ლინდა მარია ბაროსი – ლექსები

თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე

 

ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს

 

ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს.

ქალის სხეული იმისთვისაა შექმნილი, რომ შიგ შეაღწიონ.

კაცები ყოველდღიურად პოულობენ

ნებისმიერ საშუალებას

იქ შესაღწევად,

და იქიდან გამოსაღწევად.

მხოლოდ ენის და

ფიქრების ამოხრახნა უჭირთ ცოტა.

 

ამ ნერვულ გზააბნეულობაში, პოეტიც კი იტყვის,

რომ იმ ფორმებს შორის, რომელსაც კაცი ფლობს,

ქვა ყველაზე ნაკლებად გამძლეა.

იმსხვრევა.

 

საყოველთაოდ ცნობილია – ქალის მუცელი

ზეცისაკენ არ უშვებს სევდას,

მოგონების კოროზიულ მჟავებს მოისვრის

მარადისობასთან ხანმოკლე – ელვისებურ – შერიგებაში.

წყვდიადს ესწრაფვის.

ბარძაყის კუნთი მას ღალატობს ნებისმიერ დროს:

ფორმას იცვლის სხვა სქესის შუქზე.

 

ამიტომ ვამბობ, რომ  ღმერთს კარგად არ დაუხურავს ქალი.

რომ მის სხეულში, შეიძლება, შეაღწიონ,

ოღონდ  – სოლ ოდნავ, საკმარისად მხოლოდ იმისთვის,

რომ დაკლაკვნისას, დაინახონ შიგნით ღმერთები.

 

საცერში გატარებული ბავშვები

 

შენ რომ

უფრო ლაღი და უფრო ლამაზი

და უფრო მართალი ქალი ყოფილიყავი,

ამიტომ გავიპე გული ორად,

ბატკნის ჩლიქივით.

 

ვიცრუე და ვიქურდბაცაცე, სისხლი ვანთხიე.

 

გვამები ვრეცხე

და ცელოფანის პარკზე მეძინა,

ქუჩის ნაგვით გამოტენილზე.

მეძინა გზებზე,

სადაც მუდამ ლაპლალებს დანა,

ქალაქის ბებერ მათხოვრებს შორის,

რომლებსაც, შენს პატივსაცემად,

კოჭებამდე მოეშვათ წვერი,

როგორც  ლომებზე სანადიროდ წასულ შუმერებს.

 

შენ გამო, ღამის ავაზაკებს გადავეყარე.

შენ წინ ავტირდი, როცა ფრჩხილით მიწას კაწრავდი,

თვალდათხრილი ბედაურივით.

ავქვითინდი, როგორც თვითმკვლელი,

 

მე ვიცხოვრე ქუჩის ბავშვებთან,

რომლებიც წებოს იყნოსავდნენ, ფერწასულები,

როგორც ეთერის ბადეებით დარწეული დიდი ლოდები,

საცერში რომ გაატარეს

და საფქვავში, სადინარში გადაუძახეს.

 

შენთვის ვიყმუვლე გზათგასაყარზე, ატაცებულმა

–  ძირს ახვეტილმა და ჰაერში ატაცებულმა –

შუამავლების მიერ, ფიწლებით.

ავაზაკებმა, ქურდებმა მძარცვეს.

ნიჩბებისხელა კოვზებს ქვაბებზე

ყურისწამღებად არახუნებდნენ.

 

დუქნების გასწვრივ ვიხეტიალე,

გაზის სუნი იდგა ყველგან, დამწვარი ჩიპის, დამწვარი ქსელის.

ვეტმასნე არყის პირამიდებს

და შენი დიდი კაცების ხელებს

– როგორც კატა ეტმასნება ელექტრობის სახელმძღვანელოს –

გამიწითლეს მეორე ლოყაც.

მათი თითები განუწყვეტლივ თრთოდნენ ჩემს ნეკნზე

და გამიპეს გული ოთხად

სიცილით, “რადგან ასეთია წმინდანთა არსი”,

და საცერში გამატარეს,

შენს დანარჩენ ბავშვებთან ერთად,

და სიტყვების ალიკაპი ამომდეს პირზე.

 

შენს სამახსოვროდ, ჯიბეებში გადავმალე,

როგორც ნაგავი,

ღალატის ურჩი ვირთაგვები.

მე გამოვკვებე,

ჩემი სხეულით გამოვკვებე ციხის პიტბული.

და ავტირდი, როცა ფრჩხილით მიწას კაწრავდი,

თვალდათხრილი ბედაურივით.

 

დიახ, მე შენთვის შემოვვარდი ამ სამყაროში,

ვით სისხლის ტალღა,

უკან, გულისკენ გზა რომ ვეღარ გაუკვლევია.

 

ქუჩაში გავდივარ, მახლავს ანგელოზი

 

ქუჩაში გავდივარ, მახლავს ანგელოზი,

როგორც ჯაჭვი ხელზე დახვეული,

კედლების კირით გათეთრებული.

 

კაცები, რომლებსაც ვხვდები,

ხელს და კოჭებს მილოკავენ,

კუდში დამდევენ.

მათ სხეულებზე დავაბიჯებ, როგორც მხურვალე მუგუზლებზე,

როგორც ტალღებზე, სახურავებზე.

 

არავითარი სიბრალული არ გამაჩნია

იმ კაცების, ვისაც ვუყვარვარ.

ჩემმა ჯაჭვმა მათ ზურგებზე

ქვეწარმავლის გუგები გახსნა.

 

მესალმება ყველა, ვისაც

სახურავზე ეძინა ღამით,

ვინც ფილტვები მიიტანა

ზღვის ყველაზე ვიწრო ფსკერამდე

– ისე, როგორც მონადირე ძაღლმა, მოქნილმა –

და მათ იქ სუნთქვა შეაძლებინა.

 

მესალმებიან ქვევიდან სხვებიც – მოქალაქენი,

კომატოზით შეპყრობილნი,

რომლებსაც ყბები მოუმტვრიეს რკინის მაშებით.

მესალმებიან ექიმები, შუამავლები.

 

მესალმებიან ბედისაგან დაჩაგრულები, ხველითა და სისხლჩაქცევებით.

ლოგინის ქვეშ, შეიძლება, ჯერაც ბოლავს ზარბაზნის ლულა.

 

ქუჩაში გავედი, მახლდა ანგელოზი. შინ ვბრუნდები.

როგორც ჯაჭვი ხელზე დახვეული.

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *