის ორგანიზებაა. მხატვრულ ლიტერატურას რეალური სამყაროსგან დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მთხრობელი და დრო ანიჭებს. რომანი არადროსაა რეალური სამყაროს იდენტური, ის ყოველთვის განყენებული სამყაროა, სამყარო, რომელიც აუცილებლად განსხვავდება რეალური რეალობისაგან. ეს არის ფიქციური რეალობა, რომელიც რეალურ რეალობასთან ყოველთვის ოპოზიციაშია. განსხვავება ფიქციურ რეალობასა და რეალურ რეალობას შორის ერთი მხრივ, მთხრობლის არსებობაა, რომელიც რეალურ რეალობაში არ არსებობს, მეორე მხრივ კი დროის სტრუქტურა, რომელიც ფიქციაში არასდროსაა რეალური ცხოვრების იდენტური. ქრონოლიგია, დროის ორგანიზება და გზა, რომლის საშუალებითაც ფიქციაში დრო მიედინება, რეალური დროისგან განსხვავებულია. დროის ორგანიზება ერთ-ერთი ის ხერხია, რომლის საშუალებითაც ფიქციური სამყაროს ორიგინალურობის აღბეჭდვაა შესაძლებელი. მეთოდი, რომლის საშუალებითაც თითოეული რომანისტი, თითოეული ფიქციის შემქმნელი დროის სტრუქტურას აყალიბებს, ის გზაა, რომელიც მის ლიტერატურულ ნამუშევარს ორიგინალურობასა და კიდევ ერთხელ, სუვერენიტეტს მიანიჭებს. მთხრობლის შექმნისა და დროის სტრუქტურირებისათვის თანმიმდევრული სისტემის მნიშვნელობა „ქალაქი და ძაღლებში“ აღმოვაჩინე.
პირველი მნიშვნელოვანი გავლენა რომანის წერის პროცესზე, როგორც ვნახეთ, სამხედრო სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ იქონია. მეორე კი ფრანგი მოაზროვნისა და მწერლის, ჟან-პოლ სარტრის გავლენა იყო. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სარტრის შემოქმედებას დიდი ენთუზიაზმითა და აღტაცებით ვკითხულობდი. იმ დროს ეგზისტენციალურ ფილოსოფიას მთელს მსოფლიოზე ჰქონდა გავლენა და შესაბამისად, იმ უნივერსიტეტზეც, რომელშიც მე დავდიოდი პერუში. სარტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ლიტერატურის ჩემეულ აღმოჩენაში. მისი რომანებისა და მოკლე მოთხრობების კითხვისას, ფიქციაში ფორმის მნიშვნელობის აღმოჩენა დავიწყე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი სარტრის იდეები იყო ლიტერატურაზე, თუ რას უნდა წარმოადგენდეს მწერალი და ლიტერატურა. მისი იდეები ანგაჟირებულ ლიტერატურაზე ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.
იმ პერიოდში საკმაოდ პოლიტიზირებული გავხდი, იმდენად ვიყავი დაინტერესებული სოციალური პრობლემებით, რომ პერუს კომუნისტურ პარტიასაც კი შევუერთდი. იმის გამო, რომ სოციალისტური რეალიზმი კომუნისტური პარტიის ძირითადი ოფიციალური ესთეტიკური დოქტრინა იყო, მე კი ამ ფილოსოფიის გაზიარება არ შემეძლო, ჩემს თანაპარტიელებთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. სოციალისტური რეალიზმის ეს ესთეტიკური დოქტრინა, მხარს უჭერდა ლიტერატურის პროპაგანდად, პოლიტიკური აზრებისა და პროლეტარიატის იდეის გამავრცელებელ საშუალებად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მარქსიზმზე ბევრს ვკითხულობდი, ეს განსხვავებული შეხედულებები, სარტის (რომელსაც ყოველთვის უყვარდა ან სძულდა მარქსიზმი) გამო მქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ლიტერატურაზე და ლიტერატურისა და ისტორიის კავშირზე სარტრის იდეებს ვიზიარებდი, პარტიის ოფიციალურ დოქტრინას ვერ დავეთანხმებოდი. მართლმადიდებელი მარქსისტი არასდროს ვყოფილვარ. ძალზედ არამართლმადიდებელი მარქსისტი კი ვიყავი მცირე ხნით. „ქალაქი და ძაღლებში“ გარკვეული მარქსისტული ელემენტი იგრძნობა, მაგრამ არა მგონია, ეს ჩემს გვიანდელ წიგნებშიც ნათლად ჩანდეს.
მომწონდა სარტრის იდეა, რომ ლიტერატურა არაა და არ შეიძლება იყოს აზრმოკლებული, რომ მიუღებელია მას მხოლოდ გასართობი დატვირთვა ჰქონდეს, რომ ლიტერატურა სერიოზულობას მწერლის მეშვეობით იძენს, რომელსაც საკუთარი წიგნების საშუალებით, შეუძლია საზოგადოების ის ხმა იყოს, რომელიც ცვლილებებს გამოიწვევს. ზეპირად ვიცოდი, ლიტერატურული ჟურნალის, „ლე ტან მოდერნის“ წარდგენაზე ნათქვამი სიტყვა. ჟურნალისა, რომელიც სარტრმა გვიან ორმოციანებში, საფრანგეთში გამოაქვეყნა. თავის სიტყვაში მან აღნიშნა, რომ სიტყვები, მოქმედებებია, რომლებსაც სოციალური და ისტორიული ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ და თუ მწერალი ამ ძალას ფლობს, მას მორალური ვალდებულება გააჩნია, ეს ძალა საზოგადოების ჩაგრული ნაწილისთვის საბრძოლველად გამოიყენოს და დაგმოს მისი დროის ყველა მისტიფიკაცია და უსამართლობა. ასევე მომწონდა სარტრის იდეა, ლიტერატურისა და თანამედროვეობის მჭიდრო კავშირთან დაკავშირებით, რომ ლიტერატურის აქტუალური პრობლემებისგან თავდასაღწევად გამოყენება, მორალურად მიუღებელია.
როდესაც პოლიტიკურ საკითხებზე მინდა წერა, ესეებს ან სტატიებს ვწერ, ან ლექციებს ვკითხულობ. დარწმუნებული ვარ, რომ მხატვრული ლიტერატურა არაა პოლიტიკური განცხადებების გაჟღერების კარგი საშუალება. თუ ლიტერატურის გამოყენებას პოლიტიკური პროპაგანდის, პოლიტიკური იდეების გასავრცელებლად ეცდები, როგორც მწერალი, დამარცხდები. როდესაც ლიტერატურას ვქმნი, ყურადღებას ნამდვილ ლიტერატურაზე ვამახვილებ, იმაზე, რაც პოლიტიკაზე მაღლა დგას. შეგიძლია პოლიტიკა ლიტერატურისთვის გამოიყენო, მაგრამ არა პირიქით. ლიტერატურა არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური იდეის მხარდასაჭერად, შედეგი ლიტერატურისათვის დამაზიანებელი იქნება. დამიწერია რომანები, რომლებშიც პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგალითად „საუბარი კათედრალში“. შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს ნაწარმოები პოლიტიკური რომანია, რადგან დიქტატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული საზოგადოებაა აღწერილი და პოლიტიკური იდეები და ქმედებებიც ნაწარმოების მნიშვნელოვანი ელემენტებია. თუმცა, რომანი პოლიტიკური იდეების გასავრცელებლად არ დაწერილა. თუკი საწერად პოლიტიკური განაცხადის გაკეთება გიზიდავს, არც რომანი უნდა დაწერო და არც სხვა სახის ფიქცია უნდა გამოიყენო, ბევრად უკეთესია უფრო რაციონალური ჟანრის, მაგალითად, ესეს გამოყენება.
მჯერა, რომ სარტრის იდეები, ლიტერატურის სოციალური და მორალური პასუხისმგებლობის შესახებ, ღრმად აღიბეჭდა ჩემს პირველ რომანში, რომელიც ამ ტიპის სოციალურ წუხილს ატარებს. სამხედრო სკოლა, კადეტების ცხოვრება და მათი ურთიერთობა სამხედრო ოფიცრებთან, გარკვეული საბაბი იყო კონფლიქტების, პერუს საზოგადოებაში არსებული ძალადობრივი ინსტიტუტებისა და ეკონომიკური და სოციალური უსამართლობის აღსაწერად. სარტრის გავლენა ასევე წარმოდგენილი იყო რომანის სხვა შრეებშიც. სარტრთან არა მხოლოდ სოციალური მოაზროვნისა და ფილოსოფოსის იდეების აღმოჩენა შეგეძლო, მასში მწერალს, პროზისა და პიესების მწერალსაც დაინახავდი. იგი გაუცნობიერებლად იყო გატაცებული ადამიანში არსებული ბნელი მხარით, მავნე ქცევებით, ტანჯვის მომტანი ქმედებებით, გადახრებით ან ინსტიქტებით. საინტერესოა, რადგან სარტრი ალბათ იმ ყვეელაზე რაციონალურ მწერალთა შორისაა, რომლებიც ოდესმე წამიკითხავს. რაციონალური იმ თვალსაზრისით, რომ იგი მკაცრად აკონტროლებდა საკუთარ შემოქმედებას. მის რომანებსა თუ პიესებში არაა არანაირი გრძნობა ან სპონტანურობა. სარტრის მკითხველს, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მისი გამონაგონი მისი ინტელექტისა და გონების უზარმაზარი თანმდევი შედეგი იყო და არა ის ბუნებრივად სპონტანური შემოქმედებითი ძალა, რომელიც ლიტერატურის უმეტესობას უდევს საფუძვლად. სარტრთან ყველაფერი რაციონალურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი რომანების ან პიესების გმირებში ასევე ვხვდებით ირაციონალურობის ბნელ გამოვლინებებს. მისი პერსონაჟები, ჩვეულებრივ, ცხოვრებისგან მიყენებულ ტკივილს გამოხატავენ, მაგრამ მათ ქცევებში, ისიც შეგიძლია დაინახო, რაც მხოლოდ ინსტინქტითაა ნაკარნახევი, რაც გონების წესრიგსა და კონტროლს არ ექვემდებარება.
ვფიქრობ, რომ ეს ყურადღება ადამიანის ბნელი მხარის მიმართ, ჩემს პირველ რომანშიც შეინიშნება. ზოგიერთი პერსონაჟის ქმედება ტანჯვისმომტანი ქცევითა და ადამიანის ბოროტი ბუნების გამოვლენით გატაცებას გამოხატავს. ნაწარმოების ეს მახასიათებლები, ალბათ სარტრის რომანების კითხვით იყო განპირობებული.
კიდევ ერთი ფრანგი მწერალი, რომელმაც ასევე გავლენა იქონია „ქალაქი და ძაღლების“ წერის პროცესში, ანდრე მალრო იყო. მისი ნაწარმოებები აქტიურად აღარ იკითხება, რაც სამწუხაროა, რადგან მალრო დიდი რომანისტი იყო. მისი რომანები დიდი ენთუზიაზმით წავიკითხე. იმ მრავალი ეპიზოდის წერისას, სადაც კოლექტიური ქმედება და კადეტების ერთობლივი ცხოვრებაა აღწერილი, მალროს რომანების ეპიზოდებს წარმოვიდგენდი, რომლებშიც იგი სცენას კოლექტიურად, მთლიანობაში აღწერს. ცხოვრების კოლექტიური ასპექტების აღწერის თვალსაზრისით, ვფიქრობ, დიდი რომანისტი იყო. „ადამიანური ცხოვრების პირობებში“ და „იმედში“ მალრომ განსაკუთრებული ოსტატობით აღწერა კოლექტიურობა, თუ როგორც იქცევა ადამიანთა დიდი რაოდენობა სახალხო დემონსტრაციების, ომების დროს.
უილიამ ფოლკნერი კიდევ ერთი მწერალია, რომლის შემოქმედებამაც გავლენა იქონია „ქალაქი და ძაღლების“ შექმნის პროცესზე. მას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ლათინოამერიკულ ლიტერატურაზე. მისი შემოქმედება უნივერსიტეტის დამთავრების დროს აღმოვაჩინე. მახსოვს, ფოლკნერი პირველი მწერალი იყო, რომლის კითხვის დროსაც კალამი და ფურცელი მქონდა მომარჯვებული და სტრუქტურის, მისი რომანების ფორმალური მხარის გარჩევას ვცდილობდი. ფოლკნერის წაკითხვის შემდეგ ვისწავლე, რომ ფორმა შეიძლება რომანის პერსონაჟი იყოს და ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟიც კი — ესაა თხრობის პერსპექტივის ჩამოყალიბება, სხვადასხვა მთხრობლის გამოყენება და ორაზროვნების მისაღწევად მკითხველისათვის გარკვეული ინფორმაციის დამალვა. აღფრთოვანებული ვიყავი მხატვრული ნაწარმოების სტრუქტურის შემუშავების არაჩვეულებრივი ოსტატობით. ვფიქრობ, ეს ჩემს პირველ რომანშიც ნათელია, ამბის ამ ფორმით ჩამოყალიბება, თხრობის სტრუქტურის ამ ფორმალური შესაძლებლობებით აღფრთოვანებას ასახავს, რომლის აღმოჩენასაც ფოლკნერს ვუმადლი.
„ქალაქი და ძაღლების“ ამბავი სხვადასხვა შრეზეა მოთხრობილი. ზოგიერთი გმირი მხოლოდ გარეგანი თვალსაზრისითაა წარმოდგენილი. მკითხველი უყურებს და თვალ-ყურს ადევნებს პერსონაჟების მოქმედებას და საუბარს, მაგრამ არ იცის მათ შინაგან „მე“-ში არსებული ცვლილებები, ვერ ხსნის მათი ქმედებების მოტივს. ტერესა, რომანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, გარეგანი თვალსაზრისით წარმოდგენილი გმირის მაგალითია. რომანის დასასრულამდე მკითხველი ვერ ხვდება, რომ იგი მხოლოდ ერთი პერსონაჟია. ტერესა სამი განსხვავებული პერსონაჟის სახით ჩნდება ნაწარმოებში, რადგან სამი განსხვავებული კადეტის თვალითაა აღწერილი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა დროს იცნობდნენ მას. ამ გოგოზე მათ განსხვავებული წარმოდგენა, განსხვავებული აზრი აქვთ. მხოლოდ ბოლოს ვხვდებით, რომ ტერესა, რომელიც ჯერ მონას, შემდეგ კი ალბერტოს შეყვარებულია, იგივე გოგონაა, რომელიც იაგუარს ბავშვობაში უყვარდა და რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა.
მეორე მხრივ, ზოგიერთი გმირი მხოლოდ შინაგანი თვალსაზრისითაა წარმოდგენილი. მკითხველმა იცის თუ რა იმალება მათი ქმედებების, მათი გარეგნული ქცევების მიღმა, მაგრამ თავად ეს გარეგნული ქცევები მისთვის უცნობია. ასევე ზოგიერთი პერსონაჟი, განსაკუთრებით რომანის ინტელექტუალი გმირები (ერთ-ერთი კადეტი, ლიტერატურითაა დაინტერესებული, მეორე კი, მოკლე პორნოგრაფიულ მოთხრობებს წერს), ერთდროულად ორი, გარეგანი და შინაგანი თვალსაზრისით არიან წარმოდგენილები. თხრობის ეს სხვადასხვა შრე არ იყო უსაფუძვლო, არსებობდა თითოეული პერსონაჟის განსხვავებული თვალსაზრისით აღწერის მიზეზი.
მაგალითად, წიგნში ყველაზე წინააღმდეგობრივი პიროვნება, უხეში ბიჭია, რომელსაც თანაკლასელებმა „იაგუარი“ შეარქვეს. მას უხეში ბიჭის იმიჯი აქვს, ოთხი კადეტისგან შემდგარი ჯგუფის, „წრის“ ლიდერია და პატივისცემის მოსაპოვებლად ყოველთვის უხეში და სასიტიკი ადამიანივით იქცევა. იგი გარკვეულწილად მაჩისტურ ფილოსოფიას განასახიერებს, რომელსაც ოფიცრები და სკოლა ცდილობენ სტუდენტებს თავს მოახვიონ. ამავე დროს, მას სრულიად განსხვავებული, საიდუმლო შინაგანი სამყარო აქვს, რომელსაც მალავს, რადგან გრძნობების ან ემოციების გამოვლენა სისუსტის ნიშანია. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს მხოლოდ გარეგანი თვალსაზრისით წარმოადგენს, მხოლოდ ისეთად, როგორადაც სურს სხვები ხედავდნენ. რომანის ბოლოს, მკითხველი მისი პიროვნების სხვა მხარეს აღმოაჩენს და ეს ერთგანზომილებიანი პერსონაჟი, ყველაზე ორაზროვან და მრავალგანზომილებიან ადამიანად იქცევა.
კიდევ ერთი, ყველაზე პრიმიტიული გმირი რომანში, კადეტი, მეტსახელად „ბოაა“ — სქესობრივი გადახრების მქონე პერსონაჟი, რომელიც სკოლაში ძაღლთან ზოოფილიურ ქმედებებს ახორციელებს. იგი მხოლოდ შინაგანი თვალსაზრისით, ცნობიერების ნაკადის საშუალებითაა აღწერილი. თხრობის ეს შრე სკოლაში ცხოვრების ყველაზე ინსტინქტურ მხარეს გამოხატავს. ლეონსიო პრადოში ყოფნის დროს გავიაზრე, რომ სკოლის გარემოს მიერ ჩამოყალიბებული მთელი მორალურ-ფილოსოფიური სისტემა მთავარ როლს პიროვნების ინსტიქტურ მხარეს ანიჭებდა. ბოას პერსონაჟის საშუალებით მსურდა მეჩვენებინა, რომ ამ ბიჭების საქციელი დამახინჯებული სამხედრო ღირებულებების გამოხატულება იყო. ჩემს მიზანს, მხოლოდ პირადული და ინტიმური მაჩიზმის ჩვენება წარმოადგენდა.
„ქალაქი და ძაღლებში“ მრავალი წინააღმდეგობრივი სისტემაა აღწერილი. ერთ-ერთი სტუდენტებისა და ოფიცრების სამყაროა — ბავშვობა და ზრდასრულობა. ეს ორი სამყარო უაღრესად განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა ერთსა და იმავე ფასეულობებს, მორალურ და სოციალურ ღირებულებებს. სამხედრო პირებმა არ იციან კადეტებისთვის რა არის ნამდვილი ცხოვრება და პირიქით. საკუთარ ყოველდღიურ, საიდუმლო ცხოვრებაში, კადეტები ოფიცრების ცხოვრებას, წესებს, ერთმანეთის მიმართ ქცევებს, არა მხოლოდ ენას, არამედ ჩვევებსა და ცრურწმენებსაც კი იმეორებენ, მაგრამ არა ზუსტად. როდესაც კადეტები ოფიცრების მიბაძვას ცდილობენ, ეს წესები ინგრევა, და რაღაც სხვად, კარიკატურად იქცევა. ეს წინააღმდეგობა საგულდაგულო სიფრთხილითაა გამოხატული „ქალაქი და ძაღლებში“. ვფიქრობ, ეს წიგნის ყველაზე სარტრისეული მხარე იყო. ეს იყო კრიტიკული მცდელობა, მეჩვენებინა, თუ როგორ ამახინჯებდა ან დამახინჯებული მიმართულებით წარმართავდა სამხედრო სამყაროს ღირებულებები მოზარდი ბიჭების პიროვნებებს, მაგალითად როგორ იქცეოდა ცამეტი ან თოთხმეტი წლის ბიჭის მიერ აღქმული სიმამაცე, ადამიანურ ურთიერთობებთან და გრძნობებთან მისაახლოებელ სასტიკ გზად. სტუდენტების მიერ ზრდასრულთა სამყაროს დამახინჯებული სახით გამეორება, ნაწარმოების ყველაზე სარტრისეულ ელემენტს წარმოადგენს.
რომანში, ასევე ძალიან მნიშვნელოვნია, სტუდენტების განსხვავებული შინაგანი მდგომარეობა. ისინი განსხვავებულად წარმოაჩენენ თავს თანატოლებისა და ზრდასრულების გარემოში, სამხედრო პირებთან და საკუთარ ოჯახებთან ურთიერთობის დროს, სკოლაში და მის გარეთ. შინაგანი მდგომარეობის, პიროვნულობის ცვლილებების უნარი, როგორც რისკებისგან თავდაცვის საშუალება, მათ თითქოს სკოლამ განუვითარა. ამიტომ გამოვიყენე რომანის ეპიგრაფად ფრაზა სარტრის ერთ-ერთი პიესიდან: „ვიღაც თამაშობს გმირს, რადგან ლაჩარია, წმინდანს, რადგან ბოროტია; ვიღაც მკვლელს თამაშობს, რადგან ერთი სული აქვს მოყვასი მოკლას. ვიღაც თამაშობს, რადგან ფლიდად დაიბადა“.
რომანში პიროვნების ცვლილების აღწერით, მინდოდა მეჩვენებინა, რომ ბიჭების განსხვავებული ქცევა, თავდაცვის აუცილებელი პირობა იყო. ეს მათ სკოლაში ისწავლეს. როდესაც რომანის ბოლო, მესამე ვერსიას ვასრულებდი, ბოლო ეპიზოდში მინდოდა მკითხველს ორი გმირის ამბავი გაეგო, თუ როგორ განვითარდა მათი ცხოვრება სამხედრო აკადემიის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ. აღწერილია საუბარი უხეშ ბიჭ იაგუარსა და მის ხულიგან, კრიმინალ (მოზარდობაში იაგუარიც დაკავშირებული იყო დამნაშავეთა წრესთან) მეგობარს შორის. იაგური ერთ დღეს ამ მეგობარს, იგერასს ხვდება, ისინი ყავას სვამენ და წარსულს იხსენებენ. იაგუარი მეგობარს ცოლზე უყვება. იგი იმ გოგონაზე დაქორწინდა, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა. ამ ეპიზოდის მესამედ გადაწერის დროს, უეცრად, თავში შემდეგი იდეა მომივიდა: იმის ნაცვლად რომ იაგუარს მოეყოლა, თუ როგორ შეხვდა გოგოს, რომელიც ჯერ კიდევ უყვარდა, მკითხველის გაფრთხილების გარეშე, ფილმის მსგავსად, რატომ არ ჩამერთო პირდაპირ ეს გოგო იაგუარისა და იგერასის საუბარში? ფილმის კონკრეტული ეპიზოდის ყურების დროს, პერსონაჟის მიერ უეცრად გახსენებული მეორე ეპიზოდის გამოჩენა კინომოყვარულს არ აბნევს. რატომ არ გამეკეთებინა იგივე რომანში და რატომ არ შემერია იაგუარისა და იგერასის დიალოგი სხვა პერსონაჟების საუბართან ან წლების წინ მომხდარ სხვა ეპიზოდთან, რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟი გაიხსენებდა?
სწორედ ეს გავაკეთე. მკითხველისთვის მარტივად მისაღები ფორმის შერჩევას ბევრი მუშაობა და თავისტკივილი დასჭირდა. ეს ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი შემდგომი წიგნებისთვის. აღმოვაჩინე ერთ კონკრეტულ ეპიზოდში, რამდენიმე ეპიზოდის შერევის მეთოდი, რომლებსაც განსხვავებულ დროსა და ადგილას ჰქონდათ ადგილი. ეს იყო არაჩვეულებრივი მეთოდი, შესაძლებლობა, რომელიც ვიკვლიე და ჩემს გვიანდელ წიგნებში განვავითარე. ამიტომ ვახსენე ეს ეპიზოდი. ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ერთ ეპიზოდში დროებისა და სივრცეების შერევის შესაძლებლობით, რომ ჩემი მეორე რომანი „მწვანე სახლი“ მთლიანად ამ „ზიარჭურჭლის“ (vasos comunicantes)[2] იდეაზე ავაგე.
[1] ემილიო სალგარი (1863-1911) — იტალიერი მწერალი, რომლის რომანებიც აქტიურად ითარგმნებოდა ესპანურად. მათ შორისაა „ცეცხლში გახვეული კართაგენი“ (1908) და „შერისხული“ (1916).
[2] მთარგმნელის შენიშვნა: ზიარჭურჭელი ფიზიკური ტერმინია, რომელიც ერთმანეთთან ქვედა, საერთო ნაწილით შეერთებულ, ერთნაირი სითხით შევსებულ, რამდენიმე სხვადასხვა ფორმის ჭურჭელს წარმოადგენს, სადაც სითხეთა ზედაპირები ერთნაირ დონეზეა. მარიო ვარგას ლიოსამ ზიარჭურჭლის პრინციპი ლიტერატურაში გადმოიტანა. თხრობის ეს მისეული ტექნიკა დროისა და სივრცის, პერსონაჟების დამოუკიდებელი ამბების, სხვადასხვა ეპიზოდების ან დიალოგების, ერთმანეთთან დაკავშირებას და საბოლოოდ მათ ერთ წერტილში გაერთიანებას მოიაზრებს, სადაც ეს გაერთიანებული ეპიზოდები თუ ამბები თანაბარ მნიშვნელობას იძენენ.