პაბლო ნერუდა – თუ დამივიწყებ

თარგმნა: ვასო გულეური

 

თუ დამივიწყებ

მინდა ერთი რამ

დაიმახსოვრო.

 

შენ კარგად იცი:

როცა შევყურებ

ფეხაკრეფით შემოპარულ შემოდგომას ჩემი ფანჯრიდან,

ალისფერ რტოს, ბროლივით მთვარეს,

თუ ხელს შევახებ

ცეცხლის პირას

ჩანავლულ ნახშირს

ან დაღარულ შეშის ზედაპირს,

ყოველივე შენთან მაბრუნებს,

თითქოს ყოველი, რაც კი არსებობს:

სურნელება, შუქი, ლითონი,

ხომალდებია და მოცურავენ შენი პატარა კუნძულებისკენ,

მე რომ ასე გულმოდგინედ მელოდებიან.

 

ახლა კი,

თუკი შენ თანდათან გადამიყვარებ

მეც შეველევი შენს სიყვარულს თანდათანობით.

 

და თუ უეცრად

გადამივიწყებ,

ნუღარ მომძებნი,

მე ასევე გადაგივიწყებ.

 

თუკი ფიქრობ, რომ დრო გავიდა და სიგიჟეა

დროშების ღელვა,

ჩემს ცხოვრებაში რომ ფრიალებენ,

და თუ გადაწყვეტ

მიმატოვო გულის ნაპირზე,

სადაც არის ჩემი ფესვები,

დაიმახსოვრე,

რომ იმავე დღეს,

იმავე წუთს

ხელებს აღვაპყრობ,

ფესვებს მოვწყდები

და სხვა ხმელეთს დავუწყებ ძებნას.

 

მაგრამ

ყოველ დღე,

ყოველ საათს,

თუკი იგრძნობ, რომ

რაღაც მძლავრი ნეტარებით გადავეჯაჭვეთ,

თუკი ყოველ დღე ყვავილივით გადაშლილი

შენი ბაგე ისევ დამეძებს,

ო სიყვარულო, ჩემო ერთავ,

ჩემში კოცონი კვლავ ხელახლა აგიზგიზდება,

არაფერია ჩამქრალი ან დავიწყებული.

ჩემს ტრფობას შენი სიყვარული ასაზრდოებს, ჩემო ძვირფასო,

და ვიდრე ცოცხლობ, ის შენს მკლავებში მოქცეული

ჩემს მკლავებსაც არ მიატოვებს.

 

Poema XX

მე შემიძლია, რომ ყველაზე სევდიანი სტრიქონები ვწერო ამაღამ.

 

თუნდაც, ასეთი: „რახანია, დაიმსხვრა ღამე,

ლურჯად ციმციმა ვარსკვლავები შორს ანათებენ“.

 

მწუხრის ნიავი ცაში ქრის და სიმღერას მღერის.

 

მე შემიძლია, რომ ყველაზე სევდიანი სტრიქონები ვწერო ამაღამ.

მე ის მიყვარდა, და იმასაც ვუყვარდი ზოგჯერ.

 

ღამით, როდესაც ჩემს მკლავებში მოემწყვდეოდა,

უძირო ცის ქვეშ უსასრულოდ ვკოცნიდი მაშინ.

 

მას მე ვუყვარდი ზოგჯერ, და მეც მიყვარდა იგი.

როგორ შემეძლო, მისი უძირო თვალები რომ არ მყვარებოდა.

 

მე შემიძლია, რომ ყველაზე სევდიანი სტრიქონები ვწერო ამაღამ.

ვიფიქრო, რომ ის აღარა მყავს. ვიგრძნო, რომ მე დავკარგე იგი.

 

ყური მივუგდო, უძირო ღამე უიმისოდ კიდევ უფრო დიდი რომ გახდა.

და სტრიქონები ეცემიან სულში, როგორც საძოვარზე ნამის წვეთები.

 

რაღა აზრი აქვს, თუკი ჩემმა ტრფობამ ის ვერ შეინარჩუნა.

ღამე დაიმსხვრა და ჩემს გვერდით ის აღარ არის.

 

ჰო, სულ ესაა. ვიღაც მღერის მოშორებით. სადღაცა მღერის.

ვეღარ მშვიდდება ჩემი სული, ის რომ დაკარგა.

 

ჩემი თვალები მას დაეძებენ, თითქოს უნდათ მასთან მივიდე.

ჩემი გული იმისკენ იწევს, მაგრამ იგი ჩემთან არ არის.

 

იგივე ღამის გათენება და იგივე ხეების რიგი.

მაგრამ ამჯერად ჩვენ არა ვართ, იგივე არ ვართ.

 

მე აღარ მიყვარს, მართალია, მაგრამ როგორ მიყვარდა იგი.

ჩემი ხმა ეძებს ჰაერს, რათა მის სმენას მისწვდეს.

 

სხვისია იგი. მომავალშიც სხვისი იქნება. როგორც უწინ ჩემი ამბორი.

მისი ხმა, მისი ელვარე ტანი, და უძირო მისი თვალები.

 

მე აღარ მიყვარს, მართალია, მაგრამ იქნებ კვლავ მიყვარს იგი.

სიყვარული ხომ ხანმოკლეა, დავიწყება კი ასე ხანგრძლივი.

 

რადგანაც ღამით, მკლავებში რომ ვიმწყვდევდი იმას,

ვეღარ მშვიდდება ჩემი სული, ის რომ დაკარგა.

 

თუმცა, იქნება ბოლო არის ეს ტკივილი, მისგან განცდილი,

და ეს სტრიქონიც, მისთვის რომ ვწერ,  უკანასკნელი.

  • ვალტერ ბენიამინი – საუბრები ბრეხტთან (ნაწყვეტი)

    თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ   როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ;…

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *