უკანასკნელი წმინდა რიტუალი
პაზოლინის პირველ ორ რომანში ფეხბურთი მთავარი გმირების პროტოტიპების, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე, ქუჩის მატჩების აღწერას პაზოლინი უფრო დამხმარე ინსტრუმენტად იყენებს, რათა თხრობაში რაც შეიძლება მეტი დიალოგი ჩართოს რომაულ დიალექტზე. „ქუჩის ბიჭებისა“ და „სასტიკი ცხოვრების“ გმირები უცვლელად „რომას“ გულშემატკივრობენ – ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც პირდაპირ არის ნახსენები პაზოლინის მხატვრულ ტექსტებში. ამ გარემოებამ, ისევე როგორც „რომას“ ფან-სექტორში რეგულარულმა სიარულმა, ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ პაზოლინის ამ გუნდის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა.
ცნობილია, რომ „რომა“ სახალხო გუნდია, რომის დაბალი ფენების – გარეუბნების პროლეტარიატის, იმიგრანტების, ლუმპენების, ბარაკების ბინადრებისა და სხვა მარგინალების გუნდი. ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანისა, ვისშიც პაზოლინიმ უხეში უმანკოება და სისუფთავე დაინახა და ვინც ასე გულწრფელად უყვარდა. შესაბამისად, თავგამოდებული „რომანისტები“ იყვნენ პაზოლინის ახალი რომაელი მეგობრების უმეტესობაც, მათ შორის ძმები სერჯო და ფრანკო ჩიტი („აკატონე“, „ოიდიპოს მეფე“ და მრავალი სხვა ფილმი) და მოგვიანებით, ნინეტო დავოლიც. სხვათა შორის, ღარიბული უბნებიდან გამოსულ „რომანისტთა“ რიცხვს მიეკუთვნება ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავიც, როგორიცაა ანა მანიანი, რომელმაც ასევე იმუშავა პაზოლინისთან.

სინამდვილეში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ სიარული (საფეხბურთო სანახაობით მიღებული წმინდა ესთეტიკური სიამოვნებისა და რომაულ გუნდებთან მატჩებში მშობლიური „ბოლონიას“ მხარდაჭერის გარდა) მხოლოდ ხალხური მასებიდან პერსონაჟთა ხასიათების შესწავლის გაგრძელება იყო. ერთხელ, როდესაც პაზოლინი იმ მიზეზებზე მსჯელობდა, თუ რატომ ანიჭებდა უპირატესობას არაპროფესიონალ მსახიობებს, აღნიშნა:
„თუ ფილმის მოქმედება პროლეტარულ გარემოში ვითარდება, როლებზე ჩვეულებრივ მამაკაცებსა და ქალებს მუშათა წრიდან ვიყვან. იტალიაში განსხვავება საშუალო კლასსა და მუშათა კლასის წარმომადგენლებს შორის წმინდა ფიზიკურია – ისეთივე, როგორიც თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის“.
აბა, სხვაგან სად, თუ არა „რომას“ საშინაო მატჩებზე, შეეძლო მას ამ „შავკანიანებისთვის“ ასეთი რაოდენობით ედევნებინა თვალი!
მოგვიანებითაც კი, როდესაც თამაშებს უკვე ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა, ის პრესის ლოჟაში არ ჯდებოდა, არამედ ცდილობდა სერჯო ჩიტისთან ერთად „რომას“ ფანების შუაგულში გარევას. 1957 წლის ოქტომბრის რომაული დერბის შესახებ დაწერილი სტატიიდან (რომელიც გაზეთ l’Unita-სთვის მომზადდა და, სხვათა შორის, აღიარებით იწყება: „მე არც რომაელი ვარ და არც ლაციალე. მე ბოლონიას ვგულშემატკივრობ!“), ჩანს, რომ ავტორს თავად თამაში ნაკლებად აინტერესებს: მოედანზე მომხდარს, სადაც „რომამ“ „ლაციო“ 3-0 გაანადგურა, მხოლოდ რამდენიმე აბზაცი ეთმობა. დანარჩენი ტექსტი წარმოადგენს ნარკვევს 1950-იანი წლების იტალიელი გულშემატკივრების ტიპოლოგიის, ასევე ამა თუ იმ გუნდის ქომაგობის სოციალური და ეკონომიკური საფუძვლების შესახებ.
სტადიონის მასებისადმი თითქმის ეთნოგრაფიულ ინტერესს თან სდევდა ლინგვისტურიც, პაზოლინი ფეხბურთზეც კი არ იცილებდა ხელიდან ბლოკნოტს, სადაც ტრიბუნებზე გაგონილ მწარე რომაულ გამოთქმებს ინიშნავდა. უნდა ითქვას, რომ 50-იანი წლების შუა და ბოლო პერიოდის „რომა“ მსგავსი კვლევებისთვის მდიდარ მასალას იძლეოდა. მიუხედავად კარგი შემადგენლობისა, გუნდი ხშირად აგებდა სუსტ მეტოქეებთანაც კი. მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო საკუთარ მოედანზე რამდენიმე გოლის გაშვება ისეთი გუნდებისგან, როგორიცაა „ლენიანი“ ან „მოდენა“. პოეტი და მწერალი პაოლო ვოლპონი, რომელიც ხშირად დადიოდა სტადიონზე პაზოლინისთან ერთად, იხსენებს:
„ჩვენთვის წარმოუდგენელი გასართობი იყო იმის ყურება, თუ როგორ ვარდებოდა სასოწარკვეთაში რომაული ბრბო ამ კატასტროფების წინაშე, რომლებიც თითქმის ყოველ კვირა დღეს ხდებოდა“.
თუ გავაცნობიერებთ, როგორი სახეების, ტიპაჟებისა და ემოციების — იმედის, ბრაზის, ბედნიერების თუ იმედგაცრუების – დაუფარავ გამოვლინებებს აკვირდებოდა პაზოლინი იმ ტრიბუნებზე, უფრო გასაგები ხდება მისი ცნობილი მსჯელობა საფეხბურთო ქმედების შესახებ, როგორც ჩვენი დროის „უკანასკნელ დიდ რიტუალსა“ და „საკრალურ წარმოდგენაზე“. იმ დროისა, როდესაც სხვა მასობრივი რიტუალური სანახაობები – რომელთაც პაზოლინი თეატრსა და კათოლიკურ მესას მიაკუთვნებდა – დიდი ხნის წინ დაენარცხა უფსკრულში. ჯერ კიდევ 50-იან წლებში ფეხბურთი მას წარმოედგინა ქმედებად, რომელიც წარმართულ წეს-ჩვეულებას მოგვაგონებდა, უხეში სახალხო არქაიკის ელემენტად – ერთ-ერთ უკანასკნელად სწრაფად ინდუსტრიალიზებულ იტალიაში. სტადიონზე პროლეტარიატი ჯერ კიდევ იმყოფებოდა იმ მდგომარეობაში, რომელიც თავისუფალი იყო ბურჟუაზიული მასობრივი კულტურის „დაბინძურებისგან“, რაც პროგრესს მოჰქონდა თან.